განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2019
საქმის ნომერი
140100119003137853
თარიღი
03.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100119003137853

N1/376-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

30.08.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - რუსუდან ლაბაძე

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ქეთევან გაგოევი

 

ბრალდებული - შ---- ს------ს ძე ზ-------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 5 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გორის რაიონი, სოფელი კ-----–---ი.

 

კვალიფიკაცია

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათცვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შ---- ზ-------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, გორის რაიონის სოფელ კ-----–---ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ---- ზ-------–---–ი სოცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხ----ა ტ---------–---–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რის შედეგადაც ხ----ა ტ---------–---–ს გაუჩნდა შ---- ზ-------–---–ის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შ---- ზ-------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათცვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, გორის რაიონის სოფელ კ-----–---ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ---- ზ-------–---–მა სცემა ხ----ა ტ---------–---–ი, კერძოდ, ხელები მოუჭირა კისრის არეში და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგადაც ხ----ა ტ---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შ---- ზ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, გორის რაიონის სოფელ კ-----–---ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ----ი ზ-------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლის დედას - მ--- ჩ--–-----ს, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. შ---- ზ-------–---–ის ქმედების შედეგად მ--- ჩ--–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის შ---- ზ-------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

შ---- ზ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მ--- ჩ--–-----ის შტყობინება და გასაუბრების ოქმი, მოწმეების - მ--- ჩ--–-----ის, ხ----ა ტ---------–---–ის, თ----- ტ---------–---–ის, შ---- ზ-------–---–ის და ლ-–- კ-------- გამოკითხვის ოქმები, შ---- ზ-------–---–ის, ხ----ა ტ---------–---–ის და მ--- ჩ--–-----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმები, შემაკავებელი ორდერებისა და ოქმების ასლები.

 

შ---- ზ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შ---- ზ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია შ---- ზ-------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ცემა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს და არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

რაც შეეხება მუქარას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ შ---- ზ-------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულების სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. დანაშაულების ჩადენისას შ---- ზ-------–---–ს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი. ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიზანს სწორედ ხ----ა ტ---------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენა და მისი დაშინება წარმოადგენდა, რაც მან ხ----ა ტ---------–---–ის მიმართ სახის არეში ხელის დარტყმებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სისრულეში მოიყვანა. შ---- ზ-------–---–მა დანაშაულებრივი განზრახვა ასევე სისრულეში მოიყვანა მეუღლის დედის - მ--- ჩ--–-----ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარით. მოწმეთა ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ შ---- ზ-------–---–ის ძალადობრივი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგებთან (ხ----ა ტ---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე მ--- ჩ--–-----ს შ---- ზ-------–---–ის ქმედებებით გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), ურომლისოდაც აღნიშნული შედეგები არ განხორციელდებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია შ---- ზ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შ---- ზ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება.

 

შ---- ზ-------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებას მთვრალ მდგომარეობაში.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

 

შ---- ზ-------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები განეკუთვნებიან ადამიანის ჯანმრთელობის, მისი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ, განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულთა რიგს, რომლებიც იმავდროულად არღვევს ოჯახის კეთილდღეობის კონსტიტუციურ უფლებას.

 

დაზარალებულების ჩვენებებით ირკვევა, რომ შ---- ზ-------–---–ს წარსულში მათთვის შეურაცხყოფა არასოდეს მიუყენებია, ბრალდებულის ამგვარი ქმედება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან აღნიშნულს წინ არ უძღოდა რაიმე სახის უთანხომოება მათ შორის. დაზარალებულთა განმარტებებით, შ---- ზ-------–---–ი სრულიად უმიზეზოდ გახდა აგრესიული მათ მიმართ.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შ---- ზ-------–---–მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, საქმეზე მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც ხელი შეუწყო მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. ბრალდებულის მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. შ---- ზ-------–---–მა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულების სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებებისათვის.

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: შ---- ზ-------–---–ი 25 წლისაა, დაოჯახებულია, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 10 ივლისის სანოტაროდ დამოწმებული განცხადებებით დაზარალებულებმა - ხ----ა ტ---------–---–მა და მ--- ჩ--–-----მა დაადასტურეს შ---- ზ-------–---–თან შერიგების ფაქტი და აღნიშნეს, რომ მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ. მათ ითხოვეს შ---- ზ-------–---–ის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გამოყენება. ყურადსაღებია, რომ შ---- ზ-------–---–ი მეზობლების მხრიდან ხასიათდება დადებით პიროვნებად, მას ჰყავს ე---–------თ დაავადებული მცირეწლოვანი შვილი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას.

 

სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ, იმას, რომ ამ ეტაპზე აღარ არსებობს შ---- ზ-------–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულებისადმი მისი დამოკიდებულების, მისი ჯანმრთელობის, ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ---- ზ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა რვა თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ორი წელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მოხდის ამგვარი წესი შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლოს მიერ შერჩეული კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შეღავათი დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ---- ზ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, შ---- ზ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

2. მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 ივლისიდან 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.

 

4. მსჯავრდებულ შ---- ზ-------–---–ს დაევალოს, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

5. შ---- ზ-------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

6. შ---- ზ-------–---–ის მიმართ დამატებითი ვალდებულების სახით დაკისრებული აკრძალვა დაზარალებულებთან - ხ----ა ტ---------–---–თან და მ--- ჩ--–-----თან მიახლოების შესახებ გაუქმდეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე