გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.09.2019
საქმის ნომერი
411210019003017726
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411210019003017726

საქმე № 2/133-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 სექტემბერი, 2019 წელი ქ. კასპი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი

 

მოსარჩელე: გ------- კ------–---–ი

წარმომადგენელი: გ--------- ქ--------------

 

მოპასუხე: ქ------- ც----–---–ი

წარმომადგენელი: ლ--–- ღ-------–---–-

 

მესამე პირი: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ კასპის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი: ლ--–- მ-----–-–---–-

 

დავის საგანი: არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

გ------- კ------–---–ისათვის შვილთან - 2011 წლის 24 ივლისს დაბადებულ ლ---- კ------–---–თან ურთიერთობის დროის განსაზღვრა კვირაში ორი დღით.

 

სარჩელის თანახმად, მხარეები 2010 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, რომელთაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი – 2011 წლის 24 ივლისს დაბადებული ლ---- კ------–---–ი (პირ. № 2----------).

 

ქ------- ც----–---–ი, შვილთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

ქ------- ც----–---–მა შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ იგი თანახმაა, რომ გ------- კ------–---–მა ურთიერთობა იქონიოს შვილთან კვირაში ორი დღის ნაცვლად, თვეში ორი დღის მხოლოდ განსაზღვრულ საათებში, რადგან ბავშვს სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტები და კვების რაციონი; აქვს კლასიკური ფენილკეტონურია. კვების რეჟიმი აქვს მკაცრად გაწერილი და საკვების მიღება უნდა მოხდეს ზუსტად განსაზღვრულ საათებში; წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე.

 

3. მესამე პირის პოზიცია

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონლია, რომ გ------- კ------–---–მა შვილთან ურთიერთობა იქონიოს კვირაში ერთი დღე ერთი საათი კვების რეჟიმის გათვალისწინებით, რადგან ბავშვის დაავადება და განსაკუთრებულ პირობებში ყოფნის აუცილებლობა არ იძლევა მხარეთა დავის სხვაგვარად გადაწყვეტის შესაძლებლობას. ეს რეჟიმი შესაძლოა, შეიცვალოს და მამას მიეცეს უფრო მეტი დრო შვილთან საურთიერთობოდ, თუ მამაც შეისწავლის ბავშვის განსაკუთრებული რეჟიმს, შეუქმნის იგივე გარემოსა და პირობებს, რაშიც ახლა იგი დედასთან იმყოფება, რათა საფრთხე არ შეექმნას მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. 2011 წლის 24 ივლისს დაბადებული ლ---- კ------–---–ის მშობლები არიან - გ------- კ------–---–ი და ქ------- ც----–---–ი.

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობა, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.1.2. 2011 წლის 24 ივლისს დაბადებული ლ---- კ------–---–ი ცხოვრობს დედასთან ერთად კასპში, მ-----------ის ქ. N 68, ბინა N 24-ში.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2019 წლის 6 სექტემბრის დასკვნით, ლ---- კ------–---–ი ცხოვრობს დედის ოჯახში; ირიცხება კასპის მე-4 საჯარო სკოლის მესამე კლასში. არის თბილი, თანატოლების მოყვარული ბავშვი. კარგი დამოკიდებულება აქვს ბავშვებთან. არის ყოველთვის მოწესრიგებული. ლ----ს სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო მომსახურება, რადგან აქვს კლასიკური ფენილკეტონურია, რომელიც გენეტიკურად გადაეცა ერთ-ერთი მშობლისგან. ლ----ს აქვს მამის ნახვის სურვილი, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. მას ესაჭიროება განსაკუთრებული მედიკამენტები და ასევე ნაკლებად ცილის შემცველი სპეციალური საკვები. კვების რაციონის შეცვლის, ანუ დარღვევის შემთხვევაში, ლ----ს შეექმნება პრობლემები, რომელიც გამოიხატება გონებრივ ჩამორჩენილობაში. კატეგორიულად დაუშვებელია დიეტის დარღვევა; დედა ყველანაირად ითვალისწინებს ბავშვის პრობლემებს.

 

ბავშვის მკურნალი ექიმი ბავშვის მამას საერთოდ არ იცნობს.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ კასპის რაიონული განყოფილების სასამართლო სხდომაზე მიღებული განმარტების მიხედვით, მიზანშეწონილია ლ----ს ურთიერთობა მამასთან და ბავშვის წაყვანა მხოლოდ 1 დღეს 1 საათით, მისი კვების საათებს შორის პერიოდში.

 

მტკიცებულება: კასპის რაიონული განყოფილების 2019 წლის 6 სექტემბრის № 4233 დასკვნა, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ კასპის რაიონული განყოფილების ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნით, მამასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ლ---- კ------–---–ის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის, თუმცა ამ ურთიერთობით არ უნდა მოხდეს ბავშვის ინტერესების შელახვა.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,ბავშვთა უფლებების კონვენცია".

 

7. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

იმავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 24 ივლისს დაბადებული ლ---- კ------–---–ი ცხოვრობს დედასთან - ქ------- ც----–---–თან.

 

,,ბავშვთა უფლებების კონვენციის” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულის მე–7 აბზაცის თანახმად, ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში.

 

როგორც აღინიშნა, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” როგორც კასპის რაიონული განყოფილების დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ლ---- კ------–---–ს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან.

 

ასეთ ვითარებაში უნდა დადგინდეს და განისაზღვროს ბავშვის მამასთან ურთიერთობის დრო და რეჟიმი.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” როგორც კასპის რაიონული განყოფილების დასკვნით, მიზანშეწონილია ლ----ს ურთიერთობა მამასთან და ბავშვის წაყვანა მხოლოდ 1 დღეს 1 საათით, მისი კვების საათებს შორის პერიოდში, ვინაიდან ლ----ს აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის განმარტებით, რაც ლ---- მამის ოჯახიდან წავიდა, გ------- კ------–---–ს არ ჰქონია ბავშვთან ურთიერთობა; შესაბამისად ის გაუცხოებულია მამისგან. ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ დასაწყისისათვის, და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მამას მიეცეს შვილთან ურთიერთობის საშუალება კვირაში მხოლოდ ერთი დღე, 1 საათით.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ---- კ------–---–ი ცხოვრობს დედის ოჯახში; სწავლობს სკოლაში. არის თბილი, თანატოლების მოყვარული ბავშვი. კარგი დამოკიდებულება აქვს ბავშვებთან. არის ყოველთვის მოწესრიგებული. ლ----ს სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო მომსახურება, რადგან აქვს კლასიკური ფენილკეტონურია, რომელიც გენეტიკურად გადაეცა ერთ-ერთი მშობლისგან. ლ----ს აქვს მამის ნახვის სურვილი, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. მას ესაჭიროება განსაკუთრებული მედიკამენტები და ასევე ნაკლებად ცილის შემცველი სპეციალური საკვები. კვების რაციონის შეცვლის, ანუ დარღვევის შემთხვევაში, ლ----ს შეექმნება პრობლემები, რომელიც გამოიხატება გონებრივ ჩამორჩენილობაში. კატეგორიულად დაუშვებელია დიეტის დარღვევა; დედა ყველანაირად ითვალისწინებს ბავშვის პრობლემებს.

 

ბავშვის მკურნალი ექიმი ბავშვის მამას საერთოდ არ იცნობს.

 

ასეთ ვითარებაში გასაზიარებელია სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ კასპის რაიონული განყოფილების სასამართლო სხდომაზე მიღებული განმარტება, რომ მიზანშეწონილია ლ----ს ურთიერთობა მამასთან და ბავშვის წაყვანა მხოლოდ 1 დღეს 1 საათით, მისი კვების საათებს შორის პერიოდში.

 

ქ------- ც----–---–ის განმარტებით, ბავშვი მკაცრად განსაზღვრულ საკვებს იღებს ასევე მკაცრად განსაზღვრულ დროს: 10, 12, 14, 16, 18 საათზე.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვი სწავლობს და დადის სკოლაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მამას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ბავშვის ინტერესებისვე გათვალისწინებით, ურთიერთობა იქონიოს შვილთან ყოველი კვირის პარასკევ დღეს 1 საათით - 14:30 საათიდან 15:30 საათამდე, ვიდრე არ იქნება შეცვლილი ან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან მამის დამოკიდებულება ბავშვის მიმართ.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულნი და იღებენ საარსებო შემწეობას, შესაბამისად ისინი გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ------- კ------–---–ის (პირ. N 2----------) სარჩელი ქ------- ც----–---–ის (პირ. N 2----------) მიმართ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის დროის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. გ------- კ------–---–ს მიეცეს შესაძლებლობა, ურთიერთობა იქონიოს 2011 წლის 24 ივლისს დაბადებულ შვილთან - ლ---- კ------–---–თან (პირ. N 2----------) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ყოველი კვირის პარასკევ დღეს 1 (ერთი) საათი - 14:30 საათიდან 15:30 საათამდე პერიოდში მდგომარეობის შეცვლამდე.

 

1.2. გ------- კ------–---–ის სარჩელი შვილთან - 2011 წლის 24 ივლისს დაბადებულ ლ---- კ------–---–თან ურთიერთობისთვის კვირაში ორი დღის განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელნწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. № 124).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს კასპის მასგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი