განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
330100119002900153
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1128-19

N------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ივნისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

 

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ჯ------- ც--------ი - დაბადებული 1--- წლის 0-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ზ--------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, პ---–-–--------------

 

ადვოკატი - ნ---- მ-----–-–---–ი

 

თარჯიმანი- ხ------- ს-------

კვალიფიკაცია:

 

ჯ------- ც--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 5 თებერვალს დილის საათებში, ქ. თბილისში, პ---–-–-------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯ------- ც--------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ--- ხ------------ის კუთვნილ 12 500 ლარად ღირებულ ,,ზილი 4-----“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას (სახელმწიფო ნომრით D------).

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო სასამართლომ დადგენილად არ სცნო ჯ------- ც--------ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა დიდი ოდენობით. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად არ სცნო ის ფაქტი, რომ ჯ------- ც--------ის მიერ ფარულად დაუფლებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულება შეადგენდა 12 500 ლარს.

 

2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ------- ც--------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რის გამოც ჯ-------ს ც--------ის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ------- ც--------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ

 

3.1. დაზარალებულმა გ--- ხ------------ემ განაცხადა, რომ ჰყავდა ,,ზილის“ მარკის სპეცტექნიკის ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით D------, რომელზეც განთავსებული იყო ამწე კალათა. ა/მანქანა გამოშვებული იყო 1989 წელს, მან შეიძინა 2007 წელს, 24 000 აშშ დოლარად. ა/მანქანა წლების განმავლობაში გაჩერებული ჰყავდა პ---–-–--------------ში. გ--- ხ------------ე ა/მანქანას აქირავებდა, მაგრამ ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუქირავებია, ვინაიდან მის გაყიდვას აპირებდა. ა---------ს საიტზე გაკეთებული ჰქონდა განცხადება ა/მანქანის გაყიდვის თაობაზე, რაშიც სთავაზობდნენ 9 000 აშშ დოლარს. ა/მანქანა იყო მუშა მდგომარეობაში, მაგრამ მანქანაში არ იდო აკუმულატორი. 2019 წლის 5 თებერვალს გ--- ხ------------ეს უთხრეს, რომ მისი კუთვნილი ა/მანქანა არ იდგა პ---–-–--------------ის მიმდებარედ. გ--- ხ------------ის დავალებით მისმა მეგობარმა მოიძია ა/მანქანა, მაგრამ ვერ ნახვა, რის გამოც გ--- ხ------------ე დაუკავშირდა სამართალდამცველებს. გ--- ხ------------ემ განაცხადა, რომ ეთანხმება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებებს.

 

3.2. მოწმე ლ---- გ---------ემ განაცხადა, რომ დაზარალებული გ--- ხ------------ე არის მისი თანასოფლელი და იცოდა, რომ მისი ა/ მანქანა პ---–-–--- ქუჩაზე იყო გაჩერებული. 2019 წლის 5 თებერვალს პ---–-–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა, რომ გ--- ხ------------ის კუთვნილის ,,ზილის“ მარკის ა/მანქანა არ იყო ადგილზე, რაც აცნობა გ--- ხ------------ეს, რომელმაც სთხოვა ენახა სადმე ახლოს ხომ არ იდგა მანქანა. ლ---- გ---------ემ მოიძია მანქანა და ვერ ნახა, რის შემდეგაც გ--- ხ------------ე დაუკავშირდა პატრულს. ლ---- გ---------ის განმარტებით, გ--- ხ------------ისგან მისთვის ცნობილი იყო, რომ იგი აქირავებდა ა/მანქანა ,,ზილს“, მანქანა მუშაობდა თუ არა მოწმემ არ იცის.

 

3.3. მოწმე შ--–-- გ------–---–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ჯ------- ც--------ის თაობაზე, რომელსაც მოპარული ა/მანქანა ჩაბარებული ჰქონდა ჯართის მიმღებ პუნქტში.

 

3.4. მოწმე ვ--–---- ტ-------მ განაცხადა, რომ მუშაობს ჯართის მიმღებ პუნქტში, სადაც ჯ------- ც--------მა ბუქსირით ჩამბული ,,ზილის“ მარკის ა/მანქანა მიიყვანა და ჩააბარა, როგორც ჯართი. მას ჯ------- ც--------მა განუცხადა, რომ ა/მანქანა მას ეკუთვნოდა და წარუდგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ვ--–---- ტ-------მ შეადგინა შესაბამისი საბუთი, რომელზეც ჯ------- ც--------მა მოაწერა ხელი. ვ--–---- ტ-------მ განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო ა/მანქანა მუშა მდგომარეობაში იყო თუ არა, ვინაიდან ა/მანქანას არ გააჩნდა აკუმულატორი და შესაბამისად, მისი შემოწმება მუშაობდა თუ არა შეუძლებელი იყო. ვ--–---- ტ-------მ აღნიშნა, რომ ,,ზილის“ მარკის ა/მანქანაზე დამონტაჟებული იყო ამწე კალათა, მიუხედავად ამისა როგორც ჯართი ისე შეისყიდა, რაშიც ჯ------- ც--------ს გადასცა 2 700 ლარი. შემდეგ ვ--–---- ტ-------მ მოახდინა ა/მანქანის დაჭრა, რა დროსაც მოვიდნენ პოლიციელები და ამოიღეს ნაწილები. ავტომანქანას ჰქონდა ნომერი, რომელიც ჩააბარა პოლიციას.

 

3.5. დაცვის მხარის მოწმეებმა ჯ----– მ--–---–---–მა და ს-------- ს---------მა დაადასტურეს, რომ პ---–-–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო ,,ზილის“ ფირმის ა/მანქანა, რომელიც ვიზუალურად ცუდად გამოიყურებოდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ მუშა მდგომარეობაში აღნიშნული ა/მანქანა ნანახი არ ჰყავდათ.

 

3.6. ბრალდებულმა ჯ------ ც--------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისი პ---–-–--- ქ------ში. მისი საცხოვრებელი სახლის წინ, ყოფილი ,,ზ--–--------–--ის’’ ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში, დაახლოებით 4-5 წელია, უპატრონოდ იყო გაჩერებული ,,ზილის“ მარკის ა/მანქანა. მან მოიკითხა ხომ არ ყავდა მანქანას პატრონი, მაგრამ არავინ იცოდა ვისი იყო იგი. ივარაუდა, რომ ა/მანქანა ,,ზილი“ იყო ჩამოწერილი ქარხნის მიერ და არ ჰყავდა მეპატრონე. ვინაიდან მანქანა არ იყო მუშა მდგომარეობაში, არ ყავდა პატრონი და იყო ჯართი, გადაწყვიტა მისი ჯართად ჩაბარება; რადგან მანქანის ექვსივე ბორბალი იყო ჩაფუშული და არ ჰქონდა აკუმულატორი, მანქანა ჩააბა ,,ტროსით’’, მიიყვანა და მისი პირადობის მოწმობით ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში, მანქანას ჰქონდა ნომრები, რაც დაუტოვა ჯართის მიმღებს.

 

3.7. დათვალიერების ოქმის და სანოტარო მოქმედება N----------ის თანახმად, დათვალიერებული იქნა გ--- ხ------------ის მიერ წარდგენილი სანოტარო მინდობილობა, რეგისტრირებული 2012 წლის 22 ივნისს, რომლის თანახმად, კ---- წ----ემ - ,,მიმნდობი’’ - გ--- ხ------------ეს - ,,მინდობილი პირი’’ - მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა, რომლის მოდელია ,,ზილ 4-----’’, გამოშვების წელი 1989, ფერი-ლურჯი ღია 2/4, ტიპი - სპეციალიზებული, სახელმწიფო ნომერი D------. ავტომობილი ეკუთვნის მიმნდობს, თანახმად ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა A--------, 0-----2007.წ.; ამ მინდობილობით ,,მინდობილ პირს’’ უფლება აქვს მართოს და განკარგოს, გავიდეს საზღვარზე, გადაიფორმოს საკუთარ სახელზე ან გადაუფორმოს სხვას, მათ შორის გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს, მოხსნას აღრიცხვიდან და დააყენოს აღრიცხვაზე ა/მანქანა, შეკრიბოს ყველა დოკუმენტი და განახორციელოს ყველა მოქმედება აღნიშნული დავალების განსახორციელებლად. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით.

3.7.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა დათვალიერებაში მონაწილე გამომძიებელმა თ----- ჟ--–----–---–მა.

 

3.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ. თბილისში, პ---–-–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გ--- ხ------------ემ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე ჰყავდა განთავსებული ,,ზილ 4-----“ მარკის სპეცტექნიკის ტიპის ავტომანქანა.

 

3.9. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ჯ------- ც--------ის მონაწილეობით. ჯ------- ც--------მა განაცხადა, რომ ქ. თბილისის, პ---–-–--------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიღო ჯართში ჩასაბარებლად ,,ზილ 4-----“ სპეცტექნიკის ა/მანქანა. ჯ------- ც--------მა ასევე მიუთითა იმ ადგილზე და განაცხადა, რომ პ---–-–--- ქ--------ში შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარა ,,ზილი 4-----“ მარკის სპექტექნიკის ტიპის ა/მანქანა.

 

3.10. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ვ--–---- ტ------ის მიერ წარდგენილი შპს ,,ბ--------ს“ შავი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი N----- ჟურნალი შედგება 49 ფურცლისაგან. ჟურნალის აღწერა იწყება 13.11.2016 წლით. ჟურნალის დათვალიერებისას 25-ე გვერდზე აღმოჩნდა 2019 წლის 05 თებერვალს ჯ------- ც--------ის მიერ ჩაბარებული ლითონის გრაფა. კერძოდ: 99 ნომრად არის გატარებული ჯ------- ც--------ი, პ/ნ 0----------, ჩაბარებული აქვს 7 ტონა და 700 კილოგრამი შავი ლითონი, ,,კუზაო’’, მის გვერდით არის ჯ------- ც--------ის ხელმოწერა.

 

3.11. ამოღების ოქმის თანახმად, შპს ,,ბ--------ს“ ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ავტომობილის ,,ზილ 4-----“ ლურჯი ფერის კაბინა, სპეც.ტექნიკა ე.წ. ,,კალათა’’, პლატფორმა, რამაზე დამაგრებული წინა ღერძი, უკანა ხიდი ორი საბურავით, დაშლილი ძრავით და მისი დეტალებით.

 

3.12. ბრალდებულ ჯ------- ც--------ის ადვოკატის პოზიციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია სხვისი ნივთის ქურდობა, აღნიშნული მანქანა წლების განმავლობაში იყო მიტოვებული და როგორც უპატრონო ნივთი ჯართის სახით ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ჯ------- ც--------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

3.13. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3.14. სასამართლომ შეაფასა რა ჯ------- ც--------ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ------- ც--------მა ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. კერძოდ:

3.14.1. დაზარალებულ გ--- ხ------------ის, მოწმე ლ---- გ---------ის ჩვენებებით, სანოტარო მოქმედება N----------ის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის 22 ივნისის მინდობილობის საფუძველზე გ--- ხ------------ე ფლობდა 1989 წელს გამოშვებულ ავტომანქანა ,,ზილ 4-----’’-ს, სახელმწიფო ნომერი D------, რომელიც წლების განმავლობაში გაჩერებული ჰყავდა პ---–-–--------------ში.

3.14.2. დაზარალებულ გ--- ხ------------ის, მოწმე ლ---- გ---------ის, ბრალდებულ ჯ------- ც--------ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 5 თებერვალიდან გ--- ხ------------ის მფლობელობაში არსებული ,,ზილის“ მარკის ა/მანქანას მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჯ------- ც--------ი.

3.14.3. ბრალდებულ ჯ------- ც--------ის, მოწმე ვ--–---- ტ------ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შპს ,,ბ--------ს“ შავი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმით, ა/მანქანის ნაწილების ამოღების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ------- ც--------მა გ--- ხ------------ის მფლობელობაში არსებული ,,ზილის“ მარკის ა/მანქანა 2019 წლის 5 თებერვალს ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში, რაშიც ჯ------- ც--------მა აიღო 2 700 ლარი.

3.14.4. დაზარალებულ გ--- ხ------------ის, ბრალდებულ ჯ------- ც--------ის, მოწმე ვ--–---- ტ------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტომანქანა ,,ზილის“ ჰქონდა სახელმწიფო ნომერი D------, რომელიც ნივთმტკიცების სახით ერთვის საქმეს.

3.14.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია, რომელიც ქმედების სხვა პირთაგან შეუმჩნევლად ჩადენას გულისხმობს. ქურდობა დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება სხვის ნივთს და მისი განკარგვის რეალური შესაძლებლობა ეძლევა.

3.14.6. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მან ავტომანქანა ,,ზილი’’ მიიჩნია უპატრონო ნივთად და ამის გამო დაეუფლა. უპატრონო მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 190-ე მუხლის თანახმად, თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ნივთზე, თუკი მისი მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან თუ მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა. მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს. კონკრეტულ შემთხვევაში ცხადია, რომ ჯ------- ც--------ის მიერ დაუფლებული ნივთი არის სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც საკუთრების მოპოვება შესაძლებელია შსს მ-----------------------ოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე, ხოლო მფლობელობა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის თანხმობის საფუძველზე.

3.14.7. ჯ------- ც--------ის ქმედების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ჯ------- ც--------ი ისე, რომ არც დაუდგენია ვინ იყო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დაეუფლა მას, მაშინ როდესაც სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა სახელმწიფო ნომერი, რაც ადასტურებდა, რომ სატრანსპორტო საშუალება ოფიციალურად იყო რეგისტრირებული და არ არსებობდა მისი ე.წ. ,,უპატრონო’’ ნივთად მიჩნევის საფუძველი. სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიაჩნია, რომ ჯ------- ც--------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ--- ხ------------ის მფლობელობაში არსებულ ,,ზილის“ მარკის ა/მანქანას. ჯ------- ც--------მა ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ მანქანა გაჩერებული იყო პ---–-–--- ქ. #---ის მიმდებარედ, არადაცულ ტერიტორიაზე, მანქანის მფლობელისაგან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანგარების მოტივით, დაეუფლა გ--- ხ------------ის სატრანსპორტო საშუალებას და განკარგა თავისი შეხედულებისამებრ, კერძოდ, ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში და აიღო თანხა, რის შედეგად მატერიალური ზიანი მიიღო გ--- ხ------------ემ.

3.14.8. დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ------- ც--------ის ბრალდებას მასში, რომ 2019 წლის 5 თებერვალს დილის საათებში, ქ. თბილისში, პ---–-–-------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯ------- ც--------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ--- ხ------------ის კუთვნილ ,,ზილი 4-----“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას (სახელმწიფო ნომრით D------).

 

3.15. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ------- ც--------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

3.16. დაზარალებულმა გ--- ხ------------ემ განაცხადა, რომ ა/მანქანა ,,ზილი“ მან შეიძინა 2007 წელს 24 000 აშშ დოლარად, რომელიც წლების განმავლობაში გაჩერებული ჰყავდა პ---–-–--------------ში. გ--- ხ------------ე ა/მანქანას აქირავებდა, მაგრამ ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუქირავებია, ვინაიდან მის გაყიდვას აპირებდა. ა---------ს საიტზე გაკეთებული ჰქონდა განცხადება ა/მანქანის გაყიდვის თაობაზე, რაშიც სთავაზობდნენ 9 000 აშშ დოლარს. ა/მანქანა იყო მუშა მდგომარეობაში, მაგრამ მანქანაში არ იდო აკუმულატორი.

 

3.17. მოწმე ლ---- გ---------ის განმარტებით ხ------------ისგან მისთვის ცნობილი იყო, რომ იგი აქირავებდა ა/მანქანა ,,ზილს“, მანქანა მუშაობდა თუ არა მოწმემ არ იცის.

 

3.18. სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ავტომობილის ,,ზილ 4-----“ გამოშვებული 1989 წელს, საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით, დადგენილებაში მითითებული მონაცემების (ტექ. მახასიათებლების და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით) თანახმად შეადგენს 12 500 (თორმეტიათასხუთასი) ლარს; ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში აღნიშნულია, რომ: დადგენილების თანახმად, ამწის მახასიათებლები არის შემდეგი: მანქანის დასაშვები წონა 10 ტონა, 80 კგ ე.წ. ,,სტელა’’ იშლება 22 მეტრზე, მისი ტვირთამწეობაა 300 კილოგრამი, დაკეცილი ე.წ. ,,სტრელა’’ არის 12 მ.

3.18.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------ გ---------მ, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ უშუალოდ მას ვიზუალურად ავტომობილი ,,ზილ 4-----“ ან მისი ამოღებული ნაწილები არ უნახავს და არ დაუთვალიერებია. მან ექსპერტიზის ჩატარების დროს იხელმძღვანელა მხოლოდ გამომძიებლის მიერ დადგენილებაში მითითებული ა/მანქანის პარამეტრებით და მონაცემებით, დადგენილების მიხედვით მანქანა იყო მუშა მდგომარეობაში. მის მიერ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ავტომანქანის ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია ბაზარზე ანალოგიური ავტომობილების რეალურ ფასთან, მანქანის შეფასება გააკეთა მინიმალური ღირებულებით.

 

3.19. ბრალდებულ ჯ------- ც--------ის, დაცვის მხარის მოწმეების ჯ----– მ--–---–---–ის და ს-------- ს---------ის ჩვენებების თანახმად, პ---–-–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ იდგა ,,ზილის“ ფირმის ა/მანქანა, რომელიც ვიზუალურად ცუდად გამოიყურებოდა და არ იყო მუშა მდგომარეობაში.

 

3.20. ბრალდებულ ჯ------- ც--------ის ადვოკატის პოზიციით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ,,ზილის“ ფირმის ა/მანქანის ღირებულება შეადგენდა 12 500 ლარს. სასაქონლო ექპერტიზის დასკვნა არ არის უტყუარი მტკიცებულება, რადგან ექსპერტმა მხოლოდ დადგენილებაში მითითებული ინფორმაციით იხელმძღვანელა და რეალურად არ უნახავს ა/ მანქანა, ისე გასცა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა; ავტომანქანა, რომელიც ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარა ბრალდებულმა იყო მიტოვებული, არ იყო მუშა მდგომარეობაში, ვიზუალურად ტოვებდა ჯართის შთაბეჭდილებას, ამიტომაც ჩააბარა ჯ------- ც--------მა იგი ჯართის სახით. ადვოკატმა მოითხოვა დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებაში ჯ------- ც--------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

3.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს აქვს ვალდებულება დაამტკიცოს ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. აღნიშნული ასევე მოიცავს დაცვის მიერ ბრალდების მტკიცებულებების გაბათილების მცდელობის შეფასებას, რა დროსაც ეჭქვეშ დგება ბრალდების მტკიცებულებათა სარწმუნოობა და სანდოობა.

 

3.22. სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ------- ც--------მა ჩაიდინა ქურდობა დიდი ოდენობით და იზიარებს ადვოკატის პოზიციას უტყუარ მტკიცებულებათა არ არსებობის გამო დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებაში ჯ------- ც--------ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. კერძოდ:

3.22.1. დაზარალებულ გ--- ხ------------ის ჩვენებას მანქანის ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, სასამართლო არ მიიჩნევს სარწმუნოდ, ვინაიდან მისი ჩვენება წინააღმდეგობრივია და არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. კერძოდ: სასამართლო არ იზიარებს გ--- ხ------------ის ჩვენების იმ ნაწილს, რომ ა/მანქანა ,,ზილი“ მან შეიძინა 2007 წელს. მისი ეს ჩვენება ეწინააღმდეგება სანოტარო მოქმედება N----------ში ასახულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ეს მანქანა 2007 წელს შეიძინა კ---- წ----ემ, ხოლო მინდობილობა მანქანის განკარგვის თაობაზე გ--- ხ------------ეს მისცა 2012 წლის 22 ივნისს; სასამართლო ასევე საეჭვოდ მიიჩნევს გ--- ხ------------ის მიერ სპეცტექნიკის გაქირავების ფაქტს, ვინაიდან, მინდობილობაში დაკონკრეტებულია ყველა მოქმედება, რაც შეეძლო განეხორციელებინა გ--- ხ------------ეს, მაგრამ მანქანის გაქირავების თაობაზე მასში არაფერია მითითებული, ასევე, ვერც გ--- ხ------------ე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის მანქანას ნამდვილად აქირავებდა (თუმცა ბოლო სამი წელი, რომ არ აქირავებდა ეს არც არის სადაო, რადგან დაზარალებული ადასტურებს ამ ფაქტს); მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სასამართლოსთვის საეჭვოა ის გარემოებებიც, რომ გ--- ხ------------ემ ნამდვილად 24 000 აშშ დოლარად შეიძინა ეს მანქანა, ან ნამდვილად ყიდდა 9 000 აშშ დოლარად. მტკიცებულებათა ერთობლიობის არსიდან გამომდინარე, აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად სასამართლო მხოლოდ დაზარალებულ გ--- ხ------------ის ჩვენებას არ მიიჩნევს საკმარისად;

3.22.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს გ--- ხ------------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მანქანა იყო მუშა მდგომარეობაში, აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ. აღნიშნულ ფაქტს ვერ ადასტურებს ბრალდების მოწმეები ლ---- გ---------ე და ვ--–---- ტ-------, ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ მანქანა ,,ტროსით’’ ჩაბმული მოიყვანეს და არ იყო მუშა მდგომარეობაში, ასევე, დაცვის მხარის მოწმეებმა ჯ----– მ--–---–---–მა და ს-------- ს---------მა აჩვენეს, რომ მანქანა არ იყო მუშა მდგომარეობაში, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია ჯ------- ც--------ის ჩვენებასთან იმის თაობაზე, რომ მანქანა არ იყო მუშა მდგომარეობაში.

3.22.3. წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად სასამართლო ვერ გაიზიარებს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან, როგორც ექსპერტმა ს------ გ---------მ აჩვენა, მას უშუალოდ ნივთზე არ ჩაუტარებია ექსპერტიზა და არც რაიმე დოკუმენტზე; ექსპერტმა დასკვნა შეადგინა მხოლოდ დადგენილებაში ასახულ ტექ.მახასიათებლების და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილებაში ასახული ინფორმაცია ემყარება ვარაუდს და საქმეში არ არის წარმოდგენილი, დაზარალებულის ჩვენების გარდა, არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანქანის იმ რეკვიზიტებს, რაც დადგენილებაშია მითითებული. კერძოდ, დადგენილების თანახმად, ამწის მახასიათებლები არის შემდეგი: მანქანის დასაშვები წონა 10 ტონა, 80 კგ ე.წ. ,,სტრელა’’ იშლება 22 მეტრზე, მისი ტვირთამწეობაა 300 კილოგრამი, დაკეცილი ე.წ. ,,სტრელა’’ არის 12 მ., ეს მახასიათებლები დადგენილებაში შეტანილ იქნა დაზარალებულ გ--- ხ------------ის მითითებით, მაგრამ გ--- ხ------------ე თუ რას დაეყრდნო სასამართლოსთვის უცნობია, რადგან გამოძიებამ ვერ მოიპოვა სპეცტექნიკის რეგისტრაციის მოწმობა და ვერც სხვა დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა სპეცტექნიკის რეკვიზიტები; ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით აშკარად ეჭვქვეშ დადგა საკითხი მანქანა იყო თუ არა მუშა მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც ექსპერტმა დადგენილებიდან გამომდინარე, მანქანა მიიჩნია მუშა მდგომარეობის მქონედ.

3.22.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების დიდი ოდენობით კვალიფიკაციისთვის დანაშაულის სავალდებულო შემადგენელი ელემენტია უტყუარად დადგინდეს, რომ მიყენებული ზიანი არის 10 000 ლარს ზემოთ. ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ დაზარალებულ გ--- ხ------------ის ჩვენება არ არის საკმარისი წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისთვის, რადგან სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, მხოლოდ ერთი მტკიცებულება არ იძლევა განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ამგვარ ფაქტს სასამართლო მხოლოდ სავარაუდოდ მიიჩნევს. სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დადოს ვარაუდი.

3.22.5. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიდი ოდენობით ქურდობაში პირის დამნაშავედ ცნობის თაობაზე ბრალდების მხარის პოზიცია არ არის გაზიარებული იმ საფუძვლით, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - ,,in dubio pro reo’’-ს გათვალისწინებით სრულიად კანონიერად წყდება მსჯავრდებულის სასარგებლოდ (საქმე #651აპ-17);

 

3.23. ზ/აღნიშნულის გათვალიწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ------- ც--------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც წარმოადგენს ჯ------- ც--------ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძველს.

 

3.24. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ------- ც--------მა გ--- ხ------------ის ა/მანქანა ,,ზილის’’ ჯართის მიმღებ პუნქტში ჩაბარებით აიღო თანხა 2 700 ლარი.

 

3.25. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით. ჯ------- ც--------ის მიერ ფარულად დაუფლებული გ--- ხ------------ის სატრანსპორტო საშუალების ღირებულება აღემატება 150 ლარს, რაც წამოადგენს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მნიშვნელოვან ზიანად ქმედების კვალიფიკაციის საფუძველს.

 

3.26. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ------- ც--------მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდ არის მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს ბრალდება ბრალდებულის სასარგებლოდ. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ------- ც--------მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, აღნიშნულის გათვალიწინებით, ჯ------- ც--------ის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ------- ც--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით.

 

4.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ჯ------- ც--------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ჯ------- ც--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

6.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ჯ------- ც--------ი წარსულში არ არის ნასამართლევი, ყავს მეუღლე და შვილები, ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულის ჩადენაში.

 

6.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ჯ------- ც--------ს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ჯ------- ც--------მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

7.1. ქ. თბილისი, პ---–-–--- ქ--------ში მდებარე შპს ,,ბ--------ში“ მფლობელ ვ--–---- ტ------ისგან ამოღებული ავტომანქანის ნაწილები: პლატფორმა, დალუქული ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ლუქით, ინახება ამავე განყოფილებაში; რამა დაშლილი დეტალებით, წინა ღერძი, ორი საბურავი, დაშლილი ძრავი დეტალებით, დალუქული ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ლუქით, ინახება ამავე განყოფილებაში; უკანა ხიდი, ორი საბურავით დალუქული ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში; კაბინა დალუქული ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ლუქით, ინახება ამავე განყოფილებაში; კალათა დალუქული ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ლუქით, ინახება ამავე განყოფილებაში; ვ--–---- ტ------ისგან ამოღებული წინა და უკანა D------ სანომრე ნიშანი დალუქული სახით, ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.

 

7.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს; საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ------- ც--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.

 

2. ჯ------- ც--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3. ჯ------- ც--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. ჯ------- ც--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.

 

5. ჯ------- ც--------ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 06 თებერვლის 21:46 საათიდან.

 

6. ნივთმტკიცება:

6.1. ქ. თბილისი, პ---–-–--- ქ--------ში მდებარე შპს ,,ბ--------ში“ მფლობელ ვ--–---- ტ------ისგან ამოღებული ავტომანქანის ნაწილები: პლატფორმა, დალუქული ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში; რამა დაშლილი დეტალებით, წინა ღერძი, ორი საბურავი, დაშლილი ძრავი დეტალებით დალუქული ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში; უკანა ხიდი, ორი საბურავით დალუქული ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში; კაბინა დალუქული ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში; კალათა დალუქული ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში. ვ--–---- ტ------ისგან ამოღებული წინა და უკანა D------ სანომრე ნიშანი დალუქული სახით ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.

6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/