გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2019
საქმის ნომერი
330210119002874874
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4301 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ნ-----–-- ბ--------–-

წარმომადგენელი ა---------– პ-------–---–-

მოპასუხე ი-----–--------

წარმომადგენელი ლ------ ბ------–---, ე-------------

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ი-----–--------სათვის არასრულწლოვანი შვილის გ--- გ-----ს (დაბადებული 2--- წლის 1-----------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 01 მარტიდან) ყოველთვიურად 2000 (ორი ათასი) ლარის დაკისრება.

მოსარჩელე ნ-----–-- ბ--------–- და მოპასუხე ი-----–-------- 2011 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მხარეები დაქორწინდნენ 201- წლის 2------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 1-----------ს შეეძინათ შვილი გ--- გ-----. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი გ--- გ----- ცხოვრობს დედასთან, ნ-----–-- ბ--------–თან. მხარეებმა ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს უძრავი და მოძრავი ქონება. განქორწინების შემდგომ ნ-----–-- ბ--------–- და ი-----–-------- ვერ შეთანხმდნენ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფაზე. არასრულწლოვანი გ--- გ-----ს ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ესაჭიროება კვება, ექიმთან ვიზიტი, სპორტულ და სხვა გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართულობა, რაც დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან. გარდა ამისა, არასრულწლოვანი 2019 წლის სექტემბრის თვეში მიდის სკოლაში და მოსარჩელეს მოპასუხესთან შეთანხმებით სურს არასრულწლოვანი მიიყვანოს კერძო სკოლაში. შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის წლიური ღირებულება ყველა საფეხურის მოსწავლისათვის შეადგენს 6500 ლარს. გარდა ამისა, მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვანი გ--- გ----- დადიოდა ცურვაზე (ყოველთვიური გადასახადი 260 ლარი), ბატუტზე ხტომაში ინდივიდუალურ მეცადინეობაზე (ყოველთვიური გადასახადი 100 ლარი) რუსული ენის შემსწავლელ წრეზე (ყოველთვიური სწავლის საფასური 110 ლარი). გარდა ამისა, არასრულწლოვანს კვებისთვის თვეში სჭირდება დაახლოებით 500 ლარი, რასაც ემატება ექიმთან ორ თვეში ერთხელ დაგეგმილი ვიზიტი (კონსულტაციის ღირებულება 50 ლარი) და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებზე აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვს სკოლაში მისვლის შემდეგ დასჭირდება ლოგოპედი, თუმცა ამ ეტაპზე მოსარჩელისათვის ცნობილი არ არის მომსახურების ღირებულება. მოპასუხე ი-----–-------- ვალდებულია თავისი შემოსავლის გათვალისწინებით, სათანადოდ ზრუნავდეს არასრულწლოვან შვილზე და სტაბილურ მონაწილეობას იღებდეს მისი აღზრდის პროცესში.

(სარჩელი, 28.05.2019 წელს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი, 2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება სარჩელს გ--- გ-----ს (დაბადებული 2--- წლის 1-----------ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას, მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაში. მოპასუხე მხარის ამჟამინდელი შემოსავლის ოდენობა შეადგენს თვეში 1000 ლარს. მას აქვს საბანკო ვალდებულებები შესასრულებელი. ამასთან, მოპასუხე იძულებული გახდა გაესხვისებინა საწარმოში კუთვნილი წილი. ი-----–--------ს ჰყავს ასაკით პენსიის მიმღები მშობლები და გარკვეული მატერიალური მხარდაჭერა მოპასუხის მხრიდან მათაც სჭირდებათ. მოპასუხის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამოქალაქო კანონმდებლობით ორივე მშობელი ვალდებულია იზრუნოს შვილზე. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც ბავშვის განსაკუთრებულ მოთხოვნებზე მიუთითებდა. იგი მხოლოდ განმარტავს ექიმთან ვიზიტის, სხვადასხვა აქტივობებში ბავშვის ჩართულობის შესახებ, თუმცა საქმეს არ ერთვის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ან ბავშვი დადიოდა მოსარჩელის მიერ მითითებულ წრეებზე და ამ აქტივობების გადასახადი შეადგენდა მის მიერ დასახელებულ თანხებს. მოპასუხე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ გადაიხადის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი არაგონივრული ოდენობის ალიმენტს არასრულწლოვანის სასარგებლოდ.

(შესაგებელი, 10.06.2019 წელს წარმოდგენილი შესაგებელი, 2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ნ-----–-- ბ--------–- და მოპასუხე ი-----–-------- 2019 წლის იანვრის თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი).

3.1.2. ნ-----–-- ბ--------–- არასრულწლოვან გ--- გ-----სთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, დ----------------------–------–------------------------------; არასრულწლოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ დადის, იგი ასაკის შესაბამისად, 2019 წლის სექტემბრის თვეში დაიწყებს სკოლაში სწავლას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი).

3.1.3. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ აქვს მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნ-----–-- ბ--------–ს 2018 წლის 01 იანვრიდან შემოსავალი არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი).

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 02 აპრილის მიმართვა N2---------- (ტომი 2, ს.ფ. 193).

3.1.4. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. 2018 წლის დეკემბრის თვეში ი-----–--------ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი ერთი თვის ვადით. 2019 წლის 17 თებერვალს გამოიცა დადგენილება პირის (ი-----–--------ს) ბრალდების შესახებ იმაზე მითითებით, რომ მან ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები არ შეასრულა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი).

_2018 წლის 24 დეკემბრის შემაკავებელი ორდერი N0----- (ტომი 2, ს.ფ. 231-239);

_201--–-–---------------–-- დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 240-245).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ-----–-- ბ--------–- და ი-----–-------- დაქორწინდნენ 201- წლის 2------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 1-----------ს შეეძინათ შვილი გ--- გ-----;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1, ს.ფ. 18);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1, ს.ფ. 17).

3.2.2. 2018 წლის 20 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთი, მდებარე თბილისი, გ-----------–------–-----------------------–------------ (ს/კ 0-------------------------) თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ი-----–--------ს და ნ-----–-- ბ--------–-ს სახელზე;

საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებაზე: მ--------------–-------------------------------–------------------–------–--–----------–-------------------------------------------------–----–----------------–-------–-----------------, რეგისტრირებულია ი-----–--------ს სახელზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 19.09.2018 წელი (ტომი 1, ს.ფ. 21-22);

_სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 28 თებერვალს გაცემული ცნობა N4------------------ (ტომი 1, ს.ფ. 38);

3.2.3. შპს ,,გ----------“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------) დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით წარმოადგენდა მოპასუხე ი-----–--------. 2017 და 2018 წლებში სხვადასხვა სპორტული დასახელების ინვენტარი შეძენილი და აღრიცხული იქნა როგორც საწარმოს ასევე მოპასუხე ი-----–--------ს სახელზე;

საწარმომ მოგვიანებით სახელწოდება შეიცვალა. მოპასუხემ შპს ,,პ--------------–----------“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------) 100%-იანი წილი გაასხვისა სხვა პირზე. ი-----–-------- წარმოადგენს აღნიშნული საწარმოს დირექტორს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 08.02.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ. 19-20);

_2017 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, პროფორმა ინვოისი, კომერციული ინვოისი (ტომი 1, ს.ფ. 23-37, 39-56).

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 08.02.2017 წელი (ტომი 3, ს.ფ. 20-21);

3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 28 მარტის მდგომარეობით, ი-----–--------ს მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში 600 ლარს, თებერვლის თვეში - 600 ლარს, მარტის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით ყოველთვიურად 400 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 02 აპრილის მიმართვა N2----------, დანართი (ტომი 2, ს.ფ. 193-194).

3.2.5. ი-----–-------- 2017 წლის 08 თებერვლიდან მუშაობს შპს ,,პ--------------–----------“-ში (ყოფილი შპს ,,გ----------“) დირექტორის პოზიციაზე და შპს ,,პ--------------–----------“-ის პარტნიორთა 10.06.2019 წლის გადაწყვეტილებით, მისი ყოველთვიური (დარიცხული) ხელფასი განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით. შპს ,,P-----------“ უზრუნველყოფს შპს ,,პ--------------–----------“-ის საბუღალტრო მომსახურებას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,P-----------“-ს მიერ 2019 წლის 02 ივლისს გაცემული ცნობა (ტომი 3, ს.ფ. 187).

3.2.6. 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 13 ივნისის პერიოდში ი-----–--------ს სს ,,თ----------–-“ გახსნილ პირად ანგარიშზე ფიქსირდება სხვადასხვა ოდენობით თანხების ტრანზაქცია. 2018 წლის 19 მარტს მოპასუხემ საკუთარ ანგარიშზე შეიტანა თანხა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო იმავე წლის 20 მარტს - 5000 აშშ დოლარი, ასევე, 2018 წლის 19 მაისს ფიქსირდება ი-----–--------ს ანგარიშზე 12 000 აშშ დოლარის შეტანა. ასევე, მოპასუხის საბანკო ანგარიშზე განხორციელებულია თანხების მოძრაობა ეროვნულ ვალუტაშიც;

სს ,,თ----------–-“ ფინანსური ანალიზი განხორციელდა შპს ,,გ----------ის“ ფინანსებთან დაკავშირებით. შპს ,,გ----------ი“ არის ფიტნეს ცენტრი, რომელიც მდებარეობს მისამართზე, თბილისი, ლ----–-----------ზე, წ------–----------------. ფართი არის იჯარით აღებული და ფუნქციონირებს 2017 წლის თებერვლის თვიდან. მსესხბელი თავად წარმოადგენს ტრენერს. შემოსავლები დათვლილია კლიენტის ჩანაწერების მიხედვით. 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 01 ივლისამდე კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 345445 ლარი, მოგება 1-9 000 ლარი (საშუალოდ თვეში 12 417 ლარი);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,თ----------ის“ ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 19.03.2018 – 08.01.2019 წელი (ტომი 2, ს.ფ. 169-172);

_სს ,,თ----------ის“ ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 31.03.2017 – 07.01.2019 წელი (ტომი 2, ს.ფ. 173-182);

_სს ,,თ----------ის“ ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 01.01.2017 – 13.06.2019 წელი (ტომი 3, ს.ფ. 73-176);

3.2.7. ი-----–--------მ 2018 წლის 21 სექტემბერს სს ,,თ----------თან“ დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა 54 000 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) აშშ დოლარი. 2019 წლის 12 მარტის მდგომარეობით, მოპასუხე ი-----–--------ს სახელზე ბანკის მიმართ ირიცხება დავალიანება 45 861.57 (ორმოცდათხუთმეტი ათას რვაას სამოცდაერთი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2018 წლის 13 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულებები (ტომი 2, ს.ფ. 33-43);

_2018 წლის 13 სექტემბრის საკრედიტო პროდუქტების შესახებ ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 44-55);

_2018 წლის 21 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 56-66);

_სს ,,თ----------ის“ მიერ 2019 წლის 12 მაისს გაცემული დავალიანების ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 67).

3.2.8. ი-----–--------ს მშობლები გ------ გ----- და მ------- გ----- წარმოადგენენ ასაკით პენსიის მიმღებ პირებს. გ------ გ-----ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. მას დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 2------ს გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ტომი 2, ს.ფ. 246);

_სს ,,ლ-------------ის“ საბანკო ბარათები (ტომი 3, ს.ფ. 188-191);

_სსიპ თ---–----------–-–-------------–------------------------------–-----------------------–----ის“ მიერ 2019 წლის 1- ივნისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 3, ს.ფ. 192-193).

3.2.9. მოსარჩელე მხარის განმარტებით არასრულწლოვან გ--- გ-----ს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის თვეში საშუალოდ სჭირდება 1000 (ათასი) ლარი;

მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ გ--- გ-----ს საჭიროებებიდან გამომდინარე ყოველთვიურად აუცილებელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანს კვებისათვის სჭირდება თვეში - 500 ლარი, ცურვისთვის - 260 ლარი, რუსულის შემსწავლელი წრისათვის - 110 ლარი, ტანვარჯიშისთვის (ბატუტზე ხტომა) – 100 ლარი. ასევე, გ--- გ----- ორ თვეში ერთხელ მაინც გადის ექიმთან კონსულტაციას, რომლის ღირებულება 50 ლარია. მოსარჩელის სურვილია არასრულწლოვანი მოპასუხესთან შეთანხმებით შეიყვანოს კომერციულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოსარჩელე მიუთითებს ლოგოპედის საჭიროებაზეც, თუმცა არ ასახელებს ლოგოპედის მომსახურებისათვის საჭირო თანხას. მოპასუხე მხარე არ ადასტურებს ზემოთ მითითებული ხარჯების საჭიროებას. მისი განმარტებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობისათვის მითითებული ხარჯების აუცილებლობას.

3.2.10. მოცემულ სამოქალაქო საქმეზე ნ-----–-- ბ--------–-ს სარჩელი ი-----–--------ს მიმართ მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნით და ი-----–--------ს შეგებებული სარჩელი ნ-----–-- ბ--------–-ს მიმართ მესაკუთრედ აღიარების, საზიარო უფლების გაუქმებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის შესახებ გამოეყო ცალკე წარმოებად და მიენიჭა ცალკე ნომერი. საქმის განხილვა გაგრძელდა ნ-----–-- ბ--------–-ს სარჩელზე ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინება (ტომი 2, ს.ფ. 42-46).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-121--ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ნ-----–-- ბ--------–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი გ--- გ-----, რომელიც დაიბადა 2--- წლის 1-----------ს (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 121--ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ ნ-----–-- ბ--------–- და ი-----–-------- 2019 წლის იანვრის თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი გ--- გ----- ცხოვრობს მოსარჩელესთან, ნ-----–-- ბ--------–თან ერთად. მოცემულ ეტაპზე, ბავშვი არ დადის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. იგი ასაკის შესაბამისად, 2019 წლის სექტემბრის თვეში დაიწყებს სკოლაში სწავლას (3.1.1., 3.1.2). მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნ-----–-- ბ--------–ს 2018 წლის 01 იანვრიდან შემოსავალი არ უფიქსირდება. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოპასუხის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.

 

მოპასუხე ი-----–-------- 2017 წლის 08 თებერვლიდან მუშაობს შპს ,,პ--------------–----------“-ში (ყოფილი შპს ,,გ----------“) დირექტორის პოზიციაზე და შპს ,,პ--------------–----------“-ის პარტნიორთა 10.06.2019 წლის გადაწყვეტილებით, მისი ყოველთვიური (დარიცხული) ხელფასი განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 28 მარტის მდგომარეობით, ი-----–--------ს მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში 600 ლარს, თებერვლის თვეში - 600 ლარს, მარტის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით ყოველთვიურად 400 ლარს. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის სახელზე თანასაკუთრებით ირიცხება უძრავი ქონება, ამასთან, ი-----–--------ს სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება. დადგენილია, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ი-----–--------ს სახელზე შეძენილი იქნა რამოდენიმე დასახელების სპორტული ინვენტარი. ი-----–-------- წარმოადგენდა შპს ,,გ----------“-ის დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, თუმცა მოგვიანებით, მან საწარმოში წილი სხვა პირზე გაასხვისა. საწარმოს დირექტორს ამ ეტაპზეც წარმოადგენს მოპასუხე. ი-----–-------- დასაქმებულია სპორტ დარბაზში, თავად წარმოადგენს ტრენერს (3.2.2.- 3.2.5). მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე.

 

განსახილველ დავის ფარგლებში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის შემოსავლების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 13 ივნისის პერიოდში ი-----–--------ს სს ,,თ----------–-“ გახსნილ პირად ანგარიშზე ფიქსირდება სხვადასხვა ოდენობით თანხების ტრანზაქცია. 2018 წლის 19 მარტს მოპასუხემ საკუთარ ანგარიშზე შეიტანა თანხა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო იმავე წლის 20 მარტს - 5000 აშშ დოლარი, ასევე, 2018 წლის 19 მაისს ფიქსირდება ი-----–--------ს ანგარიშზე 12 000 აშშ დოლარის შეტანა. ასევე, მოპასუხის საბანკო ანგარიშზე განხორციელებულია თანხების მოძრაობა ეროვნულ ვალუტაშიც. ბანკში ფინანსური ანალიზი განხორციელდა შპს ,,გ----------ის“ ფინანსებთან დაკავშირებით. შპს ,,გ----------ი“ არის ფიტნეს ცენტრი. ფართი არის იჯარით აღებული და ფუნქციონირებს 2017 წლის თებერვლის თვიდან. შემოსავლები დათვლილია კლიენტის ჩანაწერების მიხედვით. 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 01 ივლისამდე კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 345445 ლარი, მოგება 1-9 000 ლარი (საშუალოდ თვეში 12 417 ლარი). სასამართლო საბანკო ანგარიშებზე მითითებული თანხების ოდენობით ვერ განსაზღვრავს მოპასუხე ი-----–--------ს შემოსავლის ოდენობას, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მის ანგარიშზე მოსარჩელის მიერ მითითებული თანხები დარიცხული იქნა როგორც შემოსავალი (ხელფასი, პრემია, მოგება და სხვ.). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე წარმოადგენს საწარმოს დირექტორს, მის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციები არ განაპირობებს მისი, როგორც ფიზიკური პირის შემოსავლის ოდენობას. მით უფრო, როდესაც მხარის მიერ აღნიშნული თანხების მოძრაობა დაფიქსირებულია 2017-2018 წლებში, მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიქცევს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სახელფასო ცნობაზეც, რომლის მიხედვითაც, ი-----–--------, როგორც შპს ,,პ--------------–----------“-ში (ყოფილი შპს ,,გ----------“) დირექტორის პოზიციაზე მყოფი პირი იღებს ხელფასის სახით 1000 (ათასი) ლარს. აღნიშნული წარმოადგენს როგორც დირექტორის (და არა ფიზიკური პირის ი-----–--------ს) მიერ მიღებულ შემოსავალს. ამასთან საგულისხმოა, რომ ი-----–-------- იმავე საწარმოში ასევე დასაქმებულია როგორც ტრენერი. საწარმოს შემოსავლები წარმოადგენს ცალკე მეწარმე სუბიექტის მიერ მიღებულ შემოსავლებს და არ აქვს კავშირი ფიზიკური პირის, ი-----–--------ს შემოსავლებთან.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ საბანკო დავალიანებაზე. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ი-----–--------ს სს ,,თ----------ის“ წინაშე ერიცხება საბანკო დავალიანება, რომლის დასაფარად ყოველთვიურად იხდის გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას (3.2.7). საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მშობლები იღებენ ასაკობრივ პენსიას. ამასთან, მოპასუხის მამას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. მას დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე ი-----–--------ს აქვს მისი მშობლების რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც 1218-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს დაადასტურებდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა.

 

შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოპასუხე ი-----–-------- მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა, არასრულწლოვანი გ--- გ-----ს ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 400 ლარი. მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ გ--- გ-----ს საჭიროებებიდან გამომდინარე ყოველთვიურად აუცილებელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანს კვებისათვის სჭირდება თვეში - 500 ლარი, ცურვისთვის - 260 ლარი, რუსულის შემსწავლელი წრისათვის - 110 ლარი, ტანვარჯიშისთვის (ბატუტზე ხტომა) – 100 ლარი. ასევე, გ--- გ----- ორ თვეში ერთხელ გადის ექიმთან კონსულტაციას, რომლის ღირებულება 50 ლარია. მოსარჩელის სურვილია არასრულწლოვანი მოპასუხესთან შეთანხმებით შეიყვანოს კომერციულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოსარჩელე მიუთითებს ლოგოპედის საჭიროებაზეც, თუმცა არ ასახელებს ლოგოპედის მომსახურებისათვის საჭირო თანხას. მოპასუხე მხარე უარყოფს ზემოაღნიშნული ხარჯების საჭიროებას. მისი განმარტებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა არასრულწლოვანის ზრდა-განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობისათვის მითითებული ხარჯების აუცილებლობას. მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა არასრულწლოვანი ბავშვისათვის ისეთი აუცილებელი მოთხოვნილებების არსებობა (მათ შორის კვების კუთხითაც), რაც თვეში არასრულწლოვანისათვის 1000 ლარის საჭიროებაზე მიუთითებდა. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოპასუხე მხარეს გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 18.07.2019წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 2019 წლის მარტის თვისათვის - 181.2 ლარს, აპრილის თვისათვის 185.0 ლარს, მაისის თვისათვის 190.1 ლარს და ივნისის თვისათვის 188.1 ლარს. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის დაცული უნდა იყოს სამართლიანი და გონივრული ბალანსი. გამომდინარე აღნიშნულიდან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარით. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე ი-----–--------მ შესაგებლით ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, რა ნაწილშიც დაკმაყოფილდა სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ნ-----–-- ბ--------–-ს (პირადი №2----------) სარჩელი მოპასუხე ი-----–--------ს (პირადი №3----------) მიმართ:

 

დაეკისროს მოპასუხე ი-----–--------ს (პირადი №3----------) არასრულწლოვანი გ--- გ-----ს (დაბადებული 2--- წლის 1-----------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 01 მარტიდან) ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდა;

 

2. გათავისუფლდეს მოპასუხე ი-----–-------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე