გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2019
საქმის ნომერი
330210018002784914
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N2/37311-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - მ----- ე---------, რ----- ს-------–--

წარმომადგენელი - ნ---- გ---–---, მ--–---- ს-------–--

 

მოპასუხე - შპს ,,მისო ბ------–ი’’

წარმომადგენელი - მ------ მ-–--–---–ი, მ------ გ-------–---–ი

 

დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ხატია ბერიძის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (№1--------), შემცირდეს სესხის ძირი თანხა და განისაზღვროს 22 345 ლარით.

 

1.2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ხატია ბერიძის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (№1--------), შემცირდეს საპროცენტო სარგებელი 3%-მდე 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდზე და განისაზღვროს 3686.85 ლარით.

 

1.3. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ხატია ბერიძის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (№1--------), შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა 0.01%-მდე და 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 26 დეკემბრამდე განისაზღვროს 465.92 ლარით.

 

1.4. შეწყდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა სარჩელის შემოტანის დღიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 10 აპრილს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–სა’’ და მოსარჩელეებს - რ----- ს-------–--სა და მ----- ე---------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 30000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,1 %. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა რ----- ს-------–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, თ----------ის ქუჩა #35, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ N7-----------. მხარეთა მიერ იპოთეკის საგანი შეფასებულ იქნა 109 000 ლარად. მოსარჩელეების განმარტებით, 2018 წლის ნოემბრის თვეში მათთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოპასუხის მოთხოვნით, რომლის თანახმად, მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა 2018 წლის 31 მაისიდან. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის შეადგენდა სულ 39118.27 ლარს, აქედან სესხის ძირი თანხა იყო 30000 ლარი, მსესხებლის მიერ დარჩენილი საპროცენტო სარგებელი - 4877.42 ლარი, პირგასამტეხლო - 0.1%-ის ოდენობით 4110 ლარი 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე, რომლის დარიცხვაც გაგრძელდებოდა სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ასევე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 130.85 ლარის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო მესაკუთრის - რ----- ს-------–--ს საკუთრებაში არსებული მსესხებლის სასარგებლოდ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

მოსარჩლეთა განმარტებით, ისინი არ ეთანხმებიან სააღსრულებო ფურცელში მითითებული დავალიანების ოდენობას, რადგან სააღსრულებო ფურცლის მიღების დროს მოპასუხის მიერ სრულად არ იქნა განცხადებული მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხების შესახებ. კერძოდ, 2018 წლის 24 აპრილს მსესხებლის მიერ გადახდილი იქნა ძირი თანხის ნაწილი 7655 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც შემცირდა ძირი თანხის ოდენობა. სააღსრულებო ფურცლის გაცემისას ძირი თანხის ოდენობა კი შეადგენდა 22345 ლარს, შესაბამისად, სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა მომხდარიყო პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაანგარიშება. აღნიშნულის გათვალისწინებით სააღსრულებო ფურცლის გაცემისას მსესხებლის დავალიანება წარმოადგენდა გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ეს დაფიქსირებულია სააღსრულებო ფურცელში. ასევე მოსარჩელეები არ ეთანხმებიან ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას 0.1 %.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა განმარტებით, 2018 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულებით მსესხებლის დავალიანება მოპასუხის წინაშე შეადგენს სესხის ძირ თანხას 22345 ლარს, საპროცენტო სარგებელს 3 %, რაც შეადგენს 3686.85 ლარს 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდზე, ასევე უნდა მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 0.01%-მდე და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 465.92 ლარით 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდზე. შესაბამისად, სრული აღსასრულებელი თანხა უნდა განისაზღვროს 26497 ლარით (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მ----- ე---------ს მიმართ სესხის გაცემა ხორციელდება შპს ,,მისო ბ------–ის’’ თბილისის მე-3 ფილიალიდან. 2018 წლის ივნისის თვეში შპს ,,მისო ბ------–ის’’ ადმინისტრაციის გადამოწმების შედეგად აღნიშნულ ფილიალში გამოვლენილი იქნა კანონდარღვევითი მოქმედებები აღნიშნული ფილიალის იმ საკრედიტო ექსპერტისა და მოლარე-ოპერატორის მხრიდან, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც გაიცა მ----- ე---------ს სესხი. აღნიშნული თანამშრომლები აღიარებენ, რომ მ----- ე---------ს 30000 ლარიან სესხზე თვითნებურად დაამატეს 5000 ლარი და იმის გამო, რომ მათი დანაშაულებრივი ქმედება არ გამოვლენილიყო, მსესხებლის ნაცვლად თავად ახდენდნენ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდას. გამორკვევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული თანამშრომლები თვითნებურად, უკანონო გზებით ახდენდნენ ორგანიზაციის სასესხო ელექტრონულ პროგრამაში იმგვარი მოქმედებების განხორციელებას, რომლის უფლებამოსილება არ გააჩნდათ. საკითხის უკეთ გამორკვევის მიზნით დაბარებული იქნა მსესხებელი მ----- ე--------- ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, სადაც მოთხოვნის მიუხედავად ვერ შეძლო სესხზე პროცენტის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი ქვითრების წარდგენა. ზემოაღნიშნულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გამო სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელეს ჯერაც არ გადაუცია აღსასრულებლად, რადგან ელოდებიან აღნიშნული საკითხის გარკვევას. ვინაიდან მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს, რომ მის მიერ ყოველთვიურად ხდებოდა სესხზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო საღსრულებო ფურცელი გაცემული იქნა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც დასტურდება სალარო ორდერებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ვიდრე არ მოხდება კანონით დადენილი გზით საწინააღმდეგოს დამტკიცება, მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას შეამციროს სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხები.

 

2019 წლის 07 მაისს სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ წარმოადგინა დაზუსტებული შესაგებელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 7655 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რაც წარმართული იქნა პროცენტისა და პირგასამტეხლოს დასაფარად, რასაც ვერ დაეყრდნობა მოპასუხე, რადგან სააღსრულებო ფურცლის გაცემის დღისთვის შპს „ბ------–ის“ წინაშე არსებული დავალიანება უნდა ყოფილიყო 54000.81 ლარი, საიდანაც 30000 ლარი წარმოადგენს სესხის ძირ თანხას, 9025,81 ლარი სარგებელს (7655 ლარის გამოკლებით), ხოლო 14975 ლარი პირგასამტეხლოს, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გამოწერა უნდა მომხდარიყო 54000.81 ლარზე, ხოლო დღის მდგომარეობით მ----- ე---------ს დავალიანება შეადგენს 67873.39 ლარს დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული არ ყოფილა 2018 წლის მაისამდე და მის მიერ გადახდილი თანხა წარიმართა მხოლოდ საპროცენტო სარგებლის ნაწილისა და პირგასამტეხლოს დასაფარად და 2018 წლის 24 აპრილისთვის შეადგენდა 18326.42 ლარს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მხარეთა შორის გაფორმებული წერილობით ხელშეკრულების საფუძველზე მათ მიერ განსაზღრული იყო ძირი თანხის არა 0.01%, არამედე 0.1%, რადაც მსესხებელი დაეთანხმა ხელმოწერით. შესაბამისად, ის ვალდებული იყო და არის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გადაიხადოს სწორედ აღნიშნული პროცენტი. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1. 2017 წლის 10 აპრილს შპს მიკროსაფიონანსო ორგანიზაცია „ბ------–სა“ და მოსარჩელე მ----- ე---------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 30000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,1%, მოსარჩელე რ----- ს-------–-- კი იყო იპოთეკის საგნის მესაკუთრე.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა რ----- ს-------–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, თ----------ის ქუჩა #35, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ 7-----------.

 

მხარეთა მიერ იპოთეკის საგანი შეფასდა 109000 ლარად.

 

მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით დაიფარება სესხის ძირი თანხა, დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-25)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე, 2018 წლის 15 ოქტომბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით N1--------, რომლის მიხედვითაც: კრედიტორად მიეთითა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ი“, მოვალედ კი - მ----- ე---------, იპოთეკის საგნის მესაკუთრედ - რ----- ს-------–--.

 

აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ძირითადი სასესხო ვალდებულებად მიეთითა 30 000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4877,42 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 0.1% ოდენობით 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე - 4110 ლარი და რომლის დარიცხვაც გაგრძლდებოდა სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 130.85 ლარი.

 

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო მესაკუთრის რ----- ს-------–--ს საკუთრებაში არსებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 26-30)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. 2019 წლის 02 აპრილს მოპასუხემ მიმართა კერძო აღმასრულებელს, რის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

მოსარჩელეს გაეგზავნა 2019 წლის 03 აპრილის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.04.2019 წ. წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს.ფ. 70-73)

- აღმასრულებლის წერილი (ს.ფ.74)

 

4.4. შპს მიკროსაფიანნსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ 2019 წლის 07 მაისის ცნობის მიხედვით, მ----- ე---------ს შპს „ბ------–ში“ ჰქონდა იპოთეკური სესხი, რომელზედაც 2019 წლის 7 მაისის მდგომარეობით არსებული დავალიანება შეადგენდა სესხის ძირი თანხა - 30000 ლარი, დარიცხული პროცენტი - 15848.39 ლარი და პირასამტეხლო 22025 ლარი. ჯამურად არსებული დავალიანება - 67873,39 ლარი.

 

2018 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით სესხზე დავალიანება შეადგენდა სესხის ძირი თანხა 30000 ლარი, დარიცხული პროცენტი - 9025.81 ლარი, პირგასამტეხლო - 14975 ლარი, სულ 54000.81 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 115)

 

4.5. საქართელოს ფინანსთა სამინისტროს საგამპოძიებო სამსახურის 2019 წლის 10 აპრილის წერილის მიხედვით, სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,მიკროსაფინანსო კომპანია ბ------–ის’’ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- წერილი (ს.ფ. 114)

 

4.6. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 24 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ მ----- ე---------ს ანგარიშზე გადახდილია 7655 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 31)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 286-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს, გადახდილი იქნა თუ არა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის ოდენობა მოვალეების მიერ კრედიტორის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ გათვალისწინებული იქნა თუ არა აღნიშნული ფაქტი სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი გადატანალი იყო მოსარჩელე მხარეზე, რომელმაც სასამართლოს წინაშე წარმოადგინა მტკიცებულება ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მის მიერ გადახდილი იქნა ძირი თანხის ნაწილი 7655 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც შემცირდა სესხის ძირი თანხის ოდენობა, სააღსრულებო ფურცლის გაცემისას ძირი თანხის ოდენობა შეადგენდა უკვე 22345 ლარს, შესაბამისად, სწორედ აღნიშნული თანხიდან (და არა 30 000 ლარიდან) უნდა მომხდარიყო პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაანგარიშება. აღნიშნულის გათვალისწინებით სააღსრულებო ფურცლის გაცემისას მსესხებლის დავალიანება წარმოადგენს გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ეს ფიქსირებული იქნა სააღსრულებო ფურცელში. ასევე მოსარჩელეები არ ეთანხმებიან ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას 0.1%-ს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 10 აპრილს შპს მიკროსაფიონანსო ორგანიზაცია „ბ------–სა“ მოსარჩელე მ----- ე---------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 30000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.1%. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოსარჩელის - რ----- ს-------–-- უძრავი ქონება.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 24 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მ----- ე---------ს კრედიტორის ანუ მოპასუხის ანგარიშზე 2018 წლის 24 აპრილს გადახდილი აქვს 7655 ლარი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მართალია სააღსრულებო ფურცელი ნოტარიუსის მიერ გაცემულია 2018 წლის 15 ოქტომბერს, თუმცა თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მათთვის აღნიშნული თანხის გადახდის თაობაზე მხოლოდ სასამართლო დავის მიმდინარეობის დროს გახდა ცნობილი. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართვისას ვერ გაითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ მოვალეს მის მიმართ არსებული დავალიანების ნაწილი უკვე გადახდილი ჰქონდა. ამასთან, არც თავად მოპასუხეს წარმოუდგენია სასამართლოს წინაშე რაიმე სახის მტკიცებულება, მაგალითად, ერთი ასლი უკვე გადახდილი სალაროს შემოსავლის ორდერის, რომელიც გადახდის დროს მასთან დარჩა, რითაც დადასტურდებოდა, რომ კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისას გათვალისწინებული იქნა მოვალის მიერ ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულება. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ თავად მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების მიხედვით, ვინაიდან მის ორგანიზაციაში დანაშაულებრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი თანხის დამატებით გაცემასთან დაკავშირებით, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა „ამონაწერით კლიენტის სესხიდან“ (ს.ფ. 32), რადგან იგი არ შეიცავდა უტყუარ მონაცემებს და თავად მხარეც კი არ ენდობოდა მას და რასთან დაკავშირებითაც გამოძიება იყო დაწყებული.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 24 აპრილს გადახდილი 7655 ლარის კრედიტორის მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს, რამაც გამოიწვია სააღსულებო ფურცელში შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის არასწორი ასახვა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადასახდელი ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 30000-7655=22345 ლარს და სარჩელი, აღნიშნულ ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, მოსარჩელე მ----- ე---------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სასარგებლოდ ძირი თანხის ნაწილში უნდა დაეისროს 22345 ლარის გადახდა.

 

რაც შეეხება სარგებელს, ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი ყოველთვიური სესხის ძირი თანხის 3%-ის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ზუსტად არის მითითებული სარგებლის ოდენობა კონკრეტულ პერიოდზე, რომელიც მოსარჩელის მიერ არ გამხდარა სადავო, შესაბამისად, სასამართლო სარგებლის ნაწილში უცვლელად დატოვებს სააღსრულებო ფურცელს.

 

7.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, დადგენილია, რომ ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირითადი და/ან სარგებლის თანხის 0.1%-ის ოდენობით.

 

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალეს დაერიცხა პირგასამტეხლო 0.1% - 4110 ლარი 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდზე, რომლის დარიცხვაც გრძელდება სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).

 

სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016).

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე, იმგვარად, რომ არ დაიკარგოს მისი დანიშნულება.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.1 % შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი მოვალის სესხიდან, რითაც დგინდება, რომ მოსარჩელე ახდენდა პროცენტის გადახდას ყოველთვიურად 2017 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. ბოლო გადახდა დაფიქსირებულია 2018 წლის 30 აპრილს 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყოს 2018 წლის 31 მაისიდან, რაც მხარეეებს სადავოდ არ გაუხდიათ და უნდა გაგრძელდეს სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, რომ სარჩელის შემოტანის დღიდან შეწყდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვას არ აჩერებს სარჩელის სასამართლოში შემოტანა, ამასთან, მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის დასაბუთება, თუ რატომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა მხოლოდ კონკრეტული დროის მონაკვეთზე და ისიც იმ შემცირებული ოდენობით, რაც სასარჩელო მოთხოვნაში აქვს წარმოდგენილი. შესაბამისად, თუკი სასამართლო მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთზე მოახდენდა პირგასამტეხლოს დარიცხვას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,1% შესაძლოა მიჩნეული ყოფილიყო გონივრულად და სასამართლოს არ მოეხდინა მისი შემცირება 10-ჯერ. სწორედ პირგასამტეხლოს არსის გათვალისწინებით, სასამართლომ შეამცირა რა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 0,1%-დან 0,01%-მდე, მისი დარიცხვა უნდა გაგრძელდეს სწორედ იმ პერიოდზე მითითებით, რაც არის სააღსრულებო ფურცელში მითითებული - სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლით დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - 0.1 %-დან 0.01 %-მდე და უნდა გაგრძელდეს სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

ხელშეკრულების 4.3.8. პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, იპოთეკის რეალიზაციის შედეგებით მიღებული თანხით დაიფარება რეალიზაციის ხარჯები, მათ შორის, სესხის ძირი თანხა, დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება მხარეთა შორის იმ საერთო შეთანხებად უნდა იქნეს განხილული, რითაც მხარეთა შორის ვალდებულების შესრულების რიგითობა დადგინდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 24 აპრილს გადახდილი თანხა 7655 ლარი, სრულად უნდა მიემართოს ძირი თანხის დასაფარად.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანება ნაწილობრივ - 7655 ლარის ნაწილში შესრულებულია, შესაბამისად, აღიშნული თანხის ოდენობა უნდა გამოაკლდეს სესხის ძირ თანხას და სადავო პერიოდიდან - 2018 წლის 31 მაისიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე უნდა მოხდეს შემცირებული ვალდებულების ძირი თანხის ნაწილზე პირგასამტეხოს დარიცხვა, ხოლო სარგებლსი ნაწილში კი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 229,65 ლარის ანაზღაურება, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მხოლოდ სადავო პერიოდის ნაწილზე ანუ 2018 წლის 31 მაისიდან სარჩელის შემოტანამდე პერიოდზე - 209 დღეზე შემცირებული ძირი თანხის 0,01%, რომლის 3% შეადგენს 13,98 ლარს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარგებლის ნაწილში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამასთან მართალია დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში, თუმცა არ დაკმაყოფილდა სარჩელის შემოტანის შემდგომ პირგასამტეხლოს არ დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 912,10 ლარის გადახდა. კერძოდ, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული იქნა ძირი თანხის - 30 000 ლარის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღემდე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, რაც შეადგენს 32850 ლარს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იქნა როგორც ძირი თანხის შემცირება, ასევე შემცირებული ძირი თანხის 0,01%-ის დაკისრება და ამასთან სარჩელის შემოტანიდან აღარ დაკისრებოდა პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა აღნიშნული მოთხოვნის მიხედვით, შეადგენს 2446,78 ლარს. ამდენად, არსებულსა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 30403,22 ლარს, რომლის 3% არის 912,10 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ კონკრეტული დროის მონაკვეთზე იქნა მითებული თანხის შემცირება, სწორედ 2018 წლის 31 მაისიდან სარჩელის შემოტანამდე პერიოდზე ანუ 209 დღეზე გადაანგარიშებით მოხდა პირგასამტეხლოს ნაწილში სახელმწიფო ბაჟის დაანგარიშება, რაც შეადგენს 13,98 ლარს და რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, რომ სასამართლოს სარჩელის შემოტანის მომეტისათვის შეეწყიტა პირგასამტეხლოს დარიცხვა, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და იგი გაგრძელდა სარჩელის შემოტანიდან აღსრულებამდე პერიოდზე, შესაბამისად, 3 წელზე გაანგარიშებით შემცირებული ძირი თანხის 0,01%-ის 3% არის 912,10 ლარი, რაც სარჩელის შემოტანის დროს არ გადაუხდია მოსარჩელეს. ვინაიდან ამ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელოს აღნიშნულზე და მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 912,10 ლარის გადახდა.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ 2019 წლის 08 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხეს კი დაეკისროს აღნიშნული თანხის მოსარჩელეებზე ანაზღაურება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შეჩერდა 2018 წლის 15 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის - რეესტრის ნომერი #1--------, მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----- ე---------ს და რ----- ს-------–--ს სარჩელი მოპასუხე შპს მისო „ბ------–ის“ მიმართ - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ხატია ბერიძის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (№1--------), შემცირდეს სესხის ძირი თანხა და განისაზღვროს 22 345 ლარით.

 

1.2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ხატია ბერიძის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (№1--------), შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა 0.01%-მდე და 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 26 დეკემბრამდე განისაზღვროს 468,16 ლარით.

 

2. მოსარჩელეების მ----- ე---------ს და რ----- ს-------–--ს სასარჩელო მოთხოვნები დანარჩენ ნაწილში - არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოსარჩელე მხარის მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 378,65 ლარის, ასევე 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ს“ მოსარჩელეების მ----- ე---------სა და რ----- ს-------–--ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 229,65 ლარისა და 13,98 ლარის, ასევე 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოსარჩელეებს მ----- ე---------სა და რ----- ს-------–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ 912,10 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა 2018 წლის 15 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის - რეესტრის ნომერი #1--------, ნოტარიუსი ხატია ბერიძე, მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე