განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2019
საქმის ნომერი
330100119002800339
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/119-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ-------------

 

ბრალდებული - ა-–---------–---------------------------- (პასპორტის #C-------), დაბადებული 1--- წლის 1--------–-, პორტუგალიის მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები პორტუგალიაში, ქ.ლ--------, ე--------------–-- ქ.#---ში, ამჟამად პატიმარი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა-–---------–----------------------------მ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2522,87029 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი) შემცველი ნივთიერება, რომელიც 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო

შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უდავოდ მიჩნეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.

 

გამომძიებელ ა--–---------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 16 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულ იქნა ა-–---------–----------------------------, რომლის პირად ჩხრეკაში, მასთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ნ-------------------, დ-------------–- და თარჯიმანი. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა. ადგილზე შეადგინეს პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები და დაადასტურეს ხელმოწერებით, რაზეც ბრალდებულს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. დაკავების საფუძველი გახდა ის, რომ მებაჟეების მიერ მისი ბარგიდან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება.

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს ბრალდებულის პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით მოწმეებმა - დ-------------–-- და ნ--------------------.

 

ბრალდებულმა ა-–---------–----------------------------მ გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო დასკვნით და საბოლოო სიტყვებში განმარტა, რომ, მართალია, ის არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, თუმცა მის სამგზავრო ჩემოდანში აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ არაფერი იცოდა.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მთავარ ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს ა-–---------–----------------------------ს ბარგის დათვალიერებისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომლის ოდენობა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ისევე, როგორც სადავოდ არ გაუხდია სამგზავრო ჩემოდნის დათვალიერებისას მასში ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის ფაქტი. 2018 წლის 4 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის #3-------#-------- დასკვნის თანახმად კი, ა-–---------–----------------------------ს ჩემოდნის დათვალიერებისას ამოღებული, ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში მოთავსებული მოთეთრო ფხვნილისებრი ნივთიერება, წონით 2979,65 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი), წონით 2522,87 გრამს, რაც პრეიუდიციულად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული.

 

ა-–---------–----------------------------ს კუთვნილ სამგზავრო ჩემოდანში ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის ფაქტს ადასტურებენ დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები - მოწმეების: ბ------------–--, უ----------–----- და ა-------------–---–---–-- გამოკითხვის ოქმები; მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების #6-------- ოქმი და ამოღების ოქმი, რომლებიც წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს ა-–---------–----------------------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტის დასადასტურებლად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამგზავრო ჩემოდნიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არ წარმოადგენდა ა-–---------–----------------------------ს კუთვნილებას და ამ უკანასკნელისთვის უცნობია, ვის ეკუთვნოდა ჩემოდანში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება.

 

ა-–---------–---------------------------- დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მისი ბარგის დათვალიერების შედეგად ჩემოდნის კორპუსში სპეციალურად გაკეთებულ სამალავში დამალული ნარკოტიკული საშუალების ამოღების შემდგომ, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

ბარგის დათვალიერების ოქმის თანახმად, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა ა-–---------–----------------------------ს სამგზავრო ჩემოდნის დათვალიერების შედეგად, რასაც, თარჯიმნის მეშვეობით, გაეცნო ბრალდებული, არ გამოუთქვამს არანაირი შენიშვნა და დაადასტურა ხელმოწერით. არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს მას სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველ ოქმებზე, რომლებსაც, ასევე, გაცნობილია თარჯიმნის მეშვეობით და დადასტურებული აქვს თავისი ხელმოწერებით.

 

სასამართლო ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა დაინტერესებულობას ა-–---------–----------------------------ს პიროვნებით, რამდენადაც დადგენილია, რომ დაკავებაში და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე არცერთი პირი არ იცნობდა ა-–---------–----------------------------ს და არც ეს უკანასკნელი იცნობდა მათ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი), გარდა სამგზავრო ჩემოდანში მოწყობილი სპეციალური სამალავისა, ასევე, ამოღებულ იქნა ა-–---------–----------------------------ს ხელთარსებული შავი ფერის ზურგჩანთაში მოთავსებული საფულიდან, კერძოდ, მასში აღმოჩნდა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, რომლის კედლებზეც აღინიშნებოდა მოთეთრო ფერის ფხვიერი გრანულები, რაც, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს, ასევე, ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი), წონით 0,000292 გრამს.

 

ამდენად, ბრალდებულ ა-–---------–----------------------------ს საფულესა და ჩემოდანში აღმოჩენილ იქნა ერთიდაიმავე სახეობის ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერებები, რაც, ზემოთ უკვე განხილულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, უტყუარად ადასტურებს ამოღებული ნივთიერებების ა-–---------–----------------------------სადმი კუთვნილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები ერთობლიობაში, საკმარისია იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდეს და უტყუარად იქნეს მიჩნეული ა-–---------–----------------------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - თუ რამდენი და რა შინაარსის მტკიცებულებაა აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციითა და საპროცესო კანონით დადგენილია მინიმუმ ორი უტყუარი მტკიცებულების არსებობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ ნორმაშიც საუბარია მინიმუმ ორი მტკიცებულების აუცილებლობაზე, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელია.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. მოცემული ნორმა, ასევე, მიუთითებს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობის აუცილებლობაზე, რომლებიც უნდა იყოს ეჭვის გამომრიცხავი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჯ‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანას წარმოადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა.

 

მითითებული კანონის სია #2 განსაზღვრავს ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს, სადაც 35-ე ნომრად მითითებულია კოკაინი, რომლის განსაკუთრებით დიდ ოდენობად, დანართი #2-ის მიხედვით, ითვლება აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების ნებისმიერი ოდენობა 6 გრამს ზემოთ. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ა-–---------–----------------------------ს ჩემოდნის დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნივთიერებაში ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი) წონა შეადგენს 2522,87 გრამს, ე.ი. განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ხოლო მისსავე საფულეში აღმოჩენილ ნივთიერებაში ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი) წონა შეადგენს 0,000292 გრამს.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ასევე, უდავოდ მიჩნეული თითოეული მტკიცებულების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებითა და მათში ასახული ძირითადი პრინციპებით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულ უნდა იქნეს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა გამოკვლეული და უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ ა-–---------–----------------------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

ზემოთ განხილულ, მთელ რიგ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ა-–----------–------------------------------ მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ა-–---------–----------------------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ა-–---------–---------------------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელი დაენიშნოს აღნიშნული მუხლების ნაწილებით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–---------–----------------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი და, ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ გამოიწვიოს მასში უსამართლობის განცდა.

 

სასამართლო, ა-–---------–----------------------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, იმ ფაქტს, რომ წარსულში არ არის ნასამართლევი, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-–---------–----------------------------მ კანონმდებლობის დარღვევით საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი), რითაც შექმნა მისი გავრცელების რეალური საფრთხე.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-–---------–----------------------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს - ნადგურდება. ამავე ნაწილის ,,გ პუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად უნდა გადაწყდეს მოცემულ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება და მისი შესაფუთი მასალა უნდა განადგურდეს. ასევე, უნდა განადგურდეს ა-–---------–----------------------------ს კუთვნილი ჩემოდანი, სპეციალური სამალავით, რომელიც ბრალდებულის მიერ გამოყენებულ იქნა დანაშაულის ჩასადენად, თუმცა, მისივე განმარტებით, აღნიშნული ჩემოდანი, როდესაც ბოლოს საქართველოში ნახა, იყო დაზიანებული, შესაბამისად, მისი სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა მიზანშეუწონელია. რაც შეეხება პირად ნივთებს, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო კომპიუტერული დისკი შენახულ უნდა იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა-–---------–---------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–---------–----------------------------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

 

ა-–---------–----------------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 3 დეკემბრიდან.

 

ა-–---------–----------------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ა-–---------–----------------------------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები - ამოღებული დოკუმენტაცია, ფულადი თანხა და პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ნარკოტიკული საშუალება - კოკაინის მარილი და შესაფუთი მასალა, ასევე, ჩემოდანი სპეციალური სამალავით განადგურდეს, ხოლო კომპიუტერული დისკი შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე