განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002878807
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/60-19 10 ივლისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031230119002)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, ცაცა ებრალიძე,ელენე თაგაური, ვერიკო ნინიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნიკა გუჯაბიძე
ბრალდებული: ხ---–--- ჯ---------ი
მამის სახელი: გ-------–--–
დაბადებული: 1----–-–------------------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–---------------------–----–----------------------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ხ---–--- ჯ---------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში, ყ--------------------აში მდებარე ხ---–--- ჯ---------ისა და ს-----–--ა ი---------ას ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ხ---–--- ჯ---------მა მუშტების ცხვირისა და თავის არეში დარტყმების ე.წ. ,,მაშის“ ხელის არეში დარტყმის და ფეხების სხეულის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ს-----–--ა ი---------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ხ---–--- ჯ---------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოწმის სახით დაკითხვისას ა----- ა-–---------ამ განმარტა, რომ ს-----–--ა ი---------ა და ხ---–--- ჯ---------ი არიან ცოლ-ქმარი. თავად ხ---–--- ჯ---------მაც განმარტა, რომ ს-----–--ა ი---------ა არის მისი მეუღლე. ს-----–--ა ი---------ამ სასამართლოში დაკითხვისას უარი განაცხადა ხ---–--- ჯ---------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე იმ მოტივით, რომ იგი არის მისი მეუღლე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ხ---–--- ჯ---------ი და ს-----–--ა ი---------ა არიან ერთმანეთის მეუღლეები, ერთი ოჯახის წევრები.
3.2. ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დაზარალებულმა ს-----–--ა ი---------ამ (ბრალდებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N001273219 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (23.01.2019) ს-----–--ა ისვაჰანოვას აღენიშნება სისხლჩაქცევები ცხვირზე და შუბლზე მარცხნივ, ნაჭდევი ცხვირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გიორგი ოქრუაშვილმა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ სცეტლანა ი---------ა შეამოწმა პირადად. შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, ნაჭდევი ცხვირზე. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ ანამნეზის გამოკითხვისას მას ს-----–--ა ი---------ამ განუმარტა, რომ ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: მუშტი ჩაარტყა ცხვირში, რომ წაიქცა ნაცრის საჩხრეკით სცემა.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ბესიკ ჯანხოთელი. მან განმარტა, რომ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაკითხა მოწმეები, ჩაატარა დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერება. მან განმარტა, რომ დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, უჩიოდა ტკივილს. მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებულ იქნა ე.წ. ,,მაშა“.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ა----- ა-–---------ა. მან განმარტა, რომ მისი სახლი ს-----–--ა ი---------ას სახლიდან დაშორებულია ორი სახლით, არიან ნათესავები და აქვთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა. ერთ საღამოს მასთან მივიდა სვეტა (ს-----–--ა ი---------ა), რომელიც ტიროდა, უთხრა რომ იჩხუბა მეუღლესთან. მან შესთავაზა დარჩენილიყო მათთან და დაესვენა, გული უწუხდებოდა, დაალევინა წამალი. ა----- ა-–---------ამ ასევე განაცხადა, რომ მას გამომძიებლისათვის არ უთქვამს, რომ მეუღლემ ე.წ. ,,მაშით“ სცემა სვეტა.
სასამართლოზე ასევე დაიკითხა ნანული ლალიაშვილი. განმარტა, რომ მარნეულის რაიონული სამმართველოს ა-–-----ს განყოფილებაში საჭიროების შემთხვევაში ასრულებს თარჯიმნის მოვალეობებს. თარგმნის აზერბაიჯანულიდან ქართულად და პირიქით. დაადასტურა, რომ მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში და ბრალდებულის დაკავებაში.
2019 წლის 24 იანვარს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დაზარალებულ ს-----–--ა ი---------ასთნ. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში ყ--------------------ის დასახლებაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულმა მიუთითა, თუ სად და რა ვითარებაში მიაყენა დაზიანებები ხ---–--- ჯ---------მა.
სასამართლოში ასევე დაიკითხნენ საგამოძიებო ექსპერიმეტის მონაწილენი ომარ შვანგირაძე და ალეკო საძაგლიშვილი.
მოწმე ომარ შვანგირაძემ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში, გამომძიებლის თარჯიმნის და ექსპერტის მონაწილეობით. დაზარალებული უჩვენებდა შემთხვევის ადგილზე რა და როგორ მოხდა, მისივე მითითებით ამღებულ იქნა ე.წ. ,,მაშა“.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ალეკო საძაგლიშვილმა განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში. შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა მარნეულის რაიონული სამმართველოს ა-–-----ს განყოფილებაში. დანაშაული შეეხებოდა ოჯახურ ძალადობას. სახლი იყო ორ სართულიანი, დაზარალებულმა მიუთითა ოთახზე სადაც განხორციელდა ძალადობა. მიუთითა ასტამზე, რომელიც ამოღებულ იქნა და დაილუქა. მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიმდინარეობდა ფოტოგადაღება.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები თეიმურაზ რეხვიაშვილი, ფახრადინ იუსუბოვი, გიორგი ბასილია. მათ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
ბრალდებული ხ---–--- ჯ---------ი დაკავებულ იქნა 2019 წლის 23 იანვარს, მარნეულის რაიონის იაღლუჯას მთის მიმდებარედ.
2019 წლის 24 იანვრის ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ბესიკ ჯანხოთელის მიერ მოხდა დაზარალებულ ს-----–--ა ი---------ას გარეგნული ფიზიკური დათვალიერება. რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები ცხვირზე, მარცხენა თვალის ქვემოთ ქუთუთოზე. დაზარალებულისვე განმარტებით აღნიშნული დაზიანებები ს-----–--ა ი---------ას მიაყენა მეუღლემ ხ---–--- ჯ---------მა.
სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებანი, მათი ერთობლიობა და დადგენილად მიიჩნევს, რომ ხ---–--- ჯ---------მა ს-----–--ა ი---------ას მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. სასამართლო ასევე ვალდებული იყო დაედგინა, რომ აღნიშნულმა დაზიანებებმა გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა ს-----–--ა ი---------ამ ისარგებლა მისთვის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე მეუღლის წინააღმდეგ. საქმის მასალებში და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომ ს-----–--ა ი---------ამ აღნიშნული დაზიანებების მიყენების დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლო ვერ ადგენს განიცადა თუ არა ს-----–--ა ი---------ამ ხ---–--- ჯ---------ის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ხ---–--- ჯ---------ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ხ---–--- ჯ---------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ს-----–--ა ი---------ამ ხ---–--- ჯ---------ის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ხ---–--- ჯ---------ის დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, ხ---–--- ჯ---------ი მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ხ---–--- ჯ---------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ბრალდებულ ხ---–--- ჯ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ხ---–--- ჯ---------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ხ---–--- ჯ---------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ე.წ. ,,მაშა“ - დაუბრუნდეს დაზარალებულ ს-----–--ა ი---------ას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე