განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2019
საქმის ნომერი
330100119003014992
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2391-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ გ-------– ნ-–------ის

ბრალდებულ _ მ------- ჭ----–--ის

ადვოკატ _ დ----- დ------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ მ------- ე-–------ს ძე ჭ----–--ის, დაბადებულის 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №5----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ჭ----------------------------–-------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------- ჭ----–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მ------- ჭ----–--ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლიდან დაკავებამდე მ------- ჭ----–--ე ყოფილ მეუღლეს - ე---------- მ---------ეს ეჭვიანობის ნიადაგზე აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას და არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას, რამაც საბოლოოდ ე---------- მ---------ის ტანჯვა გამოიწვია.

ე.ი. მ------- ჭ----–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2019 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 6 მაისის ჩათვლით მ------- ჭ----–--ე ყოფილ მეუღლეს - ე---------- მ---------ეს ტელეფონის გამოყენებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ე.ი. მ------- ჭ----–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2019 წლის 16 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--- თანამშრომლის მიერ მ------- ჭ----–--ის მიმართ გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მას 30 დღის ვადით აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ე---------- მ---------ესთან მიახლოება, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება და ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

მიუხედავად აღნიშნულისა, მ------- ჭ----–--ე 2019 წლის 28, 29 და 30 აპრილს, ასევე, 2019 წლის 1,2,3,5 და 6 მაისს მობილური ტელეფონის ნომრიდან დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - ე---------- მ---------ეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ე.ი. მ------- ჭ----–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა მ------- ჭ----–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: №------ შემაკავებელ ორდერს, დათვალიერების ოქმებს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნას, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ------- ჭ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, მ------- ჭ----–--ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები ატარებდა არაერთჯერად ხასიათს და ამასთან, თითოეული მათგანი განხორციელებულია შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, რაც მიუთითებს მ------- ჭ----–--ის არაკანონმორჩილებაზე, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მას აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, იგი ინტენსიურად უკავშირდებოდა ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულს, რა დროსაც აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც მსხვერპლში იწვევდა მუდმივ შიშსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.

ამასთან, დანაშაულის რეციდივის რისკთან მიმართებით სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ უკვე მიღებული სამართლებრივი ზომები შემაკავებელი ეფექტის მქონე არ აღმოჩნდა და მან დაარღვია 2019 წლის 16 აპრილს გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, ხოლო მოვალეობების დარღვევის ხასიათი გამოიხატა არაერთგზის განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება მის მიმართ უპირობოდ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი. „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად, ასეთ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი დამოკიდებულების განგრძობადი ხასიათი. შესაბამისად, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანდა მხოლოდ პირობითი მსჯავრის დანიშვნით, ბრალდებულის პიროვნების და დანაშაულის რეციდივის რისკის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მსგავსი ტიპის დანაშაულებში, კერძოდ, საქმეზე „ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ (Halime Kilic v. Turkey, განაცხადი №63034/11, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მისი მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა ის პირი და შედეგად მან თავისი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მ------- ჭ----–--ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს, რაც გამოხატული არ ყოფილა ფიზიკური ხასიათის დაუნდობელ ძალადობაში, არ არის ნასამართლევი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც მატერიალურად უზრუნველყოფდა (დაკავებამდე მუშაობდა საცხობში), მისი განმარტებით, აღარ აპირებს დაზარალებულთან შერიგების მცდელობის გაგრძელებას და მხოლოდ საერთო შვილების ინტერესებიდან გამომდინარე აპირებს ურთიერთობის გაგრძელებას, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------- ჭ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. მ------- ჭ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

3. მ------- ჭ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------- ჭ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

5. მ------- ჭ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 7 მაისიდან.

6. მსჯავრდებულ მ------- ჭ----–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ------- ჭ----–--ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი