გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 060210019003094780
საქმე N2/461-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აგვისტო, 2019 წ ქ.სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე როინ კახიძე
სხდომის მდივანი ქეთევან მეიშვილი
მოსარჩელე: გ------- გ---------;
მოპასუხე: ე---------- ვ-–-----;
წარმომადგენელი: მაია პირველაშვილი;
დავის საგანი: ალიმენტის ოდენობის შემცირება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შემცირდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის საქმე №2-710/17 განჩინებით დამტკიცებული, მოსარჩელე - ე---------- ვ-–-----ს და მოპასუხე გ------- გ---------ს შორის დადებული მორიგების აქტით გათვალისწინებული ალიმენტის ოდენობა 180 ლარი, 100 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ არ არსებობს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. და განმარტა, მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ისედაც მცირეა და არ არის საკმარისი არასრულწლოვანის აღზრდისა და განვითარებისათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის საქმე №2/710-17 განჩინებით დამტკიცებული იქნა მორიგების აქტი, სადაც მოპასუხე მხარეს გ------- გ---------ს თავისი შვილის მ------ გ---------- (დაბ. 2011 წლის 15 ივნისს) სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 180 ლარი, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. გ------- გ--------- 2015 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ნ------------------, 2015 წლის 17 დეკემბერს შეეძინა ბ-------- გ---------. ხოლო 2018 წლის 17 ივლისს ნ--–- გ---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ-------- გ---------ს და ნ--–- გ---------- დაბადების მოწმობები.
3.2.3. გ------- გ--------- მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და მისი შემოსავალი შეადგენს 850 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.(2019 წლის 18 აგვისტოს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნია, რომ გ------- გ---------- სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის შემცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა ”ბავშვის უფლებათა კონვენციით” და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლით, ასევე ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ” 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობელისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი მ------ გ--------- (დაბ. 2011 წლის 15 ივნისს), რომელიც ცხოვრობს და იზრდება დედასთან, მოპასუხე ე---------- ვ-–-----სთან და ძირითადად იმყოფება მის კმაყოფაზე. ასევე დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოპასუხე გ------- გ---------ს დაეკისრა ყოველთვიურად შვილის მ------ გ---------- სასარგებლოდ სარჩო-ალიმენტის 180 ლარის ოდენობით, გადახდა 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. რომელსაც გ------- გ--------- იხდის ყოველთვიურად.
დადგენილია, რომ მ------ გ--------- არის არასრულწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო სოციალური გარემოს აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამგვარი საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ გ------- გ---------ს, როგორც მამას, რომელიც ამჟამად არ ცხოვრობს არასრულწოვან შვილთან ერთად, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასამართლო განმარტავს, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტს უნდა იხდიდეს იმ ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. ამავე კოდექსის 1221-ე მუხლი ანიჭებს მშობელს, რომელსაც დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა, უფლებას, მოითხოვოს მისი ოდენობის შემცირება თუ შეიცვალა მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობის შეცვლა განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებათა სტაბილურობის ხასიათით, რომლებიც საფუძვლად დაედო ალიმენტის თავდაპირველი ოდენობის განსაზღვრას. სასამართლო საკითხს ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით წყვეტს მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, ანუ მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელი პირის როგორც მატერიალური, ისე ოჯახური მდგომარეობა.
ამდენად, სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მოსარჩელე მოითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებას 100 ლარამდე მატერიალური მდგომარეობის გაუარესებაზე მითითებით. მატერიალური მდგომარეობის გაუარესებად კი, მოსარჩელის განმარტებით, უნდა შეფასდეს ის ფაქტები, რომ მას შეეძინა მესამე შვილი 2018 წლის 17 ივლისს, გაუარესდა მამის ჯამრთელობის მდგომარეობა, ბანკიდან აღებული აქვს კრედიტი,სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეა ვალდებული დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი არ დასტურდება, მოსარჩელე გ------- გ---------ს მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის იმგვარი ცვლილება, რაც შეიძლება გახდეს სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის, კერძოდ 180 ლარის 100 ლარამდე შემცირების საფუძველი.
დაუსაბუთებელია მოსარჩელეის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობა რადგან შეეძინა მესამე შვილი, გაუარესდა მამის ჯამრთელობის მდგომარეობა და სხვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმენა ის თანხა, რაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან, მოსარჩელის შემოსავალი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინების გამოტანიდან დღემდე არ შეცვლილა (ხელფასის სახით ის ღებულობს 850 ლარს) რაც შეეხება შემოსავლის განკარგვას, მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების შედეგად დარჩა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ევალება მეუღლის და მასთან შეძენილი ორი შვილის და მამის ჯამრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ალიმენტის შემცირების ხარჯზე. მოსარჩელემ საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ უნდა გადაანაწილოს ხარჯები ისე, რომ შესრულედეს კანონისმიერი ვალდებულებაც. მითუმეტეს მოსარჩელის მამა ცხოვრობს თერჯოლის რაიონში მეორე შვილთან ერთად სადაც აქვთ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოჰყავთ სასოფლო სამეურნეო პროდუქტები, ყავთ საქონელი, შესაბამისად აქვთ შემოსავალი. მატერიალური მდგომარეობის შეცვლის საფუძვლად მოსარჩელის მითითება, იმაზე რომ 300 ლარს იხდის თბილისში ცხოვრებისათვის ქირის თანხას და კრედიტი აქვს აღებული ბანკში და ყოველ თვიურად კრედიტს ფარავს, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სესხის დაფარვა დროებითი მოვლენაა, რაც შეეხება ქირის თანხის სიდიდეს მოსარჩელმ უნდა გადაწყვიტოს მისი შემოსავლიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ალიმენტის შემცირების ხარჯზე
6.3. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა, რომელიც დაკისრებული აქვს გ------- გ---------ს არის ის მინიმალური ოდენობა, რომელის აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის, ამასთან წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ გ------- გ---------- ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა იმდაგვარად არის გაუარესებული, რომ მან ვერ შეძლოს დაკისრებული ალიმენტის გადახდა. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო განცხადება ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს .
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე ე---------- ვ-–-----ზე მოსარჩელე გ------- გ---------- მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ------- გ---------- სარჩელი - ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელწმიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტისქ.32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ.სამტრედია, ძმები ნინუების ქ. N1).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე:
როინ კახიძე