გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1028-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი - სალომე არევაძე
მოსარჩელე - სს ,,ბ-----------”
წარმომადგენელი - თ-----------–----ა
მოპასუხე: ბ------------ე
წარმომადგენელი - ს-------------------–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბ------------ეს სს „ბ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 7107.48 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 6178.36 ლარი, პროცენტი 259.11 ლარი, პირგასამტეხლო - 670.01 ლარი;
1.2. ბ------------ეს სს „ბ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 213.22 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 30 მაისს, სს” ბ----------ა" და მოპასუხე ბ------------ეს შორის გაფორმებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი - 8000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის - 9.99%-ის დარიცხვით, ვადით: 30.05.2018-დან 30.05.2020-მდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დავალიანების 0.04%, მინიმუმ 15 ლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად , კერძოდ, ყოველი თვის 10 რიცხვში, 369.12 ლარის გადახდით.
ბ-----------ის მიერ დარღვეულ იქნა კრედიტის დაფარვის გრაფიკი და დავალიანების დაფარვა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად 2018 წლის 10 დეკემბრის შემდგომ აღარ მომხდარა. 2019 წლის 03 ივნისის მდგომარეობით მისი დავალიანება სს „ბ----------ს“ მიმართ შეადგენს 7107.48 ლარს, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 6178.36 ლარი, პირგასამტეხლო 670.01 ლარი
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი წერლობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მაგრამ დაადასტურა, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას თანხის დაკისრების ნაწილში არ დაეთანხმა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმოამდგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელში მითითებულ მოპასუხის პოზიციას.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2018 წლის 30 მაისს სს „ბ----------ა“ და მოპასუხე ბ------------ეს შორის გაფორმებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სახელზე გაიცა სესხი 8000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის - 9.99%-ის დარიცხვით, ვადით 30/05/2018-დან 30/05/2020-მდე; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დავალიანების 0,4%, მინიმუმ 15 ლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ, ყოველი თვის 10 რიცხვში, 369.12 ლარის გადახდით.
მტკიცებულება:
- 2018 წლის 30 მაისის N------------------------------- საკრედიტო ხელშეკრულება - დანართი N1.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ბ------------ის მიერ დარღვეულ იქნა კრედიტის დაფარვის გრაფიკი და დავალიანების დაფარვა, გაფრთხილების მიუხედავად, 2018 წლის 10 დეკემბრის შემდგომ აღარ მომხდარა.
მტკიცებულება:
- ამონაწერი ბ------------ის საბანკო ანგარიშიდან - დანართი N2.
- 2019 წლის 03 ივნისის მდგომარეობით ბ------------ის დავალიანება სს „ბ----------ს“ მიმართ შეადგენს 7107.48 ლარს, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 6178.86 ლარი, პროცენტი - 259.11 ლარი, პირგასამტეხლო - 670.01 ლარი.
მტკიცებულება:
2019 წლის 03 ივნისის ცნობა დავალიანების შესახებ - დანართი N3
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეს არ აქვს შესრულებული სს ,,ბ----------ს’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 403, 405-ე, 417-420-ე, 427-ე-429-ე, 625-ე, 867-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მაგრამ ფაქტობრივად აღიარა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება, მოპასუხის წარმომადგენელი არ ეთანხმება მოსარჩელეს თანხის დაკისრების ნაწილში, რადგან ვადაგადაცილებიდან მალევე ბ------------ემ გააფრთხილა მოსარჩელე, რომ ვერ იხდიდა დავალიანებას.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად რომ შეასრულა მოსარჩლის მიმართ ვალდებულება, რითაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირითადი თანხის სადავოობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ბ-----------ს'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი. მოვალეს მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები შესრულებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოში წარმოდგენილი მასალების მიხედვით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე მხარემ სრულად მიიღო. რის გათვალისწინებითაც სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა, რომ არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო და პროცენტი, რადგან ვადაგადაცილებიდან მალევე ბ-----------ემ გააფრთხილა მოსარჩელე, რომ ვერ იხდიდა დავალიანებას.
ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო და საპროცენტო განაკვეთი შუსაბამოდ მაღალი და არსებობს თუ არა გარემოება მოპასუხის პირგასამტეხლოსა და საპროცენტო განაკვეთისაგან გათავისუფლების საფუძვლები.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.4%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ყოველი შენატანის პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 15 ლარი, თუმცა არაუმეტეს მიმდინარე დავალიანების(ვადაგადაცილებული) თანხის 0.4%-სა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადაო არ არის და შესაბამისად დადგენილია სასამართლოს მიერ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის სადაოა დაკისრებული პირგასამტეხლოს და პროცენტის ოდენობა, მოპასუხეს მიაჩნია, რომ პირაგასამტეხლო და პროცენტი საერთოდ არ უნდა დაეკისროს რადგან ვადაგადაცილებიდან მალევე ბ------------ემ გააფრთხილა მოსარჩელე, რომ ვერ იხდიდა დავალიანებას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს და პროცენტის არ დაკისრებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო კრედიტს ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი სესხის პროცენტი კანონშესაბამისია, ხოლო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არაა შეზღუდული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და ის თავისი შეხედულებისამებრ, მხარის ქონებრივ მდგომარეობის შესაბამისად, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვროს მის ოდენობა.
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს/განახევრდეს.
სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის და მისი სასესხო ვალდებულებების გათავალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 30 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ნაცვლად 670.01 ლარისა უნდა განახევრდეს და განისაზღვროს 335 ლარით.
რაც შეეხება პროცენტის (სარგებელი) შესაბამისობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 %-ს არ უნდა აღემატებოდეს. მხარეებს შორის 2018 წლის 30 მაისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით კი საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 9.99 %, ეფექტური - 13,42%. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებლის ოდენობა კანონშესაბამისია და ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მის გაუქმებასთან/შემცირებასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მან სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააფიქსირა რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმ თანხის პროპორციულად რაც სასამართლოს მიერ იქნა დასირებული მოპასუხეზე, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 10.05 ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ბ-----------ს“ სარჩელი ბ------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე ბ------------ეს (პ/ნ3----------) დაეკისროს სს „ბ-----------ს" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ 2018 წლის 30 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის გადახდა 6772.47 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6178.36 ლარი, პროცენტი - 259.11 ლარი, პირგასამტეხლო - 335 ლარი.
3. მოპასუხე ბ------------ეს მოსარჩელე სს ,,ბ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 203.17 ლარის ანაზღაურება;
4. უარი ეთქვას მოსარჩელე „ბ-----------“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში პირგასამტეხლოს 335.01 ლარის დაკისრების თაობაზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მამუკა ნოზაძე