გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.08.2019
საქმის ნომერი
110311219003118476
კატეგორია
დავის ტიპი
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110311219003118476

№3/77-2019წელი

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე

 

26 აგვისტო 2019 წელი ქ. ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ზურაბ ფოცხვერაშვილი

 

შუამდგომლობის აღმძვრელი: - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენლები - ანა ჭაჭიაშვილი;

მოვალე: შპს ,,თენიკა“;

მოთხოვნის არსი: ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.

 

სასამართლომ განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2019 წლის 26 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შუამდგომლობით მომართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის შპს ,,თენიკას“ ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტი წარმოდგენილ შუამდგომლობას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: შპს ,,თენიკა“ აღრიცხულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 430037505 (იურიდიული მისამართი - ზესტაფონი, სოფელი ქვედა საზანო). გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება 25094,42 ლარის ოდენობით, მათ შორის ძირითადი 22615.17 ლარი, საურავი 2479,5 ლარი. გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოს წინაშე დავალიანება წარმოეშვა მის მიერვე წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე. დავალიანების დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო შპს ,,თენიკას“ ქონებას შემოსავლების სამსახურის 03.05.2019 წლის N021-415 ბრძანების საფუძველზე დაედო ყადაღა, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. აღნიშნული ბრძანება შპს ,,თენიკას ჩაბარდა ელექტრონულად 2019 წლის 15 მაისს, რომელიც არ გასაჩივრებულა.

 

03.05.2019 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ შედგა ქონების დაყადაღების აქტი, რომლითაც ყადაღა დაედო - შპს ,,თენიკას'' ქონებებს: 1. ცემენტი MC22.5 50 კგ-იანი შეკვრა; 2. ქვიშა, 3. პლ.პლინტუსი ყავისფერი 4. პლ ფიტინდი; 5.გათბობის ქვაბი,6. გათბობის ქვაბის საკვამური მუხლით; 7.გათბობის პატარეა, 8. საშრობი; 9.პლ. მილი 25 X4. 2X2.5 , 10. პლ. მილი 40 X 4.2. X2.5.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს გადასახადის გადამხდელის შპს ,,თენიკას'' ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გაცემას არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხდებულმა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ანა ჭაჭიაშვილმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა შპს ,,თენიკას'' კუთვნილი დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემა.

 

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,თენიკას“ წარმომადგენელი, რომელიც გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით. შპს ,,თენიკას'' წარმომადგენელს არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სასამართლომ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: შპს ,,თენიკას'' აღრიცხულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი - 430037505 (იურიდიული მისამართი - ზესტაფონი, სოფელი ქვედა საზანო). გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება 25094,42 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო მის მოძრავ ქონებას და წარმოდგენილია შუამდგომლობა მისი რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ განიხილა რა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, საქმეში არსებული მასალები, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დადგენილი წესითა და პირობებით დროულად გადაიხადოს კუთვნილი გადასახადები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

 

ამავე კოდექსის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის, აგრეთვე გადასახადის მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადა დგინდება თითოეული გადასახადის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, მისი გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო სხვა შემთხვევაში – საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება საგადასახადო დავალიანება 25094.42 ლარის ოდენობით, რაც მის მიერ აღიარებულია. კერძოდ, აღნიშნული დავალიანება მას წარმოეშვა წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, რაც ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს და არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, აღნიშნული თანხები ითვლება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად, რომლის გადახდევინების მიზნით შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გაატაროს სათანადო უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

დადგენილია, რომ კუთვნილი გადასახადების დროულად გადაუხდელობის გამო, გადასახადის გადამხდელის ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით, თუმცა მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა დავალიანება არ იქნა დაფარული.

 

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 03.05.2019 წლის №021-415 ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს ,,თენიკას'' ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს), რაც ჩაბარდა შპს ,,თენიკას'' 2019 წლის 15 მაისს. იმავე დღეს ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას და შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი გადაიგზავნა და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რითაც ქონების დაყადაღების პროცესი დასრულდა.

 

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების საექსპერტო დასკვნის თანახმად, დაყადაღებული ქონების ღირებულება შემდეგს შეადგენს: 1. ცემენტი MC22.5 50 კგ-იანი შეკვრა 6 ცალი -მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 72 ლარს; 2. ქვიშა-კუბ.მ,1.5. საბაზრო ღირებულება 52.50 ლარი; 3. პლასტმაისი პლინტუსი ყავისფერი 2.7 მ -20 ცალი, მთლიანი საბაზრო ღირებულება 70 ლარი. 4. პლ. ფიტინდი 50 ცალი, -საბაზრო ღირებულება 20 ლარი. 5. 1 ცალი გათბობის ქვაბი-მთლიანი საბაზრო ღირებულება 1300 ლარი; 6. 1 ცალი გათბობის ქვაბის საკვამური მუხლით- საბაზრო ღირებულება 50 ლარი; 7. 10 ცალი გათბობის ბატარეა -1200 ლარი; 8. საშრობი -90 ლარი; 9. 1 ცალი პლ. მილი 0. 25 X4. 2X025 მეტრი-ღირებულება 1 ლარი; 10. 5 ცალი პლ. მილი 0.40 X 4.2. X0,025- ღირებულება 100 ლარი, ჯამში 2955.50 ლარი.

 

ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიმართ განხორციელებული მოქმედებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა დასაბუთებულია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-12, 2121-2123-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნეს გადასახადის გადამხდელის შპს ,,თენიკას“ (ს.ნ 430037505, იურიდიული მისამართი - ზესტაფონი, სოფელი ქვედა საზანო) ყადაღადადებული ქონება არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების და რეალიზაციის დროისათვის მასზე დარიცხული საურავების ფარგლებში.

 

3. ბრძანების შესრულება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

 

4. მოსამართლის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

5. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

 

6. მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ასლის გადაცემიდან 48 საათში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №7) .

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე