გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.08.2019
საქმის ნომერი
160210019002917231
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
13.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210019002917231

საქმე №2/238-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აგვისტო, 2019 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - შპს ,,მო----–----ი“

წარმომადგენელი - ილ---------–-–---–ი, ცი–-----–--------ი

მოპასუხე - შპს ,,მე-------–-----ა“

წარმომადგენელი - ლე-----------–---–ი, არ---–--–---------ე

დავის საგანი- თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,მე-------–-----ა“-ს შპს ,,მო----–---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 63 306,60 ლარის გადახდა.

 

სარჩელის მიხედვით, 2015 წლის 21 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს ,,მე-------–-----ა“-ს დავალებით შემსრულებელ შპს ,,მო----–---ს“ უნდა შეესრულებინა მარნეულის რაიონის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის შენობის მშენებლობაზე პროექტით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოები: საძირკვლის ფილის მოწყობა; ლენტური საძირკვლის და კოჭების მოწყობა; რკინა-ბეტონის მო----–---ური კედლების მოწყობა; რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა 0.00 ნიშნულზე; რკინა-ბეტონის გადახურვის ფილის მოწყობა ყველა დონეზე; რკინა-ბეტონის კოლონების მოწყობა; რკინა-ბეტონის კიბეების მოწყობა. შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა კონკრეტული სახის სამუშაოს მიხედვით, ანუ საძირკვლის ფილის მოწყობა - ყოველ 1 კუბ ბეტონზე 44.25 ლარი; ლენტური საძირკვლის და კოჭების მოწყოპბა - ყოველ 1 კუბი 51.6 ლარი; რკინა-ბეტონის მო----–---ური კედლების მოწყობა - 1 კვ.მ 12.45 ლარი; რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა 0.00 ნიშნულზე 1 კვ.მ 17.70 ლარი; რკინა-ბეტონის გადახურვის ფილის მოწყობა ყველა დონეზე - 1 კვ.მ 29.50 ლარი; რკინა-ბეტონის კოლონების მოწყობა - 1 კვ.მ 36.80 ლარი; რკინა-ბეტონის კიბეების მოწყობა - 1 საფეხური - 32.45 ლარი. მოსარჩელემ შეასრულა აღნიშნული სამუშაოები, სულ 195 306.60 ლარის ოდენობით, აქედან მოპასუხემ გადაიხადა 132 000 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 63 306.60 ლარი. მოსარჩელემ სიტყვიერად და წერილობით მიმართა მოპასუხეს , გადაეხადა დარჩენილი დავალიანება. 2018 წლის 14 მაისის წერილით მოპასუხემ უარი განაცხადა დავალიანების გადახდაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,მე-------–-----ა“-მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს ,,მო----–---ს“ შპს ,,მე-------–-----ა“-ს დავალებით უნდა შეესრულებინა მარნეულის რაიონის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის შენობის მშენებლობაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. სესრულებული სამუშაოს ღირებულება 2015 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, განისაზღვრა კონკრეტული სამუშაოს მიხედვით. მოსარჩელეს 195 306.60 ლარის სამუშაოები არ შეუსრულებია. მან შეასრულა 132 522.32 ლარის სამუშაოები, რაც აუნაზღაურდა სრულად. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა არარსებული დავალიანების გადახდა. შპს ,,მე-------–-----ა“-მ 2018 წლის 14 მაისის წერილით განუმარტა მოსარჩელეს, რომ შპს ,,მო----–---ი“-ს მიმართ დავალიანება არ გააჩნია და მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე.

 

მხარეთა შორის 2015 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, შესრულებული სამუშაოებისათვის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 2018 წლის 31 მაისით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის თანახმადაც შპს ,,მე-------–-----ა“-ს თითქოსდა გადასახდელი დარჩა 63 306.60 ლარი, ხელმოუწერელია და დოკუმენტად ვერ ჩაითვლება. მოსარჩელე იმასაც კი ვერ უთითებს, რომელი სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვს სარჩელით. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები სრულად აანაზღაურა, რასაც ადასტურებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 ერთი მხრივ შპს ,,მე-------–-----ა“-ს (შემდგომში ,,დამქირავებელი“) და მეორეს მხრივ ,,შემსრულებელი“ შპს ,,მო----–---ს“ შორის 2015 წლის 21 სექტემბერს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის შესაბამისად, ,,დამქირავებლის“ დავალებით ,,შემსრულებელს“ უნდა შეესრულებინა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის შენობის მშენებლობაზე (ტენდერის N S------------ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა სამუშაოების ღირებულება: საძირკვლის ფილის მოწყობა - ყოველ 1 კუბ ბეტონზე 44.25 ლარი; ლენტური საძირკვლის და კოჭების მოწყობა - ყოველ 1 კუბი 51.6 ლარი; რკინა-ბეტონის მო----–---ური კედლების მოწყობა - 1 კვ.მ 12.45 ლარი; რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა 0.00 ნიშნულზე 1 კვ.მ 17.70 ლარი; რკინა-ბეტონის გადახურვის ფილის მოწყობა ყველა დონეზე - 1 კვ.მ 29.50 ლარი; რკინა-ბეტონის კოლონების მოწყობა - 1 კვ.მ 36.80 ლარი; რკინა-ბეტონის კიბეების მოწყობა - 1 საფეხური - 32.45 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 21 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);

- მხარეთა -ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოსთვის გადახდა მოხდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულება არ შეიცავს დებულებას, სემსრულებლის მიერ სამუშაოების შესრულების ვადის შესახებ. მხარეთა განმარტებით, შემსრულებელი მიიღებდა ანაზღაურებას იმ სამუშაოებისათვის, რომელსაც გასწევდა, ხოლო ვადა დადგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 21 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);

- მხარეთა -ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. შპს ,,მო----–---მა“ 2018 წლის 2 მაისს წერილობით მიმართა შპს ,,მე-------–-----ა“-ს და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 63 306.60 ლარის გადახდა. შპს ,,მე-------–-----ა“-მ 2018 წლის მაისს წერილობით აცნობა შპს ,,მო----–---ს“, რომ მას არ გააჩნდა დავალიანება შპს ,,მო----–---ი“-ს მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ,,მო----–---ი"-ს წერილი (ს.ფ. 24);

- შპს ,,მე-------–-----ა“-ს პასუხი (ს.ფ. 25);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.2. შპს ,,მო----–---ი“-ს მიერ შპს ,,მე-------–-----ას“ 29.05.2016 წ, 30.06.2016 წ, 10.07.2016 წ. მიღება - ჩაბარების აქტები არ გადასცემია; არ დასტურდება შპს ,,მო----–---ი“-ის მიერ 63306.60 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი. შპს ,,მე-------–-----ა"-ს მიერ შპს ,,მო----–---ისათვის" გადარიცხული იქნა 132 522.32 ლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ასანაზღაურებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა მის მიერ 63306.60 ლარის სამუშაოების შესრულების ფაქტი, ხოლო აღნიშნულის დამტკიცების შემდეგ მოპასუხეზე გადადის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მტკიცების ტვირთი.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მან შეასრულა 63306.60 ლარის ოდენობის სამუშაოები, რასაც ადასტურებს 29.05.2016 წლის, 30.06.2016 წლის და 10.07.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე ფორმა N 2, 31.05.2018 წლის შედარების აქტი, ანგარიშფაქტურები, ასევე შპს ,,მო----–---ი"-ს მიერ შპს ,,მე-------–-----ასათის" 2018 წლის 2 მაისს გაგზავნილი წერილი და ინსპექტირების ანგარიში. მხარეებმა სასამართლოში ასევე წარმოადგინეს მოწმეები.

 

სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ მოწმის სახით წარმოდგენილმა თამაზ კახაძემ, ვახტანგ მიქაცაძემ, ლევან ჯამატაშვილმა, ოთარ შავაძემ განაცხადეს, რომ 2015-16 წლებში მუშაობდნენ შპს ,,მო----–---ში“, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მშენებლობაზე, ასრულებდნენ რკინა-ბეტონის სამუშაოებს. მათ გარდა რკინა-ბეტონის სამუშაოებს არავინ ასრულებდა. სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა სამუშაოს რამდენჯერმე შეჩერების ფაქტს, ძირითადად ხელფასის გადახდის დაგვიანების გამო. აღნიშნული მოხდა დაახლოებით ორჯერ. მათი განმარტებით, სრულად აქვთ მიღებული შრომის ანაზღაურება.

 

მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილმა მოწმე დავით ტარყაშვილმა განაცხადა, რომ არის შპს ,,მე-------–-----ა“-ს ტექნიკური დირექტორი. სოფელ დიოკნისში საჯარო სკოლის მშენებლობისას, მო----–---ურ სამუშაოებს ასრულებდა შპს ,,მო----–---ი“. შესრულებული სამუშაოების შემდეგ ,,პრარაბი“ ამოწმებდა შესრულებულ სამუშაოს და ხელს აწერდა ფორმა 2-ზე და მიღება-ჩაბარების აქტზეც. მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მხარეებს კონფლიქტი არ ჰქონიათ. როდესაც მიმდინარეობდა მეორე სართულის მშენებლობა, გაწყვიტეს ურთიერთობა შპს ,,მო----–---თან“. აღნიშნულის შემდეგ სამუშაოებს აწარმოებდნენ შპს ,,მე-------–-----ა“-ს მუშა მოსამსახურეები, რომელთა შორის ზოგი შპს ,,მო----–---ის“ ყოფილი მუშაც იყო. მო----–---ური სამუშაოები საბოლოო ჯამში დასრულდა აგვისტოს თვეში.

 

მოწმე თენგიზ ხუნაშვილის განმარტებით, იგი არის შპს ,,მე-------–-----ას სამუშაოების მწარმოებელი. მუშაობდა სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მშენებლობაზე. მოწმის განმარტებით მისი ხელმოწერის გარეშე მიღება-ჩაბარების აქტებს ვერ ჩააბარებდნენ შპს ,,მე-------–-----ა“-ს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ შპს ,,მო----–---ს“ წარმოედგინა მიღება-ჩაბარების აქტი და მას უარი განეცხადებინა მიღებაზე. მოწმის განმარტებით, მეორე სართულის სამუშაოები შესრულდა, მაგრამ არ ახსოვს მუშები შპს ,,მო----–---ი“-ს სახელით მოქმედებდნენ თუ არა. შპს ,,მო----–---თან“ ურთიერთობა რომ შეწყდა მიმდინარეობდა მეორე სართულის მშენებლობა. მოწმისათვის უცნობია, თუ რატომ შეწყვიტა შპს ,,მო----–---მა“ სამუშაოების წარმოება.

 

მოწმე რუსუდან მეტრეველმა განაცხადა, რომ არის შპს ,,მე-------–-----ა“-ს ბუღალტერი. შპს ,,მე-------–-----ა“-ს ბუღალტერიაში შედიოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთაც შპს ,,მე-------–-----ა“-ს სხვა თანამშრომელი ამოწმებდა, ხოლო თავად კომპიუტერიდან იღებდა ანგარიშფაქტურებს და ადარებდა. მოწმის განმარტებით შპს ,,მო----–---ისათის“ შპს ,,მე-------–-----ა“-ს მიერ გადარიცხულია 132 522 ლარი.

 

მოწმე ნელი ჟორჟიკაშვილმა განაცხადა, რომ არის შპს ,,მე-------–-----ა“-ს ოფისის მენეჯერი. იგი აწესრიგებდა კომპანიის დოკუმენტაციას, იღებს კომპანიაში შემოსულ დოკუმენტაციას, არ ყოფილა შემთხვევა, რომ კომპანიაში შემოსულ დოკუმენტის მიღებაზე უარი განეცხადებინა ან კომპანიაში შესული დოკუმენტი დაკარგულიყო.

 

წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი მუშაობდნენ შპს ,,მო----–---ში“, კერძოდ ასრულებდნენ მარნეულის რაიონის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მშენებლობაზე რკინა-ბეტონის სამუშაოებს. მოწმეები ვერ უთითებენ, თუ კონკრეტულად რა მოცულობის და ღირებულების სამუშაოები იქნა შესრულებული შპს ,,მო----–---ი“-ს მიერ.

 

29.05.2016 წ, 30.06.2016 წ, 10.07.2016 წლით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დოკუმენტები მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი. მხარე აცხადებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილია თვითნებურად მოსარჩელის მიერ მოგვიანებით, მასში ასახული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რასაც ადასტურებს ის, რომ მასზე მოპასუხე - შპს ,,მე-------–-----ა"-ს წარმომადგენლის ხელმოწერა არ აღინიშნება. ამასთანავე საქმეში წარმოდგენილია ასევე სხვა პერიოდის მიღება - ჩაბარების აქტები, რომელზეც ასევე არ აღინიშნება მოპასუხის ხელმოწერა და რომლის საფუძველზეც შპს ,,მე-------–-----ა"-ს თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებული აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გაწეული სამუშაოს ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნული კი არ ნიშნავს იმას, რომ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, მათ არ შეეძლოთ ანგარიშსწორება და სამუშაოს მიღება მიღება-ჩაბარების აქტების გარეშე, მაგრამ აღნიშნული არის მხარეთა ნება და არა ვალდებულება. მიღება-ჩაბარების აქტი არის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება, აქტის საფუძველზე ხდება შესრულებული სამუშაოს შემოწმება, ხოლო მოწონების შემთხვევაში, მხარეები მას ადასტურებენ ხელმოწერით. შესრულებული სამუშაოს შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი თავისმხრივ წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს შესახებ მნიშვნელოვან მტკიცებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული სამუშაოების მოსარჩელის მიერ შესრულების ფაქტს, წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც არ არის დადასტურებული ხელშეკრულების მეორე მხარის (მოპასუხის) მიერ, საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, მისი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სადავო მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული სამუშაოების შესრულების შესახებ. იგივე შეიძლება ითქვას ფორმა 2-ზე და შედარების აქტზეც.

 

მოსარჩელეს არ წაროუდგენია მტკიცებულება შპს ,,მო----–---ი"-ს მიერ შპს ,,მე-------–-----ასათვის" სადავო მიღება-ჩაბარების აქტების გადაცემის და შპს ,,მე-------–-----ა"-ს მიერ მათი დაკარგვის თაობაზე.

 

რაც შეეხება შპს ,,მო----–---ი“-ს მიერ წარმოდგენილ 2018 წლის 2 მაისით დათარიღებულ წერილს, რომლითაც მიმართავს შპს ,,მე-------–-----ა“-ს და აცნობებს, რომ შპს ,,მე-------–-----ა“-ს დავალიანება შპს ,,მო----–---ი“-ს მიმართ შეადგენს 63 306.62 ლარს, ასევე არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ შესრულებული, აუნაზღაურებელი სამუშაოების და დავალიანების არსებობის და მოცულობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მითუმეტეს, რომ შპს ,,მე-------–-----ა“ -მ შპს ,,მო----–---ისათვის" გაგზავნილი წერილობითი პასუხით უარყო შპს ,,მო----–---ი“-ს მიმართ დავალიანების არსებობა. ამასთანავე წერილი დათარიღებულია 2018 წლის 2 მაისით, სავარაუდო შესრულებული სამუსაოების წარმოებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ. ამასთანავე საგულისხმოა, რომ მითითებულ წერილში არაფერია აღნიშნული სადავო მიღება-ჩაბარების აქტების თაობაზე.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს ,,სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო“-ს 2019 წლის 13 ივლისს გაცემულ ინსპექტირების ანგარიში. მასში აღნიშნულია, რომ კვლევა ჩატარებულია შპს ,,მო----–---ის“ დირექტორის ილ---------–-–---–ის დაკვეთით. დაანგარიშებული იქნა ყველა იმ სახის სამუშაოების ღირებულება, რომლის შესრულებაც ევალებოდა მენარდეს 2015 წლის 21 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მასში აღნიშნულია, რომ ინსპექტირების ორგანომ კვლევა აწარმოა წარმოდგენილი მასალების, ფორმა N 2-ის საპროექტო დოკუმენტაციასთან, დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვასთან და გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით. შეფასებული იქნა როგორც ხილული ასევე ფარული სამუშაოები (რომელიც გადაფარული იყო სხვა შესრულებული სამუშაოთი), აღნიშნული შეფასდა ფარული სამუშაოების აქტში წარმოდგენილ ინფორმაციზე დაყრდნობით. დასკვნის თანახმად, შპს ,,მო----–---ის“ მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის შენობის მშენებლობის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 169 939. 19 ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კვლევა ჩატარებულია და შეფასებულია იმ სამუშაოთა ღირებულება, რომლის შესრულებაც ევალებოდა შპს ,,მო----–---ს“ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. დასკვნა გაიცა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ შპს ,,მო----–---მა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სწორედ მოსარჩელის მიერ იმ მოცულობით შესრულება, რის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნულ გარემოებას კი მოცემული ინსპექტირების ანგარიში ვერ ადასტურებს.

 

სასამართლო განმარტავს, მხარეთა შეჯიბრობითობისა და ზოგადი სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა გამოკვლევის პრინციპებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.2. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებულია ნარდობის ხელშეკრულება და სწორედ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის დავა.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 21 სექტემბერს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს ,,მე-------–-----ა“-ს დავალებით შემსრულებელ შპს ,,მო----–---ს“ უნდა შეესრულებინა მარნეულის რაიონის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის შენობის მშენებლობაზე პროექტით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოები: საძირკვლის ფილის მოწყობა; ლენტური საძირკვლის და კოჭების მოწყობა; რკინა-ბეტონის მო----–---ური კედლების მოწყობა; რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა 0.00 ნიშნულზე; რკინა-ბეტონის გადახურვის ფილის მოწყობა ყველა დონეზე; რკინა-ბეტონის კოლონების მოწყობა; რკინა-ბეტონის კიბეების მოწყობა. შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა კონკრეტული სახის სამუშაოს მიხედვით, ანუ საძირკვლის ფილის მოწყობა - ყოველ 1 კუბ ბეტონზე 44.25 ლარი; ლენტური საძირკვლის და კოჭების მოწყოპბა - ყოველ 1 კუბი 51.6 ლარი; რკინა-ბეტონის მო----–---ური კედლების მოწყობა - 1 კვ.მ 12.45 ლარი; რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა 0.00 ნიშნულზე 1 კვ.მ 17.70 ლარი; რკინა-ბეტონის გადახურვის ფილის მოწყობა ყველა დონეზე - 1 კვ.მ 29.50 ლარი; რკინა-ბეტონის კოლონების მოწყობა - 1 კვ.მ 36.80 ლარი; რკინა-ბეტონის კიბეების მოწყობა - 1 საფეხური - 32.45 ლარი.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,მო----–---მა" შეასრულა 132 522.32 ლარის სამუშაოები. შპს ,,მე-------–-----ა“-მ შპს ,,მო----–---ს“ გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 132 522. 32 ლარი.

 

მოსარჩელე მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან შეასრულა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ის სამუშაოები, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოპასუხისაგან.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს მსგავს ურთიერთობებში მიღება-ჩაბარების აქტის მნიშვნელობას და განმარტავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე დამკვეთის ხელმოწერა ნიშნავს იმას, რომ მან მიიღო და მოიწონა თითოეულ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები შეთანხმებული ხარისხის შესაბამისად და მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე. მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს თანხის გადახდას ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნული დათქმა კი ნიშნავს იმას, რომ იგი მხარეს ანიჭებდა უფლებას, სამუშაოს მიღებამდე შეემოწმებინა შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ხარისხი, შესაბამისობა და შენიშვნის არსებობის შემთხვევაში წარედგინა პრეტენზია ხელშეკრულების მეორე მხარისათვის, ხოლო მოწონების შემთხვევაში -დაედასტურებინა.

 

მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტებზე მოპასუხის წარმომადგენლის ხელმოწერის არ არსებობა ახსნა იმით, რომ მოპასუხეს გადასცა მიღება-ჩაბარების აქტები, მაგრამ მან დაკარგა. აღნიშნული განმეორდა რამდენჯერმე. მსგავს შემთხვევებში, მხარე უნდა ეცადოს შექმნას სათანადო მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებს მისი პოზიციის სისწორეში. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის მითითებული გარემოების დადასტურებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მიღება-ჩაბარების აქტების თაობაზე, რომ მან მიღება-ჩაბარების აქტები გადასცა მოპასუხე მხარეს, რითაც აცნობა შესრულებული სამუშაოს შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას მოპასუხემ არ აუნაზღაურა 29.05.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თანხა და როგორც მოსარჩელის განმარტებითვე ირკვევა, არც აპირებდა გადახდას. იბადება კითხვა, რა მოიმოქმედა მოსარჩელემ აღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელის განმარტებით, მან განაგრძო სამუშაოების წარმოება და 30.06.2016 წლამდე კვლავ შეასრულა გარკვეული სამუშაო და შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ასახა შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება. აღნიშნული თანხაც არ იქნა გადახდილი მოპასუხის მიერ. მოსარჩელემ კვლავ განაგრძო სამუშაოების წარმოება და 10.07.2016 წელს კვლავ შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს შესახებ, ისე რომ წინა ორი ეტაპის დროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მოსარჩელის განმარტების თანახმად, მიუხედავად შპს ,,მო----–---ი“-ს არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხემ არ აუნაზღაურა. აქვე გასათვალისწინებელია გარემოება, რომ დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შემსრულებელი წყვეტდა მუშაობას.

 

დადგენილია, რომ სამუშაოები, რომლის ღირებულებაც ასახულია სადავოდ გამხდარ მიღება-ჩაბარების აქტებში, მოსარჩელის განმარტებით, შესრულებულია ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. გამომდინარე აქედან, ივარაუდება, რომ შპს ,,მო----–---ი“ გარკვეული ეტაპის სამუშაოს მისი ღირებულების ანაზღაურების გარეშე ასრულებდა, რაც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებს, რომლებმაც განმარტეს, რომ შპს ,,მო----–---ი“ წყვეტდა მუშაობას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ გარემოების არსებობა, როდესაც მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,მე-------–-----ა“- მ არ გადაუხადა თანხა შპს ,,მო----–---ს“ გარკვეულ ეტაპზე გაწეული სამუშაოსათვის, უფრო მეტიც ხელი არ მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს და გადაცემული მიღება-ჩაბარების აქტები დაკარგა, რაც იმთავითვე მოასწავებდა მხარეთა შორის არასასურველ ურთიერთობას, სარწმუნოობას უკარგავს მოსარჩელის პოზიციას, რომ მან განაგრძო სამუშაოების წარმოება გაწეული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გარეშე. მითუმეტეს, რომ მხარეთა განმარტებით, მხარეები შეთანხმებულები იყვნენ იმგვარად, რომ მოპასუხე მოსარჩელეს აუნაზღაურებდა იმ სამუშაოების ღირებულებას, რომელსაც გასწევდა, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადა დადგენილი არ ყოფილა, ასევე არ ყოფილა დადგენილი მოსარჩელის ვალდებულება, რომ გაეგრძელებინა სამუშაოების წარმოება. ასეთ ვითარებაში, მოსარჩელეს მართებდა მეტი წინდახედულობა, თუკი მიაჩნდა, რომ მოპასუხე განზრახ არ იღებდა მიღება-ჩაბარების აქტებს, განზრახ დაკარგა მიღება-ჩაბარების აქტები თანხის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, მას უნდა ეზრუნა აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად გარკვეული ქმედების განხორციელების თაობაზე. მოსარჩელემ კი მხოლოდ 2018 წლის 2 მაისს - დაახლოებით 2 წლის შემდეგ სადავო ურთიერთობიდან, მიმართა წერილით მოპასუხეს და მოსთხოვა თანხის გადახდა. აღნიშნული გარემოებები საწმუნოობას უკარგავს მოსარჩელის პოზიციას.

 

რაც შეეხება წარმოდგენილ ინსპექტირების ანგარიშს, აღნიშნული მტკიცებულებაც ვერ ადასტურებს, რომ სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მშენებლობის დროს შპს ,,მო----–---მა“ საერთო ჯამში შეასრულა 169 939.19 ლარის სამუშაოები, ვინაიდან კვლევის დროს შეფასებული იქნა იმ სამუშაოების ღირებულება, რომლის შესრულება შპს ,,მო----–---ს“ ევალებოდა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მასში მითითებული ინფორმაცია, სამუშაოების შპს ,,მო----–---ის“ მიერ შესრულების თაობაზე დაფუძნებულია დამკვეთს მითითებაზე. მოცემული კვლევით დადგენილია, რომ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მშენებლობის დროს გაწეულია 169.939.19 ლარის ღირებულების მო----–---ური სამუშაოები, რაც იმთავითვე არ ადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულებას შპს ,,მო----–---ი“-ს მიერ.

 

ამდენად, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა მის მიერ 63306. 60 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრებოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მტკიცების მოვალეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა 63306.60 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი, გამომდინარე აქედან, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1899.20 ლარის ოდენობით, შესაბამისად ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - შპს ,,მე-------–-----ას“ - მიმართ დაწესებული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მის: ქ.თბილისი, მატროსოვის ქუჩა N 7, სკ 01.17.12.005.0-- გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მო----–---ი“-ს სარჩელი შპს ,,მე-------–-----ა“-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად.

 

3. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - შპს ,,მე-------–-----ას“ - მიმართ დაწესებული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მის: ქ.თბილისი, მატროსოვის ქუჩა N 7, სკ 01.17.12.005.0-- გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ.ბოლნისი, სულხან საბას ქ. N113) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე