გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210118002615488
საქმე №2/1705-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ნ---------–----ი
წარმომადგენელი - მ--------------ე
მოპასუხეები - თ-----------–----ი (მონაწილეობის გარეშე)
თ---------–--ე
წარმომადგენელი - კ-------–-----–--ე (თ---------–--ის წარმომადგენელი)
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, ი---------------–---–ის მიერ 2018 წლის 06 ივლისის შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში ჩამოთვლილი ყველა მოძრავი ნივთი.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 06 ივლისს მის საკუთრებაში არსებულ ბინაში მის: ქ. გორი დავით აღმაშენებლის №127/2-ში განთავსებული მოძრავი ნივთები (კუთხის დივანი ერთი სავარძლით, ტელევიზორი „სამსუნგი“, ხის მაგიდა, კომპიუტერი „სამსუნგის“ მონიტორით, კომპიუტერის მაგიდა, მრგვალი მაგიდა ოთხი სკამით, მისაღები 1 კომპლექტი, ნაჭრის სამეული, ტელევიზორი ელეგანსი, ხალიჩა ოვალური) დააყადაღა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელმა ი---------------–---–მა, ნოტარიუს ნინო სუხაშვილის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, სადაც კრედიტორია თ---------–--ე მოვალე თ-----------–----ი. მოსარჩელემ მიმართა განცხადებით სააღსრულებლო ბიუროს, სადაც მიუთითა, რომ თ-----------–----ი 27 წელია გათხოვილია და არ ცხოვრობს მასთან, იგი ბოლო სამი წელია იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო წასვლამდე მისი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. გორი, დავითაშვილის №7. მოსარჩელემ განცხადებაში აგრეთვე აღნიშნა, რომ დაყადაღებული ქონებიდან ყველა ნივთი იყო მისი და არა თამარ ბიბილაშვილის. მიუხედავად ამისა მოსარჩელემ ვერ მიაღწია მისთვის სასაურველ შედეგს (გაეთავისუფლებინა მოძრავი ქონება ყადაღისაგან) და იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსათვის.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე თ---------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თავად თ-----------–----ისგან იცოდა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი გარდა დავითაშვილის ქუჩაზე არსებული სახლისა ამ მისამართზე იყო, რომელიც მითითებულია დაყადაღების აქტში, შესაბამისად, მის საცხოვრებელ ადგილზე არსებული მოძრავი ნივთები მას ეკუთვნის.
2.2. მოპასუხე თ-----------–----ს შესაგებელი არ წარმოუდგენი და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, ი---------------–---–ის მიერ 2018 წლის 06 ივლისს ქ. გორში ფარნავაზის ქ. №28-ში (მეორე მისამართ დავით აღმაშენებლის №127/2) მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღდა მოძრავი ნივთები: კუთხის დივანი ერთი სავარძლით, ტელევიზორი „სამსუნგი“, ხის მაგიდა, კომპიუტერი „სამსუნგის“ 1 კომპლ., კომპიუტერის მაგიდა, მაგიდა მრგვალი ოთხი სკამით, მისაღები 1 კომპლექტი, ნაჭრის სამეული, ტელევიზორი ელეგანსი, ხალიჩა ოვალური.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 06 ივლისის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შიქა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, ი---------------–---–ის მიერ 2018 წლის 06 ივლისს შედგენილ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული სადავო ნივთები: კუთხის დივანი ერთი სავარძლით, ტელევიზორი „სამსუნგი“, ხის მაგიდა, კომპიუტერი „სამსუნგის“ მონიტორით, კომპიუტერის მაგიდა, მაგიდა მრგვალი ოთხი სკამით, მისაღები 1 კომპლექტი, ნაჭრის სამეული, თელევიზორი ელეგანსი, ხალიჩა ოვალური წარმოადგენს ნ---------–----ის საკუთრებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მოწმეთა ჩვენებები.
მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე, მისი შვილი თ-----------–----ი 27 წელია გათხოვილია და ბოლო სამი წელი წასულია საზღვარგარეთ, გარდა ამისა საქართველოში ყოფნის პერიოდში იგი ცხოვრობდა ქ. გორში, დავითაშვილის №7 და მის სახლში არ უცხოვრია.
საჯარო რეეტრის ამონაწერის მიხედვით საცხოვრებელი სახლი, სადავო ნივთები დაყადაღდა, საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია ნანა ნინილურის საკუთრებად 2003 წლის 6 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
პროცესზე წარმოდგენილმა მოწმეებმა, რომლებიც დაიკითხნენ მოსარჩელის შუამდგომლობით, მიუთითეს, რომ ნ---------–----ს იცნობენ მას შემდეგ, რა იგი მათ მეზობლად დასახლდა, რაც შეეხება თ-----------–----ს, მას იცნობენ როგორც ნანას შვილს და მას ამ სახლში (დაყადაღების აქტში მითითებულ მისამართზე) არასოდეს უცხოვრია.
სასამართლო განმარტავას, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 103-ე მუხლის დანაწესის მიხედვით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების ნ---------–----ის მფლობელობის, მესაკუთრედ ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებად საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითც ის საცხოვრებელი სახლი, სადაც მოძრავი ნივთები დაყადაღდა საკუთრების უფლებით ეკუთვნის ნ---------–----ს, მან აღნიშნული სახლი შეიძინა 2003 წელს, 16 წლის წინ, როდესაც თ-----------–----ს ოჯახი ჰქონდა შექმნილი და ცალკე ცხოვრობდა, მოწმეების, უშუალოდ მოსარჩელის მეზობლების, ჩვენებებით, რომლებმაც მიუთითეს, რომ თ-----------–----ს ამ სახლში არ უცხოვრია (19.08.2019 წ. სხდომის ოქმი).
რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ თ-----------–----ი სანამ საზღვარგარეთ წავიდოდა დედასთან ცხოვრობდა და შესაბამისად თუნდაც დროებით საცხოვრებელ ადგილას განთავსებული ნივთები მას ეკუთვნის, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელის განმარტებისა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, თუნდაც იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომ თ-----------–----მა დედასთან საცხოვრებლად გადასვლისას თავისი ნივთები გადაიტანა მასთან, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების გათვალისწინებით, მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტის დადასტურება სარწმუნოდ განახორციელა მოსარჩელე მხარემ. სხვა მტკიცებულება მოპასუხე მხარეს მოძრავი ნივთების თ-----------–----ის კუთვნილების თაობაზე არ წარმოუდგენია, მათ შორის საქმეში არ მოიპოვება თუნდაც მოწმის ჩვენება, რომლებიც მხოლოდ მოძრავი ნივთების თ-----------–----ის კუთვნილებას დაადასტურებდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ი---------------–---–ის მიერ 2018 წლის 06 ივლისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული მოძრავი ნივთები: კუთხის დივანი ერთი სავარძლით, ტელევიზორი „სამსუნგი“, ხის მაგიდა, კომპიუტერი „სამსუნგის“ მონიტორით, კომპიუტერის მაგიდა, მაგიდა მრგვალი ოთხი სკამით, მისაღები 1 კომპლექტი, ნაჭრის სამეული, ტელევიზორი ელეგანსი, ხალიჩა ოვალური.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 155-ე, 158-ე, 170-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით;
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე, მე-40 მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახად გადაცემას. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.
6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებად. შესაბამისად, სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ამ ნივთის მესაკუთრე.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. თუ საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია კონკრეტული პირის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელიც აღნიშნული პირია. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (სუსგ 6.02.2015წ. საქმე №ას-1202-1144-2014, 25.06.2012წ. ას-262-253-2012).
ამდენად, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართელოს კანონის 32-ე მუხლი ითვალისწინებს მესამე პირის უფლებას აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). დასახელებული კანონის მიხედვით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ივარაუდება, რომ ნივთი რომელსაც მოვალესთან პოულობენ არის მისი საკუთრება, მესაკუთრემ კი უნდა შეძლოს ამ ვარაუდის გაქარწყლება, უნდა დაადასტუროს სადავო ქონების მის საკუთრებაში არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, ხოლო მოპასუხეს ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხე მხარის მხოლოდ ზეპირ განმარტებას სასამართლო ვერ განიხილავს იმ სატანდარტის მტკიცებულებად რაც დაადასტურებდა სადავო მოძრავ ქონებაზე მოპასუხე თ-----------–----ის საკუთრების უფლებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 75.20 ლარი და 1200 ლარი - ადვოკატის მომსახურებისათვის. მოცემულ შემთხევაში სარჩელი დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ, მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
8. საპროცესო უზრუნველყოფა
მოცემულ საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 06 ივლისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონების რეალიზაცია და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნული განჩინება უნდა დარჩეს ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ---------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, ი---------------–---–ის მიერ 2018 წლის 06 ივლისს ქ. გ----–------------------------–--------–-----–--------) მდებარე საცხოვრებელ ბინაში შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული შემდეგი მოძრავი ნივთები:
1) კუთხის დივანი და ერთი სავარძელი 1 ც (ნაჭრის);
2) პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგი“;
3) ხის მაგიდა;
4) კომპიუტერის კომპლექტი;
5) შავი ფერის კომპიუტერის მაგიდა;
6) მრგვალი მაგიდა ოთხი სკამით;
7) ერთი კომპლექტი მისაღების (კედელი დესავუ;
8) კარადა (კომოდი);
9) ჭაობისფერი ნაჭრის სამეული 1 კომპლ. (ორ ადგილიანი 1 ც. და სავარძელი 2 ც.);
10) შავი ფერის ტელევიზორი „ელეგანსი“;
11) ოვალური ხალიჩა.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხეებს: თ---------–--ეს და თ-----------–----ს მოსარჩელე ნ---------–----ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბჟის სანაცვლოდ დაეკისროთ 75.20 ლარის გადახდა და ასევე მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განჩინება (საქმე №2/1705-18) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 06 ივლისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით, ქ-------–------------------------ში დაყადაღებული მოძრავი ქონების რეალიზაციის შეჩერების შესახებ დარჩეს ძალაში.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი