გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.08.2019
საქმის ნომერი
150210119003030655
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210119003030655

№2/134-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აგვისტო 2019 წელი ქ.ახალქალაქი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - არარატ ესოიან

სხდომის მდივანი - დავით მელიქიძე;

მოსარჩელე - გ---- ბ------- (პ/ნ 3----------);

წარმომადგენელი - ნ-----------------ე, ს---------------ნ;

მოპასუხე - ჰ------- ს---------- (პ/ნ 3----------);

წარმომადგენელი - ა-–---------ე-----–---–-;

დავის საგანი - ვალის დაბრუნება, პირგასამტეხლოდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ჰ------- ს----------ს დაეკისროს გ---- ბ-------ის სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 23000 ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხე ჰ------- ს----------ს დაეკისროს გ---- ბ-------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 23000 ლარის ოდენობით.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ მან 2013 წლის 27 მაისს მოპასუხე ჰ------- ს----------ს ასესხა 50000 ლარი, რომელიც მას სრულად უნდა დაებრუნებინა 2013 წლის 1 ოქტომბრამდე. დადგენილ ვადაში მოპასუხე ჰ------- ს----------მა გ---- ბ-------ს ვერ დაუბრუნა ვალი, მაგრამ 2016 წლის 30 მაისამდე, ნაწილ-ნაწილ, აღებული ვალიდან დაუბრუნა მხოლოდ ნაწილი, კონკრეტულად კი 27000 ლარი. დარჩენილი 23000 ლარის გადახდის ვალდებულების თაობაზე კი მან გ---- ბ-------ს 2016 წლის 30 მაისს მისცა ახალი ხელწერილი, სადაც ის აღიარებს გ---- ბ-------ის მიმართ 23000 ლარის ვალის არსებობის ფაქტს და ის იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ ვალს სრულად დაუბრუნებს გ---- ბ-------ს 2016 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნული ხელწერილით მოპასუხე ჰ------- ს----------მა ასევე აიღო ვალდებულება იმის შესახებ, რომ თუკი დადგენილ ვადაში ის ვალს არ დაუბრუნებს გ---- ბ-------ს, მაშინ ის ვალის დაუბრუნებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით გ---- ბ-------ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდის 60 ლარს. ჰ------- ს----------მა დადგენილ ვადაში საერთოდ არ შეასრულა ვალდებულება და გ---- ბ-------ს არ დაუბრუნა არც ვალი და არც პირგასამტეხლო არ გადაუხადა.

ვალდებულების შეუსრულებლობის დღიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 990 დღე. პირგასამტეხლოს სახით გადასახდელმა თანხამ ამ დროისათვის შეადგინა 59400 ლარი. გ---- ბ-------მა არაერთხელ მოსთხოვა ჰ------- ს----------ს ვალის დაბრუნება, რაზედაც მოპასუხე უარს არ ეუბნება, მაგრამ პასუხობს, რომ როცა ექნება ამის შესაძლებლობა, მაშინ დაუბრუნებს და ცრუ დაპირებებით ისტუმრებს. მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში, არსებული ვალიდან და დაგროვილი პირგასამტეხლოს თანხიდან არცერთი თეთრი არ დაუბრუნებია. ჰ------- ს----------ი აშკარად თავს არიდებს მის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას და ცდილობს რამენაირად დრო გაიყვანოს, რათა შემდეგ ხანდაზმულობის მოტივით საერთოდ უარი უთხრას გ---- ბ-------ს ვალის დაბრუნებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს ვალს. იგი ერთობლივ საქმიანობაში ჩადებული ფულია და ვინაიდან მოგება ვერ ნახეს აღნიშნული საქმიანობიდან, ამიტომ მოსარჩელის მიერ ჩადებული თანხის ნახევარი ეკუთვნის გადასახდელად, რაც გადახდილი აქვს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ის ერთობლივ საქმიანობაში არ არის გათვალისწინებული და მისი ანაზღაურება არ ეკისრება. თუნდაც მართლაც ვალი რომ ჰქონდეს და ამ ხელწერილით პირგასამტეხლოც გადასახდელი იყოს, ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდია. გარდა ამისა მოპასუხის აზრით სარჩელი ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ერთმანეთთან ჰქონდათ ფულადი ურთიერთობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

3.2.1. 2013 წლის 27 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული მოპასუხის მიერ გაცემული ხელწერილი, ხოლო შემდეგ 2016 წლის 28 ოქტომბერს მოპასუხის მიერ გაცემული ხელწერილი, წარმოადგენენ ვალის წერილობით აღიარებას.

კერძოდ 2013 წლის 27 მაისის ხელწერილით მოპასუხემ აღიარა, რომ მართებს მოსარჩელის ვალი 50000 ლარი. 2016 წლის 30 მაისის ხელწერილით მოპასუხემ აღიარა, რომ აიღო ვალი მოსარჩელისაგან 23000 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლო სხდომაზე უარყო სესხის არსებობა და განაცხადა, რომ ეს იყო ადრინდელი 2013 წლის ვალის ნაშთი, საიდანაც (23000 ლარიდან) კიდევ დაბრუნებული აქვს თანხა, ასევე ცხვარი და საბოლოოდ დარჩა ვალი არაუმეტეს 5000 ლარისა.

ამასთან არ არის დადგენილი, რომ ეს თანხა 50000 ლარი, სესხია, როგორც განმარტა მოსარჩელემ, თუ ანაბარია ერთობლივ საქმიანობაში, როგორც განმარტა მოპასუხემ, ვინაიდან მხარეების მიერ არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება თავისი მოსაზრებების დასამტიკცებლად.

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ ხელწერილები გაცემულია შეცდომით, ვინაიდან ჰქონდა მოსარჩელის ნდობა, რადგან: ეს განმარტება არალოგიკურია - როგორ შეიძლება შეცდომით ხელი მოაწეროს ხელწერილზე 50000 ლარის ოდენობით ვალზე, და რაც მთავარია ხელწერილებში მოპასუხისათვის გასაგებ რუსულ ენაზე აღნიშნულია ვადები და ჯარიმები, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იწვევს არასასურველ შედეგებს მოპასუხისათვის; თავად მოპასუხემ განმარტა, რომ 2013 წლის ვალიდან, 2016 წლის 30 მაისამდე, ნაწილ-ნაწილ დაუბრუნა მხოლოდ ნაწილი, კონკრეტულად კი 27000 ლარი, შესაბამისად 2016 წლის 30 მაისის მდგომარეობით 50000 ლარიდან დარჩა 23000 ლარი, რაზედაც 30 მაისს მოპასუხემ მისცა ხელწერილი 23000 ლარის ვალის არსებობის შესახებ და იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ ვალს სრულად დაუბრუნებს გ---- ბ-------ს 2016 წლის 1 სექტემბრამდე.

საბოლოოდ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეებს ერთმანეთთან ჰქონდათ ფულადი ურთიერთობა (ერთობლივი საქმიანობა თუ სესხი), რამაც გამოიწვია მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 30 მაისის ხელწერილი არის 2013 წლის 27 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული მოპასუხის მიერ გაცემული ხელწერილის ლოგიკური გაგრძელება. შესაბამისად დადგენილია, რომ მოპასუხეს აქვს ვალი მოსარჩელის წინაშე 23000 ლარის ოდენობით, რომელიც ვალდებული იყო დაებრუნებინა 2016 წლის 1 სექტემბრამდე.

ამასთან ვერ დგინდება, რომ დადგენილ ვადაში მოპასუხე ჰ------- ს----------მა გ---- ბ-------ს დაუბრუნა აღნიშნული ვალი (ან ნაწილი), ვინაიდან არ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, ხოლო მოსარჩელემ განაცხადა, რომ არ დაუბრუნებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- 2013 წლის 27 მაისის ხელწერილი;

- 2016 წლის 30 მაისის ხელწერილი.

3.2.2. ხანდაზმულობაის თაობაზე:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს.

2016 წლის 30 მაისის ხელწერილიდან გამომდინარე, 23000 ლარის დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობის მომენტია 2016 წლის 1 სექტემბერი, ანუ ხანდაზმულობის ვადა იწყება 2016 წლის 1 სექტემბრიდან - იმ დროიდან, როცა კრედიტორს (მოსარჩელეს) შეეძლო განეხორციელებინა მოქმედება - მოეთხოვა ვალის დაბრუნება. სარჩელი შეტანილია 2019 წლის 05 ივნისს, შესაბამისად არ არის გასული ხანდაზმულობის ვადა და სარჩელი ხანდაზმული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 2016 წლის 30 მაისის ხელწერილი.

3.2.3. პირგასამტეხლოს თაობაზე:

დადგენილია, რომ 2016 წლის 30 მაისის აღნიშნული ხელწერილით მოპასუხე ჰ------- ს----------მა ასევე აიღო ვალდებულება იმის შესახებ, რომ თუკი დადგენილ ვადაში ის ვალს არ დაუბრუნებს გ---- ბ-------ს, მაშინ ის ვალის დაუბრუნებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით გ---- ბ-------ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდის 60 ლარს.

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ 2016 წლის 30 მაისის ხელწერილს მან არ მოაწერა ხელი პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით. როგორც აღნიშნულია, ხელწერილით მოპასუხემ აღიარა ვალი და აიღო ვალდებულება პასუხი აგოს თავისი ქონებით, ამასთან ხელწერილში მოპასუხისათვის გასაგებ რუსულ ენაზე აღნიშნულია ვადები და ჯარიმები (პირგასამტეხლო), ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 2016 წლის 30 მაისის ხელწერილი.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გ---- ბ-------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე, 427-ე, 429-ე, 430-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ვალის შესახებ

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

ამავე კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

ამასთან ამავე კოდექსის 429-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების მიღებას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება. თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ საბუთის დაბრუნება, მოვალეს უფლება აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია.

აღნიშნულიდან გამომდინარე ვალის არსებობის ვალდებულება წარმოიშვება წერილობითი ფორმით ვალის აღიარებით ან ვალდებულებითი ხელშეკრულებით, ხოლო წარმოშობილი ვალის (ნაწილის) დაფარვა დასტურდება შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით ან ვალის დამადასტურებელი დოკუმენტის დაბრუნებით. ანუ თუ ვალის წარმოშობის ფაქტი დასტურდება წერილობითი დოკუმენტით, მოვალეს ვალის დაფარვისას უფლება აქვს მოითხოვოს შესრულების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი ან უკან მოითხოვოს გაცემული ვალის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ურთიერთობის ერთმა მხარემ უარყო ვალის (ნაწილის) დაფარვის ფაქტი.

განსახილველ შემთხვევაში ვალის (ვალდებულების) დამადასტურებლად წარმოდგენილია მოპასუხის მიერ 2016 წლის 30 მაისს გაცემული ვალის აღიარების განცხადება (ხელწერილი), მასზედ რომ მოპასუხემ აღიარა ვალი 23000 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაეფარა 2016 წლის 1 სექტემბრამდე (იხ. 3.2.1.).

შესაბამისად დგინდება მოპასუხის ვალი მოსარჩელის წინაშე 23000 ლარის ოდენობით. ამასთან არ დასტურდება, რომ ამ ვალიდან მოპასუხემ რაიმე თანხა დაფარა, ვინაიდან მოპასუხის მიერ არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ხოლო მოსარჩელემ უარყო ვალის დაფარვის ფაქტი (იხ. 3.2.1.).

 

6.1.2. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

შესაბამისად, ვალდებულების ძალით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 23000 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა.

6.2. პირგასამტეხლოს თაობაზე:

6.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით განსაზღვრულია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებათა სახეები, კერძოდ, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

6.2.2. სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის ნორმას, რომლითაც აკრძალულია ვალდებულების წარმოშობა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლებიდან.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ ინსტიტუტს უსაფუძვლო გამდიდრება წარმოადგენს. სამართლიანობის ბუნებიდან გამომდინარე არავის აქვს სხვის ხარჯზე გამდიდრების უფლება. სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპს ემყარება უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტი, რომლის მიზანს წარმოადგენს საფუძვლის გარეშე, უსამართლოდ შეძენილი ქონების (ნამატი, უპირატესობა, უფლება, შეღავათი) ამოღება, ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა. კეთილსინდისიერების პრინციპი კი, პირის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში განიხილავს. ამ პრინციპის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ვალდებულია, გამიჯნოს სამართლიანი უსამართლოსგან და თავისი ქცევა სამართლიანობის კრიტერიუმს შეუსაბამოს.

სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

6.2.3. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდია.

მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ აღნიშნული ჯარიმა გათვალისწინებულია ხელწერილით, თუმცა ვერ დაასაბუთა პირგასამტეხლოს ოდენობის ადეკვატურობა.

დადგენილია, რომ 2016 წლის 30 მაისის ხელწერილით განსაზღვრულია პირგასამტეხლო 60 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. 3.2.2.), რის გამოც მოსარჩელემ განსაზღვრა პირგასამტეხლო 23000 ლარის ოდენობით, რომელიც სასამართლოს აზრითაც არაადეკვატურია და შეუსაბამოდ მაღალი, თანაბარია დავალიანების თანხის.

შესაბამისად, რათა გამოირიცხოს უსაფუძვლო გამდიდრება, სამართლიანობის და კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საერთო დავალიანების თანხის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირებული უნდა იქნეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა 2300 ლარის ოდენობით (დავალიანების თანხის 10 %).

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ არ გაუშვა 2016 წლის 30 მაისს მოპასუხის მიერ გაცემული ვალის აღიარების განცხადებიდან (ხელწერილიდან) წარმოშობილი მოთხოვნის, (23000 ლარის ვალის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის) ხანდაზმულობის ვადა და სარჩელი არ არის ხანდაზმული.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 2 472‬ ლარი (1782+690) სარჩელის ფასი 82 400 ლარი ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარი.‬‬

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 23000+2300= 25300 რომლის 3 % შეადგენს 759 ლარს. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 759 (შვიდას ორმოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა;

რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო უნდა დააკისრებს მეორე მხარეს, ანუ მოპასუხეს გ---- ბ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის ხარჯების სანაცვლოდ გადაიხადოს 800 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე (31.07.19 წ.) უარი თქვა სარჩელის ნაწილზე, კერძოდ, პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა შეამცირა 36400 ლარით, რომლის 3 % შეადგენს 1092 ლარს.

შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 546 ლარი (1092 ლარის ნახევარი).‬

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ---- ბ-------ის (პ/ნ 3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხეს ჰ------- ს----------ს გ---- ბ-------ის სასარგებლოდ, დაეკისროს ვალის გადახდა 23000 (ოცდასამი ათასი) ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხეს ჰ------- ს----------ს გ---- ბ-------ის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით;

2. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

3. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 546 ლარი (საგადახდო დავალება 8---------, საქართველოს ბანკი, მიმღების ანგარიში 300603150, ბანკის კოდი TRESGE22, გადახდის თარიღი 05.06.2019წ. გადამხდელი გ---- ბ-------) ,3.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 759 (შვიდას ორმოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა;

3.2. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის ხარჯების სანაცვლოდ გადაიხადოს 800 ლარი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე არარატ ესოიან