გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.09.2019
საქმის ნომერი
180310019003094610
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
03.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №180310019003094610 (3/199-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 სექტემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - გა------–-----ძე

 

მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენლები: უჩ--------------–-–---–-, შო-----------–-–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 07 მარტის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8-------------6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 10 აპრილის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8-------------8 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.3.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.4.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნ----–--ში მდებარე 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1.უდავოა, რომ საქართველოში არსებობდა თბილისის კ-–---–ების მუსიკალური ინსტრუმენტების ფაბრიკის კოლექტიური მებაღეობა ,,კ-–---–ი’’, რომლის თავმჯდომარე იყო არ----–----------–---–ი, ხოლო წევრები იყვნენ ალ------------------–---–------------–-------–---–----------------------ძე და სხვები.

 

მცხეთის რაიონში, ნ----–--ის ტერიტორიაზე მდებარე და 19-- წლის კოლექტიური მებაღეობა ,,კ-–---–ი’’-ს წევრთა სიით გადაცემული მიწის ნაკვეთებიდან ალ------------------–---–მა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N2--, მ--------–-------–-ილმა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N--- და თ------------------ემ 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N--- საკუთრების უფლებით დაირეგისტრირეს საჯარო რეესტრში. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო მებაღის წიგნაკები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-16.08.2019 წლის განცხადებით წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების მასალები (ს.ფ. 167);

-მებაღეობის წევრთა სია (ს.ფ. 16);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. 26.08.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.დადგენილია, რომ მოსარჩელე გა------–-----ძე ასევე იყო კოლექტიური მებაღეობა ,,კ-–---–ი’’-ს წევრი და მცხეთის რაიონში, ნ----–--ის ტერიტორიაზე მასაც გამოეყო 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი N1--, რაც ასახულია 19-- წელს მუსიკალური ინსტრუმენტების გაერთიანების გენ. დირექტორის - ვ-------------ს, პროფკომიტეტის თავმჯდომარის - ნ------------ას და მებაღეობის თავმჯდომარის - არ----–----------–---–ის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული კოლექტიური მებაღეობის ,,კ-–---–ი’’-ს წევრთა სიაში, ასევე, მიწის ნაკვეთების (მიწათსარგებლობის) გეგმაზე. სახელდობრ, სიაში:

 

-რიგით ნომრად №8- მითითებულია მოსარჩელე გა------–-----ძე, ხოლო მასზედ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნომრად დაფიქსირებულია №1--;

 

-რიგით ნომრად №5- მითითებულია ალ------------------–---–ი, ხოლო მასზედ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნომრად დაფიქსირებულია №2--;

 

-რიგით ნომრად №5- მითითებულია მ--------–-------–-ილი, ხოლო მასზედ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნომრად დაფიქსირებულია №2--;

 

-რიგით ნომრად №8- მითითებულია თ------------------ე, ხოლო მასზედ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნომრად დაფიქსირებულია №1--.

 

ნ----–--ის ტერიტორიაზე მოსარჩელისათვის გამოყოფილი 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უდავოა, მოსარჩელე გადაცემის დღიდან დღემდე ფლობს მას ისე, რომ მის მიმართ აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-16.08.2019 წლის განცხადებით წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების მასალები (ს.ფ. 167);

-მებაღეობის წევრთა სია (ს.ფ. 16);

-მიწის ნაკვეთების (მიწათსარგებლობის) გეგმა (ს.ფ. 114);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. 26.08.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. 2019 წლის 22 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა გა------–-----ძემ, რომლითაც წარდგენილი დოკუმენტაციის (მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, კოლექტიური მებაღეობა ,,კ-–---–ი’’-ს წევრთა სია, მიწათსარგებლობის გეგმა) საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნ----–--ის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-მებაღეობის წევრთა სია (ს.ფ. 16);

-მიწის ნაკვეთების (მიწათსარგებლობის) გეგმა (ს.ფ. 114);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. 26.08.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოსარჩელე გა------–-----ძეს სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ ნ----–--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მებაღის წიგნაკი არ გააჩნია, ასევე, აღსანიშნავია, რომ მცხეთის რაიონის, ნ----–--ის ტერიტორიის 1992-2007 წწ. საკომლო წიგნები, მიწის ნაკვეთების განაწილების (სარეფორმო), გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები დუშეთის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-დუშეთის რეგიონული არქივის 16.08.2--- წლის N3-------5 ცნობა (ს.ფ. 97);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. 26.08.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 07.03.2019 წლის №8-------------6 გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ 22.02.2019 წელს წარდგენილ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სააგენტოს მიერ ვერ იქნა მოძიებული დოკუმენტაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილ ფართზე, რის გამოც მოსარჩელეს დაევალა საკუთრების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

 

გა------–-----ძის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში 30 დღის ვადაში ახალი მტკიცებულების ან ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, 10.04.2019 წლის №8-------------8 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები (ს.ფ. 81-131);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 26.08.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.5.მოსარჩელე გა------–-----ძემ 2019 წლის 12 აპრილს №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ როგორც გასაჩივრებული 10.04.2019 წელს მიღებული გადაწყვეტილების, ასევე, მანამდე 07.03.2019 წელს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის (შეჩერების) თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერებაზე და 2019 წლის 03 ივნისის №1----- გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ უარი უთხრა გა------–-----ძეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-03.06.2019 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 37);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 26.08.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, მოწმის ჩვენების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; 2016 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი; სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2.სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მისი შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული აქტების კანონიერების შემოწმების აღძვრის უფლების მქონე პირის ცნება განსაზღვრულია საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით, რომლითაც კანონმდებლის მიერ დადგინდა, რომ დაინტერესებული პირია ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. ამ ნორმის შინაარსს ავსებს იმავე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც სარეგისტრაციო დოკუმენტად მიჩნეულია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

წარმოდგენილი სარჩელით გა------–-----ძის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ ორ წერილობით მტკიცებულებაზე, კერძოდ, კოლექტიური მებაღეობა ,,კ-–---–ი’’-ს წევრთა სიაზე და მიწათსარგებლობის გეგმაზე.

 

მცხეთის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითია დადგინდეს სადავო სარეგისტრაციო წარმოების პროცესში არსებული ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.

 

განვიხილოთ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ არ----–----------–---–ის ჩვენებასთან ერთად:

 

1) 19-- წელს მუსიკალური ინსტრუმენტების გაერთიანების გენ. დირექტორის - ვ-------------ს, პროფკომიტეტის თავმჯდომარის - ნ------------ას და მებაღეობის თავმჯდომარის - არ----–----------–---–ის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებულია კოლექტიური მებაღეობის ,,კ-–---–ი’’-ს წევრთა სია, რომლითაც დადგენილია, რომ ამხანაგობას ყავდა 1-- წევრი, მათ შორის იყვნენ მოსარჩელე გა------–-----ძე, ალ------------------–---–ი, მ--------–-------–-ილი და თ------------------ე, კერძოდ, სიაში: რიგით ნომრად №8- მითითებულია მოსარჩელე გა------–-----ძე და მასზედ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნომრად დაფიქსირებულია №1--; რიგით ნომრად №5- მითითებულია ალ------------------–---–ი, ხოლო მასზედ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნომრად დაფიქსირებულია №2--; რიგით ნომრად №5- მითითებულია მ--------–-------–-ილი და მასზედ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნომრად დაფიქსირებულია №2--; რიგით ნომრად №8- მითითებულია თ------------------ე, ხოლო მასზედ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნომრად დაფიქსირებულია №1--;

 

2) მიწის ნაკვეთების ნუმერაცია და მათ განლაგება ასახულია მიწათსარგებლობის გეგმაზე, რომლითაც მოსარჩელისათვის გამოყოფილი N1-- მიწის ნაკვეთის ოდენობა შეადგენს 600 კვმ-ს და იგი მდებარეობს თ------------------ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (იხ. 15.08.2019 წლის სიტუაციური ნახაზი, ს.ფ. 213);

 

3) აღსანიშნავია ასევე, რომ ალ------------------–---–მა, მ--------–-------–-ილმა და თ------------------ემ, როგორც ამხანაგობის წევრებმა მებაღის წიგნაკის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხეს სიაში მითითებული მიწის ნაკვეთები 600 კვ.მ-ის ოდენობით;

 

4) სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მებაღეობა ,,კ-–---–ი’’-ს თავმჯდომარე - არ----–----------–---–ი, რომლის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი საქმეში არსებულ მებაღეობა ,,კ-–---–ი’’-ს წევრთა სიას ნამდვილად აწერს ხელს და ამ სიაში მითითებულ პირებს წევრებს, მათ შორის მოსარჩელე გა------–-----ძეს იცნობს. აღნიშნული სიით დასტურდება ის გარემოება, რომ მათში მითითებულ პირებს, როგორც მებაღეობის წევრებს გადაეცათ მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის ნ----–--ის ტერიტორიაზე 600 კვ.მ-ის ოდენობით.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისთვის ცნობილია ნ----–--ის ტერიტორიაზე მოსარჩელისათვის გადაცემული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ მფლობელობა/სარგებლობის ფაქტის თაობაზე.

 

მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნ----–--ში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მოსარჩელეს არ გააჩნია მებაღის წიგნაკი და რომ მცხეთის რაიონის, ნ----–--ის ტერიტორიის 1992-2007 წწ. საკომლო წიგნები, მიწის ნაკვეთების განაწილების (სარეფორმო), გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები დუშეთის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა, არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს, გამომდინარე იქედან, რომ მას აქვს სხვა დოკუმენტაცია მებაღეობის წევრთა სიის, მიწათსარგებლობის გეგმისა და ამ დოკუმენტაციაში ასახული სხვა წევრთა სარეგისტრაციო მასალების სახით.

 

6.3.ვინაიდან განსახილველი დავის საგანი პირდაპირ კავშირშია საკუთრების უფლებასა და მის ხელყოფასთან, უპირველესად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

აღნიშნულ მუხლში განმტკიცებული კერძო საკუთრების უფლება, ერთი მხრივ, არის საკუთრების როგორც ინსტიტუტის გარანტია და, მეორე მხრივ, საკუთრების, როგორც პიროვნების უფლების გარანტია.

 

ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებულია საკუთრება, როგორც ძირითადი უფლება, მაგარამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ უფლების რეალურ განხორციელებას. ამისთვის საჭიროა, რომ იგი დაცული იყოს, როგორც ეფექტური სასამართლო სისტემით, ასევე სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან კანონიერი, სამართლიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეალიზაციისა და განხორციელების გამოხატულებაა დაინტერესებული პირის მიერ საჯარო რეესტრისათვის განცხადებით მიმართვა, თუმცა განცხადებით მოთხოვნილი მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში აღნიშნული უფლების დაცვა შესაძლებელია სასამართლოს წესით, მაგალითად, შეცილებითი სარჩელის აღძვრით, რა დროსაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი პირობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ესენია: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ბ) ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდნენ მის უფლებას. ერთ-ერთი ამ პირობის არარსებობისას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება.

 

აღნიშნული პირობების კონკრეტული გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა სადავო აქტით. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დარღვევის არსებობა-არარსებობის საკითხის დადგენის მნიშვნელობაზე. კერძოდ, კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე აქტით დაცულ უფლებებს და ინტერესებს, ანუ მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ასევე სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.

 

წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის მიმართ გა------–-----ძის კანონიერი ინტერესის არსებობა მტკიცდება ზემოთ მითითებული დოკუმენტაციით.

 

2016 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი. მსგავსი შინაარსის მატარებელია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტი.

 

მართალია, ზემოაღნიშნულ მუხლში მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულია ,,მებაღის წიგნაკი“, მაგრამ ამავე მუხლის ბოლოს წინადადების თანახმად, მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება ასევე დადასტურდეს ,,სხვა დოკუმენტით“. ამდენად, კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არ არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურებულიყო ,,სხვა დოკუმენტითაც“.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია საჯარო რეესტრის სტრუქტურა, რომლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, აჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა; უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია. იგი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ერთ-ერთ საქმეზე (ბს-192-18- (3კ-13), გადაწყვეტილების თარიღი - 16.07.2013) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებას, რომლითაც ,,საჯარო რეესტრი, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელი საჯარო დაწესებულება ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის საქმიანობაზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპები".

 

ასევე, სხვა საქმეში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას.

 

ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას)’’.

 

აღნიშნული მსჯელობის შინაარსი ცხადყოფს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სადავო გადაწყვეტილებების მიღებამდე სწორად უნდა შეეფასებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, იგი ვალდებული იყო ყოველმხრივ გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები მასთან არსებული ნებისმიერი საშუალებით, კერძოდ, მართალია მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში ვერ იქნა წარმოდგენილი მებაღის წიგნაკი, მაგრამ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა იმ გარემოებაზე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი და მოპასუხესთან არსებული დოკუმენტაცია ერთობლიობაში, ხომ არ მიეკუთვნებოდა სწორედ იმ ,,სხვა დოკუმენტებს”, რომელთა საშუალებითაც დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება. ამ კუთხით ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოპასუხეს უპრობლემოდ შეეძლო, რომ მოეპოვებინა 19-- წლის მებაღეობა ,,კ-–---–ი’’-ს წევრთა სიაში მითითებული წევრების ალ------------------–---–ის, მ--------–-------–-ილის და თ------------------ის სარეგისტრაციო წარმოების მასალები, რითაც საქმეში არსებული და ზემოთ მოხმობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად დარწმუნდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ნამდვილად არის მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები: საქმე #ბს-765-765(კ-18) 4 ოქტომბერი, 2---; საქმე #ბს-22-22(კ-12) 31 იანვარი, 2013 წელი).

 

მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ქმედების განუხორციელებლობით, მოსარჩელეს ფაქტიურად წაერთვა საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესაძლებლობა სადავო უძრავ ნივთზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების დროს დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ადმინისტრაციული აქტი მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციულ ორგანოს მართებს განსაკუთრებით ფრთხილად, კანონის შინაარსის და მიზნის, ცალკეულ ნორმათა არსის სწორი გაგებით შეეხონ საკუთრებას, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ იქნა დაცული. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს სზაკ-ის 96-ე მუხლის შინაარსიდან, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები ცხადყოფს, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად არღვევს მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებას დაირეგისტრიროს უძრავი ქონება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებები და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გა------–-----ძის სახელზე მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნ----–--ის ტერიტორიაზე მდებარე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.დადგენილია, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე და 53-ე მუხლებისა, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.გა------–-----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 07 მარტის N8-------------6 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ;

 

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 10 აპრილის N8-------------8 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

 

1.3.ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 ივნისის N1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნ----–--ში მდებარე 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე გა------–-----ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;

 

2.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N17) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა