განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2019
საქმის ნომერი
110100119003121027
დავის ტიპი
126 1
თარიღი
04.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110100119003121027

№1/188-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - აკაკი კვინიკაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ---- ღ-------, დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, დ.აღმაშენებლის ქუჩა N--, ბინა N-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.ზესტაფონში, ჩ---–---- ქ------- საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ყოფნისას, სახლში გვიან დაბრუნდების გამო, ბ----ი ღ-------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან - ე---------- კ-----–---–-ასთან, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ბ----ი ღ-------მ, ე---------- კ-----–---–-ას ძლიერად მოქაჩა თმებში, ხელი დაარტყა თავში, ასევე, მარცხენა თვალთან და ზედა ტუჩის არეში და ხელი მოუჭირა მარჯვენა მკლავზე. ბ----ი ღ-------ს მიერ განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ე---------- კ-----–---–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

2. ბ---- ღ-------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ---- ღ-------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ - ე---------- კ-----–---–-ას გამოკითხვის ოქმები; მოწმე ა--------------ძის გამოკითხვის ოქმი; ბრალდებულ - ბ---- ღ-------ს გამოკითხვის ოქმი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ამოღების ოქმი; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულები ბოუროს 2019 წლის 21 ივნისის N----- მიმართვა, და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ბ---- ღ-------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ბ---- ღ-------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

11. ბ---- ღ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---- ღ-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, დაზარალებულთან შერიგებულია და პრეტენზია არ გააჩნია. ოჯახში ცხორობს დედასთან ერთად, დასაქმებული არაა და იღებენ სოციალურ დახმარებას 60 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ბ---- ღ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ბ---- ღ-------ს მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.

 

14. ბ---- ღ-------ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ: დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის N316აგ-13 განჩინებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სსკ 59-ე მუხლის 1-ლი-მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესი არ ვრცელდება დამატებით სასჯელებზე, რომელთათვისაც განსხვავებული პრინციპია (მხოლოდ შეჯამების შესაძლებლობა) დადგენილი იმავე მუხლის მე-8 ნაწილით, კერძოდ: „დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას“. აღნიშნულზე მიუთითებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის №227აპ-13 გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ბ---- ღ-------ს არ აქვს გადახდილი მის მიმართ 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე.

 

15. ბ---- ღ-------ს მიმართ, სასჯელის პირობითად ჩათვლისას, სასამართლო მოიხმობს საქართველოს სსკ 63-ე მუხლს და განმარტავს, რომ მუხლში რეგლამენტირებულია პირობითი მსჯავრის გამოყენებისა და გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველები. კერძოდ: 1. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. 2. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. 3. თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ბ.ღ------- მსჯავრდებულია საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენის საფუძველზე და მას ძირითად სასჯელად განსაზღვრული ჰქონდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რომელიც მოიხადა 2019 წლის 5 აპრილს. მართალია იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა კანონი (სსკ 63-ე მუხლი) კრძალავს პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობას თუ პირი წარსულში ნასამართლევი იყო განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე, ან/და ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ.ღ------- მხოლოდ ერთხელ არის გასამართლებული განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მოცემულ შემთხვევაში კი მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონისმიერი აკრძალვა, ბრალდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის.

 

16. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, ბ---- ღ-------ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

17. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ---- ღ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის, ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 500 (ხუთასი) ლარი და საბოლოოდ ბ---- ღ-------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ბ---- ღ-------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: ე---------- კ-----–---–-ასთან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს ე---------- კ-----–---–-ას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე