გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/801-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - მ-----–--–----ა
წარმომადგენელი - ნ-------–--–---–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - თ------–------ე
მესამე პირი - გ--------–----ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანება;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ-----–--–----ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მხარეების პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით. მისი განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის - გ--------–----ას პოზიცია უცნობია, ვინაიდან იგი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და ამასთან, არ წარმოადგინა წერილობითი განმარტება.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მ-----–--–----ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა გ--------------–-------------------------------------- ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ბ--–--–---–-----------------------------------–-. მისი სარეგისტრაციო ნომერია №0--------.
გ--------–----ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა გ--------------–-------------------------------------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ბ--–--–---–-----------------------------------–-. მისი სარეგისტრაციო ნომერია №0--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ს.ფ. 139);
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების ასლები (ს.ფ. 18).
3.2. მ-----–--–----ამ 2016 წლის 27 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. განმცხადებლის ინფორმაციით, იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------–------------------------–---–-----------------–ზე, გ---–-------–----ასთან (მეუღლე) და გ--------–----ასთან (შვილი) ერთად. დევნილის რეგისტრაციის ნომერია 0--------. მან განსახლების ადგილად აირჩია ქ. თბილისი.
წინასწარი მონაცემებით მ-----–--–----ას ოჯახის ქულა განისაზღვრა 4 ერთეულით, რომელიც მიენიჭა სოციალურ კრიტერიუმში „შემოსავლის მაჩვენებელი“ – 1 ქულა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (შშმპ), ჯგუფი (მკვეთრად) – 3 ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ-----–--–----ას 2016 წლის 27 აპრილის განაცხადი (ს.ფ.110-111);
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 112-123);
- 2016 წლის 10 ივნისის წინასწარი მონაცემების შედეგები (ს.ფ. 108-109).
3.3. ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. ზ--------–--------------------ში მდებარე, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება გ--------–----ამ 2013 წლის 12 სექტემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ქ------–----აზე.
ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ------------–-----------------––------------------–-------------------, საკადასტრო კოდით №0---------------------- მ-----–--–----ამ 2015 წლის 7 აპრილს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ქ------–----აზე.
ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, გ----------------–-----------------–----------------------, საკადასტრო კოდით: №0---------------------- და ქ. თბილისში, დ------------–-----------------––------------------–--------------------, საკადასტრო კოდით №0---------------------- წარმოადგენს ქ------–----ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0---------წ. (ს.ფ. 130);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------წ. (ს.ფ. 131);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------წ. (ს.ფ. 132);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0---------წ. (ს.ფ. 133);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------წ. (ს.ფ. 134);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------წ. (ს.ფ. 135);
3.4. დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერის მიზნით, 2017 წლის 22 თებერვალს სამინისტროს მიერ განხორციელდა წარმომადგენელთა ვიზიტი ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------–-----------------–-------------–- (ფართით 20 კვ.მ.). ადგილზე იმყოფებოდა ოჯახი სრული შემადგენლობით: მ-----–-–----ა (უფროსი), ა----------–----ა (შვილი), ა-–-----------–----ა (შვილი), ს----–--–----ა (შვილი), თ----------–--ე (მეუღლე, არადევნილი). მათი განცხადებით, ამავე მისამართზე, ამ ბინაში მიწერილები არიან მ-----–-–----ას დედა - მ-----–--–----ა, მამა - გ---–-------–----ა და ძმა - გ--------–----ა, რომლებიც აღწერის დროს ცხოვრობდნენ დ------------–-----------------––------------------–-----------ში, ქირით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერა (ს.ფ. 150).
3.5. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მ-----–--–----ას განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში დაფიქსირდა, რომ მ-----–--–----ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს სამი შვილი (ერთი სტატუსშეწყვეტილი) და სამი შვილიშვილი. მან განაცხადი გააკეთა შვილთან - გ--------–----ასთან ერთად, ხოლო თავდაპირველ განაცხადში მითითებული მეუღლე გარდაიცვალა. მ-----–--–----ას საკუთრება ჰქონდა ქ. თბილისში, დ------------–-----------------––------------------–---------- (44 კვ.მ.), რომელიც გაასხვისა შვილზე - ქ------–----აზე (სტატუსშეწყვეტილი), 2009 წლის 15 ივნისს. გ--------–----ას საკუთრება ჰქონდა ქ. ზ--------–--------------------ში, რომელიც გაასხვისა დაზე - ქ------–----აზე, 2013 წლის 18 სექტემბერს. ქ------–----ას საკუთრებაში აქვს ასევე ორი ბინა ქ. თბილისში. მ-----–--–----ას დას - ლ---------------ას მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია.
გ---–-------–----ა გარდაიცვალა 2018 წლის 26 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმა, 23.04.2018წ. (ს.ფ. 107);
- გარდაცვალების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 19).
3.6. ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------–-------------------------------------–-, სადაც დასახლებულნი იყვნენ დევნილები, წარმოადგენდა გადაუდებელი სახელმწიფოს ინტერესის შემცველ ობიექტს და შესაბამისი უწყების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტრომ პრიორიტეტულად განახორციელა მისი დევნილი მოსახლეობისაგან გათავისუფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმი №-- (ს.ფ. 36-44).
3.7. მ-----–--–----ამ №2------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, იმ საფუძვლით, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი და 1999 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. ვინაიდან საცხოვრებელი ფართი შედგებოდა ერთი ოთახისაგან, უფროსი ვაჟის დაოჯახების შემდეგ, იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლესთან და შვილთან - გ--------–----ასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სიძის ბინაში. ამასთან, უფროსი ვაჟის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიუხედავად, მ-----–--–----ა დარჩა ბინის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-----–--–----ას განცხადება (ს.ფ. 138).
3.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 6 ივლისს განიხილა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი განსახლების მიზნით იმ დევნილ ოჯახთა მიერ შეტანილი განცხადებები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას (ოქმი №--) და ითხოვდნენ საკითხის განმეორებით შესწავლას.
ქ. თბილისში, კომისიის მიერ განხილულ ნგრევად ობიექტებში დამისამართებული, მაგრამ ფაქტობრივად არმცხოვრები დევნილი ოჯახების მიერ შეტანილი განცხადებების განხილვის შედეგად, მ-----–--–----ას მიმართ მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 6 ივლისის №-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 142-146).
3.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისის №0------------- წერილით მ-----–--–----ას 2018 წლის 25 ივნისის №2---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მოკვლევის შედეგად წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, იგი არ არის ქ. თბილისში, ა------–--–---–---------–--------------------------------------–--- მუდმივი მაცხოვრებელი. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი №--) უარი ეთქვა მიმდინარე ეტაპის ფარგლებში ბინით უზრუნველყოფაზე. ამასთან, აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრები მ-----–--–----ას შვილის ხუთსულიანი ოჯახი დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით. ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განმეორებით შეისწავლა მ-----–--–----ას საკითხი და უცვლელად დარჩა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის საკითხი განიხილებოდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ გათვალისწინებული საერთო წესის შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისის №0------------- წერილი (ს.ფ. 140).
3.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მ-----–--–----ას ოჯახს უარი ეთქვა, ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------–--------------------------------------–-–-- ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანება (ს.ფ. 149).
3.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ბ-------------–---ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში, მოსარჩელის მეზობლად, იმავე სართულზე. მ-----–--–----ა მუდმივად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე და აღნიშნული ფართიდან გარკვეული დროით მოუწია წასვლა მხოლოდ მაშინ, როცა მისი შვილი დაოჯახდა. მ-----–--–----ას მეუღლე მძიმე ავადმყოფი იყო, ხშირად ავადმყოფობდა და პერიოდულად სახლიდან წასვლა უხდებოდათ ხან საავადმყოფოში, ხან ნათესავთან. 1-2 თვე ისინი ცხოვრობდნენ ქირითაც, თუმცა ბ-------------–---ის განმარტებით, პერიოდი ზუსტად არ ახსოვს. მისივე განმარტებით, მ-----–--–----ას ჰყავს სამი შვილი. იგი არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, ქ------–----ას თბილისში აქვს თუ არა ბინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ტ---------------–---მ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში, მ-----–--–----ას მეზობლად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მ-----–--–----ა მუდმივად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე და მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. ამასთან, ვინაიდან მისი მეუღლე მძიმე ავადმყოფი იყო, ისინი ხშირად იყვნენ საავადმყოფოში. მ-----–--–----ა და მისი მეუღლე გარკვეული პერიოდი სხვაგანაც ცხოვრებდნენ, როდესაც მისი შვილი დაქორწინდა, მაგრამ შემდეგ ისინი ამავე ბინაში დაბრუნდნენ. მოსარჩელის მეუღლე ავადმყოფობდა და ძალიან რთული მოსავლელი იყო, ხოლო როდესაც მ-----–--–----ა მუშაობდა, მას რძალი უვლიდა. ტ---------------–---ს ინფორმაციით, ქ------–----ა თბილისში ფლობს ბინას. გარკვეული პერიოდი მ-----–--–----ა მის ბინაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. ამის გარდა, მ-----–--–----ა სხვაგან საცხოვრებლად არ წასულა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ---------------მა განმარტა, რომ სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე იგი ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში, მ-----–--–----ას მეზობლად ცხოვრობდა. მ-----–--–----ა მუდმივად ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე. იგი საცხოვრებლად არსად წასულა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნათესავთან მიდიოდა. მისი შვილები და მ---------------ის შვილები ერთად გაიზარდნენ. ოჯახებს ერთმანეთთან ჰქონდათ ყოველდღიური ურთიერთობა. მოსარჩელე ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა შვილებთან და მეუღლესთან ერთად, ხოლო შვილის დაოჯახების შემდეგი, ასევე შვილის მეუღლესა და სამ შვილთან ერთად. მ-----–--–----ას მრავალრიცხოვან ოჯახს ძალიან მცირე ფართში უწევდა ცხოვრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეების ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი 06.06.2019წ., იხ. ს.ფ. 172-187).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----–--–----ას სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანება, რომელიც მიღებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც მ-----–--–----ას ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი საცხოვრებლით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფდა დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებდა ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მ-----–--–----ას სტატუსი, კერძოდ, დადგენილია რომ მოსარჩელე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, დევნილის მოწმობით დადგენილია, რომ დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა გ--------------–-------------------------------------- ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ბ--–--–---–------------------------------------–--. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
„დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული წესის მითითებული მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების წესებსა და პროცედურებს. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო პერიოდში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის უფლებამოსილი დეპარტამენტები კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდნენ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებას და დანართი №5-ით დამტკიცებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ კითხვარის შევსებას, შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიებას და მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახების მდგომარეობის წინასწარ შეფასებას, კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით. წინასწარი შეფასების შემდეგ, განმცხადებელს შესაძლებლობა ჰქონდა დამატებით წარედგინა ის ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც მის ქულაზე მოახდენდა ზეგავლენას. ამის შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებდა წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, ასევე, შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შევსებას. აღნიშნულის შედეგად მოძიებული ინფორმაცია ეგზავნებოდა კომისიას, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების, განმცხადებლის საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას.
ამასთან, „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.
ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს, რომ აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მ-----–--–----ამ 2016 წლის 27 აპრილს გააკეთა განაცხადი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შეივსო კითხვარი, რომელზე დაყრდნობითაც ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 4 ქულა. ასევე, დადგენილია, რომ განმცხადებლის ოჯახი რეგისტრებულია მისამართზე ქ. თბილისი, ბ--–--–---–------------------------------------–--, რომელიც 2018 წლის 5 ივნისის მდგომარეობით წარმოადგენდა სახელმწიფოს გადაუდებელი ინტერესის ობიექტს და შესაბამისმა უწყებამ წერილობით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.
ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანებით, მ-----–--–----ას ოჯახს (განცხადებაში მითითებულ პირს), როგორც სახელმწიფო დაინტერესებაში არსებულ ობიექტში „-------------------------–-–-- მაცხოვრებელს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
სასამართლო ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მართალია კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას მ-----–--–----ას რეგისტრირებული ადგილისაგან განსხვავებულ ადგილას მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, 2017 წლის 22 თებერვალს განხორციელებული მონიტორინგის დროს მოსარჩელე რეგისტრაციის ადგილზე არ იმყოფებოდა და მისმა შვილმა - მ-----–-–----ამ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს მიუთითა მ-----–--–----ას სხვა მისამართზე ცხოვრებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ გულისხმობდა განსახლების დროს მ-----–--–----ას ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში არცხოვრებას და განსახლების საჭიროების არარსებობას.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ მ-----–--–----ას ოჯახს საკითხის განხილვის დროს საკუთრებაში არ გააჩნდა უძრავი ქონება. სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, მითუმეტეს საქმის მასალებით დგინდება, რომ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მოსარჩელის ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი იყო მცირე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------–---------------------------------------–-–-- ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებზე, რომლითაც ხაზგასმით დაადასტურეს მოსარჩელის სადავო მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მათი განმარტებით, მ-----–--–----ას ოჯახს იცნობენ ახლოს და მას არასდროს დაუტოვებია საცხოვრებელი ადგილი, გარდა აუცილებელი საჭიროებისას, მათ შორის, მეუღლის ხშირად ავადმყოფობის გამო საავადმყოფოში ან სხვა მისამართზე მცირე ხნით წასვლისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო არ არის გ---–-------–----ას მძიმე ავადმყოფობის ფაქტი. ასევე, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ისიც, რომ მცირე ფართში რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა მ-----–--–----ას შვილის - მ-----–-–----ას ხუთსულიანი ოჯახი. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ დგინდება მ-----–--–----ას მუდმივად ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში არცხოვრების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. უფრო მეტიც, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განმეორებით შეისწავლა იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, რითაც 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი ახალი დოკუმენტისა თუ შემოწმების შედეგად მოძიებული ინფორმაციის გარეშე. ამრიგად, სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ-----–--–----ას (განაცხადით გათვალისწინებული პირის) გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----–--–----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №0--------- ბრძანება;
3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ-----–--–----ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ;
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე