გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
140210018002281279
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002281279

საქმე №2/162-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე

 

მოსარჩელე - ნ-----–---------–ი

წარმომადგენელი - მ--------------ე

მოპასუხეები - დ--–---------ე, ა-----------–---–ი

წარმომადგენელი - ვ-----------------ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს დ--–---------ესა და ა-----------–---–ს მოსარჩელე ნ-----–---------–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11250 აშშ დოლარისა და 26320 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის იანვრიდან დ--–---------ემ, რომელიც არის მისი დეიდიაშვილი, და ა-----------–---–მა მისგან სესხის სახით წაიღეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანხები, რომლებიც იყო სარგებლიანი, კერძოდ: ჯამში დ--–---------ესა და ა-----------–---–ს სესხის სახით მიღებული აქვთ 11250 აშშ დოლარი და 26320 ლარი. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეებმა 2015 წლის 21 მარტს დაწერეს ხელწერილი. ვინაიდან, მოპასუხეთა მიერ მოცემული თანხები არ იქნა გადახდილი, მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა დ--–---------ემ და ა-----------–---–მა სარჩელი არ ცნეს. მოპასუხის განმარტებით, სახეზეა ამორალური გარიგება სესხის ხელშეკრულების სახით, 1991 წლის 25 იანვარს დ--–--------ე (დ------–---–ი) შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორში, გ-------------------–-----------------------------------6, რომელიც საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 2009 წლის 15 ოქტომბერს. ნ-----–---------–მა დიდი ზეწოლის შედეგად, იძულებული გახადა გაეყიდა აღნიშნული საცხოვრებელი ბინა 28000 ლარად, ხოლო შემდეგ მეუღლის სახელზე რიცხული სოფლის სახლი, მდებარე გორის რაიონ,--------–--------––- 1000 აშშ დოლარად. მოპასუხეთა განმარტებით, მათ სრულად აქვს დაფარული სესხი და ნ-----–---------–ი მისგან ითხოვს მის მიერ უკვე გადახდილი თანხების ხელმეორედ გადახდას, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 31 მარტით დათარიღებული ხელწერილით დადგენილია, რომ მოპასუხეებს დ--–---------ესა და ა-----------–---–ს მოსარჩელე ნ-----–---------–ისგან მიღებული სესხიდან გამომდინარე გადასახდელი აქვთ 11250 აშშ დოლარი და 26320 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 21 მარტის ხელწერილი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ-----–---------–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-317-ე, 361-ე, მე-400, 623-ე, 624-ე, მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

მოსარჩელემ მოპასუხეთათვის თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა ხელშეკრულება და მოპასუხე მხარემ დაარღვია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მათ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ვალის არსებობის აღიარება არის ახალი დამოუკიდებელი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი. ერთ-ერთი მხარის მიერ ვალის არსებობის აღიარება თვითონვე ხდება ახალი მოთხოვნის საფუძველი, რაც მეორე მხარეს უფლებას აძლევს მოითხოვოს აღიარებულის შესრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება სესხზე, რომლის არსებობაც მოპასუხეებმა დ--–---------ემ და ა-----------–---–მა აღიარეს ხელწერილით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ შესრულებულა.

 

აღნიშნულ აღიარებასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განმარტა, რომ მოპასუხეთა მიერ ვალის აღიარების ხელწერილში მითითებული თანხები მოსარჩელე ნ-----–---------–ისთვის გადახდილი აქვთ და იგი მოცემულ თანხებს მოპასუხეებისაგან ითხოვს ხელმეორედ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ე.ი. გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია ამ გარიგების ყველა მხარის მიერ ნების გამოვლენა, განსახილველ შემთხვევაში კი ზემოთ მითითებული შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ ნ-----–---------–ი, დ--–---------ე და ა-----------–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოთ დასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეების დ--–---------ისა და ა-----------–---–ის ვალდებულების არსებობის შესახებ წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება მოპასუხეთა მხრიდან ვალის აღიარების შესახებ.

 

რაც შეეხება მოპასუხეთა პოზიციას, რომ სახეზეა ამორალური გარიგება სესხის ხელშეკრულების სახით და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მსჯელობას ვერ იქონიებს და ვერ მიუთითებს სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად, რამეთუ იგი სცილდება განსახილველი დავის საგნის ფარგლებს.

 

სასამართლო მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს დ--–---------ესა და ა-----------–---–ს მოსარჩელე ნ-----–---------–ის მიმართ გააჩნიათ თანხის დაბრუნების ვალდებულება, შესაბამისად სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი წინამძღვრები და იგი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და საელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხეებს დ--–---------ესა და ა-----------–---–ს მოსარჩელე ნ-----–---------–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარისა და 26320 (ოცდაექვსი ათას სამას ოცი) ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხეებს დ--–---------ესა და ა-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 1710 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

 

4. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე