გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/4164-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.07.2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე ვ---- ლ---–--ე,წარმომადგენელი ო----- გ-----–---–ი,მოპასუხე სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი მ------ ნ-------,დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ. თ---–---- II ნ-----–------ დ-----–---, მ–------–--- N---, კორპ. 1-, ბინა N--ში არსებული საცხოვრებელი სადგომის (ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში დაცული - კ------- ქ. 1--1-, ბინა #-, მესაკუთრე ვ---- ე----ა, სააღრიცხვო ბარათი N0-----; საცხოვრებელი ფართი 47 კვ.მ. საერთო ვართი 76.14 კვ.მ.) უმკვიდროდ ცნობა და უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომის ვ---- ლ---–--ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით არ ცნობს სარჩელს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1978 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში, მოსარჩელე რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. თ---–---- II ნ-----–------ დ-----–---, მ–------–--- N---, კორპ. 1-, ბინა N--ში.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი ს.ფ. 17-19.
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეებს სადავოდ არ ხდიან.
3.1.2 ქ. თ---–---- II ნ-----–------ დ-----–---, მ–------–--- N---, კორპ. 1-, ბინა N--ში (კ------- 1--1-) ცხოვრობდა ვ---- ე----ა რომლის პრივატიზებაც 07.07.1993 წლიდან განხორციელდა მის სახელზე.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების ასლი ს.ფ. 20.
ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ასლი ს. ფ. 21-22.
პრივატიზაციის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 26.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.05.2019 წლის #1528866 წერილი ს. ფ. 147.
3.1.3. მოსარჩელე არ (ჩაწერილა) დარეგისტრირებულა უძრავ ქონებაში მისამართზე - ქ. თ---–---- II ნ-----–------ დ-----–---, მ–------–--- N---, კორპ. 1-, ბინა N8.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი ს.ფ. 17-19.
საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის საარქივო ცნობა ს. ფ. 27.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წერილი ასელი ს. ფ. 28.
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლოს სხდომის ომში.
მხარეებს სადავოდ არ ხდიან.
3.1.4. ვ---- ე----ა გარდაიცვალა 02.12.2003 წელს რუსეთის ფედერაციაში ქ. ტუმენში.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობა გარდაცვალების შესახებ ს.ფ. 23-25;
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლოს სხდომის ომში.
მხარეებს სადავოდ არ ხდიან.
3.1.5. ვ---- ე----ას მემკვიდრეებს (კანონისმიერი - ანდერძისმიერი) საქართველოში სამკვიდროს მიღების შესახებ ნოტარიუსისათვის არ მიუმართვთ. მამკვიდრებლის გარდაცვალების ადგილის ქვეყნიდან ინფორმაცია მამკვიდრებლის სამკვიდროსა და მემკვიდრეების შესახებ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან ს. ფ. 31
ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან ს. ფ. 32.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. #0------ ელექტროენერგიის მომხმარებელ აბონენტად მისამართზე ს--–-----–-- დ-----–--- სახლი 1- ბინა 0--, რეგისტრირებულია ლ---–--ე, აბონენტის ბრუნვის ისტორია წარმოადგენილია 2000 წლიდან. ბუნებრივი გაზის მომხმარებელ #4--------- აბონენტად მისამართზე ს--–-----–-- დ-----–--- 1--, ბინა 1--0-, რეგისტრირებულია მოსარჩელე 2011 წლიდან.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სს თელასის აბონენტის ბრუნვის ისტორია ს. ფ. 33-37.
ქვითრების ასლები ს. ფ. 40-41, 43-44.
მრიცხველის მოხსნის მონტაჟის აქტის ასლი ს. ფ. 42.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2-ე, მე-9-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1324-ე, 1421-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონი 1.1 მუხლით ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. აღნიშნული კანონით რეგულირებულია იმ პერიოდის საზოგადოებაში ფაქტობრივად არსებული ურთიერთობები, რომელიც იმ დროს მოქმედი საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული არ იყო. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპიურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც. მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა. მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ.
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-2.1 მუხლის "ა" პუნქტით, ამ კანონის მიზნებისათვის მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის (18.07.2016 წელი) კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. ამავე კანონის 2.1. ,,ბ“ ქვეპუნქტით რეგისტრაცია ამ კანონის მიზნებისათვის არის საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) ამოქმედებამდე არსებული წესით რეგისტრაცია (ჩაწერა) საცხოვრებელ ფართობში, ხოლო 2.1. მუხლის "გ" პუნქტით ამ კანონის მიზნებისათვის საცხოვრებელი სადგომია – საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს ზემოაღნიშნული კანონის მე-9-ე მუხლიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმადა, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2-ე ნაწილით, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-9-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა მაშინ დგება თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია. სასამართლოს უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, ვ---- ე----ა, გარდაიცვალა 2003 წელს რუსეთის ფედერაციაში ქ. ტუმენში და მის ანდერძისმიერ ან კანონისმიერ მემკვიდრეებს საქართველოში მამკვიდრებლის სამკვიდროს მისაღებად არ მიუმართვთ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1324.1 მუხლით სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო თუ იგი ცნობილი არ არის სამკვიდროს ადგილსამყოფელი. მოსაჩელე სარჩელში უთითებს, რომ მესაკუთრე 1993 წლის შემდეგ წავიდა რუსეთის ფედერაციაში რის შემდგომაც არ გამოჩენილა საქართველოში, ხოლო 2003 წელს იგი რუსეთის ფედერაციაში გარდაიცვალა ამდენად ამ შემთხვევაში მამკვიდრებლის გარდაცვალებადე საცხოვრებელ ადგილად და შესაბამისად სამკვიდროს გახსნის ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს რუსეთის ფერერაცია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1324.2 მუხლით თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის ადგილსამყოფელი. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეების განხილვისათვის თუ ცნობილი საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის გარდაცვალების ადგილი და იგი უცხოეთშია აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს არა მარტო ინფორმაცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან მამკვიდრებლის მემკვიდრების (კანონით ან ანდერძით) შესახებ ასევე მამკვიდრებლის გარდაცვალების ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან მტკიცებულება მამკვიდრებლის მემკვირეების შესახებ ასევე მამკვიდრებლის სამკვიდროს შესახებ. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 1421.3 მუხლით თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. შესაძლებელია უცხოეთში გარდაცვლილ არა საქართველოს მოქალაქე პირს უცხოეთში დარჩეს მემკვიდრე და სამკვიდრო როელიც მემკვიდრემ მიიღოს რა დროსაც მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაციის წარმოდგენა არ უზრუნველყოფს მოსარჩელის მიერ მის მტკიცების ტვირთსის დაძლევას, რადგან მხოლოდ მემკვიდრეების არასებობის შემთხევაში უფლებამოსილია მოსარჩელე მოპასუხედ მიუთითოს სახელმწიფო და მოითხოვოს სამკვიდროს უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, რასაც მოსარჩელე მხარემ ვერ გაართვა თავი.
სათანადო მოპასუხეობის საკითხის დაძლევის შემთხვევაში რაც ვერ განხორცილედა სასამართლოს კველვის საგანი გახდებოდა არის თუ არა მოსარჩელე საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლე პირი, რომელიც სასამართლოს მიმართავს საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელით.
სარჩელშიც მითითებულია და სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარის განმარტებით მოსარჩელემ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესთან დადო ზეპირი ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო უძრავ ქონებას დაეუფლა მისამართზე რეგისტრაციის (ჩაწერის) გარეშე და მას შემდეგ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა წარმოშობილი უნდა იყოს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე. 2) მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე ანუ სახეზე უნდა იყოს მესაკუთრესთან ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის წერილობითი ხელშეკრულება ან მფლობელობის უფლება მიღებულ უნდა იყოს მესაკუთრესთან დადებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებით ან ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით; 3) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 4) გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს; 5) მოსარგებლე უნდა ფლობდეს, ჩაწერილი იყოს 25.11.1997 წლისათვის საცხოვრებელ სადგომში და მინიმუმ ამ დროისათვის უნდა იყოს კომუნალური გადასახადების გადამხდელი.
მოსარჩელესა და პრივატიზებული ბინის მესაკუთრეს შორის ზეპირი ფორმით გარიგების დადების შემთხვევაში ასეთს ამ სახით ადგილი რომც ქონოდა მოსარჩელეს ვერ აქცევს ამ კანონის მიზნებისათვის მოსარგებლედ, ვინაიდან ასეთი სახით გარიგების დადება ამ სამართლურთიერთობის წარმოშობისათვის შედეგის მომტანი ვერ იქნება რადგან კანონის მიზნებისათვის აუცილელებ პირობას წარმოადგენს წერილობითი ფორმა, ვინაიდან ურთიერთობის წარმოშობიდან დიდი ხნის გასვლის გამო წერილობით ფორმის გარეშე შეუძლებელს ხდის გარიგების დადებიის უტყუარად დადასტურებას. მოსარჩელემ ვერც ამ კანონში მითითებული მფლობელობის უფლების საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადებით ვერ დაადასტურა რომელიც ამ კანონის 5.2 მუხლით შეიძლება დადასტურდეს სადაო სახცოვრებელ სადგომში რეგისტრაციით (ჩაწერით) და კომუნალური გასახადების გადახდის ერთობლიობით ან მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდით. მოსარჩელე სარჩელში კი უთითებს მესაკუთრისათვის ზეპირი გარიგების დადების დროს საფასურის გადახდის შესახებ თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, ასევე მოსარჩელე არასოდეს არ ყოფილა ჩაწერილი - რეგისტრირებული სადაო ბინაში, ხოლო რაც შეეხება კომუნალური გადასახადების გადახდა არ არის წარმოადგენლი კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაცია 25.11.1997 წლის მდგომარეობით სადაო ბინაზე. ყურადსაღებია, რომ მოსარჩელე რეგისტრირებული იყო #- ბინაში, რის გამოც შესაძლებლია #- ბინაზე წარმოდგენილი კომუნალური ქვითრები ეკუთნოდეს არა #- ბინას როგორც ამას მოსარჩელე განმარტავს არამედ #- ბინას ამდენად მოსარჩელე საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ კანონით განსაზღვრულ მოსარგებლეს არ წარმოადგენს, რაც შეეხება საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ცნობის ასლს საბინაო პირობების შემოწმების შესახებ (მისი გამცემი ორგანო და გაცემის თრითი არ იკითხება) ს. ფ. 30 აღნიშნული დოკუმენტი ვერ შეცვლის ამ კანონის მიზნებისათვის გათვალისწინებულ ჩაწერის - რეგისტრაციის შესაბამის მტკიცებულებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფობაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეს უარი ეთვას სასარჩლო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი