გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2019
საქმის ნომერი
231210019002884735
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

231210019002884735

N2-22-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 აგვისტო, 2019 წელი ქ. ხობი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ხობის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: ნუნუ ძველაია

მოსარჩელე: შპს "მონლაინი",წარმომადგენელი: ტარიელ გედენიძე,მოპასუხე: ზურაბი ნაკაშია,წარმომადგენელი: ნათია ნაკაშია,დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ზურაბი ნაკაშიას, მოსარჩელე შპს ,,მონლაინის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული თანხის 600 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 200 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 36 ლარი და პირგასამტეხლო - 364 ლარი.

1.2. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა ზურაბ ნაკაშიაზე, მოსარჩელე შპს ,,მონლაინის“ სასარგებლოდ 315 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 200 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 15 ლარი და სააღსრულებო წარმოების თანხა - 100 ლარი.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2016 წლის 24 აპრილს, ზურაბ ნაკაშიასა და შპს ,,ქართული საფინანსო ტექნოლოგიებს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულება ნომერი L-157750, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 200 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 200 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 36 ლარი, დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2016 წლის 24 მაისს. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა. 2016 წლის 26 დეკემბრამდე მონლაინის სახელწოდებას წარმოადგენდა შპს ,,ლატ ინვესტი“. 2016 წლის 26 დეკემბრიდან კომპანიას შეეცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით არის შპს ,,მონლაინი“. 2016 წლის 11 ნოემბერს შპს ,,ლატ ინვესტსა“ და შპს ,,ქართული საფინანსო ტექნოლოგიებს" შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძლვეზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ,,მონლაინს" მიენიჭა კრედიტორის უფლება იმ მოვალეების მიმართ, რომლებიც სასესხო ურთიერთბაში იმყოფებოდა მოთხოვნის მფლობელთან.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხის მიერ დევრის იუსტიციისთვის 146 ლარის გადახდის ფაქტს სადაოდ არ ხდის და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ეს თანხა ჩათვალა პირგასამტეხლოს ნაწილში გადახდილად, ვინაიდან მათ შორის იყო შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ. წარმომადგენელმა ტარიელ გედენიძემ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა და ითხოვა დაეკისროს მოპასუხე ზურაბ ნაკაშიას ძირი თანხა 200 ლარი, საპროცენტო სარგებელი 15 ლარი და სააღსრულებო წარმოების თანხა 100 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისგან მიიღო 200 ლარი, რომელიც 36 ლართან ერთად უნდა დაებრუნებინა ერთ თვეში. შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო, თანხის დაბრუნება ერთ თვეში ვერ შეძლო და მოსარჩელესთან გააფორმდა შეთანხმება თანხის განწილვადების გადახდის თაობაზე. გადახდის გრაფიკით მის მიერ რამოდენიმე თვეში სრულად იქნა გადახდილი დავალიანება. მოპასუხის განმარტებით, პირგასამტეხლოს თაობაზე მოსარჩელესთან შეთანხმება არ ჰქონია და ასეთ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი ნათია ნაკაშია დაეთანხმა შესაგებელში მითითებულ გარემოებებს და განმარტა, რომ 2016 წლის 24 აპრილს, ზურაბ ნაკაშიასა და შპს ,,ქართული საფინანსო ტექნოლოგიებს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულება და გაიცა სესხი 200 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. 2016 წლის 11 ნოემბერს შპს ,,ლატ ინვესტსა“ და შპს ,,ქართული საფინანსო ტექნოლოგიებს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება აღნიშნულ სესხზე. ამის შემდგომ მას შეტყობინება მოუვიდა მეილზე, რომ აღნიშნულ სესხზე მოთხოვნის უფლება ჰქონდა კომპანია ,,დევრის იუსტიციას". მოპასუხე ყოველთვიურად კომპანია ,,დევრის იუსტიციას" ურიცხავდა ანგარიშზე თანხას. წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა გადახდის ქვითრები 180 ლარის თანხის გადახდის თაობაზე და განმარტა, რომ დარჩენილი თანხაც გადახდილი აქვს, ვინაიდან დიდი დროა გასული, ბანკიდან გადახდის ქვითრების გამოთხოვას ვერ ახერხებს. წარმომადგენელის განმარტებით, პირგასამტეხლოს თაობაზე მოსარჩელესთან შეთანხმება არ ჰქონია და ასეთ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია.

მოპასუხის პოზიციით, ვინაიდან მის მიერ სრულად ვერ იქნა წარმოდგენილი გადახდის ქვითრები, სასარჩელო მოთხოვნიდან ცნობს მხოლოდ სესხის ძირ თანხას 20 ლარს და საპროცენტო სარგებელს - 15 ლარს. ამავე დროს ითხოვს მოსარჩელისთვის მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების დაკისრებას 302.5 ლარის ოდენობით.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2016 წლის 24 აპრილს, ზურაბ ნაკაშიასა და შპს ,,ქართული საფინანსო ტექნოლოგიებს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულება ნომერი L-157750, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 200 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- სესხის ხელშეკრულება, მსესხებლის მიერ გამსესხებლის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის ქვითარი (რაც ადასტურებს ნების გამოვლენას, თანხის ჩარიცხვის თაობაზე და ანგარიშის ნამდვილობას), გამსესხებლის მიერ მსესხებლის ანგარიშზე დარიცხული თანხის ქვითარი, მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა, მხარის ახსნა-განმარტება, შესაგებელი.

 

3.2. 2016 წლის 26 დეკემბრამდე შპს ,,მონლაინის“ სახელწოდებას წარმოადგენდა შპს ,,ლატ ინვესტი“. 2016 წლის 11 ნოემბერს შპს ,,ლატ ინვესტსა“ და შპს ,,ქართული საფინანსო ტექნოლოგიებს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძლვეზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ,,მონლაინს“ მიენიჭა კრედიტორის უფლება.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- სარჩელით, მოსარჩელის წარმომადგენლის და მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, შესაგებელი.

 

3.3. დადგენილია, რომ მოპასუხე ზურაბ ნაკაშია, დევრის იუსტიციასთან აწარმოებდა მიმოწერას და უხდიდა თანხას აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- მოსარჩელის წარმომადგენლის და მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, შესაგებელი.

 

3.4. დადგენილია, რომ მოპასუხე ზურაბ ნაკაშიამ 2016 წლის 24 აპრილს, შპს ,,ქართული საფინანსო ტექნოლოგიებისაგან“ მიღებული თანხის ნაწილი 146 ლარი გადაუხადა დევრის იუსტიციას.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- მოსარჩელის წარმომადგენლის და მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, ცნობა, ქვითრები.

 

3.5. დადგენილია, რომ მოპასუხე ზურაბ ნაკაშიამ გასწია საპროცესო ხარჯები და წარმომადგენელმა წარმოადგინა ქვითრები 302.5 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, ქვითრები.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მხარეები პირგასამტეხლოს თაობაზე არ შეთანხმებულან, კანონით დადგენილი წესით.

4.2. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის სესხის ძირი თანხის გადახდის მოცულობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ზურაბ ნაკაშიას მოსარჩელე შპს ,,მონლაინის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 94 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 79 ლარი და საკომისიო 15 ლარი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამართლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. კერძოდ, დაადასტურა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის - 20 ლარისა და სარგებლის - 15 ლარის დაკისრების ფარგლებში.

 

ამდენად, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ ცნო, კერძოდ: ძირი თანხის 20 ლარისა და სარგებლის 15 ლარის ფარგლებში, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელისთვის სესხის ძირითადი თანხის - 180 ლარის გადახდის დამადასურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს ძირი თანხის სახით 180 ლარი.

ამავე დროს მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხის მიერ მისთვის 146 ლარის გადახდის ფაქტი, ამიტომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის, სესხის დასაფარად, გადახდილი აქვს 146 ლარი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, თვით ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება, ე.ი სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება - მხარეთა თანასწორობაზე დამყარებული, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის თუ შეწყვეტისკენ. მხარეთა თანასწორობა და კერძო ნების ავტონომიურობა სახელშეკრულებო ურთიერთობების ფუნდამენტალური პრინციპებია. სწორედ, ამ პრინციპებზე დაყრდნობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტები, კანონის ფარგლებში, თავისუფლად დებენ ხელშეკრულებებს და განსაზღვრავენ ამ ხელშეკრულებათა შინაარსს. მათ შეუძლიათ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელიც თუმცა პირდაპირ გათვალისწინებული არ არის კანონით, მაგრამ, არ ეწინააღმდეგება მას. მიუხედავად, თავისუფალი სახელშეკრულებო ურთიერთობებისა, მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ითვალისწინებს იმპერატიულ ნორმებს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ხელშეკრულების დადებისა თუ მისი შინაარსის განსაზღვრისას. ხელშეკრულების დადებისას, კანონის ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ეხება გარიგების ფორმას. ხელშეკრულება, შეიძლება დაიდოს ზეპირი, მარტივი წერილობითი, ან რთული წერილობითი ფორმით. ფორმის თაობაზე, თანხმდებიან მხარეები. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, კანონით პირდაპირაა დადგენილი შესაბამისი ფორმა.

 

კანონით განსაზღვრული ფორმის დაწესებას, სხვადასხვა საფუძველი აქვს. ამ მხრივ, საყურადღებოა: ა) გაფრთხილების ფუნქცია - ნების გამომვლენი დაცული უნდა იქნეს გარიგების დადებაზე ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღებისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისაგან; ბ) სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. ფორმის დაცვის (მაგ. წერილობითი ფორმის) დაცვის შედეგად, ცხადი ხდება რა სახით და რა შინაარსით დაიდო ხელშეკრულება. გ) იდენტიფიცირებისა და ნამდვილობის ფუნქცია, ფორმის დაცვის შედეგად, შესაძლებელია დოკუმენტის შემდგენის იდენტიფიცირება. ასევე, ნების გამოვლენის მიმღებს, შეუძლია იმის იდენტიფიცირება, თუ ვის მიერაა გამოვლენილი ნება და რომ ნების გამოვლენა ნამდვილია. ამასთან, რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ხელმოწერების შედეგად, იმის გარკვევა და ვარაუდის დაშვება, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერ პირს გააზრებული აქვს ხელშეკრულების შინაარსი და ეთანხმება მას. დ) ინფორმაციის მიწოდება და კონსულდტაციის გაწევის ფუნქცია. წერილობით ფორმას (განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხებში), აქვს აქვს დატვირთვა, მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

სწორედ, ხსენებული მიზნების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის მიხედვით კანონით დადგენილი ფორმის დაცვა აუცილებელი პირობაა, იმისთვის, რომ გარიგება ჩაითვალოს ნამდვილად. ამავე კოდექსის 328-ე მუხლის საფუძველზე, თუ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, კანონით დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ხელშეკრულება ძალაში შედის, მხოლოდ, ამ ფორმის შესახებ, მოთხოვნის შესრულების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, საჯარო წესრიგის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება, თავად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები, მოქცეულია სამართლებრივ ჩარჩოში. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებისას, კანონის იმპერატიული მოთხოვნების გარდა, რომელთა დაცვაც მხარეებს ევალებათ და რომლებიც უპირობოდ ვრცელდება შესაბამის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, კანონმდებელი მხარეებს სთვაზობს სამართლებრივ დანაწესებს, რომელთა საკანონმდებლო ძალა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. აღნიშნული ნორმები, კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები პირდაპირ განსაზღვრავენ მათ საკუთარ ხელშეკრულებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ერთ-ერთი ასეთი პირობაა - შეთანნხმება პირგასამტეხლოს თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დადთქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლოს სახით, ფულადი თანხის გადახდა. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. როგორც უკვე ითქვა, იმისთვის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი კონკრეტული ვალდებულობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, მხარეს მოეთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, თუ ეს პირდაპირაა გათვალისწინებული შეთანხმებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ცალსახად და პირდაპირ ადგენს პირგასამტეხლოს თაობაზე, მხარეთა შეთანხმების წერილობით ფორმით გაფორმების ვალდებულებას. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმისთვის რომ მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, ჩაითვალოს ნამდვილად, საჭიროა, ეს შეთანხმება დაიდოს წერილობითი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია მხარეთა ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ აქ გათვალისწინებულია მარტივი წერილობით ფორმა, რომელიც არ მოითხოვს, დამატებით სანოტარო წესით დამოწმებას. წერილობითი ფორმის შემთხვევაში, ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია გარიგების წარმოშობისკენ, გამოვლენილი უნდა იყოს ანბანური-ასო ნიშნებით.

 

აღნიშნული მუხლის ანალიზი, გვაძლევს საფუძველს, რომ ვიფიქროთ, წერილობითი ფორმის დაცვა, გულისხმობს, დოკუმენტის შედგენას, რომელზე დასმული იქნება მხარეთა ხელმოწერები. ამ ფორმით, დაცულია კანონნმდებლის მიზნები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც, დადგინდა კანონით გათვალისწინებული ფორმის სავალდებულოობა.

 

დოკუმენტის შედგენა შეუძლიათ მხარეებს, ასევე - მესამე პირებს, როგორც ხელნაწერი, ასევე, ნაბეჭდი სახით. აუცილებელია, ამ დოკუმენტზე მხარეთა მიერ საკუთარი ხელმოწერების დასმა. ხელმოწერას რამდენიმე დატვირთვა აქვს 1) მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ შინაარს და ასრულებენ საკუთარი ნების გამოვლენას; 2) ხელმოწერით ვლინდება ხელისმომწერის ვინაობა და დოკუმეტი დაცულია სხვა პირთა მიერ გაყალბებისგან. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ წერილობითი ფორმა გულისხმობს, დოკუმენტის არსებობას, რომელზეც დასმულია მხარეთა ხელმოწერები.

 

მოცემულ შემთხვევაზე სახეზეა მართვის ელექტრონული საშუალებით, ელექტრონულად, ტექსტური ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან პირგასამტეხლოს თაობაზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ არის დადასტურებული მხარეთა ხელმოწერით. ამდენად, განსახილველი შეთანხმება ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდქსის 418-ე მუხლით, პირგასამტეხელოზე შეთანხმებისთვის დადგენილი წერილობითი ფორმის მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, აზრი ეკარგება საქართველოს 68-ე მუხლის მიზნებს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადებული ხელშეკრულებით მიუღწეველია ის მიზნები, რომელთა მისაღწევადაც, კანონმდებელმა დაადგინა წერილობითი ფორმა. დარღვეულია დადებული ხელშეკრულების სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. სადავოა და მხარეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარმოდგენილი ხელშეკრულების ავთენტურობას. ასევე, ხელშეკრულება ვერ ადასტურებს მხარეთა იდენტურობას. რაც გულისხმობს იმას, რომ დაუდგენელია ეჭვი, პირგასამტეხლოს თაობაზე თანხმობის გამომხატველი პირი არის თუ არა მოპასუხე ზურაბ ნაკაშია და ნამდვილად ის გაეცნო თუ არა, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმებას. შესაბამისად იმ პირობებში, რომელიც დაუზუსტებელი რჩება გარემოება, პირგასამტეხლოს შესახებ მხარეთა შეთანხმების თაობაზე, გაურკვეველია, რამდენად იყო ინფორმირებული მოპასუხე ზურაბ ნაკაშია საკუთარ ვალდებულებაზე, გადაეხადა პირგასამტეხლო. მით უმეტეს, შეუძლებელია მსჯელობა, აღნიშნული ფორმით დადებული გარიგების გამაფრთხილებელ ეფექტზე.

 

ამრიგად დგინდება, რომ მხარეები პირგსამტეხლოს თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ფორმის დაცვით არ შეთანხმებულან, რამაც გამოიწვია აღნიშნული ხელშეკრულების სრული შეუსაბამობა, როგორც სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, ასევე საკანონმდებლო მიზნებთან. ამდენად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილ ხელშეკრულებაში შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, უნდა ჩაითვალოს ბათილად.

 

6.4. უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეს გაცემული სესხის ფარგლებში მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს 146 ლარი, რომელიც მოსარჩელემ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ნაწილში ჩათვალა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება ბათილია, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილი ზემოაღნიშნული თანხა უნდა ჩაითვალოს სესხის ძირი ნაწილის დასაფარად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრები 302.5 ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს გადახდილად სასამართლოს გარეშე ხარჯებად და უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის წარმომადგენლის მოთხოვნა დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად, კერძოდ: მოსარჩელე შპს ,,მონლაინს“ მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 156.6 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელეს, მის მიერ გადახდილი 50 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 8.1 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 16.01.2019, საგადასახადო დავალება N1547641333), ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 28.15 ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად.

 

ასევე, მოპასუხე ზურაბ ნაკაშიას მოსარჩელის სასაგებლოდ უნდა დაეკისროს სააღსრულებო წარმოების ხარჯების 43.7 ლარის გადახდა, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟი 13.75 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მონლაინის“ სარჩელი, მოპასუხე ზურაბ ნაკაშიას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხე ზურაბ ნაკაშიას მოსარჩელე შპს „მონლაინის“ სასარგებლოდ დაეკისროს 94 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 79 ლარი და საკომისიო - 15 ლარი.

3. მოპასუხე ზურაბ ნაკაშიას მოსარჩელე შპს „მონლაინის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟი 13.75 ლარის და სასამართლოს გარეშე ხარჯების, გამარტივებული წარმოების 43.7 ლარის გადახდა.

4. მოსარჩელე შპს ,,მონლაინს, მოპასუხე ზურაბ ნაკაშიას სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯების 156.6 ლარის გადახდა.

5. მოსარჩელე შპს „მონლაინს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 8.1 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 16.01.2019, საგადასახადო დავალება N1547641333).

6. მოსარჩელე შპს „მონლაინის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 28.15 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად.

7. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე შოთა სირაძე