განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2280-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 9 ივლისი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - შ-------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა------------------ი - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული რ------------------–--–-----------–-------------–-----------------------------------ში, მცხოვრები რ------------------–--–---------------------------–----------------------ში.
ადვოკატი - ზ---------------ე
თარჯიმანი - ი------------ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ა------------------ი მის თანამზრახველთან ერთად დარეგისტრირებული იყო საკომუნიკაციო მობილურ აპლიკაციაში, რომლის მეშვეობით ახორციელებდა უკანონოდ შეძენილი და შენახული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას. კერძოდ ახალი ფსიქოაქტიურ ნივთიერება შემდგომში უკანონო გასაღების მიზნით ანაწილებდა დებდა თბილისის სხვადასხვა უბნებში, რომლის მისამართის და ლოკაციის ფოტოებს, კვლავ მობილური აპლიკაციის მეშვეობით უგზავნიდა მის თანამზრახველს.
აღნიშნული მიზნით, ა------------------მა საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 5-fluoro-MDMB-PICA-ის შემცველი მოყავისფრო -მოშავო ფერის მცენარეული მასა, საერთო წონით 122,26 გრამი, რაც 2019 წლის 7 აპრილს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „-–------- გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
ა------------------მა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 5-fluoro-MDMB-PICA-ის შემცველი მოყავისფრო მოშავო ფერის მცენარეული მასა შემდგომში გასაღების მიზნით დააფასოვა და გაანაწილა. ნაწილი შეინახა თ---–--–----–----–----------------ში მდებარე სასტუმრო „-------------–--, ოთახი N4-ში, ნაწილი შეინახა შარვლის ჯიბეში, ხოლო ნაწილი დადო თბილისში, პ---–----------------------------ის მიმდებარედ არსებული სკვერის თავზე მდებარე გორაზე, რომლის ლოკალიზაციის ფოტოები კვლავ საკომუნიკაციო მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაუგზავნა მის თანამზრახველს.
მიუხედავად იმისა, რომ ა------------------ის ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების ნაწილში მისი დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და 2019 წლის 18 და 19 აპრილს მითითებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოღებული იქნა სამართალდამცავთა მიერ.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ა------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ზ-------–---–-ს, მ---------------–---–-ს, ლ-–------------ს გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ა-----------ს გამოკითხვის ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების, პირადი ჩხრეკის ოქმის, სასტუმროს ოთახის ჩხრეკის ოქმის, ამოღების ოქმის, ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნის, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის, თანდართული ფოტოების, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ს-----------–----–----------------------–--------------------------------------------------–--------------------–---- უფროსის 2019 წლის 19 აპრილის წერილი თანდართული საზღვრის კვეთის ფაილის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ა------------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით კრიმინალიზებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, რომლიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით, ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი.
„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის ამ კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია, ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად - ფსიქოაქტიური ზეგავლენა არის აღქმის, გუნება-განწყობის, ცნობიერების, შემეცნებისა და ქცევის შეცვლის თანამდევი ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნაში. მოცემულ შემთხვევაში ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ფსიქოაქტიური ნივთიერების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის, აქ კანონმდებელი განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის ბრალად შერაცხულ ქმედებას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სისხლის სამართლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით (ა-----------ს გამოკითხვის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით) ბრალდებული ა----------- დასაქმების მიზნით, ინტერნეტ საიტის მეშვეობით, დაეკონტაქტა პიროვნებას სახელით „---------, რომელსაც უთხრა, რომ უნდოდა დასაქმება და მზად იყო შეესრულებინა შესაბამისი დავალება. აღნიშნულმა პიროვნებამ ა----------- დაამატა ტელეგრამში სადაც გაგრძელდა მათი ურთიერთობა. ამის შემდეგ ა----------მა მიიღო შეთავაზება, რომ აერჩია მისთვის სასურველი ქვეყანა სადაც შეძლებდა მუშაობას. მას უნდა დაეფასოებინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ქალაქის მასშტაბით უნდა დაედო სხვადასხვა ადგილზე, რომელსაც გადაუღებდა სურათებს და კოორდინატებთან ერთად უკან გადაუგზავნიდა დამსაქმებელს, რომელიც შემდგომ მოახდენდა ა-----------ს მიერ დადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას.
რაც შეეხება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, აღნიშნული ქმედება კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შემოტანაში. დასჯადია ფსიქოაქტიური ნივთიერების არა კანონიერი, არამედ უკანონო შემოტანა, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ კანონით დადგენილი წესების დარღვევით. ამ შემთხვევაში უტყუარად უნდა იქნეს დადასტურებული, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე მოხდა ნარკოტიკული საშუალების გადმოტანა ან/და ეს ქმედება განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა. ეს დანაშაული დამთარებულია, როცა პირი მოახერხებს სახელმწიფო საზღვრის გადმოლახვას და ამ ნივთიერების საქართველოში შემოტანას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით ასევე კრიმინალიზებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ფსიქოაქტიური ნივთიერების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურის ისე საზღაურის გარეშე, როგორიცაა გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში და ასე შემდეგ. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას სხვა პირზე. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილს, აქ კანონმდებელი განსაზღვრავს მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების წინასაწარი შეთანხმებით ჯგურფის მიერ ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა------------------მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონოდ შეიძინა და შენახვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, მანვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება უკანონოდ შემოტანა საქართველოში, ასევე ჩაიდინა ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ შემადგენლობას, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, იგი არაერთხელ არის ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა------------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
2. "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის
შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
3. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან.
4. საქმეზე არსებული ნივთმკიცებები:
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, მწებავი ლენტები, პოლიეთილენის ტომრები, სასწორი (ინახება საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
მობილური ტელეფონები, პასპორტი, საფულე მასში არსებული ა-----------ს პირადი ნივთებით (ინახება საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ორი ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე