გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210019002813694 (N2/33)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.08.2019 წელი ქ.სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
მოსარჩელე - შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’
წარმომადგენელი - მ-------------–---–-----------–-–---–-
მოპასუხე - ს------------–----–-------------ია
წარმომადგენელი - რ--------------–---–------------------–--
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს ს------------–----–-------------იას, შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს სასარგებლოდ არსებული დავალიანების 4599.88 ლარის, როგორც მოხმარებული სასმელი წყლის და წყალარინების ქსელით სარგებლობის საფასურის გადახდა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ს------------–----–-------------ია წარმოადგენს შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს აბონენტს მისამართზე ქ.სენაკი, ა---–--------------------ი, თეატრის გვერდით განთავსებული ფანტანი (აბონენტის N3------). აღნიშნული აბონენტი მოიხმარს როგორც კომპანიის სასმელ წყალს, ასევე სარგებლობს კომპანიის წყალარინების ქსელით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილებით დამტკიცებული წყალმომარაგების ტარიფების შესაბამისად, შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის სასმელი წყლის მოხმარების და წყალარინების ქსელით სარგებლობის ტარიფი ერთ კუბური მეტრისათვის შეადგენს 4.31 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნულის გათვალისწინებით, აბონენტს ერიცხებოდა მოხმარებული სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელით სარგებლობის საფასური. დღეის მდგომარეობით, აბონენტის დავალიანება კომპანიის მიმართ შეადგენს 4599.88 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ ს------------–----–-------------იამ სარჩელი არ სცნო.
მიუხედავად იმის, რომ შადრევანი რეგისტრირებულია აბონენტად შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს მიერ 2011 წლიდან, 2011 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მრიცხველის ჩვენება ფაქტობრივად არ შეცვლილა, შესაბამისად შადრევანს არ უფუნქციონირებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ს------------–----–-------------ია, ქ.სენაკი, ა---–--------------------ი, თეატრის გვერდით განთავსებული ფანტანით 2011 წლის თებერვლის თვიდან წარმოადგენს (აბონენტის N3------) შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს აბონენტს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. აბონენტის ბარათის თანახმად, აბონენტის N3------, მისამართი სენაკი ა---–--------------------ი, ს/კ 2--------, მომხმარებელი სენაკის მუნიციპალიტეტის ფანტანი (თეატრის გვრდით) 04.01.2019 წლის მდგომარეობით ვალი არის 4599.88 ლარი.
2016 წლის 04 მარტის კომპიუტერული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, გამყიდველი შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’ ს/ნ 4--------, მყიდველი სენაკის მუნიციპალიტეტის ფანტანი (თეატრის გვერდით) ს/კ 2--------, საქონლის/მომსახურების ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით სულ არის 4599.88 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- აბონენტის ბარათს
- 2016 წლის 04 მარტის კომპიუტერული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას
-მხარეთა განმარტებებს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ს------------–----–-------------იას მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4599.88 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე 361-ე მუხლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N 32 დადგენილების ”სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” მესამე, მეცხრე, მეთერთმეტე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ მოპასუხის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლება არის პირის უნარი სუბიექტს მოსთხოვს რაიმე მოქმედების შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება. ანუ კანონი მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვონ მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება, ან კიდევ, შეასრულონ რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავონ ამ მოქმედების შესრულებისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილების ”სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” მესამე მუხლის პირველი ნაწილით, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა დარეგულირებულია მითითებული დადგენილებით. ს------------–----–-------------ია, როგორც მყიდველი შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იდან“ ყიდულობს წყალს და იხდის შესაბამის საფასურს. 2016 წლის თებერვლის თვეში აბონენტის მოხმარებული სასმელის წყლის და წყალარინების ქსელით სარგებლობისათვის დაერიცხა 4599.88 ლარი, დავალიანება მოპასუხემ არ გადაიხადა იმ მოტივით, რომ 2011 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მრიცხველის ჩვენება ფაქტობრივად არ შეცვლილა, შესაბამისად შადრევანს არ უფუნქციონირებია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N 32 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტით, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. ამავე მუხლის მესამე ნაწილით მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად. ამავე მუხლის მერვე პუნქტით, ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არ მიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის თებერვალი/ I კვარტალის მდგომარეობით ს------------–----–-------------იას შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს დავალიანება გააჩნდა 4599.88 ლარის ოდენობით. ს------------–----–-------------იის მიერ დავალიანების გადახდა არ მოხდა იმ საფუძვლით, რომ შადრევანს არ უფუნქციონირებია და შესაბამისად წყალი ვერ გაიხარჯებოდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილების მე-11-ე მუხლის 31-ე პუნქტით, სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები. ამავე მუხლის მერვე პუნქტით, სასმელი წყლის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით.
კონკრეტულ შემთხვევაში კი ს------------–----–-------------იის მხრიდან არ მომხდარა მრიცხველის მუშაობაზე ხარვეზის შესახებ მიმართვა შესაბამისი უწყებისთვის. რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ს------------–----–-------------იის ბალანსზე არსებული ფანტანი არ ფუნქციონირებდა და არ მოიხმარდა შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს წყალს, წარმოდგენილი არ არის.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს გააჩნია წყლის საფასურის დავალიანება 4599.88 ლარის ოდენობით, რასაც არ იხდის შადრევნის უმოქმედობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ს------------–----–-------------იამ ვერ შეძლო სასამართლოსათვის დაემტკიცებინა იმ პერიოდში ფანტანის უმოქმედობა და წყლის მოუხმარებლობის ფაქტი, რაც საეჭვოს გახდიდა მასზე დაკისრებული წყლის საფასურის ოდენობას. მისი არგუმენტები, მხოლოდ მოსაზრებებია და არაა გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, კერძოდ, ვიზუალური დათვალიერებისას შედგენილი აქტით, ლაბორატორიული შემოწმების დასკვნით ან სხვა მტკიცებულებით.
დადგენილია, რომ ს------------–----–-------------იას შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს მიმართ გააჩნია დავალიანება 4599.88 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ საქმეზე შეადგენს 137.97 ლარს, რომლის გადახდაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს სარჩელი მოპასუხე ს------------–----–-------------იის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1. დაეკისროს ს------------–----–-------------იას ს/კ 2-------- შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს ს/კ 4-------- სასარგებლოდ 4599.88 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს ს------------–----–-------------იას შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 137.97 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე