განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2019
საქმის ნომერი
330100119003056743
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2801-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 9 ივლისი, 2019 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ------------------–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ-----------------------–-----ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ--––------------------------ში, მცხოვრები თ---–--–---–-------–-----------------ში

 

ადვოკატი - ს--–------------–---–ი

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად და ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურად საჭიროებას უქმნის;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 8 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, თბილისში, მეტროსადგურ „--------–-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ტანსაცმლის ბაზრობაზე ბ----------–-----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ-----------ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბ----------–-----ის ქმედების შედეგად ნ-----------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.

 

1.2.2016 წლის ზაფხულში ბ----------–-----ე დასცილდა მეუღლეს ნ-----------ს, რის შემდეგაც ცდილობს მასთან შერიგებას და ცოლქმრული ურთიერთობის აღდგენას. 2019 წლის იანვრიდან ბ----------–-----ე მეუღლესთან - ნ-----------სთან სისტემატურად ცდილობდა პირადად და ტელეფონის საშუალებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას. კერძოდ, 2019 წლის წლის შუა რიცხვებში, იმავე წლის მარტისა და მაისის დასაწყისში მიდიოდა თბილისში, მეტროსადგურ „--------–-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტანსაცმელების ბაზრობაზე ნ-----------ს სამსახურში, ასევე თბილისში, გ-–--------------------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მის საცხოვრებელ სახლთან, ელოდებოდა სადარბაზოსთან და მიუხედავად ნ-----------ს უარისა ცდილობდა მასთან საუბარს შერიგების მიზნით. ასევე სისტემატურად ურეკავდა მობილურ ტელეფონზე და სთხოვდა შეხვედრას. აღნიშნული ქმედებებით ნ----------- განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვლა ცხოვრების წესი, ეშინია სახლიდან გასვლის და არის დათრგუნული.

 

1.3.2018 წლის 24 ოქტომბერს, ავტომანქანით მგზავრობისას, ხ---------–------------------–---------ში ბ----------–-----ემ ნ-----------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - რამდენჯერმე მუშტი დაარტყა სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბ----------–-----ის ქმედებით ნ-----------ს მიადგა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ბ----------–-----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მხარეებმა, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი ცალ-ცალკე ან/და ერთობლიობაში.

 

2.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ----------–-----ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გ----–--------ს, ნ-----------ს, მ---------–------ს და მ-----------------ს გამოკითხვის ოქმების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, შემაკავებელი N------ ორდერის და საქმეში არსებული მასალათა ერთობლიობას.

 

2.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1.სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ბ----------–-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

3.2.სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.3. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

3.4. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

3.5. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს გ) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და დ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ე) აიძულებს დაზარალებულს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან ყოფილი მეუღლე და პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.7. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების - გ----–--------ს, ნ-----------ს, მ---------–------ს და მ-----------------ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი N------ ორდერით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ----------–-----ის ქმედებებში სახეზეა დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად და ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

3.8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ----------–-----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთათვისაც ბ----------–-----ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ----------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება, დაზარალებულს დღეის მდგომარეობით არ გააჩნია პრეტენზია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დადგენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ბ----------–-----ე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა გავრცელდეს შეღავათები, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

5.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

5.5. ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.

 

5.6. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

5.7. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ თენგიზ ხაროიანის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველის ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ამასთანავე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ბ----------–-----ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

5.8. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, ბ----------–-----ე რომელიც ნასამართლობის არმქონეა, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც მისი პიროვნების გათვალისწინებით (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი) სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელი ვადად განესაზღვროს 2 წელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ----------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

3. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 მაისიდან 2019 წლის 29 მაისის ჩათვლით.

 

4. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ელექტრონული დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე