გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002867501
საქმე №3/1405-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
7 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - მ------------------
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის №---------- გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ მ------------------ის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისათვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მ------------------ (დაბადებული 1----–-–----------------ს) არის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან 2019 წლის 14 თებერვლის ამონაწერის თანახმად, მ------------------ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ეროვნული პასპორტის ასლი (ს.ფ. 69);
- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 53-66);
- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 50-51);
- საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2019 წლის 14 თებერვლის ამონაწერი (ს.ფ. 67);
3.2. 2019 წლის 13 თებერვალს ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ------------------მა №---------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის №---------- გადაწყვეტილებით მ------------------ს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ 2019 წლის 13 თებერვლის №---------- განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-14).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის №---------- გადაწყვეტილება რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონთან და სხვა კანონქვემდებარე აქტებთან.
6.2. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართელოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
მოცემული წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება განმტკიცებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.
მოცემული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენისას განმცხადებელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის პირველი მუხლის თანახმად, ეს დანართი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადებსა და საფასურების ოდენობებს, საფასურის გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნების და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესსა და პირობებს.
ამავე წესის მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, მომსახურების ვადები და საფასურის განაკვეთები განისაზღვრა შემდეგნაირად საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით ან სპეციალური წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან: ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი; ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი; გ) მე-40 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 150 ლარი; დ) 20 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 250 ლარი.
მოცემული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საფასურის, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის 384, 49-ე და 50-ე პუნქტებით, ასევე ამ მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადახდა ხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს განაცხადის შეტანის დღისა, უნაღდო ანგარიშსწორებით.
საქმის მასალებით დადგენილი, რომ მ------------------მა სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 13 თებერვალს წარადგინა №---------- განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. განცხადების შესწავლისას გაირკვა, რომ მ------------------ს განცხადების შეტანისას არ ჰქონდა მომსახურების საფასური გადახდილი. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის განცხადება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სახლის თანამშრომლის მიერ იგი ინფორმირებულია დოკუმენტებში არსებული ხარვეზის შესახებ. ასევე იმის თაობაზე, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 52).
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის №---------- გადაწყვეტილება მ-------------------სათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე უნდა დარჩეს ძალაში, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამგვარი გარემოებების გამოკვლევისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად მოიძია და გამოიკვლია სათანადო ინფორმაცია, ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოიცა კანონის ნორმათა შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 ლარი, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის - მ-------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე