გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2019
საქმის ნომერი
200210018002563095
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210018002563095

საქმე №2/739-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი, 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი - თინათინ ფეიქრიშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ვ-----–----------–--------------ა"

წარმომადგენელი - ზ--------------–---–ი, შ-------------–-–---–ი, შ--------------ი

 

მოპასუხე - ლ---–---–-------–---–ი

წარმომადგენელი - თ---------------–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ---–---–-------–---–ს სს „ვ-----–----------–--------------ას’’ გაზის დისტრიბუციის დეპარტამენტის თ--–-------------–-------- სასარგებლოდ დაეკისროს მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების - 386.98 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეს დაეკისროს ადვოკატის მომსახურების თანხის ანაზღაურება, 40 ლარის ოდენობით.

1.3. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ლ---–---–-------–---–ი წარმოადგენს ბუნებრივი გაზის მომხმარებელს, რომელსაც განაწილების ლიცენზიანტისაგან მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი. მოპასუხე აბონენტთა სიაში ირიცხება აბონენტის ნომრით №1-------. ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში მოპასუხეს მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განხორციელებული ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ფაქტი დადასტურებულია აღრიცხვის კვანძის ჩვენებით, რაც ასახულია ბილინგის ელექტრონულ ბაზაში, აბონენტის პირად ბარათზე და აბონენტთან გაგზავნილ ქვითარში. აბონენტის-მოპასუხის მიერ შესყიდული (მოხმარებული) ბუნებრივი გაზის ოდენობა და ღირებულება, ასევე ასახულია ბილინგის ბაზაში, აბონენტის პირად ბარათში და მასთან გაგზავნილ ქვითრებში. მოპასუხემ დღემდე არ გადაიხადა შესყიდული (მოხმარებული) ბუნებრივი გაზის ღირებულება. მოპასუხემ დაარღვია მიწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდის ვადები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-10 მუხლის 3-5-ე პუნქტებით საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ხოლო მოხმარებული ბუნებრივი გაზის თანხის გადახდის ბოლო ვადა, ქვითრის გამოწერიდან არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. ქვითრის მიღების რა პერიოდიც არ უნდა იყოს განსაზღვრული გაზის მიმწოდებლის მიერ თანხის გადახდის ვადა მომხმარებლის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, იმავე მუხლის მე-4 პუნქტის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ამდენად მოპასუხეს შესყიდული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდის ვალდებულება გააჩნდა ყოველთვიურად, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ იხდის მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ---–---–-------–---–ის წარმომადგენელმა თ---------------–-–---–მა მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით, სს ,,ვ-----–----------–--------------ას" სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ლ---–---–-------–---–ი წარმოადგენს ბუნებრივი გაზის მომხმარებელს, რომელსაც განაწილების ლიცენზიანტისაგან მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი. მოპასუხე აბონენტთა სიაში ირიცხება აბონენტის ნომრით №1-------. ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში მოპასუხეს მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განხორციელებული ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ფაქტი დადასტურებულია აღრიცხვის კვანძის ჩვენებით, რაც ასახულია ბილინგის ელექტრონულ ბაზაში, აბონენტის პირად ბარათზე და აბონენტთან გაგზავნილ ქვითარში. აბონენტის-მოპასუხის მიერ შესყიდული (მოხმარებული) ბუნებრივი გაზის ოდენობა და ღირებულება, ასევე ასახულია ბილინგის ბაზაში, აბონენტის პირად ბარათში და მასთან გაგზავნილ ქვითრებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ბილინგის ბაზიდან (აბონენტის პირადი ბარათის ბრუნვის ისტორია)

(ს.ფ. 27);

- სარჩელი და შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მიწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდის ვადები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-10 მუხლის 3-5-ე პუნქტები და მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გააჩნია დავალიანება 386.98 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერილი ბილინგის ბაზიდან (ს.ფ. 27)

- სარჩელი და შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,ვ-----–----------–--------------ას" სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე, 487-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით სარჩელი სრულად ცნო, შესაბამისად სარჩელის ცნობა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 477–ე მუხლის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ სს ,,ვ-----–----------–--------------ა" და ლ---–---–-------–---–ი იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლიდან გამომდინარეც მოპასუხის დავალიანება შეადგენს 386.98 ლარს.

 

მოპასუხე მხარე დავალიანების არსებობის ფაქტს სადავოდ არ ხდის, მეტიც მან სს ,,ვ-----–----------–--------------ას" მიერ აღძრული სარჩელი სრულად ცნო, რის გამოც სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, არ არის წარმოდგენილი ადვოკატის მომსახურების შესაბამისი დამადასტურებული მტკიცებულება, რაც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ამასთან, მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი სრულად ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ვ-----–----------–--------------ას" სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ლ---–---–-------–---–ს მოსარჩელე სს ,,ვ-----–----------–--------------ას" გაზის დისტრიბუციის დეპარტამენტის თ--–-------------–-------- სასარგებლოდ დაეკისროს მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების - 386.98 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე სს ,,ვ-----–----------–--------------ას" (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 05 ივლისს N1530779019 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (გადამხდელი სს ,,ვ-----–----------–--------------ა" (ს/კ 2--------) გადამხდელის ბანკი - სს ,,თ-----------”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300863150; მიმღები ბანკი - ხაზინა)

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი