გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2019
საქმის ნომერი
330210118002761057
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/35890-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - შპს ,,ე--------“

წარმომადგენლები - დ-----------–-–---–ი, ნ------------ე

მოპასუხე - შპს ,,გ--------ი“

მოპასუხის წარმომადგენელი – რ--------------ი, ლ--–-----------–---–ი

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა 1.1. შპს ,,გ--------ს“ დაეკისროს შპს ,,ე-------ის“ სასარგებლოდ სამი თვის ქირის ოდენობით პირგასამტეხლოს 4200 აშშ დოლარის გადახდა; 1.2. შპს ,,გ--------ს“ დაეკისროს შპს ,,ე-------ის“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის 8317,97 ლარის გადახდა; 1.3. შპს ,,გ--------ს“ დაეკისროს შპს ,,ე-------ის“ სასარგებლოდ ფართის რემონტის ხარჯების 1277 ლარის გადახდა;

1. მოსარჩელის პოზიცია 2018 წლის 1 მარტიდან, მოსარჩელემ იჯარით აიღო ფართი ბაქრაძის ქუჩაზე, N9-ში. საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენდა 1400 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში და მოიცავდა 150 კვ.მ ფართს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფართის მესაკუთრის მხრიდან დაიწყო ზეწოლა, იმის თაობაზე, რომ თითქოს არ იცოდა არსებულ ფართში ბარის გახსნის შესახებ და მოითხოვდა ბარის ადრე დაკეტვას, რადგან მისი განმარტებით, მეზობლები წუხდებოდნენ. შემდეგში მესაკუთრის მხრიდან ზეწოლამ მიიღო სისტემატიური ხასიათი, რაც ხელს უშლიდა ბარის სრულად ფუნქციონირებას, რამდენჯერმე მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა ბარის მხრიდან რაიმე სახის დარღვევა. 2018 წლის 06 მაისს მესაკუთრემ მოახდინა ინვენტარიზაცია, რომელიც უნდა დართვოდა უკვე არსებულ ხელშეკრულებას. 2018 წლის 08 მაისს, ფართის მესაკუთრე თვითნებურად შევიდა ფართში, რამდენიმე პირთან ერთად და დაიწყო ინვენტარის გატანა და აცხადებდა, რომ ეს ინვენტარი ეკუთვნოდა მას. მესაკუთრე იძულებულს ხდიდა მოსარჩელეს დაეტოვებინა ფართი. ფართი გაცემული იყო იჯარით ბარის ინვენტართან ერთად, ბარის გახსნის მიზნებისთვის. 2018 წლის 08 მაისს, ნივთების გატანის დროს, ფართის მესაკუთრემ მოსარჩელის წარმომადგენლებს გადასცა წერილი. წერილში აღნიშნული იყო, რომ ის აძლევდა 10 დღის ვადას აღნიშნული ფართის დასაცლელად, რასაც თან ურთავდა პატრულის რეაგირების ოქმს. მოსარჩელე არ დაეთანხმა შეთავაზებას და მიუთითა მეიჯარეს, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ვინაიდან მეიჯარეს სურდა ხელშეკრულების შეწყვეტა, მას უნდა მიეცა კანონით დადგენილი 3 თვიანი ვადა ფართის დასაცლელად, ახალი ფართის მოსაძებნად და მისთვის გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. 2018 წლის 26 მაისს, ბარში მისულ თანამშრომლებს ფართის კარი დახვდათ ბოქლომით დაკეტილი. კარზე იყო განცხადება რომ ფართი იყო კერძო საკუთრება და არავის ჰქონდა იქ შესვლის უფლება. მოსარჩელემ აღნიშნულ ფაქტზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია და შედგა შესაბამისი ოქმი. მოსარჩელის თანამშრომლებმა ბოქლომი მოხსნეს და შევიდნენ ფართში. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ დაკეტა ფართი და გაიტანა კუთვნილი ნივთები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოსა და ხელშეკრულების უკანონო მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულების მოშლა გამოიწვია მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების არსებითი პირობების უხეშმა დარღვევამ, კერძოდ ხელშეკრულების 2.1; 2.2; 3; 6.5 პუნქტების უხეში დარღვევა გახდა მეიჯარის გაშვების საფუძველი. შესაბამისად არ არსებობს მოპასუ-ხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. გარდა ამისა, მოპასუხე არ ეთანხმება რემონტის ხარჯების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასაც, ვინაიდან მოსარჩელეს შეეძლო ისეთი ფართი დაექირავებინა, რომელიც მოდიფიკაციებს არ საჭიროებდა. წარმოდგენილი დოკუმენტაციებით კი არ ჩანს, თუ ვის უნდა აენაზღაურებინა აღნიშნული ხარჯები. შესაძლოა კონტრაქტის მიხედვით, ეს ახალი მეიჯარის სამომავლო ვალდებულება ყოფილიყო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 1 მარტს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მეიჯარემ იჯარით გასცა, ხოლო მოიჯარემ დროებით სარგებლობაში მიიღო 140 კვ.მ საიჯარო ფართი, მდებარე: ქ.თბილისი, ბაქრაძის ქუჩა N9, ს/ნ 882014486559, საკადასტრო კოდი: 01.15.02 008/031 01/500. იჯარის ხელშეკრულებით საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 1400 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2018 წლის 1 მარტის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ 15-18); - მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. 2019 წლის 09 ივლისის სასამარლოს სხდომის ოქმი) 3.1.2. 2018 წლის 06 მაისს, მოპასუხემ შეადგინა ინვენტარიზაციის ოქმი, რომლითაც განისაზღვრა იმ მოპასუხის კუთვნილი ინვენტარების ჩამონათვალი, რომლებსაც მოსარჩელე ფაქტობრივად იყენებდა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2018 წლის 06 მაისის ინვენტარიზაციის ოქმი (ს.ფ 21-22); - მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. 2019 წლის 09 ივლისის სასამარლოს სხდომის ოქმი) 3.1.3. 2018 წლის 4 მაისს, საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ იქნა რეაგირების ოქმი, რომლის თანახმადაც, საიჯარო ფართზე არსებული ბარის მენეჯერი, გაფრთხილებულ იქნა ალკოჰოლური სასმელის ეზოში მოხმარებასთან დაკავში-რებით. მოსარჩელის მიმართ, არ შედგენილა ადმინისტრაციულ სამართალდარ-ღვევათა ოქმი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2016 წლის 04 მაისის რეაგირების ოქმი (ს.ფ 19-20); - მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. 2019 წლის 09 ივლისის სასამარლოს სხდომის ოქმი) 3.1.4. 2018 წლის 08 მაისს, მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა წერილი, რომლის თანახმადაც, მოპასუხე ატყობინებდა მოსარჩელეს მათ შორის არსებული იჯარის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, რომელსაც დანართის სახით ურთავდა მეზობლების კოლექტიური განცხადების ასლსსა და საპატრულო პოლიციის 2018 წლის 04 მაისის რეაგირების ოქმს. აღნიშნული წერილის თანახმად, მოპასუხემ სახელშეკრულებო პირობების უხეში დარღვევის გამო, მოსთხოვა მოსარჩელეს მისი კუთვნილი ფართის გადმოცემა 10 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2016 წლის 08 მაისის წერილი (ს.ფ 23-24); 3.1.5. 2018 წლის 17 მაისის წერილით, მოსარჩელემ უპასუხა მოსარჩელის 2018 წლის 08 მაისის წერილს, რომელშიც აღნიშნა, რომ არ ეთანხმებიან მოპასუხის მიერ მითითებულ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს და მოითხოვეს 3 თვიანი ვადა მოპასუხისთვის ფართის გადასაცემად, ასევე პირგასამტეხლოს სახით თანხა 3 თვის საიჯარო თანხის ოდენობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2016 წლის 17 მაისის წერილი (ს.ფ 25-26); 3.1.6. 2018 წლის 11 ივნისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 11 ივნისს, შპს ,,ე--------მ“ გადასცა, ხოლო შპს ,,გ--------მა“ ჩაიბარა კომერციული ფართი, რომელიც მდება-რეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვერა, დ. ბაქრაძის N9-ში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2018 წლის 11 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 133);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. შპს ,,გ--------ის“ მიერ შპს ,,ე--------სთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა გან-ხორციელდა სახელშეკრულებო პირობების დარღვევით. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს კომპეტენციაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დგინდება, რომ მხარეთა შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება 1 წლის ვადით, რომელიც შეწყდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. 2018 წლის 1 მარტის იჯარის ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია ჯეროვან წესრიგში იქონიოს საიჯარო ფართი, დაიცვას სახანძრო, სანიტარული და ტექნიკური უსაფრთხოების წესები, არ დაუშვას აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება, რომელიც, რეგულირდება ,,საქართველოს კანონის 77.1 მუხლით. აანაზღაუროს ამ წესების დაუცველობით ფართისათვის მიყენებული ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მოსარჩელეს ედავება მათ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 2.2. პუნქტის დარღვევაში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მათ არ დაურღვევიათ ხელშეკრულების პირობები, ვინაიდან მათ მიმართ კანონით დადგენილი წესით არ შედგენილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების 2.2. პუნქტი, ვინაიდან მოსარჩელე არ მიცემულ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში და მის მიმართ არ შედგენილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის საფუძველზე, რაც ცალსახად იქნებოდა პრეზუმცია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობის დარღვევისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრუ-ლებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალე-ბებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრუ-ლების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკ-რულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ 2018 წლის 11 ივნისს, მოსარჩელესა და მოპასუ-ხეს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 11 ივნისს, შპს ,,ე--------მ“ გადასცა, ხოლო შპს ,,გ--------მა“ ჩაიბარა კომერციული ფართი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვერა, დ. ბაქრაძის N9-ში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მხარე იყო მოპასუხე, რაც დასტურდება მოპასუხის ახსნა-განმარ-ტებითაც. ასევე უდავოა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიმართვიდან ერთ თვეში და მოპასუხეს არ დაუცვია კანონით გათვალისწინებული სამ თვიანი ვადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,გ--------მა“ მოსარჩელე შპს ,,ე--------სთან“ უკანონოდ შეწყვიტა მათ შორის 2018 წლის 1 მარტს დადებული იჯარის ხელშეკრულება. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შპს ,,გ--------ს“ მოსარჩელე შპს ,,ე-------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 1400 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 561-ე და 581-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულები-სათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის დადებული 2018 წლის 1 მარტის იჯარის ხელშეკრულების ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება მეიჯარის ან მოიჯარის თანხმობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადამდე ადრე შეწყვეტა მოიჯარის ან, მეიჯარის ინიციატივით, რომელსაც მეორე მხარე არ იზიარებს, ექვემდებარება პირგასამტეხლოს, 3 თვის საიჯარო თანხა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე შპს ,,გ--------მა“ მოსარჩელე შპს ,,ე--------სთან“ უკანონოდ შეწყვიტა მათ შორის 2018 წლის 1 მარტს დადებული იჯარის ხელშეკრულება (იხ. 3.2.1. სადავო ფაქტ. გარემოება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტის გამო, ამავე ხელშეკრულების 6.4. პუნქტის საფუძველზე ითხოვს 3 თვის საიჯარო ქირას, რაც საფუძვლიანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 4200 აშშ დოლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 1400 აშშ დოლარამდე, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით 8317,97 ლარის დაკისრებას და აღნიშნავს, რომ 3 თვის განმავლობაში მოპასუხის ბრუნვის მაჩვენებელმა ჯამში შეადგინა 62384.80 ლარი, რაც ყოველთვიურად წარმოადგენს 20794,93 ლარს. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის 40%-ს, რაც წარმოადგენს მოგების სახით მისაღებ თანხას შემოსავლების გათვალისწინებით. საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ მომართვა და ინფორმაცია მოსარჩელის შემოსავლების თაობაზე და ასევე, ცნობები სს ,,თიბისი ბანკიდან“ მოსარჩელის ანგარიშების ჯამური ბრუნვის შესახებ (იხ. ს.ფ-ები: 27-33). სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, არ იკვეთება ის გარემოება, თუ რას შეადგენდა მოსარჩელის მოგება მისი საქმიანობიდან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხოლოდ იკვეთება მოსარჩელის შემოსავლები და ანგარიშების ბრუნვა, ხოლო მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული შემოსავლების 40%-ს წარმოადგენდა მოგება, არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მოთხოვნილი თანხის მოგების სახით მიღების გარდაუვალობა, რის გამოც მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდე-ბულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღა-ურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან გაწია ფართის რემონტის ხარჯები, რომელმაც შეადგინა 1277 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები (იხ. ს.ფ-ები 42-51). სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ზედნადებებში, სასაქონლო ზედნადების ცხრილის გრაფაში მითითებულია საქონლის დასახელებები, რომლებიც წარმო-ადგენენ ძირითადად მოძრავ ნივთებს. აღნიშნული ზედნადებებით შესაძლებელია დადასტურდეს გარკვეული ნივთების შეძენა, თუმცა შეუძლებელია ზედნადებები იყოს მოსარჩელის მიერ რემონტის ჩატარების მტკიცებულება, ვინაიდან ზემო-აღნიშნული ნივთების შეძენა ცალსახად არ ნიშნავს საიჯარო ფართზე რემონტის ჩატარებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მან საკუთარი ხარჯით ჩაატარა რემონტი საიჯარო ფართში, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდი-საგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - შპს ,,ე-------ის“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 628.05 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (18.05%), პირგასამ-ტეხლოს 1400 დოლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარ-გებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის 113.4 ლარის ანაზღაურება. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირგასამ-ტეხლოს 1400 აშშ დოლარის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში. სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და გადაწყვიტა 1. შპს ,,ე--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: 1.1. შპს ,,გ--------ს“ შპს ,,ე-------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 1400 აშშ დოლარის გადახდა. 1.2. სარჩელი, მიუღებელი შემოსავლისა და რემონტის ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. 2. შპს ,,გვირვინს“ შპს ,,ე-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის 113.4 ლარის ოდენობით ანაზღაურება. 3. შპს ,,ე--------ს“ შპს ,,გ--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯების 300 ლარის ოდენობით ანაზღაურება. 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მეშვეობით; 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე თამარ ჩიხლაძე