განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1219-16
(გამოძიების №00----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ---------------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ---------------ე (დაბადებული - 1----–-–------------–--------------–----------–---------------------------------------–-----------------------------------–------------------------–-------------------–--------–------–-----------------------ში)
ადვოკატი - ა---–-–---–---–ი,მხარდამჭერი - თ--------------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2016 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, დ-------------ში, ჰ------------- „გ-------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ---------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამერიკის მოქალაქე მ----–----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა მუშტი თავის არეში, რითაც მ----–----------ს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2016 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, დ-------------ში, ჰ------------- „გ-------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ---------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამერიკის მოქალაქე მ----–----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მუშტი დაარტყა თავის არეში, რითაც მ----–----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად ბრალდების მხარის აღნიშნული მტკიცებულებები.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ თ---------------ის მიერ მ----–----------ის მიმართ 2016 წლის 13 იანვარს სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის (რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია) დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ მ----–----------ის გამოკითხვის ოქმის (გამოქვეყნდა), მოწმეების - გ--------–-------–ის, ნ-----–---------ის, მ-----–-------–-–---–ისა და ს------------–-----ს ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების - ჭ---–-----–-----ისა და დ-------------ს გამოკითხვის ოქმები (გახდა უდავო), კერძოდ:
3.5. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა დაზარალებულ მ----–----------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 18:25 საათზე, ამერიკის საელჩოს კუთვნილი ვერცხლისფერი ავტომანქანით (ჯიპი), სარეგისტრაციო #0-----, მოძრაობდა ბ--–-----ის ქუჩიდან დ------------ში არსებული ჰ------------- „გ-------–ის“ მიმართულებით. იქვე არსებულ გზა გასაყართან, მარჯვენა მხრიდან გზა ჩაუჭრა მსუბუქმა ავტომობილმა და შექმნა ავარიული სიტუაცია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მისცა წყვეტილი ხმოვანი სიგნალი, რაზედაც უწყვეტი ხმოვანი სიგნალი მიიღო პასუხად. აღნიშნული პიროვნება მიჰყვებოდა უკან, აგრძელებდა წყვეტილი და უწყვეტი ხმოვანი სიგნალით მისი ყურადღების მიქცევას და ქართულ ენაზე წარმოთქვამდა მისთვის გაუგებარ სიტყვებს. ავტომანქანა უჭრიდა გზას და საბოლოოდ იძულებული გახდა ავტომანქანა გაეჩერებინა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი მიუახლოვდა მისი ავტომანქანის წინა მარცხენა კარებს და ჩაიხედა სალონში, თითქოს რაღაცას ეძებდა. ზურგიდან მოჰკიდა ხელი აღნიშნულ პიროვნებას და ჰკითხა რა უნდოდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა მუშტი მოიქნია და მისთვის სახეში დარტყმა სცადა. ხელი ჩაჰკიდა ბრალდებულს და პირველი დარტყმის აცილება შეძლო. ამ დროს ზურგიდან მიუახლოვდა მათ ორი მამაკაცი, რომლებმაც ბრალდებული გაიყვანეს მისგან მოშორებით. აღნიშნულმა პიროვნებამ მალევე გაითავისუფლა თავი, გაექანა მისკენ და მთელი ძალით დაარტყა მუშტი სახის არეში. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული ჩახტა თავის ავტომანქანაში და წავიდა, თან ქართულ ენაზე ყვიროდა მისთვის გაუგებარ სიტყვებს. დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.6. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2016 წლის 15 იანვარს, დაზარალებულმა მ----–----------მა, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მესამე და მარცხნიდან მარჯვნივ პირველი მდგომი პიროვნება, მოშავო ფერის სწორი თმებით, მოგრძო სახით, ოდნავ მოგრძო ცხვირით.
3.7. მოწმე გ--------–--------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, საღამოს ექვსი საათიდან შვიდ საათამდე პერიოდში იმყოფებოდა ჰ------------- „გ-------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. შეამჩნია, რომ მ-----------ის გამზირისკენ მოძრაობდა ორი ავტომობილი. გაიგონა მკვეთრი მუხრუჭის ხმა. ავტომანქანებიდან გადმოვიდა ორი მამაკაცი და ერთმანეთს ეკამათებოდნენ ინგლისურ და ქართულ ენაზე. მასთან საახალწლო ფეიერვერკის მყიდველი მივიდა და კლიენტს აქცევდა ყურადღებას. მომხმარებლის წასვლის შემდეგ ყვირილის ხმა გაიგონა. ორი პირი, რომლებიც მის გვერდით ფეიერვერკებს ყიდნენ, მივიდნენ და აშველებდნენ ამ პიროვნებებს. მას დაუძახეს და წყლის მიტანა სთხოვეს, რადგან ერთ-ერთს დახმარება სჭირდებოდა. მან წყალი მიუტანა და დახვდა შემდეგი სიტუაცია: ბრალდებული უკვე დამშვიდებული იყო და ფეიერვერკის გამყიდველებს გაყვანილი ჰყავდათ გვერდზე. შეამჩნია, რომ იგი ახალგაზრდა იყო. ბრალდებული ჩაჯდა ღია ფერის პატარა ავტომანქანაში და გაიქცა. დაზარალებული ინგლისურ ენაზე საუბრობდა. შეამჩნია, რომ უცხოელ მამაკაცს მთელ სახეზე პატარა ნაკაწრები ჰქონდა და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. დაზარალებულს სისხლი ჩამობანა, რაზედაც მან მადლობა გადაუხადა და წავიდა. მამაკაცი, რომელსაც სახე ჩამობანა დაახლოებით 50 წლამდე ასაკის იქნებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავტომანქანაში ჩაჯდა და გაიქცა, ქართულ ენაზე საუბრობდა. ბრალდებულს რაიმე სახის დაზიანება ჰქონდა თუ არა არ შეუმჩნევია. მოწმემ განმარტა, რომ კონფლიქტის მონაწილეთა მხრიდან ბილწსიტყვაობა იყო ერთმანეთის მიმართ. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ როდესაც დაზარალებულს ჰკითხა თუ რა მოხდა, მ----–----------მა უპასუხა, რომ კონფლიქტის მონაწილე მეორე პირმა რამოდენიმეჯერ გზა ჩაუჭრა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი.
3.8. სასამართლო აფასებს დაზარალებულ მ----–----------ის გამოკითხვის ოქმსა და მოწმე გ--------–-------–ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, ასევე დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ პირის ამოცნობის ოქმს და აღნიშნავს, რომ მ----–----------ის გამოკითხვის ოქმი და მოწმის ჩვენება თანმიმდევრულია და არ შეიცავს რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ----–----------ი და გ--------–--------–ი თ---------------ეს არ იცნობდნენ და არც რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონიათ მასთან. შესაბამისად, ცალსახად გამოირიცხება დაზარალებულისა და მოწმის იმგვარი დაინტერესება ბრალდებულის პიროვნებით, რაც მათი ჩვენებების რეალურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებული და მოწმე ერთნაირად აღწერენ კონფლიქტის დეტალებს, მიუთითებენ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელმაც მ----–----------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა გამოკითხვისას ცალსახად დაადასტურა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა გზა ჩაუჭრა, რის გამოც წყვეტილი ხმოვანი სიგნალი მისცა. აღნიშნულმა ბრალდებული გააღიზიანა, დაედევნა და იძულებული გახადა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გაეჩერებინა. ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და სახეში ხელის დარტყმა სცადა, თუმცა პირველ ჯერზე მისი მოგერიება მოახერხა. იქვე მყოფმა მისთვის უცნობმა პიროვნებებმა გააშველეს კონფლიქტში მონაწილეები, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ძალიან მალე გაითავისუფლა, გაიქცა მისკენ და სახის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც ჩაჯდა თავის ავტომანქანაში და გაიქცა. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა მ----–----------მა 2016 წლის 15 იანვარს, სამი პიროვნებიდან ამოიცნო ბრალდებული თ---------------ე და მიუთითა იმ დამახასიათებელ ნიშნებზე, რომლითაც ბრალდებულის ამოცნობა მოახერხა. მ----–----------ის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია 2016 წლის 13 იანვარს განვითარებულ კონფლიქტთან დაკავშირებით სრულად შეესაბამება მოწმე გ--------–--------–ის ჩვენებას.
3.10. აღსანიშნავია, რომ მოწმე გ--------–--------–ი ფაქტობრივად ჩხუბის დასრულებისთანავე მივიდა შემთხვევის ადგილზე. მან დაადასტურა, რომ კონფლიქტში მონაწილეობდა დაზარალებული და ახალგაზრდა ბიჭი. შემთხვევის ადგილზე მყოფ ორ უცნობ პირს მხოლოდ გაშველების ფუნქცია ჰქონდათ და ისინი კონფლიქტის მონაწილეები არ იყვნენ. ამდენად, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ დაზარალებული და ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მისი შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე გაიქცა. გ--------–--------–მა დაადასტურა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ განმარტა, რომ დაზარალებულს სახე სისხლიანი ჰქონდა (ცხვირიდან სისხლი სდიოდა) და მთლიან სახეზე აღენიშნებოდა მცირე ზომის ნაკაწრები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მათ შორის გ--------–-------–ის ჩვენებით. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სახეზე თვალსაჩინო (მოცულობითი) სისხლმდენი ჭრილობის არსებობა არ დაუდასტურებია არც თავად დაზარალებულს და არც ნეიტრალურ მოწმე გ--------–--------–ს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმითა და მოწმე გ--------–-------–ის ჩვენებით, უტყუარად დგინდება მ----–----------ზე ფიზიკური ძალადობა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს თ---------------ის აღნიშნულ კონფლიქტში მონაწილეობა სადავოდ არ გაუხდია და მხოლოდ ორმხრივი კონფლიქტის თაობაზე წარმოადგინა არგუმენტები, რაზეც სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.
3.11. დაზარალებულ მ----–----------ის სხეულზე დაზიანებების არსებობა დაადასტურა მოწმე ნ-----–---------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე შეამოწმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი მ----–----------ი. დაზარალებულთან ერთად ასევე იმყოფებოდა ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების წარმომადგენელი. მათი საუბრიდან შეიტყო, რომ კონფლიქტი მოხდა ქუჩაში და დაზარალებული პირადად არ იცნობდა იმ ადამიანს, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულის თქმით, მას კონფლიქტის დროს გონება არ დაუკარგავს და ყველაფერი კარგად ახსოვდა. გასინჯვის შედეგად გაირკვა, რომ მ----–----------ს ჭრილობები და დაზიანებები ჰქონდა სახეზე და კისერზე, რომლებიც დაუმუშავა. დაზიანებები რაიმე დამატებით ჩარევას არ საჭიროებდა. ყველაზე დიდი იყო ნახეთქი ჭრილობა შუბლის არეში, რომელიც გაკერვას არ საჭიროებდა. მ----–----------ს ჰქონდა მრავლობითი ექსკორიაციები ნაკაწრების სახით კისრის მიდამოში.
3.12. ამდენად, ნ-----–---------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 13 იანვარს მ----–----------ს აღენიშნებოდა დაზიანებები სახეზე და კისერზე ნაკაწრების სახით, რომლებიც დამუშავების შემდეგ, რაიმე დამატებით ჩარევას არ საჭიროებდა.
3.13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 იანვრის #0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მ----–----------ს დახმარება გაეწია 2016 წლის 13 იანვარს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: შუბლის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა (სისხლმდინარე), ექსკორიაციები სახისა და კისრის არეში. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ჭრილობა ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ექსკორიაციები ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, სისხლმდენი ჭრილობა ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს (ექსპერტი ე-–-------------).
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ----–----------ის მიმართ ჩატარებული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისას, ექსპერტი დაეყრდნო გამოძიების მიერ ექსპერტიზისთვის წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას. ექსპერტმა ე-–-------------მ, ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მიუთითა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით პაციენტს გასინჯვისას აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა 0.8X0.8 სმ. შუბლის არეში მარჯვნივ, მცირედ სისხლმდინარე. სწორედ აღნიშნული დაზიანება შეაფასა ექსპერტმა, როგორც მსუბუქი ხარისხის, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ვერ უძლებს კრიტიკას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. ასევე, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა და, შესაბამისად, არ დაკითხულა დასკვნის გამცემი ე-–-------------.
3.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამრთლოში არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი ე-–-------------, შესაბამისად, კითხვები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნის გარშემო არსებობდა დარჩა პასუხგაუცემელი.
3.16. ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზიანებამ გამოიწვია თუ არა ჯანმრთელობის ხანმოკლე ან ხანგრძლივი მოშლა, აღნიშნულ გარემოებას ექსპერტი როგორც წესი აფასებს იმაზე დაყრდნობით თუ რა დროის განმავლობაში დასჭირდა პირს მკურნალობა კონკრეტულ დაზიანებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში როდესაც სამედიცინო დოკუმენტში და ექსპერტიზის დასკვნაში არის აღნიშნული თუ რა დროის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას დაზარალებული, საერთოდ გაურკვეველია როგორ დაადგინა ექსპერტმა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ თავად დაზარალებული და მოწმე გ--------–--------–ი არ უთითებენ მ----–----------ის სახეზე რაიმე სისხლმდენი ჭრილობის არსებობის თაობაზე. ისინი საუბრობენ დაზარალებულის სახეზე არსებულ მცირე ნაკაწრებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაურკვეველია ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული 0.8X0.8 სმ. მცირე ნაკაწრი, როგორ შეფასდა სისხლმდენ ჭრილობად, რომელიც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მისი ხანმოკლე მოშლით.
3.17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 იანვრის #0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით თ---------------ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ექსპერტმა ს------------–-----მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული თ---------------ის მიმართ გაცემული სასამართლო სამედიცინო დასკვნის სისწორე.
3.18. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თ---------------ის მიმართ სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ს------------–-----ს ჩვენებით, სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე გარემოება ვერ იქნა დადგენილი. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ თ---------------ეს სხეულზე რეალურად აღენიშნებოდა დაზიანებები და ექსპერტიზა დაგვიანებით ჩატარდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზიანებებთან დაკავშირებით თ---------------ეს არ მიუმართავს არცერთი სამედიცინო დაწესებულებისათვის, გამომძიებლის განმარტებით დროის მცირე ინტერვალით ჩატარდა ექსპერტიზა იმიტომ რომ არასამუშაო დღეები იყო (რეალურად ასეა), ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდა თ---------------ის სხეულზე რაიმე სახის დაზიანება. ამ პირობებში დაცვის მხარის განმარტება აღნიშნულ საკითხზე წარმოადგენს დაუსაბუთებელ პოზიციას, რომელიც არ არის გამყარებული არცერთი მტკიცებულებით.
3.19. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ თ---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულება - გამომძიებელ - ჭ---–-----–-----ის გამოკითხვის ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც იგი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. ჭ---–-----–-----ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ, კერძოდ: ამერიკის მოქალაქე მ----–----------ის ცემის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონდეს თ---------------ეს.
3.20. საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა მ-----–-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამომძიებელ მ-----–-------–-–---–ის ჩვენებით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ თ---------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
3.21. ამდენად, სასამართლოს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ჰ------------- „გ-------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ---------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----–----------ს - ხელი დაარტყა სახის არეში რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება ფიზიკური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიღებას, აღნიშნული ვერ დადასტურდა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.
3.22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, გარკვეულ გარემოებებში შეიძლება მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საგამოძიებო ეტაპზე მიცემულ ჩვენებაზე დაყრდნობა. ამასთან, გამოქვეყნებული ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისათვის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ----–----------ის გამოკითხვის ოქმი არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება, ვინაიდან იგი გამყარებულია და დაზარალებულზე განხორციელებული ძალადობა ასევე დასტურდება მათ შორის გ--------–-------–ისა და ნ-----–---------ის ჩვენებებით.
3.23. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მონაწილეობა აღნიშნულ კონფლიქტში სადავო არ არის (დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ). მ----–----------ის მიერ დაზიანების სხვა ვითარებაში მიღების თაობაზე რაიმე გონივრული ეჭვი არ არსებობს (რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა თ---------------ის მიერ დაზარალებულ მ----–----------ზე ძალადობას). მტკიცებულებების გონივრული შეფასებიდან გამომდინარეობს, რომ დაზარალებულ მ----–----------ს სხეულზე დაზიანება მიაყენა თ---------------ემ და აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ რაიმე ღირებული არგუმენტი დაცვის მხარეს არ გაუჟღერებია.
3.24. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე წონადი არგუმენტი ან მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მოვლენათა იმგვარ განვითარებას, რაზედაც დაზარალებული საუბრობს, არ დადასტურებულა თ---------------ის აუცილებელ მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა, რაც სასამრთლოს ფაქტების სხვაგვარად შეფასების შესაძლებლობას მისცემდა. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული ვერსია არ გამომდინარეობს არცერთი მტკიცებულების შინაარსიდან და წარმოადგენს მხოლოდ დაუდასტურებელ პოზიციას.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა, თ---------------ის ქმედებამ გამოიწვია თუ არა მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც ბრალდებულის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც ვერ მოხერხდა მ----–----------ის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელი/ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის დაკითხვა, სასამართლომ უტყუარად ვერ დაადგინა, მ----–----------ის სახეზე არსებული მცირე ზომის ნაკაწრი (0.8-0.8 სმ) რამდენად წარმოადგენს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, იწვევს თუ არა დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლას ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას, მით უფრო იმ პირობებში, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში და სასამართლო-სამედიცინო დასკვნაში არფერია აღნიშნული იმის შესახებ, დაზიანების მიყენებიდან დროის რა მონაკვეთში დასჭირდა მკურნალობა დაზარალებულს.
4.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77;) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.) ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო თ---------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის უტყუარად დადასტურება.
4.5. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.6. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.7. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.8. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარი მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა თ---------------ის მიერ მ----–----------ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ უტყუარად ვერ დადასტურდა თუ რა ხარისხის დაზიანება მიიღო დაზარალებულმა, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) შემდეგ გარემოებათა გამო:
4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.
4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ---------------ემ მ----–----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი ერთხელ დაარტყა სახეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4.11. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ---------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არ გააჩნია.
4.13.. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი, კერძოდ:
4.14. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე.
4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ თ---------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებa ჩადენილია 2016 წლის 13 იანვარს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და თ---------------ის ქმედებis დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომლითაც თ---------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს თ---------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით თ---------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება; თ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.
4.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს თ---------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (თ---------------ემ მ----–----------ს მუშტი დაარტყა სახის არეში), თ---------------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის დარტყმის განხორციელებით მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი), დამდგარ შედეგს (მ----–----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს მშობლები, მეუღლე, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანიშნული ჰყავს მხარდამჭერი) და დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/დაზარალებულისთვის ტკივილის მიყენება). ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---------------ეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
4.7. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
4.8. ამდენად, განაჩენის 4.5.-4.6. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ჯარიმის მინიმალური ოდენობით (500 ლარის) გამოყენება, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ---------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
2. თ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი