გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.06.2019
საქმის ნომერი
030310519002902036
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310519002902036

№ 3/33-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2019 წელი ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე შ----- წ----–-----

წარმომადგენელი მ--- ჩ-------

მოპასუხე ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენლები: ა------ ვ-------, მ------ რ------, ჯ------ ბ------

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 თებერვლის N1 განკარგულება.

 

1.2. დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სარჩელის არსი:

 

მოსარჩელე 1993 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ--------ში, ის არის დევნილი და მას შემდეგ ჩასახლებულია სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დევნილთა საერთო საცხოვრებელში. 1994 წლიდან დაუფლებულია 1808.05 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით აქვს განაშენიანებული, განთავსებულია სასიმინდე ნალია და არის საცხოვრებელი სახლის საძირკველი, რომელზედაც ვერ მოახერხა საცხოვრებელი სახლის აშენება. თვითნებურად დაუფლებული მიწის ნაკვეთის უკან, ისე, რომ დღეის მდგომარეობით ერთ მთლიანობად არის მოსარჩელის საკუთრებები მოცემული, 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებით მოსარჩელეს გადაეცა სოფელ ნ--------ში, მიწის უძრავი ქონების საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა დაზუსტებული ფართობი 2583.53 კვ.მ, რომლის საკადასტრო კოდია 4-----------. 2018 წელს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შ----- წ----–-----მ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 4725.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. მოსარჩელემ საჯარო რეესტრში წარადგინა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი, რითაც დასტურდება ამ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების აღიარების მართებულობა. ეს დოკუმენტებია: 1) 1999 წელს გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და 2) 2012 წელს გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები გადააგზავნა ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. კომისიამ 2019 წლის 06 თებერვლის განკარგულებით უარი უთხრა შ----- წ----–-----ს საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს (მიმდებარეს) არ წარმოადგენს, არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან სადავო მიწის ნაკვეთი შეიძინა და გადაიხადა შესაბამისი თანხა, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები არ დაეთანხმნენ მოსარჩელის პოზიციას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე და განმარტეს, რომ ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 თებერვლის N1 განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 თებერვლის N1 განკარგულების შესაბამისად, კომისიამ გამოარკვია, რომ შ----- წ----–-----ს მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს (მიმდებარეს) არ წარმოადგენს, არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). შ----- წ----–-----ს მიერ წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით წინააღმდეგობაშია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტთან და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შ----- წ----–-----ს განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

3.2.2. 1999 წლის 16 მაისის საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ--------ში მდებარე 2583.53 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია შ----- წ----–-----.

 

3.2.3. 2012 წლის 18 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ--------ში მდებარე 1808.05 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია შ----- წ----–-----.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შ----- წ----–-----ს სასარჩელო მოთხოვნა ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 თებერვლის N1 განკარგულების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა უპირველესად გამჭვირვალე პროცესითა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. იმისათვის, რომ შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, უნდა არსებობდეს პროცესის შემოწმების შესაძლებლობაც. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი კი სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას _ მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ _ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების/მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის.

 

სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე უზრუნველყოფს დარღვეული უფლების აღდგენას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოქცევას, ეფექტური დაცვის რეალიზაციას და ა.შ. სახელმწიფო გარანტირებული უნდა იყოს ადმინისტრაციული აქტების კონტროლით, სრულად ემორჩილებოდეს კანონს და იმავდროულად, უზრუნველყოფდეს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას. გათვალისწინებულია რა საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირებს შორის არსებულ უფლებამოსილებათა დისბალანსი, შესაბამისად, ეს ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირების დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით.

 

მოსარჩელემ სადავოდ გახადა ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 თებერვლის N1 განკარგულება და მისი ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად უნდა შემოწმდეს მისი დასაშვებობა, ფორმალური კანონიერება და მატერიალური კანონიერება.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა.

 

ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.

 

ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

დაინტერესებული ფიზიკური პირის შ----- წ----–-----ს განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მონაწილეობის უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ცალკეული დარგის ექსპერტებს/სპეციალისტებს ან/და სხვა მოწვეულ პირებს. ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

ფიზიკური პირის შ----- წ----–-----ს დაინტერესებაში მყოფ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებლის წარმომადგენელს გაეგზავნა შეტყობინება.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007 წ.) ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობის ან მის გარეშე) რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და საკუთრების უფლების აღიარების მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

 

1999 წლის 16 მაისის საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ--------ში მდებარე 2583.53 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია შ----- წ----–-----.

 

2012 წლის 18 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ--------ში მდებარე 1808.05 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია შ----- წ----–-----.

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 თებერვლის N1 განკარგულების შესაბამისად, კომისიამ გამოარკვია, რომ შ----- წ----–-----ს მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს (მიმდებარეს) არ წარმოადგენს, არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). შ----- წ----–-----ს მიერ წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით წინააღმდეგობაშია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტთან და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელებული ქმედებები შეესაბამებოდა საქართველოს ზემოაღნიშნულ კანონმდებლობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა არსებითი გარემოება, დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, შეაჯერა ზემოთ მითითებულ მოქმედ კანონმდებლობასთან, გამოავლინა კანონშეუსაბამობები და მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების (ბათილად ცნობის) სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ----- წ----–-----ს სასარჩელო მოთხოვნა ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 თებერვლის N1 განკარგულების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ----- წ----–-----ს სასარჩელო მოთხოვნა ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 06 თებერვლის N1 განკარგულების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასმართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე