განაჩენი

სისხლის სამართლის 16.08.2019
საქმის ნომერი
020100119002969662
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
16.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002969662

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/258-19 16 აგვისტო, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი: ა-----------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული გ----------–-----------------–-------------------–-------–-–------------------------–----------–------------------------------------------–--------------–-----------------------------------–-----------------------------------------------–--–--–----–------------------------------------------–-------------------------

 

2.1.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

2.1.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

2.3 ადვოკატი გ---–--–--–-ა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

I. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2019 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე ქ. ზუგდიდში, მ---–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ-----------–-----მ მეუღლეს - ზ-----------ს მათი არასრულწლოვანი შვილის - გ-------–----–-----ს თანდასწრებით მარჯვენა ფეხი ერთხელ ძლიერ ჩაარტყა მარჯვენა მუხლზე, შემდეგ კი მოუჭირა მარჯვენა ხელის მაჯაზე. გ-----------–-----ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ზ-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ბრალდებულ გ-----------–-----ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა

 

მოწმე ლ--–--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულს სამუშაოდ სხვაგან უნდოდა წასვლა და ზ----------- არ უშვებდა, ეუბნებოდა, ზუგდიდში იმუშავეო. ამაზე იყო მათ შორის სიტყვიერი კამათი.

მოწმე ნ-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 აპრილს 112-დან შევიდა შეტყობინება, მ------------------ ითხოვდა დახმარებას. გამოცხადდა მისამართზე, დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ბრალდებულმა წიხლი დაარტყა ზ-----------ს და მოკვლით დაემუქრა ორივე დაზარალებულს. დაზარალებულები აღელვებულები იყვნენ. ზ----------- ითხოვდა ბრალდებულის მოშორებას, ამბობდა, ხელზე მომიჭირაო. მეზობლები ამბობდნენ, რომ ჩხუბი იყო წინა დღეებშიც.

მოწმე მ------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ სატირალში ხალხისგან გაიგო, ბრალდებულმა და ზ-----------მ იჩხუბესო. მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ მას გაუჭირდა მისი დადასტურება ან უარყოფა და მხოლოდ გარკვეული დროის გასვლისა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ მან განაცხადა, რომ აღელვებული იყო, როცა ეს ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, ალბათ სწორად მიიჩნევდა ამას, როცა ამბობდა, ზუსტად არ იცის, რადგან მას შემდეგ თავს გადახდა უსიამოვნო მოვლენები, ასაკოვანია და თვეების წინანდელი კი არა, დღეების წინანდელი ამბავი არ ახსოვს.

მოწმე გ------------ს ჩვენების თანახმად, გამოკითხა დაზარალებულები, ბრალდებული. ზ-----------მ უთხრა, რომ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ბრალდებულმა წიხლი ჩაარტყა და მოუჭირა ხელზე, დაემუქრა მოკვლით, რის გამოც გაუჩნდა შიში. მ------------------მაც დაადასტურა აღნიშნული.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ’ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული გ-----------–----- და ზ----------- არიან მეუღლეები. აღნიშნული ფაქტი დაცვის მხარის მიერ სადავო არ გამხდარა.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ძალადობაში. ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ მოწმეები: ლ---–-------------, ნ----------- და მ------------------, გ------------. ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაზე უთითებენ ნ-----------, გ------------, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მომხდარის შესახებ მათ უამბო ზ-----------მ. მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ ზ----------- არ დაკითხულა, რადგან მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომძიებლების - ირიბი მოწმეების - მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა პირდაპირი მოწმის მიერ და დაუდგენელი დარჩა, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულმა გამომძიებელს, მიწოდებული ინფორმაცია იყო თუ არა სწორი, რა ამოძრავებდა დაზარალებულს ინფორმაციის მიწოდებისას, რა იყო ინფორმაციის საფუძველი ან დაზარალებულის მიზანი და ა.შ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

ამდენად, ნ-----------ს და გ------------ს ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რომელთა შინაარსი არც ერთი სხვა ისეთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მართალია, დაზარალებულმა მ------------------მ ერთმნიშვნელოვნად და მყარად ვერ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, თუმცა ამ ინფორმაციის მხედველობაში მიღების შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ისიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.

ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთი ირიბი მოწმის ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეული სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ან მიანიშნებდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულ ზ-----------ს მიმართ ძალადობის განხორციელებას.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

3.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რის გამოც არარელევანტურია შედეგსა და მიზეზობრივ კავშირზე მსჯელობა.

 

3.3. არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრი მიმართ.

სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად სხვა პირებთან ერთად ითვლება დედა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რის გამოც არარელევანტურია ბრალდებულისა და დაზარალებულის შვილის ასაკის დადგენა.

 

4.სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება, მოქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენას და დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

II. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

გ-----------–----- და ზ----------- 2014 წლის 31 იანვრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 10 აპრილს, დაახლოებთ 13:25 საათზე, ზუგდიდში, მ. ლომონოსოვის ქუჩა N20-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ-----------–----- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ზ-----------ს და პირს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას - მ------------------ს. გ-----------–-----ს მიერ განხორციელებული მუქარა ზ-----------მ და მ------------------მ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიში.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ბრალდებულ გ-----------–-----ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. პირადად სიცოცხლის მოსპობის მუქარა

 

მოწმე ლ--–---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულს სამუშაოდ უნდოდა სხვაგან წასვლა და ზ----------- არ უშვებდა, ეუბნებოდა, ზუგდიდში იმუშავეო და ამაზე იყო სიტყვიერი კამათი მათ შორის.

მოწმე ნ-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 112-დან შევიდა შეტყობინება, მ------------------ ითხოვდა დახმარებას. გამოცხადდა მისამართზე. დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ბრალდებულმა ზ-----------ს წიხლი დაარტყა და მოკვლით დაემუქრა ორივე დაზარალებულს. დაზარალებულები აღელვებულები იყვნენ. ზ----------- ითხოვდა ბრალდებულის მოშორებას მისგან. მეზობლები ამბობდნენ, რომ ჩხუბი იყო წინა დღეებშიც.

მოწმე მ------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ სატირალში ხალხისგან გაიგო, ბრალდებულმა და ზ-----------მ იჩხუბესო. გამოქვეყნდა მის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რისი დადასტურებაც მას გაუჭირდა, რაც ახსნა იმით, რომ ასაკოვანია, ბოლო ხანებში უსიამოვნო მოვლენები გადახდა თავს, რის გამოც მეხსიერება გაუუარესდა. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 10 აპრილს გ-----------–-----მ დაზარალებულებს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, უბრძანა, რომ მისთვის სასწრაფოდ სიგარეტი მოეტანათ. ბრალდებული აგრესიული ხდებოდა, რის გამოც უთხარა, რომ პოლიციას გამოიძახებდა. აღნიშნულზე იგი გაბრაზდა, დაზარალებულებს შეაგინა დედის მისამართით, უთხრა, პოლიციის არ მეშინიაო, ზ-----------ს დაემუქრა, თუ დარეკავ პოლიციაში, ყელს გამოგჭრიო, ეს სახლი ჩემი საკუთრებაა და თუ მინდა, ყველას გაგყრით სახლიდანო. ბრალდებული მოკვლით ემუქრებოდა ზ-----------ს, მე თუ დამიჭერს პოლიცია და ციხიდან გამოვალ, შენს ცხოვრებას აზრი მაინც არ ექნება, მოგკლავ, კისერს გამოგჭრითო. გ-----------–-----ს მხრიდან მოკვლის შესახებ მუქარა რეალურად მიიჩნია. მისი მხრიდან მოკვლის მუქარას აქვს სისტემატური ხასიათი.

ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ მოწმეები: ლ---–-------------, ნ-----------, გ------------ და მ------------------. ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაზე უთითებენ ნ-----------, გ------------. მ------------------მ სასამართლო სხდომაზე მყარად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურა გამოკითხვის ოქმის სისწორე და ალბათობა დაუშვა, რომ ის სწორი შეიძლებოდა ყოფილიყო. მეტის თქმა ვერ შეძლო იმ მოტივით, რომ მეხსიერება ღალატობს. ნ----------- და გ------------ უთითებენ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ მუქარაძე და განმარტავენ, რომ აღნიშნულის შესახებ მას უამბეს დაზარალებულებმა. მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ ზ----------- არ დაკითხულა, რადგან მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო მ------------------ს პასუხები გამოკითხვის ოქმის სისწორესთან დაკავშირებით ბუნდოვანი იყო.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამდენად, ნ-----------ს ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს.

ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთი ირიბი მოწმის ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.

სასამართლო სხდომაზე გარდა ერთი პირდაპირი მოწმისა მ-----------------ს გამოკითხვის ოქმისა, რომლის სისწორის დადასტურება მოწმეს გაუჭირდა და მისგან მომდინარე ნ-----------სა და გ------------ს ირიბი ჩვენებებისა, არ გამოკვლეულა სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ან მიანიშნებდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულების მიმართ მუქარის განხორციელებას.

მართალია, მ------------------მ ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურა გამოკითხვის ოქმის სისწორე, თუმცა, ამ ოქმის გაზიარების შემთხვევაშიც კი ის იქნებოდა ერთადერთი პირდაპირი ჩვენება მუქარის ნაწილში.

აქვე უნდა შეფასდეს გამომძიებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაზარალებულები ანერვიულებულები იყვნენ. აღნიშნული გარემოება შესაბამისი ვითარების პირობებში შეიძლება აღქმულ იქნეს მუქარით გამოწვეულ ნერვიულობად, თუმცა ამ დასკვნის გაკეთება მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია, ვინაიდან ირკვევა, რომ ბრალდებული და დაზარალებულები კამათობდნენ, მ------------------მ ბრალდებულს შენიშვნა მისცა, რაც ბრალდებულმა იუკადრისა და შეაგინა დაზარალებულს, ზ----------- თხოვდა ბრალდებულს, არ წასულიყო სამუშაოდ სხვა ქალაქში და ემუშავა ზუგდიდში, თუმცა ბრალდებული ითხოვდა წასვლას, იყო კონფლიქტური ვითარება. ამდენად, მუქარის გარეშეც არსებული დაძაბული ვითარება უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაზარალებულები ანერვიულებულიყვნენ, რის გამოც მათი აღელვება პირდაპირ არ მიუთითებს მუქარის არსებობაზე. ამ წინაპირობებიდან გამომდინარე, ზ-----------ს მუქარის გარეშეც ჰქონდა საფუძველი, უკმაყოფილო ყოფილიყო ბრალდებულის, მოესურვებინა მისი მოშორება დროებით, რათა ეს კონფლიქტური ვითარება განმუხტულიყო, ხოლო მის მიერ გამომძიებლისა და მ------------------სთვის, ასევე სხვებისთვის მიწოდებული ინფორმაცია იყო თუ არა სწორი, რა მიზნით და რა საფუძვლით იყო განპირობებული, როგორი ფორმით იყო გადმოცემული, როგორ აღიქვეს ის ინფორმაციის მიმღებმა პირებმა და შემდეგ მათ მიერ გადმოცემული ფორმა რამდენმად არის ზუსტად შესაბამისი დაზარალებულის მონაყოლთან, ამის შეფასების საშუალება სასამართლოს არ მიეცა. ამის გარეშე კი ირიბი მოწმის ჩვენებები ვერ იქნება მხედველობაში მიღებული.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობით და რა ხარისხის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულის მიერ დაზარალებულების მიმართ განხორციელებული მუქარის თაობაზე არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ რაოდენობრივ და ხარისხობრივ სტანდარტს.

 

3.2. იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი მოითხოვს ქმედებას, შედეგს და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, თუმცა, იმ პირობებში, როცა, კანონის დაცვით მოპოვებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ბრალდებულის ქმედებით რაიმე შედეგის გამოწვევის შესახებ მსჯელობა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია მოკლე მსჯელობის განვითარება შედეგის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ერთადერთი პირდაპირი მოწმე, რომელიც გამოკითხვის ოქმში უთითებს (თუმცა სასამართლო სხდომაზე ეს არ გაუმეორებია და ამისი დადასტურება გაუჭირდა) შიშის განცდაზე, არის მ------------------. გამომძიებლები: ნ----------- და გ------------ ამ ნაწილში იმეორებენ დაზარალებულების მონაყოლს. მ------------------ს გამოკითხვის ოქმის ამ ნაწილის სარწმუნოობა ეჭვქვეშ დგება, ვინაიდან მუქარა შეეხებოდა სიცოცხლის მოსპობას და მის რეალურაც მიჩნევას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მ------------------მ არ ისურვა ბრალდებულის წინააღმდეგ მიცემული ინფორმაციის დადასტურება, რაც საეჭვოს ხდის იმ გარემოებას, რომ განხორციელებული მუქარა, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, დაზარალებულმა რეალურად აღიქვა. ასე რომ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია სიცოცხლის მოსპობის მუქარის ქვეშ მყოფმა პირმა ისურვოს მუქარის განმახორციელებელ პირთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრების გაგრძელება. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოებაც, რომ გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მუქარა სისტემატური იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუქარა მანამდეც ყოფილა, თუმცა მანამდე დაზარალებულს არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისათვის და ეხლაც, სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვის შემდეგ, ის არ ითხოვს ბრალდებულის იზოლირებას მისგან. აღნიშნული გარემოებების ერთბლიობა ეჭვქვეშ აყენებს იმას, მართლა აღიქვა დაზარალებულმა მუქარა რეალურად (თუ ასეთი იყო საერთოდ) თუ ის გაბრაზებული კაცის უპასუხისმგებლო სიტყვებად მიიღო. ამ ეჭვის არარსებობის ვითარებაშიც კი ბრალდების მხარეს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება რჩება ბრალდების დასადასტურებლად, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად.

 

3.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, თუმცა, იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა არარელევანტურია.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ პირდაპირ სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული გ-----------–----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

გ-----------–-----სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ გ-----------–-----ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია