გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-68-2019
(130310019003121725)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აგვისტო, 2019 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ბარბაქაძე
მოსარჩელე - ბ------ გ------–--ე
წარმომადგენელი - დ--–- გ------–--ე, გ---- ღ-------–---–ი
მოპასუხე - სსიპ ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - მ----- ხ------ე, ა-- ს-------ე
დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელემ მოითხოვა დადგენილი იქნეს, რომ ბ------ გ------–--ემ 1993 წელს დაამთავრა ა/კ რკინიგზის სადგურ ხაშურის N5 საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლა) 9 კლასი.
მოსარჩელე უთითებს, რომ 1984 წლის 4 სექტემბერს N203 ბრძანებით ჩაირიცხა ა/კ რკინიგზის სადგურ ხაშურის N5 საშუალო სკოლის პირველ კლასში, ხოლო 1993 წლის 18 მაისს აიღო საბაზო საფეხურის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა აN090727. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის N01/190096/გ გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენის დუბლიკატის გაცემაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლამ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ ბ------ გ------–--ეს დაძლეული აქვს სრული ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.
3. მე-3 პირის პოზიცია
საქმეში მესამე პირი არ ჩართულა
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2001 წლის 29 აგვისტოს ქალაქ ხაშურის გამგეობის N460 დადგენილების საფუძველზე ამიერკავკასიის (ა/კ) სადგურ ხაშურის ა. რაზმაძის სახელობის N5 საშუალო სკოლას ეწოდა ქალაქ ხაშურის N8 საშუალო სკოლა (იხ. შესაგებელი გვ. 23).
4.2. ბ------ გ------–--ე 1984 წლის 4 სექტემბრის N203 ბრძანებით ჩაირიცხა ა/კ რკინიგზის სადგურ ხაშურის N5 საშუალო სკოლის პირველ კლასში, ხოლო 1993 წელს მის სახელზე გაიცა საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი N090727 (იხ. სსიპ ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლის 2019 წლის 27 მარტის წერილი).
4.3. მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეეესტრის სამსახურს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ბ------ გ------–--ეს საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე უთხრა უარი. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის N01/190096/გ გადაწყვეტილებით ბ------ გ------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. გადაწყვეტილება N01/190096/გ).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ბ------ გ------–--ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის წესით“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
7.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მიხედვით, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის გამცემი ორგანოა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. იმავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ფაქტი.
7.3. როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი ბ------ გ------–--ემ დაამთავრა ა/კ რკინიგზის სადგურ ხაშურის N5 საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლა) 9 კლასი და მასზე გაიცა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი N090727. ამასთან, მის მიერ მიღებული განათლების დამადასტურებელი ადმინისტრაციული აქტი ვერ იქნა მოძიებული, რის გამოც იგი ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის დადგენას სასამართლოს მიერ. ამდენად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და აღიარებულ იქნეს ბ------ გ------–--ის მიერ ა/კ რკინიგზის ა. რაზმაძის სახელობის სადგურ ხაშურის N5 საშუალო სკოლის 9 კლასის დამთავრების ფაქტი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გადახდისაგან.
მოპასუხე სსიპ ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლამ სარჩელი ცნო მისი დაზუსტების შემდეგ, ხოლო ფაქტობრივ გარემობას აღიარებდა შესაგებელშივე. ამიტომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, სასამართლომ
გადაწყვიტა
1. ბ------ გ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დადგენილად იქნეს ცნობილი ბ------ გ------–--ის (პ/ნ 5----------) მიერ 1993 წელს ა/კ რკინიგზის ა. რაზმაძის სახელობის სადგურ ხაშურის N5 საშუალო სკოლაში სრული ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასის) დაძლევის ფაქტი.
3. ბ------ გ------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. თანხა შეტანილია დ--–- გ------–--ის მიერ ბ------ გ------–--ის სასარგებლოდ 2019 წლის 3 მაისს სს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300463150.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი