განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
190100119002971790
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-334-19

(N012080419002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

31.07.2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე: ადვოკატი არჩილ ცაგურია,ბრალდებული: ი--------------ი

მამის სახელი: მ-----–--ი

დაბადებული: 15.12.1--- წ.

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. რუსთავი, მ------------------------------ში,ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, მ-------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, პირთა ჯგუფის მიერ, არაერთგზის;

 

თარჯიმანი: არჩილ ხარაზიშვილი

 

სხდომის სახე: ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

ი--------------ი რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით. იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისათვის, მან კვლავ, 2019 წლის 4-6 აპრილის დროის შუალედში, ძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქ. რუსთავში, ი--–----------–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ა------------–--ას კუთვნილ მიწის ნაკვეთში განთავსებულ საცავში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ა------------–--ას კუთვნილ გენერატორს, ღირებულს 500 ლარად, წყლის ტუმბოს, ღირებულს 350 ლარად, სათიბ ხელსაწყოს, ღირებულს 190 ლარად, ბენზოხერხს, ღირებულს 150 ლარად, ელექტრო ბურღს, ღირებულს 220 ლარად, სარემონტო მასალას ღირებულს 200 ლარად. მითითებული ნივთები ძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად გადამალა საცავიდან მოშორებით, შემდგომში მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით. განზრახვის შესრულება ვერ შეძლეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ნივთების გადაზიდვისას წაასწროთ ა------------–--ამ. დანაშულის დამთავრების შემთხვევაში ა------------–--ას მიადგებოდა 1860 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ა------------–--ას ჩვენებით დადასტურებულია, ქ. რუსთავში, ი--–----------–ის ქუჩის მიმდებარედ ფლობს მიწის ნაკვეთს. ნაკვეთში ჩადგმული ჰქონდა ვაგონი, რომელიც გასაღებით იკეტებოდა. ვაგონში ინახავდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მომხდარ შემთხვევამდე, წინა ღამეს ნაკვეთიდან დაკარგა ორი ბენზოხერხი, გენერატორი, წყლის ტუმბო, ცელი, ბენზობურღი და სხვა ნაწილები. მან დაათვალიერა მიმდებარე ტერიტორია და სანაგვეზე, ორმოსთან ნახა გადამალული მისი ნივთები, რომელსაც ნაგავი ეყარა ზემოდან. მიხვდა, რომ ნივთები გადამალული იყო წასაღებად, ამიტომ მეორე საღამოს ჩაუსაფრდა მიმდებარედ, რესტორან „ს-------დან“ უყურებდა ბინოკლით. გ----------------–---–ი მანქანით მეორე მხარეს უდარაჯებდა. დაახლოებით 19:00 სთ-ზე 3 კაცი მივიდა გადამალული ნივთების წასაღებად. იგი გაჰყვა უკან. დაინახა, რომ ორ კაცს გენერატორი ეკავა, მესამეს ეჭირა ბურღი და პატარა "დრუჟბა". მის შეძახილზე, გაჩერებულიყვნენ, ორი მათგანი, რომელთაც გენერატორი ეკავათ, დააგდეს და გაიქცნენ. იგი დაეწია მესამეს, როგორც შემდეგ გაიგო მისი სახელი, ი--------------ი და დააკავა ხელში ბენზობურღით, ამოიყვანა ზევით. ამ დროს გ----------------–---–ი, რომელიც მანქანით იყო მეორე მხარეს, მივიდა პატრულებთან ერთად (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ა------------–--ას მეზობელი. ამ უკანასკნელისგან შეიტყო, რომ ქ. რუსთავში, ც----------–ის ქუჩის მიმდებარედ მიწის ნაკვეთიდან მოპარეს ტექნიკა, ნაგავსაყრელზე დამალეს და გაამზადეს წასაღებად. მეორე საღამოს, ორივე ჩაუსაფრდნენ ნაკვეთის სხვადასხვა მხარეს. იგი გაჩერდა "პ---------სთან" და დაინახა, რომ სამი კაცი ეზიდებოდა ა------------–--ას მიერ მითითებული ადგილიდან გადამალულ ნივთებს. მივიდა იქვე გაჩერებულ პატრულთან და აუხსნა, რაც ხდებოდა. პატრულ-ინსპექტორებთან ერთად მივიდა ნაგავსაყრელთან და ნახა, რომ ა------------–--ას დაჭერილი ჰყავდა ერთი, ორი გაექცა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორის ნ-----------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ გაჩერებულები იყვნენ. ერთი პიროვნება მივიდა და უთხრა, რომ მის მეგობარს ქურდავდნენ. ჩაისვეს მანქანაში და წავიდნენ სადაც მიუთითა. დაჭერილი ჰყავდათ ერთი პიროვნება. უთხრეს, რომ ჩასაფრებულნი იყვნენ და სულ სამი პიროვნება იყო, მანქანასაც ახსენებდნენ. დაჭერილი აცხადებდა რომ მარტომ მოიპარა ყველაფერი.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა ი--------------მა სასამართლო სხდომაზე აირჩია დუმილის უფლება. დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ქურდობა ჩაიდინა მარტომ. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი დანარჩენი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს დასკვნა, ი--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ი--------------ის პირადი ჩხრეკის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებული სხვა წერლობით მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაულის ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.

 

ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.

 

ქურდობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას. ეს ისეთი ქურდობაა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ სპეციფიკას, რაც ახასიათებს მოქალაქისათვის ქურდობით მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანს. სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ არის მითითებული მნიშვნელოვანი ზიანის თანხა. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზემოთ. მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ ქმედება ჩადენილია სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, 177-ე სადგომის ცნების ქვეშ იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. ეს შეიძლება იყოს ფაბრიკა-ქარხანა, მუზეუმი, მაღაზია, თეატრი, სასწავლო დაწესებულება და სხვა.

 

საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი ასევე დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსკ-ს მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი გარკვეული აკრძალული ქმედებების ჩადენა შესაძლებელია შეწყდეს მცდელობის სტადიაზე, რაც არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. დანაშაულის მცდელობის დროს, დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება გამოხატულია განზრახვაში და დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების აღსრულებაში, შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსით დაცული სიკეთე საფრთხის ქვეშ დგება, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ზიანი.

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ ბრალდებულს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია სხვა პირებთან ერთად;

 

სასამართლო თვლის, რომ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით დადასტურდებულია ი--------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ჯგუფთან ერთად. კერძოდ:

 

დაზარალებული ა------------–--ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ქურდობის მეორე დღეს რესტორანი „ს-------დან“ ბინოკლით უყურებდა, რომ დაახლოებით 19:00 სთ-ზე მივიდა 3 პიროვნება მივიდა დამალულ ნივთებთან და სამივემ მოპარული ნივთების გადაზიდვა დაიწყეს ერთობლივად. იგივე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გ----------------–---–მა.

 

პატრულ-ინსპექტორის ნ-----------–---–ის ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე დაჭერილი ჰყავდათ ერთი პიროვნება, ორი კი გაექცათ. ასევე, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტომასალებით (ტ.1.ს.ფ18-27) უტყუარად დადასტურებულია, რომ ნივთები, რომლის ფარულად დაუფლებასაც ცდილობდა ბრალდებული, შეუძლებელია გადაეადგილებინა ერთ ადამიანს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული ცდილობს არ ამხილოს დანაშაულში თანამონაწილე პირები და ამასთან, შეიმსუბუქოს პასუხისმგებლობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქურდობისათვის მსჯავრდებულ პირს, ი--------------ს გაცნობიერებული ჰქონდა რომ ფარულად, საცავში უკანონო შეღწევით ორ პირთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სხვის ქონებას, ითვალისწინებდა რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებდა მესაკუთრეს და სურდა ეს შედეგი, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

 

6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ი--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და "ბ" დამე-3 ნაწილის ,,ა” და "ბ" ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი აღნიშნული მუხლის კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და მის შესაბამისად განესაზღვროს სასჯელი.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთ-ერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, ი--------------ს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც პროპორციული იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

9.1. ი--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

9.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული გენერატორი, ბენზოხერხი, ბურღი, წყლის ტუმბო, ბენზოცელი და სხვა ხელსაწყოები - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით (ინახება რუსთავის საქალაქო სასამართლოში).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. ი--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. ი--------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 08 აპრილიდან.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული გენერატორი, ბენზოხერხი, ბურღი, წყლის ტუმბო, ბენზო ცელი და სხვა ხელსაწყოები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით (ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოში).

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი