გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002626860
საქმე N 2/3035-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - ნათია ხუნწარია
მოსარჩელე - მ------ ჯ--–--–--–---–ი
წარმომადგენელი - მ------ მ-----–---–ი
მოპასუხე - ზ------ მ---------ე
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ------ მ---------ისათვის არასრულწლოვანი შვილის - გ------- მ---------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე ზ------ მ---------ისათვის არასრულწლოვანი შვილის - გ------- მ---------ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე განვლილი პერიოდის - 3 წლის მიუღებელი ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).
მოსარჩელის განმარტებით, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ------ მ---------ესთან, მათ შორის ქორწინება შეწყდა 2018 წლის 21 თებერვალს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2009 წლის 18 სექტემბერს დაბადებული გ------- მ---------ე. ისინი ფაქტობრივად რამდენიმე თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ და დედას მარტო უწევს შვილის აღზრდა. ბავშვი ცხოვრობს დედასთან და დედის მშობლებთან ერთად, რომლებიც ეხმარებიან შვილის აღზრდაში. მამა არანაირ მონაწილეობას არ იღებს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში.
2018 წლის აპრილში მოპასუხემ მატერიალური დახმარება გაუწია შვილს 400 ლარის ოდენობით, ამასთან ზ------ მ---------ე დაჰპირდა მოსარჩელეს, რომ უზრუნველყოფდა ბავშვს ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, მაგრამ პირობა არ შეასრულა. მიუხედავად მოსარჩელის მიერ არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხე მხარე არ უზრუნველყოფს შვილს მატერიალურად. მოპასუხეს აქვს გარკვეული შემოსავალი, არის კარგი ხელოსანი და მუდმივად ჰყავს მომხმარებლები, ჰყავს ავტომანქანა, რომელსაც იყენებს მგზავრების გადაყვანის მიზნით და იღებს შემოსავალს, ამასთან გაქირავებული აქვს საცხოვრებელი სახლი, საიდანაც იღებს სარგებელს.
სასმართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მხარი დაუჭირა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და განმარტა, რომ მოპასუხეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რომელსაც აქირავებს სეზონურად და აქვს შემოსავალი, ასევე პერიოდულად მუშაობს და იღებს ანაზღაურებას, ასევე ჰყავს ავტომანქანა, რომელსაც იყენებს მგზავრთა მომსახურებისათვის და აქედანაც აქვს შემოსავალი. რის გამოც მას აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს ალიმენტი მოთხოვნილი ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზ------ მ---------ემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ შეეძლო გადაეხადა ყოველთიურად ალიმენტის სახით 50 ლარი, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი აცნობიერებს თავის, როგორც მშობლის, პასუხისმგებლობას არასრულწლოვანი შვილის წინაშე და ვალდებულებას არჩინოს ის, მაგრამ შექმნილი რთული სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია გადაიხადოს ალიმენტი, ვინაიდან არ მუშაობს, არ გააჩნია რაიმე შემოსავალი, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (არ აქვს ცალი თვალი), რაც ხელს უშლის მუშაობაში. მანვე განმარტა, რომ როცა ექნება შესაძლებლობა, შვილს ყოველთვის გაუწევს მატერიალურ დახმარებას, მისცა კიდეც 2018 წლის მარტ-აპრილში 400 ლარი. არ აქირავებს საცხოვრებელ ფართს და არ იღებს შემოსავალს, ჰყავს ავტომანქანა, რომელსაც იშვიათად იყენებს მგზავრთა მომსახურებისათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ------ ჯ--–--–--–---–ი და მოპასუხე ზ------ მ---------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2009 წლის 19 სექტემბერს დაბადებული გ------- მ---------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 83).
3.1.3. მოსარჩელე მ------ ჯ--–--–--–---–ს და მოპასუხე ზ------ მ---------ეს შორის ქორწინება შეწყდა 2018 წლის 21 თებერვალს. ამ დროიდან მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განქორწინების მოწმობა (ს.ფ 14)
- მხარეთა ახსნა-განმარტება(2019 წლის 09 აგვისტოს სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.2. ზ------ მ---------ის თანასაკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, სასოფლო სამეურნეო(სათიბი) მიწის ნაკვეთი 6400 კვ.მ, რომელიც რაიმე ვალდებულებით დატვირთული არ არის. მის თანასაკუთრებაშია ასევე საცხოვრებელი სახლი, მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც პერიოდულად იყენებს მგზავრთა მომსახურებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 70-71),-მხარეთა-ახსნა-განმარტება (სასამ. სხდომის ოქმი)
3.2.3. შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის აპრილის მდგომარეობით, ზ------ მ---------ეს (პ/ნ 1----------) 2015 წლიდან 31/03/2019 წლის ჩათვლით მიღებული აქვს შემოსავალი 5056.25 ლარის ოდენობით. ხოლო ამ პერიოდებზე წლიური საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა არ უფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია (ს/ფ 77-78)
3.2.4. ზ------ მ---------ე არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გასაცემლებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სოცსააგენტოს ცნობა (ს/ფ 80)
3.2.5. ზ------ მ---------ის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან (იხ. მოპასუხის ახსნა-განმარტება- სასამ.სხდომის ოქმი).
3.2.6. დადგენილია, რომ მოპასუხე ზ------ მ---------ეს არ აქვს ყოველთვიური/ სტაბილური შემოსავალი.
3.2.7. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ზ------ მ---------ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აკრძალული აქვს ფიზიკური შრომა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში ზ------ მ---------ემ განმარტა, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მაგრამ არ წარმოუდგენია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დასკვნა), რომელიც დაადასტურებდა მის შრომისუუნარობას.
3.2.8. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად და ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტისა და წარსული დროის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები,-გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
6.3. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
კონვენციის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
6.4. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
აღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ალიმენტის სახით, უნდა დაეკისროს იმ ოდენობით თანხის გადახდა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯის მინიმუმს და ამავდროულად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მშობლების (და შვილების) რეალური მატერიალური მდგომარეობა.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა სარჩელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხეს აქვს გარკვეული შემოსავალი, რომლითაც შეძლებს გადაიხადოს ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით ალიმენტი და განვლილი 3 წლის მიუღებელი ალიმენტი, შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებით, რაც უარყო მოპასუხე მხარემ.
6.7. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე ზ------ მ---------ე მატერიალურ მდგომარეობაზე მითითებით, უარს აცხადებს ალიმენტის გადახდაზე, მაგრამ დადგენილია, რომ ის არაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, ჰყავს ავტომანქანა, რომელსაც პერიოდულად იყენებს მგზავრთა მომსახურებისათვის, მის კმაყოფაზე არ იმყოფებიან სხვა პირები, რის გამოც ის ითვლება პირად, რომელსაც აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს მისი არასრულწლოვანი შვილი სათანადო სარჩოთი.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, ალიმენტვალდებულის უმუშევრობა, თუ ეს არაა გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი, გადაიხადოს ალიმენტი.
ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და სხვა.
6.8. დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. ზ------ მ---------ეს ალიმენტის გადახდა ეკისრება მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რომელიც საცხოვრებლად მასთან არ იმყოფება. შესაბამისად, ზ------ მ---------ის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ დაკისრებული თანხის გადახდით. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს, გარდა არასრულწლოვანი შვილისა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება არ აკისრია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან და იმყოფება დედის მ------ ჯ--–--–--–---–ის რჩენა-კმაყოფაზე, ამასთან მ------ ჯ--–--–--–---–ი არის უმუშევარი.
სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი, ასევე სწავლისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად, და ამასთანავე, ის უნდა გამომდინარეობდეს და შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას პირის შემოსავლებიდან გამომდინარე.
6.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება 150 ლარი, რომლის გადახდაც ყოველთვიურად უნდა დაეკისროს მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილის გ------- მ---------ის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის დღიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
6.10. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის მოცემული სარჩელის აღძვრამდე, 2018 წლის 11 სექტემბრამდე, წარსული 3 წლის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, ვინაიდან წარმოდგენილი განქორწინების მოწმობით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა 2018 წლის 21 თებერვალს, და ამ დროიდან ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. ამასთან მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია და შესაბამისად არ დაუდასტურებია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც იმპერატიულად განსაზღვრავს კანონმდებლობა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც მხარეს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება წარსული დროის ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, გარემოებები, თუ რა ზომები მიიღო მოსარჩელე მხარემ სარჩოს მისაღებად და რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 2018 წლის აპრილში მოპასუხემ გაუწია მატერიალური დახმარება შვილს 400 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარემ ქორწინების შეწყვეტის შემდეგ გადაუხადა შვილს იმ პერიოდისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებული თანხა ორი თვისათვის (მარტი, აპრილი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე სასარჩელო სასარჩელო მოთხოვნაც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს წარსული დროის ალიმენტი, შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად, 2018 წლის მაისიდან მოცემული სარჩელის აღძვრამდე ყოველთვიურად 100ლარის ოდენობით (2018 წლის სექტემბრამდე, მიუღებელი 04 თვის ალიმენტი), რაც შეადგენს 400 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ.ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, ზ------ი მ---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 33 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------ ჯ--–--–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე ზ------ი მ---------ეს არასრულწლოვანი შვილის 2009 წლის 18 სექტემბერს დაბადებული გ------- მ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 11 სექტემბრიდან) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;
1.2. მოპასუხე ზ------ი მ---------ეს არასრულწლოვანი შვილის 2009 წლის 18 სექტემბერს დაბადებული გ------- მ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის მაისიდან, სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის სექტემბრამდე) წარსული პერიოდის მიუღებელი 04 თვის ალიმენტის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით;
2. დაეკისროს მოპასუხე ზ------ი მ---------ეს სახელმწიფო ბაჟის 33 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. #11);
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე