განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-598-19
(N092210619001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აგვისტო, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი,დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნანი აბრამიშვილი
ბრალდებული: ნ---------–-----ი
მამის სახელი: ზ------ი
დაბადებული: 18.01.1--- წ.
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. მარნეული, ო---------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილი - აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა.
თარჯიმანი - ორხან რამაზანოვი,სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 20 ივნისს, მარნეულის რაიონის, სოფელ ქ----–--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ---------–-----ი თავის მართვის ქვეშ მყოფ „ფ------------------ის“ მოდელის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით H------, უკანონოდ ინახავდა 2272,4 ლარის ღირებულების “King”- ის და “Senator”-ის სახელმწიფო აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს, რომელიც გამოვლენილი იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ნ---------–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმართვას დოკუმენტაციით, მოწმეების თ-----------------–---–ის და ფ----------–-----ის გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმს, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა N004443019-ს, და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2019 წლის 09 აგვისტოს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსკ-ის მე-200-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და რეალიზაციისათვის.
აქციზი გადასახადის გადახდის ნიშანია და მისი არგამოყენება უმოქმედობით გადასახადისაგან თავის არიდებაა. „საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის N 355 ბრძანებულებით 1999 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალა მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოება და იმპორტირება, ხოლო 1 მარტიდან მათი რეალიზაცია -აქციზური მარკების გარეშე. აქციზური მარკების რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მასვე შემუშავებული აქვს აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის, აგრეთვე ალოკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების წესი. ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს ასევე აქციზური მარკების მომხმარებელთა რეგისტრაციას და გასცემს შესაბამის მოწმობას. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ქვეყნის საფინანსო ინტერესები. დანაშაულის საგანია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონელი - ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდი და თამბაქოს ნაწარმი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებაში, შენახვაში, რეალიზაციასა და გადაზიდვაში. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც აქციზური მარკის სავალდებული დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ორი ათას ლარს. პასუხისმგებლობა ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით მარკირებისათვის ეკისრებათ საქართველოში წარმოებულ აღნიშნული აქციზური საქონლის მწარმოებლებს, ხოლო საქართველოში იმპორტირებული აქციზური საქონლისათვის - იპორტიორებს. ამდენას, აქციზური მარკის სავალდებული დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სპეციალურ ამსრულებელს - მხოლოდ მწარმოებელს, ხოლო ასეთი საქონლის შენახვის, რეალიზაციისა და გადაზიდვისათვის როგორც სპეციალურ სუბიექტს (მწარმოებელს ან იმპორტიორს), ისე ნებისმიერ სხვა პირს.
2019 წლის 27 ივნისის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის N004443019 დასკვნით - ექსპერტიზაზე შესაფასებელად წარმოდგენილი (ს/ს N092210619001 საქმე) ნ---------–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან ამორებული უაქციზო ფილტრიანი სიგარეტის 598 კოლოფის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2019 წლის 25 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 2272.4 ლარს, საიდანაც: ფილტრიანი სიგარეტი ,,The king 3 Nano Charge”-ის ერთი კოლოფის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 3.80 ლარს, შესაბამისად 499 კოლოფის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენდა 1896.2 ლარს; ფილტრიანი სიგარეტი ,,The king 4 Nano Charge”-ის ერთი კოლოფის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 3.80 ლარს, შესაბამისად 80 კოლოფის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენდა 304 ლარს; ფილტრიანი სიგარეტი ,,SENATOR WINEGRAPE“-ის ერთი კოლოფის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 3.80 ლარს, შესაბამისად 19 კოლოფის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენდა 72.2 ლარს.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ნ---------–-----ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, ნ---------–-----ის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ბრალდებულის ნ---------–-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ნ---------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს (გადაუხდელია).
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული:
- უაქციზო სიგარეტები - მიექცეს სახელწიფო საკუთრებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში).
- ა/მანქანა ,,ფ------------------ი“ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით(განთავსებულია ქ. თბილისში, ალექსიძის N2-ში არსებულ ავტოსადგომზე).
- სისხლის სამართლის საქმეზე დართული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---------–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.
ნ---------–-----ს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
2. ნ---------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული:
- უაქციზო სიგარეტები - მიექცეს სახელწიფო საკუთრებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში)
- ა/მანქანა ,,ფ------------------ი“ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (განთავსებულია ქ. თბილისში ალექსიძის N2-ში არსებულ ავტოსადგომზე).
- სისხლის სამართლის საქმეზე დართული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი