განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100118002741722
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე N1/313-18 31 ივლისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031251118002)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, ცაცა ებრალიძე,ნათია მიქელაძე, ვერიკო ნინიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მანანა ლიპარტელიანი, თემურ პოპიაშვილი
ბრალდებული: ი-----– ნ--------ი
მამის სახელი: ა----–-----
დაბადებული: 1----–-–----------------–-
მოქალაქეობა: აზერბაიჯანის მოქალაქე
პასპორტის ნომერი: C--------
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: აზერბაიჯანი, ქ.ლანქალნი
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნაილი იბრაგიმოვა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ი-----– ნ--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ი-----– ნ--------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ საერთო წესით 12,3057 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 25 ნოემბერს 06.15 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ მეორე ქესალოში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
2018 წლის 25 ნოემბრის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ რაშად ველიევის პატაკით დგინდება, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციის თანახმად წითელი ხიდიდან ქ. მარნეულის მიმართულებით სავარაუდოდ გადაადგილდება ,,ოპელის“ მარკის ტაქსი (სახ. N TC-876-CT), რომელშიც იმყოფება აზერბაიჯანის მოქალაქე ი-----– ნ--------ი, რომელსაც სავარაუდოდ თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშულება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რაშად ველიევი, რომელმაც სასმართლოს დაუდასტურა რომ ნამდვილად მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რის თაობაზეც აცნობა პატაკით უფროსობას და გამოკითხულ იქნა მოწმის სტატუსით.
2018 წლის 25 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ი-----– ნ--------ის ჩხრეკა ჩაატარა მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა დავით ბოჭოიძემ, მარნეულის რაიონის სოფელ მეორე ქესალოს გზაზე. პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ი-----– ნ--------ის ჯინსის შარვლის მარჯვენა შიდა ჯიბეში მოყვითალო ფერის ცელოფანში გახვეული ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.
დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 ნოემბერს 06:31 საათზე, ქ. მარნეულში, სოფელ მეორე ქესალოში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ი-----– ნ--------ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი დავით ბოჭოიძე. მან სასამართლოს განუცხადა: 2018 წლის 25 ნოემბერს მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანხმადაც ალგეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ი-----– ნ--------ი, მას სავარაუდოდ უნდა ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შემდეგ, ალგეთთან მოხდა ი-----– ნ--------ის პირადი ჩხრეკა და დაკავება. ჩხრეკა მიმდინარეობდა 15-20 წუთი. ი-----– ნ--------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნა ალგეთის პოლიციაში. მოწმის მიერ შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდნენ ასევე თარჯიმანი ნანული ლალიაშვილი და ელმარ კალაევი. დავით ბოჭოიძის მითითებით ალგეთის პოლიციაში მიყვანის შემდეგ ი-----– ნ--------ი გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლოს ანალოგიური ჩვენება მისცა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ელმარ კალაევმა. მან განმარტა, რომ დავით ბოჭოიძესთან და თარჯიმანთან ერთად ჩაატარეს ი-----– ნ--------ის პირადი ჩხრეკა. მოწმის განმარტებით, მათ ნარკოტიკული საშულება ამოიღეს ჩხრეკის შედეგად და ი-----– ნ--------ს იგი არ წარუდგენია.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა რუსლან ბაბაქიშიევი, რომელმაც განმარტა რომ დაახლოებით 7-8 თვის წინ, ჰყავდა ოპელ-ვექტრას მარკის ავტომანქანა. იქნებოდა ღამის 3-4 საათი, როდესაც თანხის სანაცვლოდ წითელი ხიდიდან მარნეულის მიმართულებით წაიყვანა მისთვის უცნობი პიროვნება. რომელსაც ეხურა ,,კეპკა“ და ეცვა ქურთუკი. მგზავრმა რუსლან ბაბაქიშიევს უთხრა, რომ ელოდებოდა ბიძაშვილი და უნდა აეღო 100 დოლარი. მგზავრი შეხვდა ერთ ადამიანს და ისევ დაბრუნდა მანქანაში. შემდეგ პოლიციამ მოწმის ავტომანქანა შეაჩერა და ჩაატარეს მანქანის ჩხრეკა. როგორც რუსლან ბაბაქიშიევისათვის არის ცნობილი ჩხრეკა ტარდებოდა ნარკოტიკის გამო. მომხდარის შემდეგ რუსლან ბაბაქიშიევი წაიყვანეს ალგეთის პოლიციაში, სადაც მისცა ჩვენება. მოწმემ განმარტა რომ მისი მანქანიდან არაფერი არ ამოუღიათ, ხოლო მისი მგზავრი დააკავეს. მან ნარკოტიკი ნახა პოლიციაში. შემთხვევის დროს ბნელოდა.
სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი თეიმურაზ რეხვიაშვილი, რომელმაც დაადასტურა რომ ნოემბრის თვეში, ღამის საათებში ჩაატარა ტაქსის მძღოლის - რუსლან ბაბაქიშიევის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული არაფერი არ ყოფილა. ასევე საქმეზე გამოკითხა რუსლან ბაბაქიშიევი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ელდარ ბოლქვაძე. მან სასამართლოს განუმარტა რომ ი-----– ნ--------ს წარუდგინა ბრალის დადგენილება. დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა. საქმეზე აიღო სისხლის ნიმუში. ადვოკატს გადასცა მტკიცებულებები.
2018 წლის 25 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის N3304/სქ- N3775/ქრ თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი- მოყვითალო ფერის გამჭვირვალე წებოვანი ლენტით შემოგარსული და უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერების ფენებში მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული ყავისფერი ნივთიერება წონით (მშრალ მდგომარეობაში)-35,26 გრამი (ნოტიოს წონა 50,27), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს-12,3057 გრამის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები პეტრე წინწკლაძე და ნანა ლომსაძე. მათ დაადასტურეს გაცემული ქიმიური დასკვნის სისწორე.
2018 წლის 26 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ი-----– ნ--------ისგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში.
2019 წლის 18 მარტის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) N001797319 ექსპერტის დასკვნის თანახმად გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „ ..შესაფუთი მასალიდან აღებული ანაწმენდი...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ი-----– ნ--------ის (ობ.N2; პაკეტი,წარწერით: „ი-----– ნ--------ის სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
სასამართლო სხდომაზე დაკითხა ექსპერტი შორენა კვიცარიძე, რომელმაც დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7022370 დასკვნის თანახმად, ი-----– ნ--------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშულება - ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბილონის(მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა თამარ გვიშიანმა დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ი-----– ნ--------ი, რომელმაც სასამართლოს განუცხადა შემდეგი: 2018 წლის 25 ნოემბერს აზერბაიჯანიდან წითელი ხიდით გადმოვიდა საქართველოში. მიდიოდა თურქეთში სამუშაოდ. საზღვართან აიყვანა ტაქსი. მძღოლს უთხრა რომ მიდიოდა თბილისში, ორთაჭალაში, ხოლო გზად მარნეულში უნდა ენახა ახლობელი ქალბატონი. წითელი ხიდიდან რომ გაიარეს 5-6 კილომეტრი, ტაქსის მძღოლმა უთხრა, რომ პოლიცია მიჰყვებოდათ. მანქანის შეჩერების შემდეგ, პოლიციელი მივიდა ი-----– ნ--------ის მხარეს, გააღო კარი და გამოათრია მანქანიდან. მას განუმარტეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ი-----–ი ჩასვეს პოლიციის პიკაპის მანქანაში უკანა მხარეს. ამ დროს, მას ხელზე ედო ბორკილები. ი-----– ნ--------ს მარცხენა მხრიდან დაუჯდა საშუალო სიმაღლის, სრული აღნაგობის პიროვნება, ჭაღარა თმით, რომელსაც ეკეთა რეზინის ხელთათმანი. რომლემაც მას უთხრა რომ უნდა გაეჩხრიკა და კურტკის ჯიბეში ჩაუყო ხელი. ი-----– ნ--------მა იგრძნო რომ ჯიბეში რაღაც ედო, რომელიც შემდეგ ამოიღო და გაისროლა, რაც მოხვდა სახეში პოლიციელს. მეორე პოლიციელმა აღნიშნული ჩადო პარკში და იძახდა ,,ხელის ანაბეჭდებიო.“ შემდეგ მივიდნენ პოლიციაში, სადაც სრული აღნაგობის კაცმა უთხრა, რომ თუ აღიარებდა საქმე უფრო გაადვილდებოდა. მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და არც საბუთებზე მოაწერა ხელი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ.
დანაშაული გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ი-----– ნ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით (გარდა ბრალდებულისა). გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად, ი-----– ნ--------ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რაც მარნეულის რაიონული თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა 2018 წლის 25 ნოემბერს ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას.
რაც შეეხება ბრალდებულის ვერსიას, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. პოლიციის თანამშრომელმა გაჩხრეკვისას კურტკის ჯიბეში ჩაუყვეს ხელი. ი-----– ნ--------მა იგრძნო რომ ჯიბეში რაღაც ედო, რომელიც შემდეგ ამოიღო და გაისროლა. აღნიშნულს სასამართლო ვერ გიზიარებს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევისას რაიმე გარემოება რაც ბრალდებულის მიერ მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა არ გამოვლენილა და აღნიშნულით ბრალდებული ცდილობს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და მკაცრი სასჯელის თავიდან არიდებას.
2.2. ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 1 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. 2018 წლის 25 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის N3304/სქ- N3775/ქრ თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი- მოყვითალო ფერის გამჭვირვალე წებოვანი ლენტით შემოგარსული და უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერების ფენებში მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული ყავისფერი ნივთიერება წონით (მშრალ მდგომარეობაში)-35,26 გრამი (ნოტიოს წონა 50,27), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს-12,3057 გრამის ოდენობით. აღნიშნული ოდენობა ცალსახად წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია რომ ი-----– ნ--------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----– ნ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი-----– ნ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობის (12,3057 გრამი) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ი-----– ნ--------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 10(ათი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ი-----– ნ--------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება.
საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი-----– ნ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10(ათი) წლის ვადით.
ი-----– ნ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 ნოემბრიდან.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ი-----– ნ--------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ი-----– ნ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე