განაჩენი

სისხლის სამართლის 09.09.2019
საქმის ნომერი
190100119003131462
დავის ტიპი
265 1
თარიღი
09.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 სექტემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - თინათინ სტურუა

 

დაცვის მხარე: გ--------ა, დაბადებული 1----–-–----- მაისს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--------------------------------;

 

ადვოკატის - ხატია კვასტიანი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

გ--------ამ დაახლოებით ორი თვის წინ ქ. რ------–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ ქოთნებში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 32,24 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი. 2019 წლის 20 ივლისს შსს რ---------------–-----------------–--------–-–----------- განყოფილების გამომძიებლის მიერ გ--------ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა უკანონოდ დათესილი და მოყვანილი 32,24 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.

 

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ გ--------ამ დაახლოებით ორი თვის წინ ქ--------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ ქოთნებში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 32,24 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი. 2019 წლის 20 ივლისს შსს რ---------------–-----------------–--------–-–----------- განყოფილების გამომძიებლის მიერ გ--------ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა უკანონოდ დათესილი და მოყვანილი 32,24 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ალექსი ხიზანიშვილის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.

 

განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ნარკოტიკული საშულების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მის მოყვანაში ან კულტივირებაში.

 

დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში: სარეველა მცენარეებისაგან გათავისუფლებაში, მორწყვაში, სასუქებით განაყოფიერებაში.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ გ--------ას პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ბრალდებულ გ--------ას მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გ--------ას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

რაც შეეხება სასჯელის სახეს და ზომას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ გ--------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. გ--------ას ბინის ჩხრეკისას კი ამოღებული იქნა უკანონოდ დათესილი და მოყვანილი 32,24 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი.

 

საქართველოს სსკ-ის 12-ე მუხლით განსაზღვრულია დანაშაულის კატეგორიები ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველ ნაწილს ამ ეტაპზე ფაქტობრივად არ გააჩნია დანაშაულის კატეგორია, შესაძლებელია, რომ იგი მისი ხასაითის გათვალისწინებით მიეკუთვნოს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და გ--------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

გ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე ,,კანაფი“, ბოთლი მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებით, განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან;

 

გ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე ,,კანაფი“, ბოთლი მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებით განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი