განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119002950279
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/224-19 6 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ლ------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ნ---------–--------------–-----------------------–-------–-–--------------------------------–----------–------------------------------------–-------–--------------–-----------------------–--------------------–--------------------–-------------------–-------------------------------------------------------------
2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა
2.1.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
2.2. ადვოკატი ზ---–-----------
2.3 ადვოკატი მ---------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ნ-------------მ უკანონოდ შეიძინა 53,6308 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი’’ (ფუძე), რასაც ინახავდა უკანონოდ, რაც ამოღებულ იქნა 2019 წლის 10 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ ??????????? ????????????, ???????????? ?????????????, ?????????????? ?? ???????????? ?????????? ??????? საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. აღნიშნული კანონის პირველი დანართის მეორე სიაში სათაურით ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები მე-40 ჰორიზონტალურ სვეტში მითითებულია ,,მეთადონი’’. აღნიშნული მიუთითებს მოცემული ნივთიერების ნარკოტიკულ საშუალებებისადმი კუთვნილებას, ხოლო მეორე დანართის IV სიაში, სათაურით „მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა“, 94-ე ჰორიზონტალურ სვეტში მითითებულია ,,მეთადონი (ფუძე და მარილი)’’ - 0,2, 1, 1. მოცემული კანონის შენიშვნის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული მიუთითებს მოცემული ნივთიერების ნარკოტიკული საშუალებების კატეგორიისადმი კუთვნილებას და 1 გრამზე მეტი ოდენობით აღნიშნული ნივთიერების განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თ-------------ს ჩვენების და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისთვის წარდგენილი ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება მეთადონს (ფუძე) საერთო ჯამში 53,6308 გრამის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ--–---------–---–-ს ჩვენების და ანალიტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მივიდა დასკვნამდე, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კვლევა არის არასრულყოფილი, არასარწმუნო, ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი, დასკვნას არ ახლავს ქრომატოგრაფიული სურათი, რის გარეშეც დასკვნის გადამოწმება შეუძლებელია. ქიმიური ექსპერტი აღნიშნავს, რომ ქიმიური რეაქციების შედეგად მწვანე შეფერილობა მიიღო, ხოლო მეთადონისთვის დამახასიათებელია მწვანე შეფერილობა, რომელიც გადადის ლურჯში, ლურჯ ფერში გადასვლა კი დასკვნაში არ არის მითითებული. ლურჯ ფერში გადასვლაც კატეგორიულად არ ადასტურებს, რომ მეთადონს შეიცავს ნივთიერება. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ მომდევნო რეაქციის შედეგად ვარდისფერი მიიღო. ესეც გაუგებარია, რადგან ეს ფერი მიიღება სხვა შემთხვევაში. გაურკვეველია ასევე ქიმიური ექსპერტის მიერ მიღებული რიცხვები. მანაც გადაიანგარიშა 5 ობიექტი და მიიღო განსხავებული პროცენტული შემადგენლობები მაშინ, როცა ისინი ერთნაირი უნდა ყოფილიყო. ასევე არ არის მითითებული, აპარატი იყო თუ არა შემოწმებული და როდის განხორციელდა დაკალიბრება მეტროლოგიური სამსახურის მიერ. მეტროლოგიის კანონის თანახმად, ქრომატომასსპექტრომეტრი აუცილებლად უნდა შემოწმდეს ყველა კვლევის წინ. აპარატი თვითონ ანგარიშობს, დროსთან მიმართებაში თვითონ განსაზღვრავს პიკებს. ქიმიური ექსპერტის მიერ გამოყენებულია უახლესი აპარატი, რომელიც აბსოლიტური სიზუსტით ანგარიშობს ყველაფერს. შესაძლოა ყოველი კვლევის წინ არ მოხდეს დაკალიბრება, თუმცა ის უნდა განხორციელდეს ხშირად.
დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, ქიმიურმა ექსპერტმა დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, როცა არ დაურთო დასკვნას ქრომატოგრაფიული სურათი; ექსპერტს არ აქვს აღწერილი, თუ რა ნიმუში გამოიყენა, რა მეთოდით ჩაატარა კვლევა. ექსპერტს უნდა დაერთო ნიმუშები, ოქმები, სურათები, რაც არ გაუკეთებია. ასევე დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცების გამოკვლევისას ნივთიერების მოთავსების პირველადი კონვერტი დალუქული იყო და გაუგებარია, თუ როგორ გამოიკვლია ექსპერტმა ის ლუქის დაუზიანებლად. თუ კონვერტის გახსნა ლუქის დაუზიანებლად შესაძლებელია, მაშინ არსებობს ეჭვი კონვერტის შიგთავსის ნებისმიერ დროს შეცვლის. ასეთ შემთხვევაში დალუქვას ძალა ეკარგება და გაურკვეველი რჩება, თუ რომელი ნივთები მიუვიდა ექსპერტს. ამ პოზიციას ამყარებს ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მან დალუქა 50 აბი და ფხვნილი, ხოლო სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცების გამოკვლევისას პაკეტში აღმოჩნდა 49 აბი და ფხვნილი.
ამდენად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია იმის დასადგენად, სარწმუნოა თუ არა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება. უმთავრესად ამ კითხვას პასუხს სცემს დაკარგული აბის ბედის გარკვევა, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით შეუძლებელი აღმოჩნდა იმის დადგენა, თუ სად გაქრა გამოკვლეული აბი. ეს გარემოება ეჭვქვეშ აყენებს საკითხს, საერთოდ მიიღო თუ არა ექსპერტმა 50 აბი და ხომ არ შეჰყავს ექსპერტს სასამართლო შეცდომაში, როცა ამტკიცებს, რომ მიიღო, გამოიკვლია და დალუქა სწორედ 50 აბი? ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული სანდოდ. ამიტომაც ამ საკითხის გარკვევა უნდა დაიწყოს საწყისი ეტაპიდანვე.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებულ იქნა ფხვნილთან ერთად 50 აბი, რაც ადგილზევე დაილუქა და მისი სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, მათ შორის ბრალდებულმა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პირველადი პაკეტი, სადაც ნამდვილად აღინიშნება ბრალდებულის ხელმოწერა. ამის შემდეგ ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და რამდენიმე საათში ეს დალუქული პაკეტი გაეგზავნა ექსპერტს, რომელმაც იმავე დღეს გასცა დასკვნა. ამასთან, ექსპერტი დასკვნაშივე ადასტურებს, რომ ექსპერტიზაზე წარედგინა ერთი პაკეტი დალუქულად, რომელზეც შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ დასკვნას თან ერთვის პირველადი პაკეტის ამსახველი 2 სურათი, სადაც ჩანს წარწერები, ხელმოწერები, ლუქები და ისიც, რომ კონვერტი არც ერთი მხრიდან არ არის გახსნილი. კონვერტი რომ ნამდვილად გაუხსნელი მივიდა ექსპერტთან, ამას ზემოაღნიშნულის გარდა ადასტურებს ისიც, რომ, როგორც სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცების გამოკვლევით დადასტურდა, შემდგომში პაკეტი გაიხსნა კონვერტის ერთი წიბოს გაჭრის გზით ისე, რომ ლუქები და კონვერტის წახნაგები მთლიანი დარჩა. ამდენად, რომელიმე წიბო გაჭრილი რომ ყოფილიყო ექსპერტიზაზე გადაგზავნამდე, ექსპერტი ამას აუცილებლად შეამჩნევდა და მიუთითებდა დასკვნაში, რადგან მან, როგორც ჩანს, სწორედ წიბოს გაჭრით დაარღვია პაკეტის მთლიანობა და შეუძლებელია დარღვეული წიბო მას გამოპარვოდა მხედველობიდან. ასეც რომ არ იყოს, როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, მხოლოდ ერთი წიბო იყო გაჭრილი, ხოლო სხვა წიბოები - ხელუხლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპერტმა სწორედ ის წიბო გაჭრა, რომლის მთლიანობის დარღვევაზეც დაცვის მხარე მიუთითებს. ეს უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ ის წიბო, რომელიც ექსპერტმა გაჭრა, ვერ იქნებოდა მთლიანობადარღვეული, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტს არ მოუწევდა მისი გაჭრა და პაკეტის დაზიანებას აუცილებლად შეამჩნევდა, რასაც მიუთითებდა კიდეც დასკვნაში. ამდენად, ექსპერტის დაუდევრობით პაკეტის დაზიანების შეუმჩნევლობა გამორიცხულია.
ამის შემდეგ შესაძლებელია მსჯელობა იმაზე, განზრახ ხომ არ დამალა ექსპერტმა პაკეტის დაზიანება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პაკეტზე რაიმე დაზიანების არსებობის შემთხვევაში ამის მითითება არის შემდგომში რაიმე პრობლემისგან ექსპერტის დაცვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რაზე უარის თქმაც ალოგიკურია. თუ ექსპერტს დაზიანებული კონვერტი ჩაბარდა, რომელსაც თავიდანვე აკლდა 1 აბი, დაუზიანებელი კონვერტის მიღების დადასტურება ნიშნავს, რომ ექსპერტი გამორიცხავს ამ აბის გაქრობას ექსპერტიზამდე. ეს კი მიუთითებს აბის დაკარგვას პირველადი ლუქის გახსნიდან მის ხელახლა დალუქვამდე ან მის შემდეგ. გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა ექსპერტს ესურვა, განზრახ დაემალა პაკეტის დაზიანება, ამით დაედასტურებინა, რომ აბი გაქრა პირველადი ლუქის გახსნის შემდეგ, რადგან მისი რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება ბრალდებულისადმი, საქმისადმი, გამომძიებლისა და ჩხრეკაში მონაწილე პირისადმი საქმეში არ იკვეთება, ხოლო დაზიანების დამალვის შემთხვევაში ექსპერტზე გადადის პასუხისმგებლობა ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც განხორციელდა პაკეტის შიგთავსში ექსპერტიზის განმავლობაში. ამდენად, სხვისი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ამისთვის მნიშვნელოვანი მოტივის არსებობის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო ასეთი მოტივის არსებობა არაფრით დასტურდება.
აქვე უნდა ითქვას, რომ მთელი ეს მსჯელობა მოჰყვა იმის ახსნას, თუ სად გაქრა 1 აბი და საქმის წარმოების რომელ ეტაპზე გაქრა ის: ექსპერტიზის ჩატარებამდე თუ მას შემდეგ. ამ კითხვას კი ზემოთ მოყვანილ მსჯელობასთან ერთად პასუხს სცემს ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ფოტოები N7 და N8, სადაც დაფიქსირებულია სწორედ 50 აბი. ამდენად, ირკვევა, რომ ექსპერტს ნამდვილად მიუვიდა 50 აბი გამოსაკვლევად. ამასთან, ყველა აბი არის ერთნაირი. ეს გარემოება გამორიცხავს იმას, რომ ექსპერტს 49 აბი მიუვიდა და მან შეცდომით ან განზრახ არასწორად მიუთითა 50 აბი. ამით დადასტურებულია, რომ ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ექსპერტს ჰქონდა 50 აბი, რაც მნიშვნელოვანი დასკვნაა, რადგან მიუთითებს დასკვნის სისწორეს ნივთმტკიცების დაუზიანებლად მიღების, მასში მოთავსებული აბების რაოდენობის და გამოსაკვლევად აღებული აბების რაოდენობის ნაწილში. ეს დასკვნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნის სისწორეზე მიღებული ნივთიერების სახეობისა და რაოდენობის დადგენის ნაწილში. ასეთ ვითარებაში კი ნაკლებად მნიშვნელოვნად იქცევა აბის ნაკლულობა, რადგან დღეს უკვე არარსებული აბის ექსპერტიზის დროს არსებობა სხვადასხვა გარემოებით დადასტურებულია, ხოლო ამის შემდეგ 1 აბის არსებობა-არარსებობა ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორეს კი არ აყენებს ეჭვქვეშ, არამედ ამ აბის ბედის გადაწყვეტაზე ახდენს გავლენას.
ერთადერთი საკითხი ექსპერტიზის დასკვნაში, რაც შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, არის დასკვნის ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ექსპერტმა გამოკვლეული 7 აბი ცალკე შეფუთა, თუმცა ამ ნაწილის სისწორე-მცდარობაც, სხვადასხვა საკითხის გათვალისწინებით, ცალკე დადგენის საგანი შეიძლება იყოს, რადგან ამ საქმის განხილვის ფარგლებში ამის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა ეს საკითხი გავლენას არ ახდენს დასკვნის დანარჩენი ნაწილის სისწორეზე. მათ შორის იმაზეც, რომ ექსპერტმა ნამდვილად ჩაატარა კვლევა წარდგენილ ნივთებზე და ნამდვილად გამოიკვლია ის ნივთიერებები, რომლებიც მითითებულია ექსპერტიზის დასკვნაში.
ანალიტიკური ექსპერტი აღნიშნავს, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას არ ახლავს ქრომატოგრაფიული სურათი, რის გარეშეც საეჭვოა საერთოდ ქიმიური ექსპერტიზის ჩატარება, რადგან ვერ გადამოწმდა მიღებული შედეგები. მართალია დასკვნას არ ახლავს ქრომატოგრაფიული სურათი, მაგრამ, როგორც ქიმიურმა ექსპერტმა განმარტა, მთელი საქართველოს მასშტაბით ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა მათ დაწესებულებაში გაიცემა ერთნაირად, ყველასთვის დადგენილი ინსტრუქციებისა და წესების შესაბამისად, რომელიც არ ითვალისწინებს ქრომატოგრაფიული სურათის დასკვნაზე დართვის სავალდებულობას, რის გამოც არც ერთ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, გაცემულს მათი დაწესებულების მიერ მთელ ქვეყანაში, არ ახლავს ასეთი დასკვნა. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამას ადასტურებს ასევე სასამართლო პრაქტიკაც. ამასთან, ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, თუ როგორი თანმიმდევრობით, რა პროცედურების ჩატარებით გამოიკვლია ნივთიერებები, რაც ადასტურებს კვლევის ნამდვილად ჩატარებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, როგორც ქიმიურმა ექსპერტმა განმარტა, ქრომატოგრაფიული სურათი თუმცა არ ერთვის ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ ის ინახება შესაბამის ბაზაში და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მისი ნახვა. როგორც გაირკვა, ანალიტიკური ექსპერტიც ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების გამოცდილების მქონე პირია და მისთვისაც ცნობილია, რომ ეს სურათი ინახება. ექსპერტს აქვს უფლებამოსილება, თუ კვლევის ჩასატარებლად სჭირდება დამატებითი მასალა, მოსთხოვოს ის ექსპერტიზის დამნიშნავ პირს და ამ მასალის მიღების შემდეგ განაგრძოს კვლევა. ანალიტიკური ექსპერტი მიუთითებს, რომ ქრომატოგრაფიული სურათის გარეშე ვერ შეაფასებს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს, მან იცოდა ასეთი სურათის არსებობის შესახებ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას არ მოუთხოვია სურათის წარდგენა ექსპერტიზის გასაგრძელებლად და მის გარეშე შეადგინა დასკვნა. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორის ნამდვილად გადამოწმების სურვილის შემთხვევაში დაცვის მხარეს უნდა მოეპოვებინა მისთვის აუცილებელი მასალა და მის საფუძველზე ჩაეტარებინა კვლევა, რაც არ გაუკეთებია. აღნიშნული მასალის გარეშე ანალიტიკური ექსპერტი ვერ აფასებს ქიმიური დასკვნის სისწორე-მცდარობას და მხოლოდ ეჭვებს გამოთქვამს. ამდენად, საჭიროა ეს ეჭვები გაქარწყლდეს სასამართლო სხდომაზე.
ის, რომ ექსპერტმა ნამდვილად ჩაატარა კვლევა, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე ქიმიური ექსპერტის ჩვენებით, რომელსაც, როგორც ირკვევა, მოცემული საქმით რაიმე დაინტერესება არ გააჩნია. ამავე ჩვენებით, ისევე, როგორც ანალიტიკური ექსპერტის ჩვენებით, დასტურდება, რომ ქიმიური გამოკვლევა არის პირველადი ეტაპი, როცა ირკვევა სავარაუდო მიმართულება შემდგომი კვლევისა. აღნიშნულ ნაწილს ასრულებს უშუალოდ ექსპერტი და ეს ნაწილი მოცემულ შემთხვევაშიც შესრულებულია, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, სადაც ახსნილია, თუ როგორ მოხდა ქიმიური გამოკვლევა. კერძოდ, რომ აღებულ წონაკებზე ამონიუმის ვანადატის 1%-იანი ხსნარით ზემოქმედებისას კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში მიღებულ იქნა მეთადონისთვის დამახასიათებელი შეფერილობა. ეს შეფერილობა რომ ნამდვილად მეთადონის იყო, ამას ადასტურებს ისიც, რომ ინსტრუმენტული კვლევით დადგინდა მეთადონის არსებობა. რაც შეეხება უშუალოდ ფერს, რომელიც დამახასიათებელია მეთადონისთვის, ქიმიური ექსპერტის მიხედვით, ეს არის მწვანე, ხოლო ანალიტიკური ექსპერტის მიხედვით - მწვანე, გარდამავალი ლურჯში. საქმე ის არის, რომ მწვანე და ლურჯი ერთმანეთის მოსაზღვრე და ერთმანეთში გარდამავალი ფერებია, რის გამოც მწვანისა და ლურჯის გარკვეული დოზით ნაზავი ზოგის მიერ შეიძლება აღქმულ იქნეს მწვანედ, ხოლო ზოგის მიერ - ლურჯად. ამდენად, ფერების აღქმის ინდივიდუალური შესაძლებლობის გამო ქიმიური ექსპერტის მიერ მწვანის ლურჯში გადასვლის დაუფიქსირებულობა ვერ იქნება იმაზე მიმანიშნებელი გარემოება, რომ ნივთერება მეთადონს არ შეიცავდა, მით უმეტეს, რომ მეთადონის შემცველობა დადასტურდა კვლევის უახლეს აპარატში გაგრძელებით. ქიმიური კვლევის ფარგლებში ასევე წონაკებს დაემატა ეთილის სპირტი და 1-3 დინიტრობენზოლის კრისტალები, ასევე 1 წვეთი განზავებული ნატრიუმის ტუტე, რისი გაცხელებისას წარმოიქმნა იისფერ-ვარდისფერი შეფერვა, დამახასიათებელი მეთადონისთვის. ამასთან დაკავშირებით ანალიტიკური ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს ფერი სულ სხვა ქიმიური რეაქციის შედეგად მიიღება ინსტრუქციის თანახმად. მართალია, ანალიტიკური ექსპერტი უთითებს იისფერ-ვარდისფერის სხვა გზით მიღების შესაძლებლობაზე, თუმცა ის არ გამორიცხავს იმავე ფერის მიღებას იმ გზით, რა გზითაც მიიღო ქიმიურმა ექსპერტმა. ამდენად, ის, რომ სხვა გზითაც შეიძლება იმავე ფერის მიღება, არ ნიშნავს, რომ ამ გზით ამ ფერის მიღება შეუძლებელია და ამ კუთხით ეს გარემოება ქიმიური გამოკვლევის ჩაუტარებლობაზე არ მიუთითებს.
ქიმიური გამოკვლევის შემდეგ განხორციელდა ინსტრუმენტული კვლევა, რა დროსაც ექსპერტის ჩართულობა არის მინიმალური. მას მხოლოდ ის ევალება, გამოსაკვლევი ობიექტი აქციოს სითხედ და ის შეიყვანოს სპეციალურ ინსტრუმენტში, ხოლო სხვა ყველა მოქმედებას, მათ შორის შემადგენლობის ზუსტ დადგენას, ოდენობის ზუსტ დაანგარიშებას ახორციელებს თავად აპარატი ექსპერტის ჩარევის გარეშე, სპეციალური პროგრამების მეშვეობით. ექსპერტი მხოლოდ აპარატისგან მიღებულ მონაცემებს ამრავლებს ნივთიერების საერთო მასაზე და ამით ადგენს ნარკოტიკული საშუალების საერთო ოდენობას. ეს პროცედურები რომ გავლილია, დადასტურებულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნისა და ქიმიური ექსპერტის ჩვენების ერთობლიობით. ამდენად, დადგენილია, რომ ქიმიურმა ექსპერტმა ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა დაადგინა არა ზეპირად, კვლევის გარეშე, თვითნებურად, არამედ სათანადო კვლევის შედეგად.
ანალიტიკური ექსპერტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქიმიურ ექსპერტს არ აქვს მითითებული ქრომატომასსპექტრომეტრის ბოლო კალიბრაციის თარიღი, თუმცა, ირკვევა, რომ კალიბრაციას სპეციალურად ამაზე უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები ახორციელებენ პერიოდულად ქიმიურ ექსპერტთან ერთად, მათ თავიანთი მუშაობის წესები აქვთ და იციან, თუ როდის უნდა განახორციელონ კალიბრაცია, ხოლო რაიმე ექსცესის გამო ხელახალი კალიბრაციის საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ექსპერტმა მოითხოვოს აღნიშნული ქმედება. როგორც ირკვევა, ასეთი ექსცესი არ მომხდარა, რომ ქიმიურ ექსპერტს მოეთხოვა ჩარევა და აპარატის ხელახალი კალიბრაცია, ხოლო ყოველი გამოკვლევის შემდეგ ასეთი კალიბრაციის აუცილებლობის არარსებობას თავად ანალიტიკური ექსპერტიც ადასტურებს. ამდენად, კალიბრაციის წესისა და გრაფიკის დარღვევა მოცემულ საქმეზე არ გამოვლენილა. ამასთან, თუ ანალიტიკური ექსპერტისთვის დასკვნის გასაცემად მნიშვნელოვანი იყო კალიბრაციის თარიღის დადგენა, მას ჰქონდა უფლება, დაცვის მხარისთვის მოეთხოვა ამის შესახებ ინფორმაცია და მას შემდეგ გაეგრძელებინა კვლევა, რაც დაცვის მხარე მეტროლოგიის სამსახურისაგან მიიღებდა ამ ინფორმაციას, თუმცა ექსპერტს ასეთი რამ არ მოუთხოვია და ის არც დაცვის მხარეს მოუპოვებია.
ანალიტიკური ექსპერტი მიუთითებს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის საეჭვოობაზე, თუმცა თავად ანალიტიკური ექსპერტის დასკვნები ვერ პასუხობს კითხვებს რიგ შემთხვევებში. მაგალითად, ანალიტიკური ექსპერტი ქიმიური ექსპერტიზის ნაკლად მიიჩნევს იმას, რომ პირველ 4 პაკეტში მოთავსებულ ნივთიერებებში ნარკოტიკული საშუალებების პროცენტული მაჩვენებლები ერთმანეთისგან განსხვავდება და ამის გამო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას საეჭვოდ მიიჩნევს, რაც გაუგებარია, რადგან პირველ 4 პაკეტში სხვადასხვა მიკროსტრუქტურის, მოცულობის და შემცველობის ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული, რაც, თავისთავად განსხვავებულ პროცენტულ შემადგენლობას ნიშნავს. ასევე ანალიტიკური ექსპერტის ჩვენების მიხედვით, მას არ გადაუმოწმებია ქიმიური ექსპერტის მიერ მიღებული ციფრები, არამედ გადაამოწმა პროცენტული მაჩვენებლები. გაუგებარია ანალიტიკური ექსპერტის მიერ არჩეული ეს მეთოდი, ვინაიდან თუ მას უნდა გადაემოწმებინა ქიმიური ექსპერტის მიერ მიღებული შედეგები, მას უნდა გაევლო იგივე გზა, რაც გაიარა ქიმიურმა ექსპერტმა. შესაბამისად, უნდა გადაემოწმებინა ქიმიური ექსპერტის მიერ განხორციელებული დაანგარიშებები. ამის ნაცვლად მან პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლა განახორციელა, რაც იმით დასრულდა, რომ სხვადასხვა მიკროსტრუქტურის ნივთიერებებში ნარკოტიკული საშუალებების შემცველობის განსხვავებული პროცენტული მაჩვენებელი მიიღო, რაც სავსებით ლოგიკური შედეგია და არ ეწინააღმდეგება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას. როგორც ჩანს, ანალიტიკურ ექსპერტს მხედველობიდან გამორჩა, რომ ეს ნივთიერებები სხვადასხვა მიკროსტრუქტურისა და მოცულობის იყო და ამის გამო შეაფასა მის მიერ მიღებული შედეგები არაბუნებრივად, რაც უყურადღებობას ან შეცდომას შეიძლება მიეწეროს და ვერ მიიჩნევა საფუძვლიან დასკვნად ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის საეჭვოობის ნაწილში.
ანალიტიკური ექსპერტი ასევე უთითებს, რომ გაუგებარია, რატომ აიღო ქიმიურმა ექსპერტმა 2 აბიდან 2 წონაკი, ხოლო 5 აბიდან - 1 წონაკი, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ნარკოტიკული საშუალების საერთო შემცველობის გამოთვლაზე გავლენას ვერ მოახდენდა და წონაკების ასეთი აღება არ ეწინააღმდეგება დადგეილ წესს. ანალიტიკური ექსპერტის გაკვირვება მხოლოდ იმან გამოიწვია, რომ ქიმიურ ექსპერტს ამის მიზეზი არ აქვს დასკვნაში ახსნილი. იმ ვითარებაში, როცა ეს გავლენას არ ახდენს ნარკოტიკული საშუალების ოდენობაზე, ეს გარემოება ვერ იქნება მიჩნეული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის საეჭვოობის დამადასტურებელ გარემოებად.
ქიმიური ექსპერტის მიერ სსსკ-ის 146-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნაში მითითებულია, თუ როგორ მოხდა ქიმიური გამოკვლევა, ხოლო ინსტრუმენტულ გამოკვლევას თავად აპარატი ახორციელებს, რის გამოც ექსპერტი ვერ მიუთითებდა ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდს, ეს ავტომატიზირებული პროცესია და ექსპერტის ჩარევის გარეშე ხორციელდება. ექსპერტმა ასევე მიუთითა, თუ როგორ მიიღო საკვლევი ნიმუში - რომელი ნივთიერებიდან რამდენი აიღო და როგორ დაამუშავა, ხოლო შესადარებელი ნიმუში ექსპერტთან უკვე წინასწარ გამზადებული მოდის, რის გამოც ექსპერტი ნიმუშის მიღების წესს ვერ მიუთითებდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, როგორც ორივე მხარის ექსპერტების ჩვენებებით გაირკვა, მეთადონის ფუძისათვის მხოლოდ ერთი ნიმუში არსებობს. ამიტომ გაურკვეველია, რის მითითებას ითხოვს ანალიტიკური ექსპერტი ქიმიური ექსპერტისაგან.
რაც შეეხება ნიმუშების, სურათების დართვას, როგორც ორივე ექსპერტმა დაადასტურა, ნიმუში რჩება დაწესებულებაში და ის დასკვნას ვერ დაერთვება, ხოლო სურათები დასკვნას ერთვის. კერძოდ, ერთვის პაკეტების და მისი შიგთავსის სურათები. დასკვნას არ ერთვის ქრომოტოგრაფიული სურათი. ამასთან დაკავშირებით ქიმიურმა ექსპერტმა მიუთითა, რომ მისი დართვა, სათანადო ინსტრუქციების შესაბამისად, არ ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ, ვინაიდან ინსტრუმენტულ კვლევას ახორციელებს ავტომატიზირებული ინსტრუმენტი, მასში მიმდინარე პროცესების შედეგების ამსახველი სურათის გაშიფრვა სასამართლოს შესაძლებლობებს შეიძლება აღემატებოდეს, რის გამოც სურათის დართვა შესაძლოა სასამართლოსთვის დამატებითი ღირებული ინფორმაციის მომცემი, სურათის გაშიფრვისათვის საჭირო სპეციალური ცოდნის არქონის გამო, არ აღმოჩნდეს, თუმცა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ, როგორც სასამართლოს, ასევე მხარეებს მაქსიმალურად უნდა მიეცეთ საშუალება, გადაამოწმონ ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, თუნდაც სპეციალური ცოდნის გამოყენებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნას ერთვოდეს ყველა ის მასალა, რომლის საშუალებითაც მხარე შეძლებს დასკვნის სისწორე-მცდარობაში დარწმუნებას. ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას ერთვოდეს ქრომატოგრაფიული სურათი, ვინაიდან ქრომატომასსპექტრომეტრის მიერ განხორციელებული კვლევისათვის თვალ-ყურის დევნის სხვა საშუალება არ არსებობს. მართალია, ეს სურათი ისედაც ინახება შესაბამის დაწესებულებაში და, საჭიროების შემთხვევაში მისი მოპოვებაც შესაძლებელია, თუმცა, უმჯობესი იქნება დამატებითი მოქმედებების თავიდან არიდება და აღნიშნული სურათის საქმეზე დართვა, რათა მხარეს მარტივად შეეძლოს მისით ხელმძღვანელობა. მით უმეტეს, რომ ამის საშუალებას იძლევა სსსკ-ის 146-ე მუხლიც. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული სურათის დაურთველობა, განსახილველ შემთხვევაში ვერ მიიჩნევა საპროცესო კოდექსის იმ ხარისხის დარღვევად, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი იქნებოდა, რადგან ასეთ სურათის არსებობა დადასტურებულია და მისი მოძიება დაცვის მხარეს შეეძლო სურვილის შემთხვევაში.
დაცვის მხარე აპელირებს იმაზეც, რომ კვლევისათვის აუცილებელია აბის დაფშვნა, რაც ქიმიურ ექსპერტს არ განუხორციელებია. აღნიშნული დასკვნა არ არის სწორი. ქიმიურმა ექსპერტმა განმარტა, რომ მხოლოდ 0,05 გრამი აიღო 2 აბიდან და 0,01 გრამი - 5 აბიდან (საშუალო სინჯი ხუთივედან ერთად - 0,05 გრამი) საკვლევად, რაც არ მოითხოვს აბის დაფშვნას, არამედ საკმარისია საკვლევად აღებული ნაწილის დამუშავება. 0,05 გრამი 0,5 გრამიანი აბის 1/10 ნაწილია, ხოლო 0,01 გრამი - აბის 1/50 ნაწილი, რის გამოც ის აბის უმნიშვნელო ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს, რომლის აღება აბს უმნიშვნელოდ შეიძლებოდა დატყობოდა და არ მოითხოვდა აბის დაფშვნას.
ამდენად, ანალიტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტის ჩვენების, ასევე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნისა და ქიმიური ექსპერტის ჩვენების მხედველობაში მიღებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ მიიჩნევა გამოკვლევის გარეშე შედგენილ დასკვნად ისევე, როგორც ვერ მიიჩნევა არასარწმუნო და ბუნდოვან დასკვნად, რადგან ქიმიურმა ექსპერტმა სასამართლოში დაკითხვისას განმარტა ყველა ის ბუნდოვანება, რასაც შეიძლებოდა კითხვები წარმოეშვა დასკვნის გაცნობისას. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ამოღებული ნივთიერება არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კერძოდ, 20,36 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი (ფუძე)’’.
2.2. უკანონო შეძენა და შენახვა
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირადი ჩხრეკის ოქმის და მოწმეების: ნ-----------–---–--ს და თ------------ს ჩვენებების თანახმად, უთხრეს, რომ გამოძიება იყო დაწყებული, რომ ბრალდებული ჩამოდიოდა უკრაინიდან და მოჰქონდა ნარკოტიკები. წავიდნენ აეროპორტში, სადაც ნახეს ბრალდებული. მივიდნენ, უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ, გააცნეს დადგენილება. ბრალდებულმა თქვა, რომ საცვალში ჰქონდა ნარკოტიკი და თანხამა იყო, გადმოეცა. შეიყვანეს ოთახში, ამოიღეს ნარკოტიკი, რომელიც გახვეული იყო პრეზერვატივში, გახსნეს ის. აღმოჩნდა, რომ 5 შეკვრაში იყო ფხვიერი მასა მოთავსებული, ერთში - 50 აბი. ბრალდებულს განუმარტეს უფლებები და დააკავეს. ჩხრეკა დაიწყო 2019 წლის 10 მარტს 15:20 საათზე. მისვლიდან 1 საათის ფარგლებში ხდებოდა ყველაფერი. მოფრენიდან 5 წუთში მივიდნენ გასაჩხრეკად, პასპორტის კონტროლის გავლის მერე. ნივთიერება გამჭვირვალე პაკეტებში იყო მოთავსებული, 1 იყო წითელ პარკში.
ბრალდებულის ჩვენების თანახმად, 2 წელია უკრაინაში დადის. 10 მარტს ჩამოვიდა, გაიარა საბაჟო, აიღო ბარგი, გავიდა გარეთ ტაქსის გასაჩერებლად. გასასვლელში რომ გავიდა, თ------------მ და სხვებმა გზა გადაუჭრეს, ინფორმაცია გვაქვსო. ზედაპირულად შეამოწმეს, ჩანთებიც გაჩხრიკეს, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს. პოლიციის განყოფილებაში საბუთებზე მოაწერინეს ხელი, გააფრთხილეს, ხმა არ ამოიღო, თორემ ყველაფერი ცუდად დამთავრდებაო, საპროცესო შეთანხმებას გაგიკეთებთო. ზუგდიდში პარკებზე მოაწერინეს ხელი, ამაზე ხმა არ ამოიღო, თუ არა და შენს თავს დააბრალეო. აეროპორტის შენობის გარეთ იყო გამოსული, როცა მივიდნენ თ------------ და მამაკაცები. ნ-----------–---–-- მათთან არ იყო, ის გზაზე აიყვანეს. 15:20 წუთზე დაჯდა თვითმფრინავი. 20-25 წუთის მერე დააკავეს. ადვოკატს მოუყვა ამის შესახებ 2 თვის მერე.
ვინაიდან ბრალდებული მიუთითებს ჩხრეკის სხვა ვითარებაში ჩატარებაზე, ვიდრე აღნიშნავენ ბრალდების მხარის მოწმეები, სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს ეს ჩვენება. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის სისწორეც ხელმოწერით დაადასტურა ბრალდებულმა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა ნივთმტკიცება, რომლის პაკეტზეც ასევე არის ბრალდებულის ხელმოწერა. ნივთმტკიცების პაკეტში აღმოჩნდა სწორედ ის ნივთები, რაც ასახულია ჩხრეკის ოქმში (გარდა 1 აბისა, რომელიც თუმცა არ აღმოჩნდა პაკეტში, მაგრამ რომლის ექსპერტიზაზე მიტანა დადასტურებულია სხვადასხვა მტკიცებულებებით, რაზეც ზემოთ იყო მსჯელობა). აღნიშნული ხელმოწერები ადასტურებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ჩხრეკის ოქმსა და პაკეტის შიგთავსს, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება დაცვის მხარის მიერ. საპირისპიროს დასადასტურებლად დაცვის მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ ხელი მოაწერა მასალებს მუქარის ქვეშ. ამასთან, მუქარის შინაარსთან დაკავშირებით ბრალდებული ამბობს, რომ უთხრეს, ხელი მოაწერე, არ თქვა სინამდვილეში როგორ ჩატარდა ჩხრეკა, თორემ შენს თავს დააბრალე რაც მოხდებაო. ამდენად, მუქარის შინაარსიც ბუნდოვანი და გაუგებარია.
ბრალდებული აცხადებს, რომ მას საპროცესო შეთანხმებას ჰპირდებოდნენ. შესაძლოა მან საპროცესო შეთანხმების გაუფორმებლობა მიიჩნია მუქარის შედეგად, თუმცა ეს არ მიუთითებს ბრალდებულზე ნამდვილად მუქარის განხორციელებაზე. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრალდებულს დაკავების მეორე დღიდანვე ჰყავდა ადვოკატი, თუმცა, მისივე ჩვენების მიხედვით, მისთვის არ უთქვამს მასზე განხორციელებული ზეწოლების შესახებ. ბრალდებულის ასეთი განმარტებაც გაუგებარია, რადგან ადვოკატს სწორედ ის ფუნქცია აქვს, ბრალდებულის უფლებები დაიცვას ყოველგვარი უკანონო ჩარევისგან. ამდენად, თუ ბრალდებულს არ სურდა მასზე განხორციელებული შესაძლო უკანონო მოქმედებების შესახებ ადვოკატის ინფორმირება, მაშინ რა აზრი ჰქონდა ადვოკატის აყვანას? უფრო მეტიც, მას შემდეგაც არ მომხდარა ჩხრეკასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების მოპოვება, რაც ბრალდებულმა მეორე ადვოკატიც აიყვანა. ბრალდებულის მიერვე ხელმოწერილი ბრალდების მხარის მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ ბრალდებული უთითებს, რომ ჩხრეკა საერთოდ არ განხორციელებულა, რომ ის ზედაპირულად შეამოწმეს აეროპორტის შენობის გარეთ და ა.შ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ აეროპორტის შენობაში განთავსებულია ვიდეოკამერები. ასევე ცნობილია, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვასთან დაკავშირებით, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან შედარებით უპირატეს პოზიციაში იმყოფება და უფრო ნაკლები სტანდარტის დაკმაყოფილება მოეთხოვება საჭირო მასალის მოსაპოვებლად, თუმცა, მიუხედავად ამისა, დაცვის მხარეს არც კი უცდია ბრალდებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება რაიმე გზით: ვიდეომასალის ან აეროპორტის თანამშრომლების, მგზავრებისა თუ მათი ახლობლებისგან ინფორმაციების მიღების გზით. ამასთან დაკავშირებით რაიმე მასალა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ეს იმ პირობებში, როცა ბრალდებულს იცავს 2 ადვოკატი, რომელთათვისაც ცნობილი იყო ბრალდებულის პოზიცია. ამდენად, ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ეწინააღმდეგება მის მიერვე განხორციელებულ ხელმოწერებს და ბრალდების მხარის მტკიცებულებების ერთობლიობას: ჩხრეკის ოქმს, ამოღებულ ნივთებს, ჩხრეკაში მონაწილე პირთა ჩვენებებს, ვერ იქნება მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის გამაბათილებელ სარწმუნო, ობიექტურ მტკიცებულებად. მით უმეტეს, რომ ბრალდებული, ბრალდების მხარის მოწმეებისგან განსხვავებით, ამ საქმის ბედით პირდაპირ დაინტერესებული პირია, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს პოზიცია. ბრალდების მხარისგან განსხვავებით, ბრალდებულის ჩვენების გარდა რაიმე სხვა მტკიცებულება ჩხრეკის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით - ყიდვა, საჩუქრის სახით მიღება, პოვნა და სხვა. შენახვა ნიშნავს ადგილსამყოფლის მიჩენას ნებისმიერ ადგილას - ბინაში, სარდაფში, ტანსაცმელში, მიწაში და სხვა.
საქართველოში ნარკოტიკული საშუალება ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ გარკვეული ნარკოტიკული საშუალების შეძენაა შესაძლებელი სპეციალური ნებართვით. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთების შეძენა და შენახვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ნ-------------ს ნარკოტიკული საშუალების შეძენის უფლება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ჰქონდა. ამდენად, ნ-------------ს ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი (მარილი)’’ 53,6308 გრამის ოდენობით.
3. სამართლებრივი შეფასება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ისჯება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ამ დანაშაულის საგანია ნარკოტიკული საშუალება. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ამ ნივთების უკანონო შეძენას და შენახვას. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების შეძენის და შენახვისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი. აღსანიშნავია ასევე, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ქმედებებიდან აკრძალული ნივთების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შენახვა არის დენადი დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება უმოქმედობით. ამიტომაც ეს დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე იძენს და ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას, სურს ამ ქმედების ჩადენა ან არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს მას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განზრახ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ნ-------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ნ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ჰყავს შვილი, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები.
ნ-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა - მეთადონი, რომლის უკანონო შეძენა ისჯება 0,2 გრამიდან და რომლის ბრალდებულისგან ამოღებული ოდენობა - 53,6308 გრამი 53-ჯერ აღემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობის მინიმალურ ოდენობას - 1 გრამს.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული ნივთის კანონის გვერდის ავლით შეძენა და შენახვა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (53,6308 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის (ფუძე)’’ შეძენა და შენახვა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (ნასამართლევია), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე პირადი და ეკნომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულების პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის სანქციას. კერძოდ, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სასჯელის ზომად ვადიანი, კერძოდ, 15 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებული გასამართლებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2014 წლის 15 ივლისს, რა დროსაც მას სხვა სასჯელთან ერთად განესაზღვრა ჯარიმა. საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული ჯარიმის გადახდა, რის გამოც არსებობს განაჩენთა ერთობლიობა. მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ახლად დანიშნული სასჯელის მიერ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის შთანთქმა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ვინაიდან ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაული, გამოყენებულ უნდა იქნეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი და ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ნარკოტიკული საშუალება, რომელიც თან ჰქონდა ბრალდებულს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, საქმეზე დართული ნარკოტიკული საშუალება უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
II. საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა
1. წარდგენილი ბრალდების არსი
ნ-------------მ უკრაინის რესპუბლიკაში უკანონოდ შეიძინა 53,6308 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი’’-ს (ფუძე) და 2019 წლის 10 წლის 10 მარტს 15 საათსა და 15 წუთზე უკრაინიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ბრალად წარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
გამომძიებლის მიერ ამოღებული ნივთიერება რომ წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, აღნიშნულზე ზემოთ გაკეთდა დასკვნა შესაბამის პარაგრაფში, რის გამოც მსჯელობის განმეორება არ არის მიზანშეწონილი.
3.2. საქართველოში უკანონო შემოტანა
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ა-–----------–---–--ს ჩვენების თანახმად, მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია მასზე, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება მეთადონი უნდა შემოეტანა უკრაინიდან საქართველოში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ რ----------------ს ჩვენების თანახმად, 10 მარტს ოპერატიული ინფორმაცია მიიღო და მოახსენა ხელმძღვანელებს. ინფორმაცია შეეხებოდა ბრალდებულის მიერ უკრაინიდან ნარკოტიკის შემოტანას, ბრალდებული ნარკოტიკის მომხმარებელი არისო,- უთხრა წყარომ.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირადი ჩხრეკის ოქმის და მოწმეების: ნ-----------–---–--ს და თ------------ს ჩვენებების თანახმად, გამომძიებლებს უთხრეს, რომ გამოძიება იყო დაწყებული, რომ ბრალდებული ჩამოდიოდა უკრაინიდან და მოჰქონდა ნარკოტიკები. წავიდნენ აეროპორტში, სადაც ნახეს ბრალდებული. მივიდნენ მასთან, გააცნეს დადგენილება. ბრალდებულმა თქვა, რომ საცვალში ჰქონდა ნარკოტიკი და თანხამა იყო, გადმოეცა. შეიყვანეს ცალკე ოთახში, ამოიღეს ნარკოტიკი, რომელიც გახვეული იყო პრეზერვატივში. გახსნეს ის და ნახეს, რომ 5 შეკვრაში იყო ფხვიერი მასა მოთავსებული, ხოლო ერთში - 50 აბი, განუმარტეს ბრალდებულს უფლებები და დააკავეს. ჩხრეკა დაიწყო 2019 წლის 10 მარტს 15:20 საათზე. მისვლიდან ნახევარი ან ერთი საათის ფარგლებში გაჩხრიკეს ბრალდებული. 5 წუთში მივიდნენ ბრალდებულთან პასპორტის კონტროლის გავლის შემდეგ. ამოღებული ნივთიერება გამჭვირვალე პაკეტებში იყო მოთავსებული. 1 იყო მოწითალო პარკი.
ბრალდებულის ჩვენების თანახმად, 2 წელია უკრაინაში დადის. 10 მარტს ჩამოვიდა, გაიარა საბაჟო კონტროლი, აიღო ბარგი, გავიდა გარეთ ტაქსის გასაჩერებლად. გასასვლელში რომ გავიდა, პოლიციელებმა გზა გადაუჭრეს, უთხრეს, ინფორმაცია გვაქვსო და ზედაპირულად შეამოწმეს, ჩანთებიც გაჩხრიკეს, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს. გზაზე განყოფილებაში საბუთებზე მოაწერინეს ხელი, გააფრთხილეს, ხმა არ ამოიღო, თორემ ყველაფერი ცუდად დამთავრდებაო. თუ ჩუმად იქნები, საპროცესო შეთანხმებას გაგიფორმებთო. ზუგდიდში პარკებზეც მოაწერინეს ხელი. ნ-----------–---–-- აეროპორტში არ იყო, ის გზაზე ჩაისვეს. 15:20 წუთზე დაჯდა თვითმფრინავი, საიდანაც 20-25 წუთის მერე დააკავეს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანა გულისხმობს სხვა სახელმწიფოში შეძენილი ნარკოტიკული საშუალების საქართველოს საზღვრის გადმოკვეთით შემოტანას. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის თანამხად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არის ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც საქართველოს ტერიტორიას - ხმელეთს, წყალს, წიაღს, საჰაერო სივრცეს – გამოყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ ბრალდების მხარე ნ-------------ს ედავება საჰაერო სივრცის დარღვევით საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანას. იმავე კანონის თანახმად, საჰაერო სივრცე არის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის ვერტიკალურად მდებარე საჰაერო სივრცე (ატმოსფერო), რომელზედაც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი. სასაზღვრო ზონა არის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი, არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, რელიეფის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე სასაზღვრო ზონა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 30 კილომეტრით. სასაზღვრო გამტარი პუნქტი არის საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც აღწერენ ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და მის გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. არც ერთი მათგანი არ არის ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების პირდაპირი მოწმე. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს ჩხრეკის მიმდინარეობა.
იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ უტყუარ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება წარდგენილი ბრალდება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ის ფაქტი, რომ ნ------------- შეჩერებულ იქნა მოფრენის დარბაზში მას შემდეგ, რაც ჩამოსულ მგზავრებს შორის იქნა შემჩნეული - სასაზღვრო კონტროლის გავლიდან 5 წუთის შემდეგ. არც ერთი მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ 5 წუთის განმავლობაში ან მანამდე ბრალდებულთან - ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი ვინმესთან, შევიდა თუ არა ამ ხნის განმავლობაში ან მანამდე საპირფარეშოში ან სხვა ოთახში, სადაც შეეძლო მიეღო და დაემალა ნარკოტიკული საშუალება და ა.შ. ვინაიდან არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება საქართველოს საზღვრებს გარეთ შეიძინა, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უკვე თან გააჩნდა და საბაჟო კონტროლი გაიარა ნარკოტიკული საშუალებით, ამასთან, ვინაიდან არც ისეთი პირდაპირი მტკიცებულებები წარმოდგენილა, რომლებიც გამორიცხავდა ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შეძენას, ასეთ ვითარებაში საქართველოს საზღვრებს გარეთ ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენის დადგენა შეუძლებელია. ამ კუთხით ბრალდებულის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბრალდებულმა სასაზღვრო კონტროლი გაიარა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოჩენილა.
სასამართლო განმარტავს, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, ვინაიდან არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენილა ნარკოტიკული საშუალების შეძენის ადგილთან დაკავშირებით და არც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში მისი შეძენა გაქარწყლებულა რაიმე მტკიცებულებით, ბრალდებული ნ------------- ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ნაწილში წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
4. სამართლებრივი შეფასება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა ისჯება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით. ამ დანაშაულის საგანია ნარკოტიკული საშუალება. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ამ ნივთების უკანონო შემოტანას საქართველოში. სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების საქართველოში შემოტანისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შემოაქვს საქართველოში ნარკოტიკული საშუალება, სურს ამ ქმედების ჩადენა ან არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს მას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენას და დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------------- საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ნ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა და საბოლოოდ ნ-------------ს მოსახდელად განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ-------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 მარტიდან.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ნ-------------ს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო ”საბიუჯეტო” დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, - რისი ვადის ათვლაც დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე.
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, თავდაცვის სამინისტროებს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ნივთმტკიცება: ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი’’ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია