განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100119003140294
N1/382-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22.08.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი კრავეიშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - მანანა ადეიშვილი
ბრალდებული - პ----- გ------ის ძე მ----–---, დაბადებული 1--- წლის 1- მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–-----ს რაიონი, სოფელი მ-------ი.
კვალიფიკაცია
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ პ----- მ----–---მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, პ----- მ----–---, მისი მართვის ქვეშ მყოფი, მუქი ლურჯი ფერის, „ო---–---------“ მარკის, მსუბუქი ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით „T--------“), კასპის რაიონის სოფელ ოკამთან გამავალი ცენტრალური ავტომაგისტრალის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 51-ე კილომეტრზე მოძრაობისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა მისი მგზავრის - ნ---- ლ-----ას კუთვნილ, ,,ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 130 (ას ოცადაათ) ლარად. აღნიშნულის შემდეგ, პ----- მ----–---მ ნ---- ლ-----ა გადმოაგდო ავტომანქანიდან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პ----- მ----–--ის ქმედებით ნ---- ლ-----ას მიადგა 130 (ას ოცადაათი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის პ----- მ----–--- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პ----- მ----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - თ---------- ჭ----–-–---–ის, ი----ა ქ------–---–--, ო------------–-–---–----------------------------------–-------------------------–-–---–-ს, ნ---- ლ-----ას და პ----- მ----–--ის გამოკითხვის ოქმები, დათვალიერების ოქმები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, პიროვნების ამოცნობის ოქმი, მობილური ტელეფონის ამოცნობის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.
პ----- მ----–---მ წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია პ----- მ----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია პ----- მ----–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პ----- მ----–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო პ----- მ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. მან ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.
რაც შეეხება პ----- მ----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ პ----- მ----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის, განზრახ დანაშაულთა რიგს, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ საკუთრების ხელშეუვალ უფლებას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა თავისი ქცევით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ და სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. პ----- მ----–--- სისტემატურად ცხადდებოდა სასამართლოში, მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: პ----- მ----–--- არის 46 წლის, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია პირველად, დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, ხასიათდება დადებითად, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად პ----- მ----–--ის საზოგადოებისაგან იზოლირება არ იქნება სამართლიანი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების და სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, პ----- მ----–--ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პ----- მ----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5800 (ხუთი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 22 ივნისიდან 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით), უნდა შეუმცირდეს 1800 (ათას რვაასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლოს აზრით, სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ პ----- მ----–--ის ტანსაცმელი და მისი კუთვნილი „ო---– ა-----ას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით „T--------“, უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - პ----- მ----–---ს; „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და აღნიშნული ტელეფონის ყუთი, ნ---- ლ-----ას ტანსაცმელი, გასაღები ყვითელი საკიდით და თვლებით გაწყობილი თმის სამაგრი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დაზარალებულ ნ---- ლ-----ას; მიკრონაწილაკის ნიმუში უნდა განადგურდეს; ორი ცალი დვდ დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 42-ე და 62-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და
დაადგინა
1. პ----- მ----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5800 (ხუთი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პ----- მ----–---ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 22 ივნისიდან 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით), შეუმცირდეს 1800 (ათას რვაასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
2. პ----- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· პ----- მ----–--ის ტანსაცმელი და მისი კუთვნილი „ო---– ა-----ას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით „T--------“, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - პ----- მ----–---ს;
· „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და აღნიშნული ტელეფონის ყუთი, ნ---- ლ-----ას ტანსაცმელი, გასაღები ყვითელი საკიდით და თვლებით გაწყობილი თმის სამაგრი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დაზარალებულ ნ---- ლ-----ას;
· მიკრონაწილაკის ნიმუში განადგურდეს;
· ორი ცალი დვდ დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე