გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № (3/1–2019 ) 911310519002908049
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
,,24'' ივლისი, 2019 წელი ქ.ონი
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ონის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე – გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი – ნინო ლებანიძე
მოსარჩელე - ქ------- ხ------------ ;
მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, ქალაქ ო----------------–---–-- რესურსცენტრი ;
წარმომადგენელი - ე---------- მ------–---–- ;
მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო;
წარმომადგენელი – ქ------- ი------–---–- ;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ( საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) 2018 წლის 22 იანვრის N 60 ბრძანება;
1.2. დაევალოს მოპასუხე , საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ო----------------–---–-- რესურსცენტრს, ქ------- ხომასურიძის დაუყოვნებლივ აღდგენა ქალაქ ო----------------–---–-- რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე;
1.3. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური, ხელფასი, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თვეში – 740 ლარის ოდენობით, გათავისუფლების დღიდან – თანამდებობაზე აღდგენამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ე---------- მდივნიშვილმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა ქ------- ირომაშვილმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის – 2015 წ. 03 აგვისტოს N 02–37 ბრძანების საფუძველზე, ქ------- ხ------------ კონკურსის წესით, დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის – ი---------ს თანამდებობაზე, სამი თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო 2015 წლის 04 ნოემბრის N 02–43 ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა უფროსი სპეციალისტის – ი---------ს თანამდებობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის – 2015 წლის 03.08. N 02-37 ბრძანება ( ს.ფ. 14)
-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის – 2015 წლის 04 ნოემბრის N 02–43 ბრძანება ( ს.ფ. 15)
3.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2017 წლის 09.01. N 02-02 ბრძანების 1 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების გამო, 2017 წლის 09 თებერვლიდან - დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ეცნობა ქ------- ხ------------ს, ხოლო ამავე ბრძანების მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების გამო, ქ------- ხ------------ 2017 წლის 09 თებერვლიდან, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და კომპენსაციის სახით, მიეცა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის – 2017 წლის 09.01. N 02-02 ბრძანება ( ს.ფ. 20).
3.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის – 2017 წლის 03 თებერვლის N 02-04 ბრძანების თანახმად, ო----------------–---–-- რესურსცენტრის უფროს სპეციალისტს ( ი---------) ქ------- ხ------------ს მიეცა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება, 2017 წლის 02 თებერვლიდან- 2017 წლის 09 თებერვლამდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის – 2017 წლის 03.02. N 02-04 ბრძანება ( ს.ფ. 19).
3.4. ქ------- ხ------------ 2017 წლის 09 თებერვლისათვის, იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში, იყო 23 კვირის ფეხმძიმე და 2 მცირეწლოვანი შვილის დედა, მათ შორის, ერთი - 3 წლამდე ასაკის, რომლის უფლებებსაც იცავს კანონი ,, საჯარო სამსახურის შესახებ,“ კერძოდ, მუხლი 116 –ე. ,, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის, ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში, საჯარო სამსახურის რეორგანიზაციის, ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, ან მოხელის შეფასების შედეგების გამო ‘’.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის – 2017 წლის 03.02. N 02-04 ბრძანება ( ს.ფ. 17–19).
- ქალაქ ქუთაისის შ.პ.ს. ,, ბომონდი“ -ს მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი ( ს.ფ. 18).
3.5.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ო----------------–---–-- რესურსცენტრის 2018 წლის 12 აპრილს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ქ------- ხ------------ ო----------------–---–-- რესურსცენტრში მუშაობდა 2015 წლის 04 მაისიდან – 2017 წლის 09 თებერვლის ჩათვლით და მისი ყოველთვიური სარგო, ხელფასი შეადგენდა – 740 ლარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – ო----------------–---–-- რესურსცენტრის უფროსის – 2018 წლის 12 აპრილის ცნობა ( ს.ფ. 22 ).
3.6. ონის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, ქ------- ხომასურიძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ , სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის – 2017 წლის 05 იანვრის N 61 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – სსიპ ო----------------–---–-- რესურსცენტრის – 2017 წლის 09 იანვრის N 02/02 ბრძანება და დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა. ამასთან, ქ------- ხომასურიძის მოთხოვნა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
– ონის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის N 3/3/ გადაწყვეტილება
( ს.ფ. 24).
3.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 21 თებერვლის N 13065 მომართვით დადგენილია, რომ N 3/3 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა დასრულდა, რადგან 2018 წლის 22 იანვარს გამოცემული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N 60 ბრძანება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი, რაც წარმოადგენს ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის – 2018 წლის 22.01. N 60 ბრძანება ( ს.ფ. 39 ).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე, განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება, მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ო----------------–---–-- რესურსცენტრის უფროსის – 2017 წლის 09 იანვრის N02/02 ბრძანება ქ------- ხომასურიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას, უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებშია რეგლამენტირებული, დიდწილად საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. საქართველოს კონსტიტუციის 26–ე მუხლის პირველი ნაწილით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტით, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოფილ იყოს პიროვნების მიერ, სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის ვალდებულება, არ მოხდეს პირისათვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ამ განსაზღვრებით ხაზგასმულია, რომ პიროვნების და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებას.
საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით, შეუძლია ამ უფლების შეზღუდვა.
პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ, საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ, იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;
დადგენილია, რომ ქ------- ხ------------ დანიშნული იყო თანამდებობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბრძანებით, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.
6.3. დადგენილია, რომ ქ------- ხ------------ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ო----------------–---–-- რესურსცენტრის უფროსის – 2017 წლის 09 იანვრის N 02/02 ბრძანებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 09 თებერვლიდან, საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების გამო.
6.4. დადგენილია, რომ ქ------- ხ------------ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ო----------------–---–-- რესურსცენტრის უფროსის – 2017 წლის 03 თებერვლის N 02/04 ბრძანებით, გაშვებულ იქნა სადეკრეტო შვებულებაში, რითაც მტკიცდება, რომ მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო ფაქტი მისი ფეხმძიმობის შესახებ, ხოლო ,, საჯარო სამსახურის შესახებ ‘’ საქართველოს კანონის 116– ე მუხლის თანახმად, ,, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის, ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო სამსახურის რეორგანიზაციის, ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, ან მოხელის შეფასების შედეგების გამო ‘’.
6.5. დადგენილია, რომ ქ------- ხომასურიძის ბრძანებას, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საფუძვლად დაედო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის – 2017 წლის 05 იანვრის N 61 ბრძანება - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ო----------------–---–-- რესურსცენტრის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ.
6.6.დადგენილია, რომ ონის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ქ------- ხომასურიძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის – 2017 წლის 05 იანვრის N 61 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 09 იანვრის N 02/02 ბრძანება ქ------- ხომასურიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხე მხარეს, საქმესთან დაკავშირებული გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა.
6.7. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, უცვლელად დარჩა ონის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება, ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება.
6.8. დადგენილია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2018 წლის 5 ივლისს, ახალი N 60 ბრძანება კი , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების ფონდის განსაზღვრის შესახებ, გამოიცა 2018 წლის 22 იანვარს, რითაც გაუქმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 იანვრის N 61 ბრძანება.
]
6.9. დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს – ქალაქ ო----------------–---–-- რესურსცენტრს, არ უმსჯელია ქ------- ხომასურიძის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით და არ უწარმოების რაიმე სახის მოკვლევა.
6.10. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ რადგან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 22 იანვრის N 60 ბრძანებით გაუქმდა 2017 წლის 05 იანვრის N 61 ბრძანება, არ ქონდათ საშუალება ეწარმოებიათ მოკვლევა და ემსჯელათ ქ------- ხომასურიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის, არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ო----------------–---–-- რესურსცენტრმა, არ შეისწავა და არ იმსჯელა მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში მყოფი მოხელის, ამ შემთხვევაში, ქ------- ხომასურიძის შესახებ, რითაც დაირღვა ,, საჯარო სამსახურის შესახებ “ კანონის მოთხოვნები და შეილახა სარჩელის ავტორის კანონიერი ინტერესი.
7.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა
იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118–ე მუხლის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს, ან სასამართლოს მიერ, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს, საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს – ქალაქ ო----------------–---–-- რესურსცენტრს უნდა დაევალოს მოსარჩელე ქ------- ხომასურიძის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო ასეთის თანამდებობის არარსებობისას, იმავე საჯარო დაწესებულებაში უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის განაცდური მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-4, მე-9, მე-12, 22-ე მუხლებით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე ,367-ე და 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა :
1. ქ------- ხომასურიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტროს 2018 წლის 22 იანვრის N 60 ბრძანება.
1.2. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ქალაქ ო----------------–---–-- რესურსცენტრს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ------- ხომასურიძის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას, იმავე საჯარო დაწესებულებაში უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე.
1.3. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ქ------- ხომასურიძის სასარგებლოდ, მიუღებელი იძულებითი განაცდური – შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან, მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით;
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32 ), ონის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.ონი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N 17), 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე : გურამ გოცირიძე