გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210118002725612
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/33357-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - ზ------ ჯ--------ე

წარმომადგენელი - შ-----------–------

 

მოპასუხე - მ------ გ--–-–---–ი

წარმომადგენელი - შ--–-- ქ---------, თ----- გ--–-–---–ი

 

მესამე პირი - ი-----–- ჯ--------ე

წარმომადგენელი - შ-----------–------

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს 2014 წლის 02 მაისს ზ------ ჯ--------ესა და მ------ გ--–-–---–ს შორის გაფორმებული #1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ზ------ ჯ--------ე გათავისუფლდეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისგან.

 

1.2. გაუქმდეს ნოტარიუს მ--- ბ------ის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელეს დაკისრებული აქვს 100000 ევროსა და 30 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის გადახდა (იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 154 -172).

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2014 წლის 02 მაისს ზ------ ჯ--------ესა და მ------ გ--–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #1--------, რომლის თანახმად, იპოთეკარს - მ------ გ--–-–---–ს, ზ------ ჯ--------ისთვის სესხად უნდა გადაეცა 100 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 01 იანვარს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ დროისთვის ზ------ ჯ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - ქ.თბილისი, ო---–---–ის ქ. 4-, საკადასტრო კოდით N0---------------. აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, ორივე მხარეს ჰქონდა ვალდებულებები შესასრულებელი, კერძოდ, იპოთეკარი მ------ გ--–-–---–ი ვალდებული იყო სესხის თანხა ზ------ ჯ--------ისთვის გადაეცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო დადგენილ ვადაში დაებრუნებინა სესხის თანხა. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ სესხის თანხის გადაცემა არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, იპოთეკარი მესაკუთრისგან ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მაინც ითხოვს სესხის თანხის დაბრუნებას, რომელიც მსესხებლისთვის არ გადაუცია. ნოტარიუს მ--- ბ------ის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მ------ გ--–-–---–ი ზ------ ჯ--------ისგან ითხოვს 100 000 ევროსა და 30 000 აშშ დოლარის გადახდას. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მოხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ო---–---–ის ქ. 4-, ს/კ N0---------------) იძულებითი წესით რეალიზაცია. მხარის განმარტებით, მან თავისი უძრავი ქონება 2014 წლის 12 აგვისტოს საკუთრებაში გადასცა შვილს - ი-----–- ჯ--------ეს, რომელიც უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგომ მსესხებელს თანხის დაბრუნების ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა, თუ გამსესხებელი მას თანხას გადასცემდა. ვინაიდან თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მხარისთვის უცნობია, თუ რის საფუძველზე არის ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი. იპოთეკარი - მ------ გ--–-–---–ი ითხოვს იმ თანხის დაბრუნებას, რომელიც მას არ გადაუცია. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს არშემდგარი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი. მხარემ ასევე მიუთითა, რომ კრედიტორმა სააღსრულებო ბიუროს მხოლოდ 2018 წელს მიმართა ეს მაშინ, როცა 2017 წლის მაისში უკვე გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი, ამასთან, თუ გამსესხებელმა მსესხებელს სარგებლის გარეშე გადასცა თანხა და მას 2016 წლის იანვარში უნდა დაებრუნებინა იგი, შესაბამისად, მისთვის გაურკვეველია რატომ მიმართა გამსესხებელმა ნოტარიუსს მხოლოდ 2017 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, მისი მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა გაუქმდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რითაც მას ვალდებულება აქვს დაკისრებული მოპასუხის სასარგებლოდ (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის ნადვილად დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოვალეს ანუ მოსარჩელეს ნამდვილად გადასცა სესხის სახით 100 000 ევრო და 30000 აშშ დოლარის ოდენობით. მოვალე ვალდებული იყო თანხა დაებრუნებინა 2016 წლის 01 იანვრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ------ ჯ--------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს, როგორც მოვალეს, არ შეუსრულებია ვალდებულება. სიმართლეს არის მოკლებული მოსარჩელის განმარტება, თითქოსდა მოპასუხეს მისთვის თანხა არ გადაუცია, რადგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელემ მიიღო, ხოლო მოპასუხემ ანუ გამსესხებელმა მას ასესხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული თანხა. თუ მოსარჩელეს თანხა არ ჰქონდა მიღებული მოპასუხისგან, მაშინ რატომ გატარდა საჯარო რეესტრში აღნიშნული ხელშეკრულება და რატომ არ მოითხოვა ხელშეკრულების გაუქმება სანოტარო ბიუროში. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ თანხასთან დაკავშირებით ხელწერილიც კი დაწერა ზ------ ჯ--------ემ მ------ გ--–-–---–ის მამასთან, სადაც სხვა თანხებთან ერთად, სადავო თანხაც არის მითითებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მ------ გ--–-–---–ის მიერ მოსარჩელეზე თანხის გადაცემას სანოტარო ხელშეკრულების დადებისთანავე, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი, ამასთან მიუთითა ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე, მოვალეს ანუ მოსარჩელეს სწორედ ამ სამ წლიან ვადაში არ გაუხდია სადავო მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობა და მისგან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების არსებობა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ იმის გათვალსიწინებით, რომ რამდენიმე წელია გასული აღნიშნული ხელშეკრულების დადებიდან, გარკვეულ ქვითრებს ვერ პოულობს, თუმცა თანხის ნაწილი მისი დის - ნ---- გ--–-–---–ის ანგარიშიდან იყო გამოტანილი და მოგვიანებით მოსარჩელეზე სესხის სახით გადაცემული. სწორედ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ სადავო თანხა რეალურად არსებობდა და გადაცემულია მოსარჩელეზე. მოგვიანებით მოსარჩელის მიწრ მოპასუხის მამის წინაშე დაწერილი ხელწერილი და აღიარებული ვალდებულება კი უნდა მივიჩნიოთ გამსესხებლის წინაშე აღაირებად და იმ ფაქტის დადასტურებად, რომ მოსარჩელეზე ნამდვილად არის გადაცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მესამე პირის პოზიცია:

 

საქმეში მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ი-----–- ჯ--------ე დაეთანხმება მოსარჩელე მხარეს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 02 მაისს ზ------ ჯ--------ესა და მ------ გ--–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #1--------, რომლის საფუძველზე მ------ გ--–-–---–მა, როგორც იპოთეკარმა, ზ------ ჯ--------ეს, როგორც მესაკუთრეს, ასესხა 100000 ევრო და 30000 აშშ დოლარი.

 

სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 01 იანვრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ დროისთვის ზ------ ჯ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - ქ.თბილისი, ო---–---–ის ქ. 4-, საკადასტრო კოდით N0---------------.

 

აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, ორივე მხარეს ჰქონდა ვალდებულებები შესასრულებელი, იპოთეკარი მ------ გ--–-–---–ი ვალდებული იყო სესხის თანხა მსესხებლისთვის ზ------ ჯ--------ისთვის გადაეცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე; ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო დადგენილ ვადაში დაებრუნებინა სესხის თანხა.

 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ იპოთეკარს შეეძლო ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს მოეთხოვა მესაკუთრისგან თანხის დაბრუნება, ხოლო მესაკუთრეს იპოთეკარის მოთხოვნიდან არაუმეტეს ოცდაათი კალენდარული დღის ვადაში დაებრუნებინა მოთხოვნილი თანხა.

 

იპოთეკით დატვირთული იპოთეკის საგანი რჩებოდა მესაკუთრის სარგებლობაში.

 

ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიეღო დაკმაყოფილება იპოთეკის საგნიდან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-25)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. ნოტარიუს მ--- ბ------ის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაიცა #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო ვალდებულების შესრულების დრო კი - 2016 წლის 01 იანვარი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა 100 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124.36 ლარი.

 

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ო---–---–ის ქ. N 4-, საკადასტრო კოდით N0---------------.) რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 26-28)

- აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 29-32)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, ო---–---–ის ქუჩა N4--ში ს/კ 0--------------- საკუთრების უფლებით ამჟამად ირიცხება ი-----–- ჯ--------ის სახელზე.

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 12/08/2014 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 34-35)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.4. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე ზ------ ჯ--------ე არის ამჟამინდელი იპოთეკის საგნის მესაკუთრის - ი-----–- ჯ--------ის მამა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.5. 2014 წლის 23 აპრილის სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, ნ---- გ--–-–---–ის მიერ ბანკიდან გატანილი იქნა 72000 ევრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 23 აპრილის სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 106)

 

3.1.6. მოსარჩელის მიერ ხელმოწერილია შემდეგი შინაარსის 2018 წლის 08 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი:

 

„მე ზ------ ჯ--------ე (პ/ნ N0----------) მცხოვრები ქ.თბილისში, ო---–---–ის ქ.N4-, ვიღებ ვალდებულებას, რომ 2018 წლის 1 ივნისისთვის გადავიხდი ჩემზე არსებულ ვალს 157,000 (ასორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ევროს და 86,000 (ოთხმოცდაექვსი ათასი) აშშ დოლარს. წინააღმდეგ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთულ ბინას და შპს „ვ----------–--------ის“ აქციების 2% გადავცემ საკუთრებაში ბატონ თ----- გ--–-–---–ს (პ/ნ N1----------). რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 08 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი (ს.ფ. 110-111)

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ გ--–-–---–ის მიერ ზ------ ჯ--------ეზე არ მომხდარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაცემა.

 

საქმეზე არსებული 2014 წლის 02 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, მ------ გ--–-–---–ს ზ------ ჯ--------ისთვის სესხის სახით 2016 წლის 01 იანვრამდე პერიოდით უნდა გადაეცა 100 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, „იპოთეკარი ვალდებულია მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე“.

 

აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ არც ხელშეკრულების დადებამდე და არც ხელშეკრულების დადების დროს მ------ გ--–-–---–ს ზ------ ჯ--------ეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად ან ნაწილობრივ გადაცემული არ აქვს. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ნამდვილად გადაეცა მოსარჩელეს, გადატანილი იყო მოპასუხეზე ანუ იპოთეკარზე, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

რაც შეეხება ამავე ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერს „ასესხა“, რასაც უთითებდა მოპასუხე მხარის წარმომადგენელი, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ტერმინი არ ადასტურებს თანხის გადაცემას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სესხისა და იპოთეკის სადავო ხელშეკრულების პირველივე გვერდზე არსებული შინაარსი ერთიანად უნდა იქნეს წაკითხული და აღქმული და არა ცალკე აღებული სიტვითა და ამ სიტყვის მნიშვნელობით იქნეს დადგენილი თანხის გადაცემა-არ გადაცემის ფაქტი, კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულია შემდეგი:

 

„ორიათასთოთხმეტი წლის ორ მაისს, მ------ გ--–-–---–მა (მითითებულია პერსონალური და დემოგრაფიული მონაცემები), რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში წოდებულია, როგორც „იპოთეკარი“, ზ------ ჯ--------ემ (მითითებულია პერსონალური და დემოგრაფიული მონაცემები), რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში წოდებულია, როგორც „მესაკუთრე“ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხა ასიათასი (100000) ევრო (1X2,4564) და ოცდაათიათასი (30000) აშშ დოლარი (1X1,7700) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართვეოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად სრულად შეადგენს ორას ოთხმოცდა თვრამეტიათას შვიდას ორმოც (298740) ლარს და 00 თეთრს. იპოთეკარი ვალდებულია მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე“.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონტექსტში სიტყვა „ასესხა“ არ უნდა იქნეს მიჩნეული იმ ფაქტად, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელეს უკვე გადაცემული ჰქონდა თანხა. ასეთ ფაქტს ადგილი, რომ არ ჰქონია ცალსახად დასტურდება მომდევნო წინადადებით, სადაც პირდაპირ არის მითითება იმის თაობაზე, რომ სესხის თანხა სანოტარო წესით დამოწმებისთანავე უნდა გადაცემულიყო. ამდენად, თუკი თანხა უკვე გადაცემული იყო, ხელშეკრულებაში ასეთ დათქმა არ ჩაიწერებოდა და არც მხარეები მოაწერდნენ ხელს.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხის დის - ნ---- გ--–-–---–ის ანგარიშიდან მოხსნილია 72 000 ევრო, რომელიც არის იმ თანხის ნაწილი, რაც გადაეცა ზ------ ჯ--------ეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ---- გ--–-–---–ი არსად ფიგურირებს და მისი ანგარიშიდან თანხის გატანას სადავო გარემოებებთან კავშირი არ აქვს. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დგინდება მითითებული ოდენობის თანხის მოპასუხეზე ან/და მოსარჩელეზე გადაცემის ან/და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტი, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ სწორედ საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ადასტურებს ზ------ ჯ--------ისთვის სესხის თანხის გადაცემას.

 

4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხის წინაშე ვალის არსებობის აღიარება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით, ზ------ ჯ--------ე მ------ გ--–-–---–ის მამის - თ----- გ--–-–---–ის და არა უშუალოდ მ------ გ--–-–---–ის წინაშე აღიარებდა 157000 ევროსა და 86000 აშშ დოლარის არსებობის ფაქტს და მისი დაფარვის ვადად უთითებდა 2018 წლის 01 ივნისს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ზ------ ჯ--------ე და მ------ გ--–-–---–ი, ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას შეადგენდა 100000 ევრო და 30000 აშშ დოლარი და არა ხელწერილში მითითებული თანხების ოდენობა, ასევე წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ თ----- გ--–-–---–ი, როგორც მ------ გ--–-–---–ის წარმომადგენელი იყო სწორედ ამ ხელწერილის დადების დროს (და არა ზოგადად მასზე გაცემული იყო მინდობილობა) და სწორედ მ------ გ--–-–---–თან (და არა თ----- გ--–-–---–თან) მოხდა ვალის აღიარება, შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხის წინაშე ვალის არსებობის აღიარება.

 

4.3. რაც შეეხება 2014 წლის 04 ნოემბრით დათარიღებულ ხელწერილს, სადაც მითითებულია, რომ ზ------ ჯ--------ემ თ----- გ--–-–---–ისაგან ისესხა 25000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი 2016 წლის 1 იანვრამდე ვადით, იმის გათვალისწინებით, რომ თავად მოპასუხე მხარის განმარტებით, აღნიშნული ხელწერილი არ შეეხება მოცემულ სამოქალაქო დავას, სასამართლო არ შეაფასებს მას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ზ------ ჯ--------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 286-ე, 316-ე, 361-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით,1. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

2. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2014 წლის 02 მაისს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეუის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის კონკრეტულად განისაზღვრა ის უფლებები და ვალდებლებები, რაც მოცემული ხელშეკრულებით იქნა დადგენილი, კერძოდ, მ------ გ--–-–---–ს, როგორც იპოთეკარს, მესაკუთრისათვის ანუ ზ------ ჯ--------ესთვის სესხის სახით 2016 წლის 01 იანვრამდე ვადით უნდა გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო ზ------ ჯ--------ეს კი შეთანხმებულ დროს უნდა დაებრუნებინა იგი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ნამდვილად გადასცა სესხის თანხა, გადატანილი იყო მოპასუხე მხარეზე ანუ გამსესხებელზე (იხ. საქმე Nას-1067-1026-2016), რომლემაც ვერ დაადასტურა აღნიშნული სადავო გარემოება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა ის ფაქტი, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის ხელშეკრულების შესაბამისად არ გადაუცია სესხის თანხა, შესაბამისად, არც მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება მის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სესხის ხელშეკრულების მთავარ პირობას წარმოადგენს მსესხებლისთვის თანხის გადაცემა, რაც მოცემულ შემთხვევაში გამსესხებლის მიერ არ განხორციელებულა, რაც ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ამდენად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგომ მსესხებელს თანხის დაბრუნების ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა, თუ გამსესხებელი მას თანხას გადასცემდა. ვინაიდან თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთოდ არც წარმოშობილა. სააღსრულებო ფურცელი შეიძლება ამოიწეროს მხოლოდ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს როგორ მოვალეს, არ დაურღვევია სახელშეკრულებო დათქმები, შესაბამისად, გაცემული სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუქმდეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი შეიძლება ვერ განხორციელდეს მოვალის ნების გამო. ანუ, უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

განსახილველ შემთხვევაში 2014 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 30 მაისს მ------ გ--–-–---–ის მიმართვის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რითაც ზ------ ჯ--------ის მიმართ აღსასრულებლი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა 100 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124,36 ლარის ოდენობით. აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 22 ოქტომბერს გაცემული იქნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. რაც შეეხება სარჩელს, ზ------ ჯ--------ის მიერ მოცემული სარჩელი წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 16 ნოემბერს, რა დროსაც სადავო გახდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის სასამართლოში შეტანით მხარემ მოახდინა თავისი უფლებების რეალიზაცია და შეწყვიტა ხანდაზმულობის ვადის დენა. ხანდაზმულობის ვადის ათვლა კი უნდა განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებლის მიერ აღსრულების შეტყობინების მომენტიდან ანუ იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელემ შეიტყო, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიმართ უნდა დაწყებულიყო აღსრულება. კერძოდ, აღმასრულებლის წინადადება დათარიღებულია 2018 წლის 22 ოქტომბრით, ხოლო მოცემული სარჩელი კი სასამართლოს წარმოებაში მიღებული აქვს 2018 წლის 16 ნოემბერს. ამასთან, მითითებულ შუალედში მოსარჩელემ რამდენჯერმე მომართა სასამართლოს, რა დროსაც მას წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი.

 

და ბოლოს, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნების მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი. პირიქით, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნების მიმართ ნამდვილად გააჩნია იურიდიული ინტერესი, რადგან მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი გათავისუფლდება ვალდებულების შესრულებისაგან, რომელიც არც კი წარმოშობილა.

 

ამდენად, განსახილველი სარჩელი, რომლის მიმართ მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, არ არის ხანდაზმული და იგი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულად, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხეს კი მოსარჩელის სასარგებლოდ მითითებული ხარჯების ანაზღაურება უნდა დაეკისროს. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივრის წარდგენის დროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება ნოტარიუს მ--- ბ------ის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზ------ ჯ--------ის სარჩელი მოპასუხე მ------ გ--–-–---–ის მიმართ - დაკმაყოფილდეს სრულად.

1.1. გაუქმდეს 2014 წლის 02 მაისს ზ------ ჯ--------ესა და მ------ გ--–-–---–ს შორის გაფორმებული #1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ზ------ ჯ--------ე გათავისუფლდეს აღიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისგან.

 

1.2. გაუქმდეს ნოტარიუს მ--- ბ------ის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელეს დაკისრებული აქვს 100 000 ევროსა და 30 000 დოლარის, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124,36 ლარის ოდენობით გადახდა.

 

2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 09 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში გადახდილი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. მოპასუხე მ------ გ--–-–---–ს მოსარჩელის ზ------ ჯ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე მხარის მიერ 2018 წლის 07 დეკემბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება ნოტარიუს მ--- ბ------ის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე