განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2019
საქმის ნომერი
330100119002929454
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე №1/1438-19

გამოძიების N0-----------

23 ივლისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც-------–---–---ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ე-----------–---------ი (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–-------------რს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მცხოვრები: თბილისი, ბ-----------------ში;

 

ადვოკატი - ზ----------------–ი,თარჯიმანი - ხ-----------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. (2018 წლის 1--------ის და 2019 წლის 1--------ის ეპიზოდები);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 0--------ს, ე-----------–---------ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რის შემდეგაც ცხოვროდა ქ. თბილისში, ბ--------------–ი, სიდედრთან - ფ----------–---–თან ერთად. თანაცხოვრების პერიოდში, ე-----------–---------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა ფ----------–---–ს, რომელსაც ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც ფ----------–---–ში იწვევდა ტანჯვას და შიშის გრძნობას. (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი);

2018 წლის 1--------ს, იმყოფებოდნენ რა ზემოაღნიშნულ მისამართზე, ურთშელაპარაკებისას, ე-----------–---------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით, - ბაწრის ყელზე მობმით და დახრჩობით, - დაემუქრა ფ----------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი);

 

2019 წლის 1---------ს, ქ. თბილისში, ბ--------------–ი, ურთერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ე-----------–---------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით, დანით აჩეხვით, დაემუქრა ფ----------–---–ს. გაუჩნდა რა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ფ----------–---–ი სახლიდან გაიქცა ქუჩაში, საიდანაც დარეკა საპატრულო პოლიციაში და ითხოვა დახმარება. გამოძახების საფუძველზე მოსული პატრულ-ინსპექტორების მიერ ე-----------–---------ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

 

სასამართლომ დაადგინა:

ე-----------–---------ი 2019 წლის 0------------ან - 2019 წლის 1--------ის ჩათვლით ცხოვრობდა ქ. თბილისში, ბ--------------–ი, ყოფილ სიდედრთან - ფ----------–---–თან ერთად. თანაცხოვრების განმავლობაში ე-----------–---------ი მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს და სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა ფ----------–---–ს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ტანჯვა. (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი).

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებული ფ----------–---–ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ინფორმაციით დგინდება, რომ იგი ცხოვრობდა ყოფილი სიძის, ე-----------–---------ის სახლში, მისამართზე - ქ. თბილისი, ბ-------------. 2010 წლის 1-----------ს ავტოავარიის შედეგად დაეღუპა ქალიშვილი, რა დროსაც დაშავდა ე-----------–---------იც. 2018 წლის 0--------ს ე-----------–---------ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და დაბრუნდა შინ. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ე-----------–---------მა ფსიქოლოგიური წნეხის განხორციელება დაიწყო მასზე, კერძოდ, 2018 წლის 1--------ს უცენზურო სიტყვებით აგინა და სიცოცხლის მოსპობით, დახრჩობით, დაემუქრა, - კისერზე ბაწარს გამოგაბამ და ისე დაგახრჩობო. ამ ინციდენტის შემდეგ ე-----------–---------ი მასთან თითქმის აღარ ჩნდებოდა, 2019 წლის 0---------ს კი მივიდა და პოლიციის თანამშრომელთა მიერ მის დაკავებამდე აღარსად წასულა. ამ ხნის განმავლობაში ე-----------–---------ი სისტემატიურად სვამდა ალკოჰოლს და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, აგინებდა და ამცირებდა, რის გამოც თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობდა. დაკავების დღეს, 2019 წლის 1---------ს, დაახლოებით 20:00 საათზე ე-----------–---------ი შინ ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა, წამოწვა ლოგინზე და უაზროდ ლაპარაკი დაუწყო. როცა სთხოვა თავი დაენებებინა მისთვის, რადგან ძილს აპირებდა, ე-----------–---------ი ძალიან აგრესიული გახდა, დაუწყო უშვერი სიტყვებით გინება და მუქარა - თუ ავდექი, დანით აგჩეხავო. შეეშინდა მისი და გავარდა ქუჩაში, საიდანაც საპატრულო პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა. დაზარალებულმა განმარტა, რომ სიძის თითოეული შეურაცხმყოფელი სიტყვა მორალურ ტანჯვას აყენებდა, რადგან ორივე შვილი დაღუპული ჰყავდა, უბედური შემთხვევის გამო. ე-----------–---------ის მუქარას რეალურ საფრთხედ აღიქვამდა, ვინაიდან იგი არაერთხელ იყო ნასამართლევი და ბევრჯერ უთქვამს, რომ ციხე მისი მეორე სახლი იყო და იქ მოხვედრა არ აშინებდა.

მოწმეებმა - დ--------------მ და ს------------–---–მა, შსს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–-------------–--------------ბმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2019 წლის 1---------ს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 21:00 საათზე, მიიღეს შეტყობინება ქ. თბილისში, ბ-----------------ში არსებული ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მითითებულ მისამართზე მისვლისას, ბინაში შესასვლელ კართან, დახვდათ ფ----------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი სიძე, ე-----------–---------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მანვე აღნიშნა, რომ ე-----------–---------ის მხრიდან მსგავს მუქარას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ხშირად ჰქონდა. ფ----------–---–მა განაცხადა, რომ ეშინოდა სიძის და ითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება. რადგან სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ე-----------–---------ი, რომელიც ფ----------–---–ის ბინაში წამოწოლილი ნახეს, დააკავეს ბრალდებულის სახით. ასევე მის მიმართ, 30 დღე-ღამის ვადით, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.

N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემულია ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ ს------------–---–ის მიერ, 2019 წლის 1---------ს, 23:05 სთ-ზე, 30 დღის ვადით, ე-----------–--------ის მიერ ფ----------–---–ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ფ----------–---–ი ე-----------–---------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ექსპერტ-ფსიქოლოგმა მ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ამბულატორიული კლევისას ფ----------–---–მა განუცხადა, რომ სიძე სისტემატურად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გამოსაკვლევი პირის მიერ საკუთარი ემოციური მდგომარეობის აღწერისას მასში რეალურად იგრძნობოდა დათრგუნულობა, ხიფათის შეგრძნება და შიში, რამაც საფუძველი მისცა დაესკვნა, რომ სიძესთან ურთიერთობის არსებული ფორმა ფ----------–---–ისთვის იყო ფსიქოლოგიური ტანჯვის მომტანი.

ბრალდებულმა ე-----------–---------მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებული ფ----------–---–ი მისი სიდედრი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე 2010 წელს დაეღუპა, ფ----------–---–ი, გარდაცვალებამდე, მის სახლში ცხოვრობდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, შინ არ დაბრუნებულა და დასთან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რადგან დაზარალებულს ამ დროისთვის მეორე შვილიც გარდაეცვალა, შვილების დაღუპვას მას აბრალებდა და ციხეში ამოლპობით ემუქრებოდა. მხოლოდ მაშინ, როცა უმუშევარი დარჩა, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო შინ და ფ----------–---–თან ერთად ეცხოვრა. ერთად მხოლოდ სამი დღე, 2019 წლის 1--------ამდე, იცხოვრეს. აღნიშნულ დღეს ალკოჰოლი დალია, სასმელმა ცუდი რეაქცია მისცა და მას ფ----------–---–თან კამათი მოუვიდა, რა დროსაც იგი დაზარალებულს აგინებდა, ეს უკანასკნელი კი - წყევლიდა. რაც შეეხება სხვა ინციდენტებს, ბრალდებული ე-----------–---------ის განმარტებით, მათ ადგილი საერთოდ არ ჰქონია და მოგონილია დაზარალებული ფ----------–---–ის მიერ, რომელიც დაინტერესებული იყო მისთვის სახლის წართმევით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ე-----------–---------ი სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მასთან ერთად მცხოვრებ ყოფილ სიდედრს - ფ----------–---–ს, რამაც ამ უკანასკნელს მორალური ტანჯვა მიაყენა; რაც შეეხება ფ----------–---–ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით ე-----------–---------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს - ისინი საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურებული ვერ იქნა.

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

წარდგენილი ბრალდება (2018 წლის 1--------ის და 2019 წლის 1--------ის ეპიზოდები)

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მთავარი მოწმე - დაზარალებული ფ----------–---–ი, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ დაკითხულა, რადგან სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის ამონაწერით დადგინდა, რომ ჯერ კიდევ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას ფ----------–---–ი გარდაიცვალა. ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა, რომლის მიხედვითაც „თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ... საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა ... დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა... არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.“ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დართულ, დაზარალებული ფ----------–---–ის გამოკითხვის ოქმში მოცემული ინფორმაცია ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონით დადგენილ უტყუარობის კრიტერიუმს, რადგან იგი არ დასტურდება სხვა, დამოუკიდებელი მტკიცებულებით და, ამასთან, არც სასამართლოს და არც დაცვის მხარეს არ მიეცა ფ----------–---–ის, როგორც ბრალდების ძირითადი მოწმის, დაკითხვის შესაძლებლობა, მაშინ, როცა დაზარალებულის დაკითხვას შეეძლო გავლენა მოეხდინა ფ----------–---–ის, ინფორმაციის პირველწყაროს, სანდოობის შეფასებაზე და ნათელი მოეფინა გარემოებებზე, რომლებიც რელევანტური იქნებოდა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიციითაც მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის დადგენის შემდეგ, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ კრიტიკულად უნდა შეფასდეს დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება და მისი მტკიცებულებად მიღების შემთხვევაში, უნდა დადგინდეს აღნიშნული პირის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდებისათვის ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი. „გადამწყვეტი“ მტკიცებულება გულისხმობს მტკიცებულებას, რომელიც, მაღალი ალბათობით, საქმის შედეგს განაპირობებს. (იხ. Schatschaschwili v. Germany, N9154/10, 15/12/2015, §123-124).

 

მტკიცებულებათა შეფასებამ ცხადჰყო, რომ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, დაზარალებული ფ----------–---–ის გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას, ე-----------–---------ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების დასადგენად, რადგან მხოლოდ ეს ოქმია პირდაპირი მტკიცებულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდებოდა ფ----------–---–ის მიმართ ე-----------–---------ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, აღნიშნული კი, საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ბრალდებული ე-----------–---------ის გამართლების უპირობო საფუძველია.

 

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით

წარდგენილი ბრალდება

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებული ე-----------–---------ის პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ იგი დაზარალებულს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რამაც საბოლოოდ ამ უკანასკნელის მორალური ტანჯვა გამოიწვია.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს ზემოგანხილულ მტკიცებულებებს - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - დ--------------ს, ს------------–---–ის და მ-------------–---–ის ჩვენებებს, რადგან მათში ასახული, ფ----------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი, დამატებით დასტურდება სხვა, ობიექტური მტკიცებულებებით - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მ-------------–---–ის ჩვენებით, რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ ე-----------–---------ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულზე, რაც ფ----------–---–ისთვის იყო მატრავმირებელი და იწვევდა მის სულიერ ტანჯვას. სასამართლო თვლის, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოება - ე-----------–---------ის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული სულიერი ტრავმა, თავისთავად გამორიცხავს ბრალდებულის ვერსიის ნამდვილობას, იმასთან დაკავშირებით, რომ ფ----------–---–ს აგინა მხოლოდ ერთხელ, დაკავების დღეს, რაც გახდა კიდეც სამართალდამცველებისთვის მიმართვის საფუძველი, რადგან დაზარალებულისთვის მხოლოდ ერთხელ მიყენებულ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინების სახით, არ შეეძლო მის ფსიქიკაზე ამდენად მატრავმირებელი ეფექტის მოხდენა.

 

ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ფორმირებულია 1261 მუხლით, რაც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე. სისხლის სამართლის კოდექსით ოჯახში ძალადობა განიმარტა, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. „სისტემატური შეურაცხყოფა“ არის სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინება სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი), განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია არა მოქმედების გამეორების მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია.

სუბიექტური მხრივ,განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია.

სასამართლო თვლის, რომ ე-----------–---------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა, რომ ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისკენ მიდრეკილი ე-----------–---------ი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, სისტემატურად ლანძღავდა და აგინებდა მასათან ერთად მცხოვრებ ყოფილ სიდედრს, ფ----------–---–ს. შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე-----------–---------ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და უნდა განესაზღვროს კანონით დადგენილი სამართლიანი სასჯელი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ე-----------–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს - ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად, იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ.

ამდენად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრის დროს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით და ამავე კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდებული ე-----------–---------ის პიროვნება, მისი წარსული, ნასამართლობა, ჩადენილი დანაშაულის ძალადობრივი ხასიათი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა შეუძლებელია თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების პირობებში.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას კი სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით ამავე კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული, მინიმალურ ზღვარზე უფრო მაღალი სასჯელის დადგენის კანონით დადგენილი აუცილებლობა. ასევე, - ე-----------–---------ის მიერ განზრახი დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე-----------–---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1--------ის და 2019 წლის 1--------ის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.

ე-----------–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-----------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ე-----------–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1--------იდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

ფულადი თანხა, მეტრომანის ბარათი და მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი