გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2019
საქმის ნომერი
130210019002962788
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130210019002962788

2-340-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

12 ივლისი, 2019 წელი ქ. ხაშური

ხ-–------ რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე - ე--------------ძე

წარმომადგენელი - მაია ხაჩიძე

მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,-------------------------------------------------------------------------------------''

წარმომადგენელი - მარიამ რუსაძე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეს დაეკისროს ე--------------ძის სასარგებლოდ 21 371 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–-- სადაც მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 21 371 ლარი - ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან. მას საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. გარდა ამისა, მოსარჩელეს გაშვებული აქვს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა 3 წელი, უძრავი ნივთის წინა მესაკუთრემ 2013 წელს იცოდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

მოპასუხე მიუთითებს ასევე, რომ სარჩელში აღნიშნული ნივთი ე--------------ძეს არ ეკუთვნის და შესაბამისად, მას არც ამ ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–ი მდებარე უძრავ ნივთზე 706.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობებზე საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.

მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.29-44), რომლის თანახმად, ე--------------ძის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 2013 წლიდან განვლილ პერიოდში შენობის ტექნიკური მდგომარეობა გაუარესდა. ადრე დაფიქსირებული ბზარების გახსნილობა და მოხაზულობა ვიზუალურად შესამჩნევად არ შეცვლილა, მაგრამ წარმოიქმნა ახალი ბზარები და გაიზარდა დაზიანების ხარისხი, რომელიც ამჟამად შეესაბამება დაზიანების მე-2 ხარისხს. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით და ცალკეული მონაკვეთების (კედლის მონაკვეთები, რომელთაც არ გააჩნიათ გადაბმა) ლოკალური გაძლიერებით. შენობის კედლებზე არსებული ბზარები ზირითადად გამოწვეულია სოფელ ქ--–----–ი რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე, ნაწილობრივ - ასაკობრივი ცვეთით და უხარისხოდ განხორციელებული მშენებლობით.

მოპასუხე მხარემ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;

3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 21 371 ლარი და 38 თეთრი;

მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სახლის აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭიროა, საორიენტაციოდ, 3 381. 20 ლარი;

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხის ბრალი, თვითონ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით, უძრავი ნივთის დაზიანებაში ნაწილობრივია, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 9 000 ლარის გადახდა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნაში მითითებული მიზეზით. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 21 371 ლარი და 38 თეთრი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სარჩელში აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 21 371 ლარი და 38 თეთრი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლის აღდგენისათვის საჭიროა, საორიენტაციოდ, 3 381. 20 ლარი; ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს. მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი და შესაბამისად, სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ნოემბრის დასკვნა ემყარება გამოსაკვლევი ობიექტის იმავე წლის 13 ნოემბრის ვიზუალურად შესწავლას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,აუდიტ-სევის-ცენტრის“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნისაგან განსხვავებით, რომელიც უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე მიუთითებს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების მიზეზებზე - ძირითადად - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე ასევე - ასაკობრივ ცვეთასა და უხარისხო მშენებლობაზე; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, შენობაზე დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს, მშენებლობის ნორმების დარღვევის, ბუნებრივი მოვლენების შედეგად, ტექნიკური მოუვლელობით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებით, მაგრამ იმის დადგენა, კერძოდ რომელი მოვლენის შედეგად დაზიანდა სახლი და რა პროცენტულობით, დღეის მდგომარეობით შეუძლებელია; ამდენად, ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის ექსპლუატაციისათვის საჭირო აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების აღწერას; სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები, ძირითადად, მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. ნაწილობრივ - უხარისხო მშენებლობით და ასაკობრივი ცვეთით ამასთან, დასკვნაში აღწერილ დაზიანებებს ადარებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ჩასატარებელ სამუშაოებს, მიაჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ისეთი სამუშაოების შესრულებაც, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნაში აღწერილ, მოპასუხის ბრალით გამოწვეული დაზიანების მოცულობას სცილდება, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს ექსპერტის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების გამოსასწორებლად საჭირო თანხა, რაც, სასამართლოს მიაჩნია, 9 000 ლარია; სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ გაუშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენის ვადა 3 წელი შემდეგი გარემოებების გამო: მოპასუხე ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2013 წლის 13 თებერვლის ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ მან იცოდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, მეორე მხრივ, კი აღნიშნავს, რომ ეს არის დასკვნის ფრაგმენტი, რომელიც, გაურკვეველია შეეხება თუ არა მოსარჩელის სახლს. მითითებული დასკვნიდან მართლაც გაურკვეველია შეეხება თუ არა ის მოსარჩელის სახლს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ სახლის დაზიანება მატულობს 2013 წლიდან და წარმოშობილია ახალი ბზარები. აღნიშნული გარემოებების და მოსარჩელის მიერ წარმოდგენლი ექსპერტის დასკვნის შინაარსის - მასში აღწერილი დაზიანებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ საქმე აღძრა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე; მოპასუხე მიუთითებდა, რომ ე--------------ძეს არ ჰქონდა განსახილველი სარჩელის წარდგენის უფლება, რადგან დაზიანებული სახლი მას არ ეკუთვნის, რასაც სასამართლო არ იზიარებს, რადგან სარჩელის წარდგენისას, მასზე დართული იყო ე--------------ძის განცხადება, რომლითაც ნოტარიუსს მიმართა ბ----------------ძის მემკვიდრეობის მისაღებად, რომელსაც, როგორც დადგინდა, სარჩელში მითითებული სახლი ეკუთვნოდა. საქმის განხილვისას კი, მოსარჩელემ წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ე--------------ძის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული სარჩელში და ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულ უძრავ ნივთზე.

მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას - განმარტავს, რომ სახლის დაზიანება პროგრესირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება, ასეთი გარემოებების არსებობისას კი აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო თანხა დაკარგავს თავის ღირებულებას“ (სარჩელი. გვ.7).

მოპასუხე არ ეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნას, - მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, - ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, საჭიროებს სარემონტო მოპირკეთებით სამუშაოებს, ბზარების გამონოლითებით და კედლის იმ მონაკვეთების გაძლიერებით, რომელთაც არ გააჩნიათ გადაბმა. ასეთი დაზიანებების არსებობისას კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საფუძველი არ არსებობს. 7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი - 641 ლარი (ს.ფ.63), ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი (ს.ფ.60); საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის - 600 ლარი (ს.ფ.61); წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 ლარი (ს.ფ.62). მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის, დაკისრებას; ხარჯების განაწილებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 21 371 ლარის დაკისრებას. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 000 ლარის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პროცესის ხარჯები: 270 ლარი - სახელმწიფო ბაჟის თანხა, 210 ლარი - ექსპერტიზის ხარჯი, 250 ლარი - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ხარჯი, 125 ლარი - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის -53-ე, 248-ე-249-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------" ე--------------ძის სასარგებლოდ გადახდეს 9 000 (ცხრა ათასი) ლარი.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------" ე--------------ძის სასარგებლოდ გადახდეს: 270 ლარი - სახელმწიფო ბაჟის თანხა, 210 ლარი - ექსპერტიზის ხარჯი, 250 ლარი - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ხარჯი, 125 ლარი - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი