გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210019002974950
2-352-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
9 აგვისტო, 2019 წელი, ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,თ-----------“
წარმომადგენელი რამაზ აიწურაძე
მოპასუხე გ--–--------–-ილი
წარმომადგენელი სპარტაკ ვარძელაშვილი
დავის საგანი თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ--–--------–-ილს გადახდეს სააქციო საზოგადოება ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ 23 975 ლარი და 61 თეთრი;
1.2. დავალიანების გადახდევინების მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ წ----–---დებარე უძრავი ნივთი - საცხოვრებელი სახლიდან 150.18 კვ.მ. მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი 6------------- რომელზეც გ--–--------–-ილის (პირადი ნომერი 4----------) საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული;
1.1.3. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს გ--–--------–-ილის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 18 დეკემბერს, სააქციო საზოგადოება ,,ბ-------------------“ და გ--–--------–-ილს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება და მის უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს, - იპოთეკის ხელშეკრულება;
2015 წლის 20 იანვრიდან, ,,ბა----------------ს“ უფლებამონაცვლეა ,,თ-----------“ , რომელთანაც, 2016 წლის 27 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით, გ--–--------–-ილმა ისესხა 15 602 ლარი 26 თვით; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იმავე დღეს, მხარეებს შორის გაფორმდა დაზღვევის პოლისი;
მოპასუხეს, შეთანხმებული გრაფიკით - ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, დარიცხული პროცენტი, სიცოცხლისა და ქონების სადაზღვევო პრემიები, მაგრამ, მიუხედავად გაფრთხილებისა, ის ვალდებულებას არ ასრულებს.
მოთხოვნილია გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად - როგორც მხარეთა შორის ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე - ძირი თანხის 15 602 ლარის მოთხოვნის ნაწილში. განმარტა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური 28% მაღალია და არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სტანდარტს. ასევე - შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლო; უძრავი ნივთი არ უნდა გაიყიდოს აუქციონზე, რადგან ჯერ უნდა დადგინდეს რა ოდენობის თანხა აქვს გადასახდელი და შემდეგ განისაზღვროს მოხდეს თუა არა ქონების რეალიზაცია (იხ.შესაგებლის გვ.4.); აღსრულება არ უნდა მიექცეს მოვალის სხვა ქონებაზე, რადგან ვალდებულება იპოთეკით არის უზრუნველყოფილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 18 დეკემბერს, სააქციო საზოგადოება ,,ბ-------------------“ და გ--–--------–-ილს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება და მის უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს, - იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ წ----–---დებარე საცხოვრებელი სახლიდან 150.18 კვ.მ მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.16-31);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.32-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2015 წლის 20 იანვრიდან, ,,ბა----------------ს“ უფლებამონაცვლეა ,,თ-----------“ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.34-37);
3.1.3. მხარეებს შორის 2016 წლის 27 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით, გ--–--------–-ილმა ისესხა 15 602 ლარი 26 თვით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იმავე დღეს, მხარეებს შორის გაფორმდა დაზღვევის პოლისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ.37-40),- პოლისი (ს.ფ.41-44);
- 3.1.4. მოპასუხე, მიუხედავად გაფრთხილებისა, არ ასრულებს ვალდებულებას და თანხა საერთოდ არ გადაუხდია.
- სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ.45),- გამაფრთხილებელი წერილი (ს.ფ.47),- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ასევე მაღალია ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური 28 პროცენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 301-ე მუხლის 1, 11 ნაწილები, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 626-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მათგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარეა.
გ--–--------–-ილმა სარჩელი ცნო ძირი თანხის 15 602 ლარის მოთხოვნის ნაწილში. სადავოდ გახადა მოთხოვნილი პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობა.
სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოპასუხეს საერთოდ არ გადაუხდია თანხა ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ თავდაპირველად მოთხოვნილი პირგასამტეხლო 4450.06 ლარი შეამცირა 1650.06 ლარამდე, ასევე - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობას, ვალდებულების მოცულობას, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათს, მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არ არის.
სასამართლო ეთანხმება რა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სადავო ურთიერთობის წარმოშობისას, მხარეები არ იყვნენ შეზღუდული თავისუფლად განესაზღვრათ პროცენტი სესხისათვის, ამ უფლებით ისარგებლეს მათ და შეთანხმდნენ წლიურ 28%-ზე, მოპასუხეს არ მოუთხოვია შეთანხმების ბათილობა, მიაჩნია, მხოლოდ ზოგადი მითითება იმის შესახებ, რომ პროცენტი არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სტანდარტს, პროცენტის მოთხოვნილი ოდენობით დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის.
ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პროცენტიც და პირგასამტეხლოც მოთხოვნილი ოდენობით.
მოთხოვნილი დაზღვევის პრემია 155.97 ლარი ასევე უნდა გადახდეს მოპასუხეს, რადგან მხარეები აღნიშნულზე შეთანხმდნენ და საწინააღმდეგო შედავება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1, 11 ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.3, 9.4. პუნქტების, იპოთეკის ხელშეკრულების 7.2. პუნქტის, შინაარსიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ რეალიზაციით მიღებული თანხის ოდენობით, შესაბამისად, აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის თხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 14.9 პუნქტში, იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 803.27 ლარი (ს.ფ.54). საქმის მომზადების სტადიაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ძირი თანხის - 15602 ლარი მოთხოვნის ნაწილში და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 468 ლარი და 6 თეთრი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ისევე როგორც 42 ლარი, რადგან მთავარ სხდომაზე 2800 ლარით შეამცირა მოთხოვნა (2019 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმი: 17:29:30-17:30:40) და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 84 ლარი ნახევრდება. მოსარჩელეს, სულ, უნდა დაუბრუნდეს 510 ლარი და 6 თეთრი. დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი 293 ლარი და 21 თეთრი მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. გ--–--------–-ილს სააქციო საზოგადოება ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 23 975 (ოცდასამი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი) ლარის და 61 (სამოცდაერთი) თეთრის გადახდა;
1.2. ,,თ-----------ს“ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, აუქციონზე გაიყიდოს ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ წ----–---დებარე უძრავი ნივთი - საცხოვრებელი სახლიდან 150.18 კვ.მ. მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი 6------------- რომელზეც გ--–--------–-ილის (პირადი ნომერი 4----------) საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული;
1.1.3. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს გ--–--------–-ილის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე;
1.1.4. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
2. სააქციო საზოგადოება ,,თ----------ს“ დაუბრუნდეს 2018 წლის 14 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 803.27 ლარის ნაწილი 510 (ხუთას ათი) ლარი და 6 (ექვსი) თეთრი.
გ--–--------–-ილს გადახდეს ,,თ-----------" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა - 293 ლარი და 21 თეთრი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი