გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310919003083035
N3/67-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე
05.08.2019 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
განმცხადებლები: თ----- ღ-------, ნ-----–- ღ-------,წარმომადგენელი: ე-–---- ბ----------;
მოწინააღმდეგე მხარე: დ----- ღ-------, მ------- მ----–----–---,ადვოკატი: ე----- ტ--–-----;
განმცხადებლების მოთხოვნა: დამცავი ორდერის გამოცემა
ა ღ წ ე რ ილ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. განცხადების მოთხოვნა
1.1. გაიცეს დამცავი ორდერი და დ----- ღ-------სა და მ------- მ----–----–---ს აეკრძალოთ: არ შეზღუდონ განმცხადებლები საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის სარგებლობით, არ შეზღუდონ სველი წერტილითა და სამზარეულოს სარგებლობის უფლებით, რაც აუცილებელია მათი ნორმალური არსებობისათვის;
განცხადების შესაბამისად: განმცხადებლები ცხოვრობენ ქ.ზესტაფონში, ლ-------- ქ.N48-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ორ ოთახში. მოძალადეების მხრიდან განიცდიან ოჯახურ ძალადობას. ვერ სარგებლობენ სველი წერტილით, სამზარეულოთი და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულით. მოძალადეების მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები 2018 წლის 04 ოქტომბერსა და 2018 წლის 07 ნოემბერს. ამის საფუძველზე, განმცხადებლები ცხოვრობდნენ მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარში. ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნდნენ სახლში და ამჟამად ცხოვრობენსაცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ორ ოთახში, ცხოვრება უწევთ გაუსაძლის სიტუაციაში. არ აქვთ სამზარეულო და სველი წერტილით სარგებლობის შესაძლებლობა.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
2.1. დ----- ღ-------მ და მ------- მ----–----–---მ წარმოდგენილი მოსაზრებით არ დაადასტურეს განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და მიუთითეს, რომ პირიქით, განმცხადებლების მხრიდან აქვს ადგილი მათ შეურაცხყოფას. თ----- ღ------- არის უმუშევარი და იმყოფება დედის პენსიის კმაყოფაზე, რომელიც არ ჰყოფნით, რის გამოც მიმართავენ ყველა ღონისძიებას, რათა მოიპოვონ მსხვერპლის სტატუსი და მიეცეთ თავშესაფარში ცხოვრების შესაძლებლობა. მ------- მ----–----–--- არის ონკოლოგიური ავადმყოფი და თვეების მანძილზე უწევს სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსება, შესაბამისად, მას არანაირი ურთიერთობა არ გააჩნია განმცხადებლებთან. სახლში დაბრუნებული, პირიქით თვითონ ხდება განმცხადებლებისაგან ძალადობის მსხვერპლი, რომლებიც აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოკვლითაც კი ემუქრებიან. სახლის პირველი სართული, სამზარეულო და აბაზანის ოთახი არ იკეტება, მუდამ ღიაა და განმცხადებლებს არავინ უზღუდავს სარგებლობას.
სასამართლო სდომაზე დ----- ღ-------მ, მ------- მ----–----–---მ და წარმომადგენელმა ე----- ტ--–-----მ მხარი დაუჭირეს წერილობით პასუხს და მოითხოვეს დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმა, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ თ----- ღ------- არის დ----- ღ-------- და, ხოლო მ------- მ----–----–---- მული. ნ-----–- ღ------- არის დ----- ღ-------- დედა, ხოლო მ------- მ----–----–---- დედამთილი და ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელ სახლში ქ.ზესტაფონში, ლ-------- ქ.N48-ში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე;
- შემაკავებელი ორდერები;
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 04 ოქტომბერს მ------- მ----–----–---- მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N001984 , რომლის თანახმად 1. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; 2. მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. 3. მოძალადეს ასევე აეკრძალა იმ კონკრეტულ ადგილას მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება - საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულსა და ეზოში. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად კი განისაზღვრა ერთი თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 04 ოქტომბრის N001984 შემაკავებელი ორდერი.
3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 07 ნოემბერს მ------- მ----–----–----ა და დ----- ღ-------- მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერები N001992 და N001993, რომელთა მოქმედების ვადად კი განისაზღვრა ერთი თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 07 ნოემბრის N001992 და N001993 შემაკავებელი ორდერები.
3.4. მ------- მ----–----–---სა და დ----- ღ-------ს შემაკავებელი ორდერის პირობები არ დაურღვევიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.5. 2019 წლის 02 აგვისტოს დ----- ღ-------მ და მ------- მ----–----–---მ ერთობლივი განცხადებით მიმართეს შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსს და ითხოვეს გამოძიების დაწყება თ----- ღ--------ა და ნ-----–- ღ-------- მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ცრუ დასმენისა და ოჯახური ძალადობის ფაქტზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ----- ღ--------ა და მ------- მ----–----–---- 2019 წლის 31 ივლისის განცხადება (რეგისტრირებულია სამმართველოში 2019 წლის 02 აგვისტოს).
3.6. განმცხადებლების - თ----- და ნ-----–- ღ-------ების მიმართ დ----- ღ--------ა და მ------- მ----–----–---- მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. განმცხადებლებს დ----- ღ--------ა და მ------- მ----–----–---- მხრიდან არ შეზღუდიათ საცხოვრებელი სახლის პირველი სართულით სარგებლობის, სამზარეულოსა და სველი წერტილით (აბაზანით) სარგებლობის შესაძლებლობა ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმეთა - ც------ ა----–----, ლ--–- ჩ--------- ჩვენებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ----- და ნ-----–- ღ-------ების განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს, ხოლო მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი. თავის მხრივ, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა), ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით ოჯახის წევრად, სხვა პირებთან ერთად მოიაზრება, მეუღლე, ყოფილი მეუღლე, შვილი, ხოლო „თ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე- 11 მუხლის თანახმად, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს: ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა; ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა; მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ხოლო რა იგულისხმება ოჯახურ ძალადობაში განმარტებულია ამ კანონის მე-3 მუხლში, კერძოდ, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამ ინსტიტუტის ძირითადი დანიშნულებაა მოძალადის მიერ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებისას დაცული იყოს მსხვერპლის კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები, რათა მოძალადის მიერ განხორციელებული ქმედებით არ მოხდეს მათი დაუსაბუთებელი და უკანონო შეზღუდვა. ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსითა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ან/და იძულების სხვადასხვა ფორმის (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით) გამოყენებას, არ შეიძლება ჩათვლილ იქნეს დარღვევად. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის ფაქტების აღკვეთის, მოძალადის სამართლებრივი დევნისა და მსხვერპლისა და მოძალადის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისაკენ. შესაბამისად ყველა სხვა დავა ან/და პრეტენზია რომელიც წარმოიშობა სხვადასხვა მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც თავისი არსით არ გამომდინარეობს შემაკავებელი ორდერის მიზნებიდან, მხარეთა მიერ შესაძლებელია გადაწყდეს მორიგებით ან/და ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თითოეული მათგანის მიერ განხორციელებული ქმედება რაც არ გამომდინარეობს დამცავი ორდერის მიზნებიდან, არ ანიჭებთ მათ რაიმე სახით შეუზღუდონ მეორე მხარეს მისთვის გარანტირებული უფლება.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური. სახელმწიფოს, უფლება აქვს დაადგინოს შეზღუდვები სამართალწარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამა თუ იმ ხასიათის შეზღუდვის გამოყენებით არ მოხდება სასამართლოსადმი მიმართვის არსის ხელყოფა (CASE OF JEDAMSKI AND JEDAMSKA V. POLAND). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება საჭიროებს სახელმწიფოების მიერ სათანადო რეგულირებას, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ უნდა არსებობდეს მხოლოდ თეორიულად, ის ამასთანავე უნდა იყოს ეფექტური. საქმეში „გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (GOLDER v. THE UNITED KINGDOM. Judgment of 21 February 1975.), სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული უფლება, თავისი შინარსით, მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ასეთი რეგულირება არ უნდა არღვევდეს კონვენციით დაცულ სხვა უფლებებს. პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ ნებისმიერი რეგულირება ჩაითვლება კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისად, თუ იგი ემსახურება კანონიერ მიზნებს და თუ დაცულია პროპორციულობის პრინციპი გამოსაყენებელ საშუალებებსა და მისაღწევ მიზნებს შორის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი, სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ც------ ა----–---- და ლ--–- ჩ--------- განმარტეს, რომ განმცხადებლების მიერ დ----- ღ--------ა და მ------- მ----–----–---- მიმართ წაყენებული პრეტენზია, რომელიც შეეხება სამზარეულოსა და აბაზანით სარგებლობის აკრძალვას, არის სიცრუე. ასეთ ფაქტს ადგილი რომ ჰქონოდა, ნ-----–- ღ------- აუცილებლად იტყოდა სამეზობლოში. ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა დაიძაბა თ----- ღ-------- საცხოვრებლად დედასთან ნ-----–- ღ-------სთან დაბრუნების შემდეგ. მოწმე ც------ ა----–---- შეკითხვების ეტაპზე დამატებით განმარტა, რომ ერთხელ მან პირადად შეამოწმა ვანის კარები, რადგან თ----- ღ-------მ უთხრა, რომ თითქოსდა უკეტავდნენ კარებს და აღმოჩნდა, რომ ვანის კარი ღია იყო. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ განმცხადებლებს თავისუფლად შეუძლიათ სველი წერტილით სარგებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია მხარეთა შორის არსებული უთანხმება უკავშირდება კერძო საკუთრებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ერთი მხარე მუდმივად უნდა წარმოადგენდეს მოძალადის სტატუსის მატარებელს და განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც არც შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში და არც მას შემდეგ, არ დასტურდება მათი მხრიდან რაიმე ფორმით - მათ შორის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულით სარგებლობის, სამზარეულოსა და აბაზანით სარგებლობის აკრძალვისა და შეზღუდვის ფაქტი. ამ მხრივ საგულისხმოა თვით განმცხადებელ ნ-----–- ღ-------- განმარტება, რომ ,,მისი შვილი მუნჯივით დადის და არაფერს ეუბნება“ ან ,,მისთვის არ შეუთავაზებიათ, რომ საჭმელი სამზარეულოში გააკეთოს“. მისმა რძალმა მ------- მ----–----–---მ თბილისში სამკურნალოდ წასვლის დროს სახლის გასაღები მას დაუტოვა და გასაღები ერთი კვირის განმავლობაში მასთან იყო. ამდენად, განმცხადებლის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან და რაც მთავარია, ძალადობის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა სასამართლო სხდომაზე. განმცხადებლები ვერ ადასტურებენ ფაქტს, რომ დ----- ღ-------მ და მ------- მ----–----–---მ უშუალოდ აუკრძალეს და შეუზღუდეს მათ პირველი სართულით, სამზარეულოთი და აბაზანით სარგებლობა. ის გარემოება, რომ დ----- ღ------- და მ------- მ----–----–--- მათ არ სთავაზობენ ამ ფართით სარგებლობას და მათთან ერთად არ სადილობენ, არ წარმოადგენს ძალადობას და დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველს.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მართალია მხარეთა შორის დასტურდება კომფლიქტური მდგომარეობა, თუმცა ყოველგვარი კონფლიქტი არ შეიძლება აღქმულ იქნეს ძალადობად. მხარეთა განცალკევებით ცხოვრების პრობლემების საფუძველზე მხარეებს შორის ჩამოყალიბებული დამოკიდებულება სასამართლოს მხრიდან ვერანაირად ვერ დაკვალიფიცირდება ეკონომიკურ ძალადობად, ანუ ისეთი ტიპის ურთიერთობის ფორმირებად, რომელზეც ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა იქნეს გავრცელებული.
სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განამრტებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება, რომელიც სამართლებრივად დაკავშირებულია კერძო ხასიათის დავასთან, თუმცა იგი არსებული გარემოებების საფუძველზე ვერ მოექცევა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის რეგულაციის ფარგლებში, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება ძალადობის ფაქტები ოჯახის წევრებს შორის, რაც გახდებოდა სამართლებრივი საფუძველი დამცავი ორდერის დამტკიცების თაობაზე. ზოგადად იძულების არსებობის პირობებში გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც მსხვერპლის ინტერესები, ასევე უნდა შეფასდეს რეალურად არსებული მდგომარეობა სასამართლოს მიერ, რამეთუ ამ ინსტიტუტის ძირითადი დანიშნულებაა მოძალადის მიერ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებისას დაცული იყოს მსხვერპლის კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები, ამავდროულად უპირობოდ და დაუსაბუთებლად არ მოხდეს მეორე მხარის უფლებების შეზღუდვა. შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ იძულების გამოხატულება მისი ნებისმიერ ფორმით იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური თუ სხვა, იყოს ნამდვილი, არსებობდეს კონკრეტულ შემთხვევაში და იყოს რეალურად აღქმადი, რათა გონიერი დამკვირვებლის მიერ არ იქნას შეტანილი ეჭვი იძულებისა თუ ძალადობის ფაქტის არსებობასთან მიმართებაში.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება და ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მ------- მ----–----–--- და დ----- ღ------- ძალადობენ თ----- ღ-------სა და ნ-----–- ღ-------ზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ძალადობის გამორიცხვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახის გამოყენების სამართლებრივი აუცილებლობა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2112, 2113 მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-9, მე-10, მე-11 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----- ღ--------ა და ნ-----–- ღ-------- განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ზესტაფონი, წერეთლის ქ.N7).
მოსამართლე: ელენე ოსაძე