გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
010210118002247402
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210118002247402

საქმე №2-43/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე რ----- ვ---------ე

წარმომადგენელი რ------–----ე

მოპასუხე ი---- გ--------ე

წარმომადგენელი ლ--–---–--–---

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი---- გ--------ეზე რ----- ვ---------ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 51840 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული სარგებლის 72 000 აშშ დოლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი---- გ--------ე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სასარჩელო განცხადება არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „მ------- XXI” ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირდა 2008 წლის 22 დეკემბერს და თავდაპირველად მის დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ გ------ გ-------ე 75%-იანი წილით და ა------ გ--------ე 25%-იანი წილით.

 

2012 წლის 2 აპრილის შპს „მ------- XXI”-ის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი N3-ით დგინდება, რომ შპს „მ------- XXI”-ის დამფუძნებელმა პარტნიორებმა სათანადო ფინანსური რესურსის არ ქონის გამო დათმეს მათი კუთვნილი წილი და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგინეს, რომ შპს „მ------- XXI” -ის 100 %-იანი წილი გადანაწილებულიყო შემდეგნაირად: 70% - მ-------- დ-------ეს, ხოლო 30% - რ----- ვ---------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- 2012 წლის 02 აპრილის ოქმი N3.

 

3.2.2. 2013 წლის 18 დეკემბერს დამოწმებული შპს „მ------- XXI”-ის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი N5-ის თანახმად საზოგადოებაში განხორციელდა პარტნიორთა და წილთა ცვლილება და შპს „მ------- XXI”-ის პარტნიორთა წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: 30% - მ-------- დ-------ე, 30 % - რ----- ვ---------ე და 40% - ი---- გ--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- 2013 წლის 18 დეკემბრის ოქმი N5.

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „მ------- XXI” განიცდიდა გარკვეულ ფინანსურ კრიზისს, რის გამოც რ----- ვ---------ე სწევდა გარკვეული სახის დამატებით ხარჯებს ორგანიზაციის ამუშავებისათვის. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო დანარჩენი პარტნიორებისათვის. საზოგადოებაში პარტნიორთა წილების ცვლილების შემდეგ რ----- ვ---------ესა და დანარჩენ ორ პარტნიორს, მ-------- დ-------ეს დ ი---- გ--------ეს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმადაც რ----- ვ---------ის მიერ თანხის გადახდის სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო დანარჩენი პარტნიორებისაგან წილების გამოსყიდვა, რის გამოც მის მიერ ეტაპობრივად ხდებოდა პარტნიორებისათვის თანხის გადახდა, თუმცა დადგენილია, რომ საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა და ი---- გ--------ემ და მ-------- დ-------ემ უარი თქვეს საწარმოში წილის დათმობაზე.

 

ვინაიდან დაირღვა მხარეებს შორის არსებული ზეპირი შეთანხმება, ამიტომ პარტნიორებს შორის საქმიანი ურთიერთობაც დაიძაბა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საკითხის დარეგულირების მიზნით პარტნიორებს შორის შედგა ახალი შეთანხმება, რომლის თანახმადაც პარტნიორები (რ----- ვ---------ე, მ-------- დ-------ე, ი---- გ--------ე) შეთანხმებდნენ, რომ რ----- ვ---------ის მიერ წილის გამოსასყიდად გადახდილი თანხები ჩათვლილიყო სესხის თანხად, რომელსაც დაუბრუნებდნენ მ-------- დ-------ე და ი---- გ--------ე საწარმოს ამუშავებისა და შემოსავლების მიღების შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მოწმის ჩვენება.

- პარტნიორთა კრების ოქმები.

- შეთანხმებები.

 

3.2.4. 2014 წლის აპრილში რ----- ვ---------ეს და ი---- გ--------ეს შორის შედგა შეთანხმება „სესხისა და სარგებლობის შესახებ“, რომლის თანახმადაც ი---- გ--------ემ, როგორც „მსესხებელმა“ აღიარა, რომ მას 2012 წლის მაისიდან 2014 წლის აპრილამდე პერიოდში ეტაპობრივად ჰქონდა ნასესხები 51 840 აშშ დოლარის ოდენობით თანხა რ----- ვ---------ისაგან. ამავე შეთანხმების თანახმად სესხი იყო სარგებლიანი და მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას, რომ გამსესხებელს ყოველთვიურად გადაუხდიდა სარგებლის სახით ნასეხები თანხის 3,1 %-ს, რაც შეადგენდა ერთ თვეში 1600 აშშ დოლარს.

 

ამავე წერილობითი დოკუმენტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ი---- გ--------ის მიერ ვერ მოხდებოდა ყოველთვიურად სარგებლის დაფარვა, სარგებლის თანხა დაემატებოდა ძირითად თანხას, მაგრამ არ დაერიცხებოდა საურავი.

 

შეთანხმების თანახმად მსესხებელ ი---- გ--------ეს შეეძლო ნასესხები თანხა გადაეხდა ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ და შპს „მ------- XXI”-ის კუთვნილი 40%-იანი წილის დივიდენდიდან შემოსავლის მიღების შემდეგ. ასევე მხარები შეთანხმდნენ, რომ საწარმოს ამუშავებისა და შემოსავლების მიღების შემდეგ შეჩერდებოდა პროცენტის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მოწმის ჩვენება.

- შეთანხმება სესხისა და სარგებლობის შესახებ.

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ----- ვ---------ესა და ი---- გ--------ეს შორის სესხისა და სარგებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან რამოდენიმე თვეში საწარმო ამუშავდა და იგი დღემდე ახორციელებს საქმიანობას. საწარმოს ასევე გააჩია გარკვეული სახის შემოსავლები. დადგენილია, რომ შპს „მ------- XXI”-ის მიერ ხდება წყლის მიღება და მისი მიწოდება შპს „ჯ---------–----–--ზე“, რომელიც შემდგომში ახდენს მის რეალიზაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მოწმის ჩვენება.

- პარტნიორთა კრების ოქმები.

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

- შპს „მ------- XXI”-ის დამფუძნებელ პარტნიორთა შეთანხმება.

 

3.2.6. დადგენილია, რომ ი---- გ--------ის მიერ არ მომხდარა მხარეებს შორის დადებული „სესხისა და სარგებლობის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და მის მიერ რ----- ვ---------ისათვის დღემდე არ არის გადახდილი ზ/აღნიშნული შეთანხმებით აღიარებული თანხები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- ვ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ი---- გ--------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 51840 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623 მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-e მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ----- ვ---------ესა და ი---- გ--------ეს შორის არსებობდა სასესხო ვალდებულება, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული. ვალის აღიარების თაობაზე მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება. აღნიშული შეთანხმებით მოპასუხე ი---- გ--------ემ აიღო ვალდებულება იმის თაობაზე, რომ შეთანხმებაში მითითებულ დავალიანებას, რაც შეადგენდა 51 840 აშშ დოლარს დაფარავდა შპს „მ------- XXI”-ის ამუშავების და საწარმოდან კუთვნილი წილის დივიდენდებიდან შემოსავლის მიღების შემდეგ, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლიდან შპს „მ------- XXI“ ფაქტობრივად მუშაობს და იგი დღემდე ახორციელებს საქმიანობას, კერძოდ აწარმოებს წყლის მიღებას და ახდენს მის შემდგომ რეალიზაციას, რაც გულისხმობს იმას, რომ საწარმო ღებულობს შემოსავალს. ის გარემოება, რომ პარტნიორებს შორის არის უკმაყოფილება და არ ნაწილდება მათ შორის დივიდენდები, არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებზე უარის თქმის საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი---- გ--------ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ დღეისათვის კვლავ შეადგენს 51 840 აშშ დოლარს.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---- გ--------ის მიმართ ძირითადი დავალიანების, კერძოდ 51 840 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე ი---- გ--------ეზე სარგებლის სახით 72 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები მათ შორის გაფორმებული სესხისა და სარგებლობის შესახებ შეთანხმების მე-8 პუნქტით თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ საწარმოს ამუშავების და შემოსავლების მიღების შემდეგ პროცენტის გადახდა შეჩერდებოდა. მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ შპს „მ------- XXI“ შეთანხმების გაფორმებიდან უმოკლეს ვადაში ამოქმედდა. მართალია საწარმოს აქვს გარკვეული სახის ფინანსური პრობლემები, მაგრამ იგი ფაქტობრივად 2014 წლიდან დღემდე მუშაობს, ახდენს წყლის მიღებას და მის რეალიზაციას, შესაბამისად აქვს გარკვეული ოდენობის შემოსავალიც. ვინაიდან მხარეები თავიდანვე იყვნენ შეთანხმებული საწარმოს ამუშავების შემდეგ პროცენტის გადახდის შეჩერდებაზე, ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს საპროცებტო სარგებლის მოთხოვნის უფლება საწარმოს ამუშავების შემდეგ აღარ გააჩნია, საწარმო კი როგორც მოწმე ა------ გ--------ემ განმარტა, რომელიც წარმოადგენდა იმ დროისათვის შპს „მ------- XXI“ დირექტორს და აღნიშნული სადაო მხარეებსაც არ გაუხდიათ მუშაობს 2014 წლიდან.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ რ----- ვ---------ის სასარჩელო მოთხოვნა სესხის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მოპასუხეზე 72 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არის დაუსაბუთებელი, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხე ი---- გ--------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1255,81 ლარის ანაზღაურება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-53, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. რ----- ვ---------ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ი---- გ--------ეს დაეკისროს რ----- ვ---------ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის, 51840 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. რ----- ვ---------ეს უარი ეთქვას ი---- გ--------ეზე საპროცენტო სარგებლის სახით თანხის დაკისრებაზე.

 

1.3. ი---- გ--------ეს დაეკისროს რ----- ვ---------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1255,81 ლარის ანაზღაურება. მასვე დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე