განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
330100119002935542
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1528-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ა---------ს

ბრალდებულ _ გ---- გ---------ის

ადვოკატ - ნ------- ძ---–--ის

თარჯიმან - ე-–----- თ------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ---- ბ--------ის ძე გ---------ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–----------–-----------–------–-------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- გ---------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

გ---- გ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ------–--–----------–-----------–------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ---- გ---------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - გ----–------ მ---------ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და ქამარი მოუჭირა კისრის არეში, რის შედეგადაც გ----–------ მ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ---- გ---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა გ---- გ---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ---- გ---------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, პაციენტის სამედიცინო ბარათს, შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

აღსანიშნავია, რომ ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1------ის განაჩენით გ---- გ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით გაუქმდა რ--------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3-----------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- გ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად, ს--------- რაიონული სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა გადახდილია ბრალდებულის მიერ 2018 წლის 2-------ს, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად, გ---- გ---------ს გამოსაცდელი ვადა უსრულდებოდა 2020 წლის 1------ს. შესაბამისად, იგი ოჯახში ძალადობის ჩადენის დროისათვის (2019 წლის 18 თებერვალს) იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ---- გ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას.

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში გ---- გ---------ის მიმართ წარსულში გავრცელებული შეღავათების მიუხედავად, მისი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება მაინც არ შეწყვეტილა, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ორგზის განზრახი დანაშაულისათვის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) ნასამართლევსა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება შეღავათიან სასჯელზე და კვლავ პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, მან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ისევ ჩაიდინა ახალი განზრახი და ამავდროულად ძალადობრივი დანაშაული მეუღლის მიმართ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი აშკარად არაკანონმორჩილი პიროვნებაა, არასაპატიმრო სასჯელმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა და ვერ შეაკავა მისი დანაშაულებრივი ქმედებები.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობა ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, რამდენადაც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, გ---- გ---------მა არამარტო ხელი დაარტყა სახის არეში, არამედ ქამარი მოუჭირა ყელში, რამაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გონების დაკარგვა გამოიწვია. მისივე თქმით, ბრალდებული არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი, რომლის ზემოქმედების შემდეგ ხდება აგრესიული და კონფლიქტური მეუღლის მიმართ. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლებაში ყოფნის პირობებში მისი მხრიდან არსებობს დანაშაულის რეციდივის მომეტებული რისკი, რაც აღკვეთილი უნდა იქნეს შესაბამისი საპატიმრო სასჯელით.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, რაც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ქვედა ზღვარის გათვალისწინებით შეადგენს 1 (ერთ) წელს და 6 (ექვს) თვეს, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიმართ კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას და ჩადენილი დანაშაულისადმი დამოკიდებულებას და საკმარისად მიიჩნევს გ---- გ---------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადის განსაზღვრას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, - სასჯელთა არა სრული, არამედ ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებას, საბოლოოდ, დანიშნული სასჯელი კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---- გ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ---- გ---------ის მიმართ ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1------ის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- გ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. გ---- გ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 თებერვლიდან.

4. გ---- გ---------ის ორი ცალი ფოტოსურათი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი