გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.08.2019
საქმის ნომერი
160210019003088714
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/522-19

160210019003088714

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 აგვისტო, 2019 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი’’

მოსარჩელის წარმომადგენელი - გი-------–-------ე

მოპასუხე - ირ----–---------–--ნი

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

1.1. მოპასუხე ირ----–---------–--ნს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4206.1 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3764.54 ლარი, სარგებელი - 340.56 ლარი, საკომისიო - 40 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 61 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ირ----–---------–--ნს მოსარჩელე სს,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასური - 100 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2017 წლის 26 ოქტომბერს სს "სა---------–--------სა" და ირ----–---------–--ნს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 4510 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, სესხის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიური 13% პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს.

 

2019 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ირ----–---------–--ნის დავალიანება სესხზე შეადგენს 4740.58 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3764.54 ლარი, სარგებელი - 340.56 ლარი, საკომისიო - 40 ლარი, პირაგასამტეხლო - 595.48 ლარი.

 

სს "სა---------–--------ის" მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ირღვეოდა გრაფიკით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა. აღნიშნული დადასტურებულია საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით და ამონაწერით ანგარიშებიდან, მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა.

 

2019 წლის 17 მაისს სს "სა---------–--------ის" მიერ ირ----–---------–--ნის მიმართ ზემოაღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდაც რესპონდენტის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირი თანხის 3764 ლარის ფარგლებში და განმარტა, რომ იგი გრაფიკის მიხედვით ფაქტობრივად იხდიდა სესხს 03.09.2018 წლამდე, თუმცა, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო გადახდა. აგრეთვე მიუთითა, რომ სესხის აღებისას მისთვის ცნობილი არ იყო საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს განაკვეთის შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 26 ოქტომბერს სს "სა---------–--------სა" და ირ----–---------–--ნს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N6561285. კრედიტის მოცულობა შეადგენდა 4510 ლარს, კრედიტის მოქმედების ვადა - 48 თვეს, წლიური საპროცენტო სარგებელი, ათვისებულ კრედიტის თანხაზე 13%, პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხის და მათზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დამატებით პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადად 10 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.10.2017 წლის N6561285 საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 17-20)

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 21-22)

- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 24)

 

3.1.2. ირ----–---------–--ნი 2018 წლის სექტემბრის თვიდან აღარ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას - არ ფარავს კრედიტს და 2019 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ირ----–---------–--ნის დავალიანება სს "სა---------–--------ის" წინაშე შეადგენს 4740.58 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3764.54 ლარი, სარგებელი - 340.56 ლარი, საკომისიო - 40 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 595.48 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია სს "სა---------–--------ის" წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 23)

- სესხის დაფარვების ისტორია (ს.ფ. 24-25)

- მხარეთა განმარტებები (სხდომის ოქმი)

 

3.1.3. 2019 წლის 17 მაისს სს "სა---------–--------ის" მიერ ირ----–---------–--ნის მიმართ ზემოაღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რისთვისაც მოსარჩელემ გადაიხადა სააპლიკაციო საფასური - 100 ლარის ოდენობით, რომლის საპასუხოდაც რესპონდენტის - ირ----–---------–--ნის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რის გამოც აპლიკანტს - სს "სა---------–--------ს" უარი ეთქვა ბრძანების გამოცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (ს.ფ. 26)

- საქართველოს იუსტიციის აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 27)

- მხარეთა განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი 15.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები, 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს ,,სა---------–--------ს’’ და ირ----–---------–--ნს შორის 2017 წლის 26 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 4510 ლარი, 48 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 13 %-ით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება მოპასუხის მიერ დანარჩენ დავალიანებასთან ერთად, სესხზე დარიცხული პროცენტის სრულად გადახდის ფაქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის და სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო, მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში. მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის 61 ლარის დაკისრებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მხარემ თავად შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში, შესაბამისად, მოთხოვილი პირგასატეხლო სასამართლოს არ მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და მოპასუხე ირ----–---------–--ნს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო - 61 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.

 

განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

დადგენილია, რომ ირ----–---------–--ნს ვალდებულება არ შეუსრულებია, მას არ გადაუხდია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხა 3764.54 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ----–---------–--ნისათვის სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ირ----–---------–--ნისათვის სესხის ძირითადი თანხის 3764.54 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ეფუძნება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილი.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი მხარეთა შორის შეთანხმებულია 2017 წლის 26 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2. პუნქტით და შესაბამისად, არსებობს საფუძველი, რომ წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა დავის საგნის 3% - 145.22 ლარი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის 4206.1 ლარის დაკისრება. სს ,,სა---------–--------ის'' წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასატეხლოს ნაწილში და ნაცვლად 595.48 ლარის დაკისრებისა, ითხოვა 61 ლარის დაკისრება. შესაბამისად, აღნიშნულის პროპორციულად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი. სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, კერძოდ 4206.1 ლარის ნაწილში. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, 3764.54 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის/მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნილ შემცირების პროპორციულად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 145.22 ლარის ნაწილი - 138.1 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის - 7.12 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 912-ე მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

სარჩელს თან ერთვის მტკიცებულებები, საიდანაც დგინდება, რომ სს "სა---------–--------მა" 2019 წლის 17 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა აპლიკაცია, რისთვისაც გადაიხადა საფასური 100 ლარის ოდენობით და მოითხოვა ირ----–---------–--ნის მიმართ, სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა 2019 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, სს "სა---------–--------ს (აპლიკატს) უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის თაობაზე. აღნშნულიდან გამომდინარე ირ----–---------–--ნს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გამარტივებული წარმოების დაწყებისათვის სააპლიკაციო განაცხადზე გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე , 8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ირ----–---------–--ნს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4206.1 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3764.54 ლარი, საკომისიო - 40 ლარი, სარგებელი - 340.56 ლარი, პირგასამტეხლო - 61 ლარი.

 

3. მოპასუხე ირ----–---------–--ნს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

4. სს ,,სა---------–--------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 145.22 ლარიდან - 138.1 ლარი, რომელიც გადახდილია 2019 წლის 1 ივლისს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300093150 (საგადასახადო დავალება N41).

 

5. ირ----–---------–--ნს სს "სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 7.12 ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი