განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2019
საქმის ნომერი
330100119002943045
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1610-19

(№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი ანნა ქოჩიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---------------–---, ლ--------------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ-------------------

 

ბრალდებული - მ--–-----–-------- (დასწრების გარეშე), დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №----------7, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: გ--–-----------, ს------–----------–-–--–----; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. თბილისი, გ-–---------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 24 თებერვალს, ქ. თბილისში, ლ--–-----------–---, ჭ---------–----------- მდებარე შპს ,,ვ---------------“ ავტოსამრეცხაოს კაფეში მ--–-----–-------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა რ------------------ კუთვნილ ,,ა------------“ ფირმის მობილურ ტელეფონს. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს რ------------------ მიადგა 1000 (ათასი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ------------------ ჩვენებით დგინდება, რომ არის შპს ,,ვ----------------“ (მდებარე: ქ. თბილისში, ლ--–-----------–---, ჭ---------–-----------) დირექტორი, რომელიც წარმოადგენს ავტოსამრეცხაოს. 2019 წლის 24 თებერვალს იმყოფებოდა ავტოსამრეცხაოში მდებარე კაფე-ბარში, რა დროსაც შევიდა ორი მამაკაცი და მოითხოვეს ყავა. მათ თავად გაუკეთა ყავა და მიაწოდა. მოწმის განმარტებით, მობილური ტელეფონი მთელი ამ დროის განმავლობაში იდო დახლზე, სადაც მათ მიაწოდა ყავა, შემდგომ ერთ-ერთმა სალაროსთან გადაიხადა ყავის საფასური. ამის შემდგომ მათ აიღეს ყავა, გავიდნენ კაფედან, ჩასხდნენ ა/მანქანაში და დატოვეს ტერიტორია. მოწმის გადმოცემით, მას შემდეგ, რაც ეს ორი პირი გავიდა კაფედან, მივიდა დახლთან, მოიძია მობილური ტელეფონი, თუმცა უშედეგოდ. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებული ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ვერცხლისფერ ,,ა------------“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც, მიადგა 1000 ლარის ზიანი. მანვე, დაადასტურა, რომ ავტოსამრეცხაოს შიდა და გარე პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეომონიტორით და ასევე, დაადასტურა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ავტოსამრეცხაოზე დამონტაჟებული ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების სისწორე.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული კ--------------–---–--- ჩვენებით დგინდება, რომ საკუთრებაში ჰყავს ა/მანქანა, რომლითაც გადაჰყავს მგზავრები. 2019 წლის 24 თებერვალს, დაუკავშირდა ნაცნობი მ--–-----–--------, რომელმაც უთხრა, რომ კახეთის მიმართულებით ჰქონდა საქმე. შესაბამისად, მორიგდნენ ფასზე და გაუწია მომსახურებაც. მოწმის განმარტებით, ისინი შეჩერდნენ ქ. თბილისში, ლ--–-----------–---ში არსებულ ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოსთან, რომელსაც ჰქონდა კაფე-ბარი, ყავის შეძენის მიზნით. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ რაც შეუკვეთეს ყავა, დატოვა კაფე-ბარის ტერიტორია და ა/მანქანაში ელოდებოდა მ--–-----–--------ს. მოწმემ განმარტა, რომ კაფეში შესვლისას მ--–----- მობილური ტელეფონი ხელში არ ეჭირა, თუმცა კაფე-ბარიდან გამოსვლისას უკვე მის ხელში შენიშნა ვერცხლისფერი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ჩათვალა ბრალდებულის საკუთრებად.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ს--–----------–--–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 24 თებერვალს, რ------------------ განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. რ------------------ განცხადების თანახმად, ადგილი ჰქონდა მისი კუთვნილი ,,აიფონ 6ს“ ფირმის მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტს. მოწმის განმარტებით მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის სისწორეც დაადასტურა.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ----------------–---- ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 25 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რის მიხედვითაც დანაშაულის ჩამდენი პირი იყო მ--–-----–--------, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იმყოფებოდა კ-------------–---–-------- ერთად. რეაგირების მიზნით, აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დ------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 24 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---–- დაიწყო გამოძიება მ--–-----–--------ს მიმართ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 25 თებერვალს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---- დეტექტივ-გამომძიებლის გ----------------–---- მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც ჩაერთო საგამოძიებო მოქმედებებში. მოწმის განმარტებით, გამოკითხვა მოწმეები. ასევე, მის მიერ მ--–-----–--------სგან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი. მოწმემ დაადასტურა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა იმ დოკუმენტაციის ავთენტურობა, რომელიც მისი ხელმოწერით არის.

 

2.7. ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმით (24.02.2019 წელი) დგინდება, რომ 2019 წლის 24 თებერვალს 17:55-18:15 საათზე, გამომძიებელ ს--–----------–--–---–-- (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---- გამომძიებელი) მიერ მოწმე რ------------------ მონაწილეობით, დათვალიერდა ქ. თბილისში, ლ--–-----------–---, ჭ---------–----------- მდებარე ავტო-სამრეცხაოს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. კერძოდ, გაიხსნა ვიდეო-ფაილი დათარიღებული 2019 წლის 24 თებერვლით. მოწმე რ------------------ განმარტებით კამერის დროსა და რეალურ დროს შორის ცდომილება არის 45 წუთი. ვიდეო იწყება ავტო-სამრეცხაოს გარე-პერიმეტრით, სადაც დგას თეთრი ფერის ა/მანქანა. ამის, შემდგომ 16:13 საათზე, ავტო-სამრეცხაოში მდებარე კაფეში შედის ორი მამაკაცი, ერთ-ერთი გამოწყობილია მუქი მომწვანო ფერის უმკლავებო დუტის ჟილეტში, აცვია ჯინსის შარვალი და სპორტული თეთრძირიანი ფეხსაცმელი, წინ შემელოტებული თმით, იგი მიდის მაგიდასთან, სადაც დგას რ-----------------, მასვე გვერდით უდგება მასთან მყოფი მეორე მამაკაცი, რომელიც გამოწყობილია სპორტულ რუხი ფერის მკლავებით, სპორტულ ქურთუკში, რომელსაც წინა მხარეს აწერია ლათინური ასო ,,R“, სახეზე აქვს წვერი და უკეთია მუქი სათვალე. ორივე მათგანი დგას მაგიდასთან, სადაც როგორც მოწმე რ----------------- მიუთითებს, მათ გადაწყვიტეს, რომ შეიძენდნენ ორ ყავას. ვიდეოში ჩანს, რომ რ------------------ მობილური ტელეფონი უდევს აღნიშნულ მაგიდაზე. ამის შემდგომ ერთ-ერთი მათგანი მწვანე ჟილეტში გამოწყობილი გავიდა კაფიდან, ხოლო რ----------------- ინაცვლებს მაგიდის გვერდით სალაროსთან, სადაც სპორტულ ქურთუკში გამოწყობილი, სათვალიანი მამაკაცი იხდის ყავის საფასურს. როგორც რ-----------------მ განმარტა, აღნიშნულმა მამაკაცმა მას მიაწოდა ოც ლარიანი კუპიურა, ხოლო უნდა გადაეხადა სულ 3.40 ლარი. როდესაც იგი ხურდას ეძებდა დასაბრუნებლად, ამ დროს აღნიშნული მამაკაცი სალაროს გვერდით მდგომ მაგიდიდან, იღებს მობილურ ტელეფონს და იდებს შარვლის ჯიბეში, რის შემდგომაც ართმევს ხურდას რ------------------ და გადის კაფედან. აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერი მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა საქმის არსებით სხდომაზე.

 

2.8. ამოღების ოქმით (25.02.2019 წელი) დგინდება, რომ მ--–-----–--------სგან ამოიღეს ,,აიფონ 6ს“ მობილური ტელეფონი, ვერცხლისფერი კორპუსით. ნივთიერი მტკიცებულება მხარეთა მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა არსებითი განხილვის სხდომაზე.

 

2.9. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

2.10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

 

2.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

2.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გულდასმით მოისმინა დაცვის მხარის მიერ, დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული პოზიცია ბრალდებულ მ--–-----–--------ს უდანაშაულობის შესახებ. დაცვის მხარე აპელირებდა, რომ პირი, რომელიც დაზარალებულის მობილურ ტელეფონს ფარულად დაეუფლა, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ ნამდვილად იყო მ--–-----–--------.

 

2.13. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირისა და სხვა მოწმეთა ჩვენებები, გამოიკვლია ვიდეო-ჩანაწერი, ნივთიერი მტკიცებულება, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, სანდოობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ--–-----–--------ს დამნაშავედ ცნობისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.14. სასამართლო უპირველესად მიმოიხილავს დანაშაულებრივი ფაქტის უშუალო შემსწრე პირის - დაზარალებულის რ------------------ ჩვენებას, რომელიც არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრილი. კერძოდ, აღნიშნულმა მოწმემ დეტალურად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები.

 

2.15. მოწმე კახაბერ ფირცხალავას ჩვენება თანხვედრაშია რ------------------ ჩვენებასთან. თავის მხრივ მან დაზუსტებით განმარტა, თუ როგორ შევიდა მ--–-----–--------სთან ერთად კაფეში ყავის შესაძენად, რა დროსაც კაფეში შესვლისას მ--–-----–--------ს მობილური ტელეფონი ხელში არ ეჭირა, თუმცა კაფედან გამოსვლისას ბრალდებულის ხელში შენიშნა ვერცხლისფერი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მიიჩნია, როგორც მისი საკუთრება.

 

2.16. მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისას სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქ. თბილისში, ლ--–-----------–---, ჭ---------–----------- მდებარე ავტო-სამრეცხაოს სათვალთვალო კამერის ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც ნათლად აღწერს მ--–-----–--------ს მიერ რ------------------ კუთვნილ მობილური ტელეფონის ფარულად დაუფლების ფაქტს. ხაზგასასმელია, რომ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, გამოსახულების ხარისხიდან გამომდინარე, ნათლად იძლევა ბრალდებულის იდენტიფიცირების საშუალებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ რ------------------ კუთვნილი მობილური ტელეფონი ,,აიფონ 6ს’’, ამოღებულ იქნა მ--–-----–--------სგან.

 

2.17. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, მ--–-----–--------ს მიერ ქურდობის ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე მსჯელობისას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის განამრტებით, მ--–-----–--------ს ქმედების შედეგად მიადგა 1000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, მოცემული კი აღემატება კანონით დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.

 

3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ მ--–-----–--------ს ქმედებაში დგინდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს მ--–-----–--------ს მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

4.4. ამდენად, სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს მ--–-----–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს (გამოძიების ეტაპზე სრულად ითანამშრომლა), ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გამოკვეთილა. ასევე ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული ფარულად, დაეუფლა სხვის საკუთრებას), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილსა და მისწრაფებას ჩაედინა დანაშაული), დამდგარ შედეგს (რ-----------------მ განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დაუფლებოდა სხვის პირად ნივთს) და მიიჩნევს, რომ მას სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული სანქციის ფარგლებში მინიმალური ვადით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–-----–--------სთვის შერჩეული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

· ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

· მ--–-----–--------სგან ამოღებული მობილური ტელეფონი ,,აიფონ 6 ს’’, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, რ------------------.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ--–-----–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

მ--–-----–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

მ--–-----–--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

· ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

· მ--–-----–--------სგან ამოღებული მობილური ტელეფონი ,,აიფონ 6ს’’, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, რ------------------.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ მ--–-----–--------ს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი