გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.09.2019
საქმის ნომერი
330210019003041706
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13716-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

 

სხდომის მდივანი - ანდრო მაღრაძე

 

მოსარჩელე - შპს "მ-----------------------------–-----------------–----------------ი"

წარმომადგენელი - ს--–----------------ი

 

მოპასუხე - შპს „ფ--------------------ი“

წარმომადგენელი - კ-----------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ფ-------------------“-ს მოსარჩელის შპს „მ-----------------------------–-----------------–----------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 401 014,19 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

შპს „ს-----–-----ს“ (შერწყმის შემდგომ შპს „მ-----------------------------–-----------------–----------------ს“, „გამყიდველი“) და შპს „ფ-------------------ს“ („მყიდველი“) შორის 2017 წლის 9 ივლისს დაიდო სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულება, სადაც ნასყიდობის ფასის ანაზღაურება მოხდებოდა გამყიდველის მიერ მყიდველისთვის ვალის გადაკისრების სახით, ასევე ნარჩენი გადასახდელი თანხით. ნასყიდობის ფასი შეადგენდა 8 428 235,85 ლარს. აღნიშნულ ფასში გადაკისრებული ვალის ფასი შეადგენდა 3 230 600 აშშ დოლარს და 40 000 ევროს, რაც გადაცემის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით იყო 7 851 863,96 ლარი, ხოლო ნასყიდობის ფასის ნარჩენი ოდენობა შეადგენდა 576 371,89 ლარს.

 

2017 წლის 29 დეკემბრის შეთანხებით, ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში, რომლის შედეგად შემცირდა გადაკისრებული ვალის ოდენობა 500 000 აშშ დოლარით.

 

2018 წლის 31 იანვარს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით და მოსარჩელეს დაუბრუნდა გაყიდული სასესხო პორტფოლიო და გადაკისრებული ვალი, ხოლო მოპასუხე გათავისუფლდა ნასყიდობის ფასის გადახდისგან.

 

ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების ხელშეკრულების დადების დროს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი ევროსა და აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,7352 ლარს და 2,3966 ლარს, ხოლო ხელშეკრულების მოშლის დროს - 3,016 ლარს და 2,4969 ლარს. შესაბამისად, კურსთა შორის სხვაობიდან გამომდინარე შპს „ფ--------------------ის“ მიერ დაბრუნებული სესხების (გადაკისრებული ვალის) მოცულობასა და თავდაპირველად გაცემულ მოცულობას შორის სხვაობა შეადგენს 309 393,68 ლარს, რაც უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ.

 

გარდა ამისა, მოპასუხე ვალდებული იყო გადაკისრებულ ვალებზე გადაეხადა ყოველთვიური პროცენტი. მის მიერ არ განხორციელებულა 2018 წლის იანვრის თვისთვის გათვალისწინებული პროცენტის - 91 620,51 ლარის გადახდა, რომლის ანაზღაურებაც ასევე უნდა დაეკისროს შპს „ფ-------------------ს“.

 

2019 წლის 28 ივნისს მოსარჩელემ დაზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე შპს „ფ-------------------“-ს მოსარჩელის შპს „მ-----------------------------–-----------------–----------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 401 014,19 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული განმარტებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

მხარეებს შორის 2017 წლის 9 ივლისს დადებული სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების, ასევე ხელშეკრულების მოშლის შეთანხმებით სრულად დარეგულირდა ძირითადი ხელშეკრულების მოშლის შედეგები. ამდენად, არ არსებობდა უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნების საფუძველი. ხელშეკრულების მოშლის შესახებ შეთანხმებით მყიდველს უნდა დაბრუნებოდა გადაკისრებული ვალი 2 695 600 აშშ დოლარისა და 400 00 ევროს ოდენობით. მოპასუხემ ეს ვალდებულება სრულად შეასრულა და მოსარჩელეს გადასცა აღნიშნული ვალდებულებები შესაბამისი მოცულობებით აშშ დოლარსა და ევროში. ამდენად, იგი პასუხს ვერ აგებდა კურსთა შორის სხვაობით გამოწვეულ შედეგებზე. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კურსთა შორის სხვაობა წარმოადგენს მოპასუხისგან დამოუკიდებელ მოვლენას და იარსებებდა იმის მიუხედავად, გაფორმდებოდა თუ არა მხარეებს შორის რაიმე ხელშეკრულება.

 

რაც შეეხება ერთი თვის პროცენტს, მოშლის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ხელშეკრულების მოშლასთან ერთად, მყიდველი თავისუფლდება აღნიშნულ სესხებზე იანვრის თვის საპროცენტო სარგებლის ანაზღაურების ვალდებულებისაგან და აღნიშნული ვალდებულება ეკისრება გამყიდველს. ამდენად, არ არსებობდა მითითებული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

გარდა ამისა, მოშლის ხელშეკრულებით ზოგადად დარეგულირდა, რომ მოშლის შემდგომ მყიდველს არ გააჩნდა არანაირი დავალიანება გამყიდველის წინაშე (მე-5 მუხლი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 9 ივლისს შპს „ს-----–-----ს“ (გამყიდველს) და შპს „ფ-------------------ს“ (მყიდველს) შორის დაიდო სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულება, სადაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენს რეალური ელექტრონული სასესხო ფაილი, რომელიც შეიცავს დოკუმენტებს და სხვა ინფორმაციას და ადასტურებს მსესხებლის ვალდებულებას გამყიდველის წინაშე.

 

სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის ფასი, რომელიც მყიდველმა უნდა გადაუხადოს გამყიდველს, შეადგენს 8 428 235,85 (რვა მილიონ ოთხას ოცდარვა ათას ორას ოცდათხუთმეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარს.

 

ნასყიდობის ფასის ნაწილობრივ გადახდა ხდება: ვალის გადაკისრების სახით და ფულადი სახით (ნასყიდობის ნარჩენი ოდენობა). ხელშეკრულების თანახმად, გადაკისრებული ვალი არის რეალური სასესხო ფაილი, რომელიც ადასტურებს გამყიდველის ვალდებულებას გამსესხებლების წინაშე, ხოლო გამსესხებელი არის ფიზიკური პირი, რომლის წინაშეც გადაცემის თარიღისთვის გამყიდველს აქვს ფინანსური ვალდებულება და მოქცეულია გადაკისრებული ვალის ფარგლებში.

 

ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ გადაკისრებული ვალის ფასი შეადგენს 3 230 600 აშშ დოლარს და 400 00 ევროს, რაც ეროვნულ ვალუტაში გადაცემის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით არის 7 851 863,96 ლარი.

 

ნასყიდობის ნარჩენი ოდენობა განისაზღვრა 576 371,89 ლარით, რასაც მყიდველი გადაიხდის გადაცემის თარიღიდან 5 თვის განმავლობაში, მხარეთა შორის შეთანხმებული ყოველთვიური გადახდების სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების შესახებ 09.07.2017 წლის ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2017 წლის 29 დეკემბერს შპს „მ-----------------------------–-----------------–----------------სა“ და შპს „ფ-------------------ს“ შორის დაიდო შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2017 წლის 9 ივლისის ხელშეკრულებაში, მათ შორის:

 

ა) გადაკისრებული ვალის ფასი, რაც ითვლება ნასყიდობის ფასში, განისაზღვრა 2 730 600 აშშ დოლარით და 40 000 ევროთი;

 

ბ) გადაკისრებული ვალის ფასი ეროვნულ ვალუტაში გადაცემის დღეს (2017 წლის 10 ივლისი) არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით განისაზღვრა 6 653 563,96 ლარით;

 

გ) ნასყიდობის ფასის ნარჩენი ოდენობის (გადაცემული პორტფოლიოს ღირებულების - 8 428 235,85 ლარის, გადაკისრებული ვალის ფასის - 6 653 563,96 ლარის და გა-------–---ს (გამსესხებელი) წინაშე არსებული ვალის გადაკისრების შედეგად არსებული საკურსო სხვაობის - 108 250 ლარის გათვალისწინებით) 1 882 921,89 ლარის გადახდა მყიდველის მიერ მოხდებოდა 2018 წლის 10 დეკემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.12.2017 წლის შეთანხმება სასესხო პროტფოლიოს ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

3.1.3. 2018 წლის 31 იანვარს შპს „ფ-------------------ს“ და შპს „მ-----------------------------–-----------------–----------------ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება 09.07.2017 წლის სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, რომლის თანახმად მხარეები სხვა პირობებთან ერთად შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

ა) ხელშეკრულების მოშლის შედეგად გამყიდველს უბრუნდება მყიდველისთვის გადაკისრებული ვალი, რომლის ნარჩენი ძირის მოცულობა არის 2 695 600 აშშ დოლარი და 40 000 ევრო, დანართის შესაბამისად;

ბ) ხელშეკრულების მოშლასთან ერთად მყიდველი თავისუფლდება აღნიშნულ სესხებზე იანვრის თვის საპროცენტო სარგებლის ანაზღაურების ვალდებულებისგან და ეს ვალდებულება ეკისრება გამყიდველს;

 

გ) ხელშეკრულების მოშლასთან ერთად მყიდველს აღარ გააჩნია ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება გამყიდველის წინაშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.01.2018 წლის შეთანხმება სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულების მოშლის შესახებ.

 

3.1.4. 2017 წლის 20 ნოემბერს განხორციელებული შერწყმის შედეგად შპს „მ-----------------------------–-----------------–----------------ი“ წარმოადგენს შპს „ს-----–-----ის“ უფლებამონაცვლეს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.1.5. ვალის გადაკისრების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხებზე იანვრის თვის პროცენტი შეადგენდა 91 620,51 ლარს, რაც შპს ფ--------------------ის“ მიერ არ ანაზღაურებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ლარის ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარსა და ევროს მიმართებაში შეადგენდა 2,7352 ლარს და 2,3966 ლარს, ხოლო ხელშეკრულების მოშლის დროს - 3,016 ლარს და 2,4969 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას ფულის კურსის შესაძლო ცვლილებებისა და ამ საფუძვლით გადახდის წესის შეცვლის შესახებ.

ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების შესახებ 2017 წლის 9 ივლისის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გადაკისრებული ვალის ფასი, რაც ითვლება ნასყიდობის ფასში, შეადგენს 3 230 600 აშშ დოლარს და 40 000 ევროს. გადაკისრებული ვალის ფასი ეროვნულ ვალუტაში, გადაცემის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენს 7 851 863,96 ლარს.

 

2017 წლის 29 დეკემბრის შეთანხმებით, რომლითაც ცვლილება შევიდა ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებაში, ერთ-ერთ პირობად აღინიშნა, რომ გადაკისრებული ვალის ფასი შეადგენს 2 730 600 აშშ დოლარს და 40 000 ევროს, რაც გადაცემის დღეს (2017 წლის 10 ივლისს) არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენს 6 653 563,96 ლარს.

 

ასევე, ხელშეკრულების მოშლის შესახებ 2018 წლის 31 იანვრის შეთანხმებაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოშლის შედეგად გამყიდველს დაუბრუნდება მყიდველისთვის გადაკისრებული ვალი, რომლის ნარჩენი ძირის მოცულობა შეადგენს 2 695 600 აშშ დოლარს და 40 000 ევროს.

 

ამდენად, ხელშეკრულების მოშლის შესახებ შეთანხმებაში კონკრეტულად არის აღნიშნული, თუ რა ფორმითა და მოცულობით უნდა დაბრუნდეს ვალის გადაკისრებით გათვალისწინებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთა მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. თუკი მოსარჩელე, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მხარე - გამყიდველი, მიიჩნევდა, რომ კურსთა შორის სხვაობას შესაძლოა გავლენა მოეხდინა გადახდის წესზე, იგი, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა, ხელშეკრულებაში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 09.07.2017 წლის ხელშეკრულება;

- 29.12.2017 წლის შეთანხმება;

- 31.01.2018 წლის შეთანხმება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

მოსარჩელე ითხოვს ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების ხელშეკრულების დადების დროს არსებულ კურსსა და ამ ხელშეკრულების მოშლის დროს არსებულ კურსთა შორის სხვაობის - 401 014,19 ლარის ანაზღაურებას. 09.07.2017 წლის ხელშეკრულების დადების დროს ლარის ოფიციალური კურსი აშშ დოლარსა და ევროსთან მიმართებით შეადგენდა 2,7352 ლარს და 2,3966 ლარს. ხოლო 31.01.2018 წელს - 3.1016 ლარს და 2,4969 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან მისი შესრულების მომენტამდე ფულის კურსის (მსყიდველუნარიანობის) შეცვლას (გაზრდა ან შემცირება). ფულის მსყიდველუნარიანობაში მომხდარი ცვლილება იწვევს თუ არა პარალელურად გადასახდელი ფულადი ნიშნების რაოდენობაში ცვლილებას? მოვალე ვალდებულია, ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ფულადი ვალდებულების შესრულების ამ პრინციპს „ნომინალიზმის“ პრინციპი ეწოდება და იგი აღიარებულია ყველა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით. ფულადი ვალდებულება შესრულებულად ითვლება ფულადი ერთეულის ნომინალების ოდენობის დაფარვით და არა ამ უკანასკნელთა მსყიდველუნარიანობის საფუძველზე, რაც როგორც წესი, დროში ცვალებადი კატეგორიაა. ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას, არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად ფულის მსყიდველობითუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება (სუსგ Nას-1298-2018, 22 მარტი, 2019).

 

„ნომინალი“ გულისხმობს ფულზე აღნიშნული ფულადი ერთეულის რაოდენობას (10 ლარი, 50 ლარი და ა.შ.) და, ამდენად, ვალიც ამ ერთეულით უნდა დაბრუნდეს. მაშასადამე ვალდებულების საგანია ფულადი ერთეულის ესა თუ ის რაოდენობა და არა ამ ერთეულთა მსყიდველობითუნარიანობა. „ფულის მსყიდველობით უნარიანი ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას და არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილების მიუხედავად, ფულის მსყიდველობითუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება (სუსგ Nას-217-207-2016, 20 მაისი, 2016).

 

სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი აწესრიგებს ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სახეზეა ფულადი ვალდებულება, რა დროსაც, ფულადი ვალდებულების ოდენობა განსაზღვრულია, თუმცა ვალდებულების წარმოშობის დღიდან ვალდებულების შესრულების დღემდე ვალუტის კურსი ან ფულის ერთეული შეიცვალა. ნორმის მიზანია საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ნორმის განმარტება, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი, სწორედ აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნორმის სწორი ინტერპრეტაციისათვის კი დადგენილ უნდა იქნეს ნორმაში გამოყენებულ ტერმინთა ზუსტი მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლის თეორიისა და სასამართლო პრაქტიკის ურთიერთშესაბამობა. „ნომინალიზმის პრინციპის“ მიხედვით, მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით (ნომინალით), რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. კანონმდებლობაში ასახული ეს პრინციპი, ვალის გადახდისას ყურადღებას უთმობს არა გადასახდელი ნომინალის მსყიდველობაუნარიანობას, არამედ თავად ნომინალს და ფულადი ნიშნების რაოდენობას. ამდენად, ნომინალიზმის პრინციპის შესაბამისად, ვალდებულების საგანი ფულადი ერთეულის რაოდენობაა და არა ფულის მსყიდველობაუნარიანობა (სუსგ Nას-130-122-2017, 24 მარტი 2017).

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ „ნომინალიზმის პრინციპი“ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო ბრუნვაში საჯარო წესრიგის გამოხატულებად. ამ პრინციპიდან გამომდინარე, 1 ლარი უდრის 1 ლარს ნებისმიერ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, ხდება ფულის მსყიდველობითიუნარიანობის გაზრდა თუ შემცირება. ამასთან, თუკი მხარეები ითვალისწინებენ ფულის კურსის შესაძლო ცვლილებებს, მათ შეუძლიათ სხვადასხვა დათქმით თავი დაიზღვიონ უარყოფითი შედეგებისგან. თუ ამას არ ექნება ადგილი, მხარეებიც თავის თავზე აიღებენ მისგან მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების რისკსაც: ვალის გადახდის მომენტში, თუკი გაიზრდება ფულის მსყიდველობითუნარიანობა, ეს კრედიტორის სასარგებლოდ მეტყველებს და მოვალეს არ აქვს უფლება ვალის დაბრუნებისას თავის სასარგებლოდ დაეყრდნოს ამ გარემოებას. და პირიქით, თუ ვალის გადახდის მომენტში შემცირებულია ფულის მსყიდველობითუნარიანობა, მაშინ ამ რისკის მატარებელი ავტომატურად ხდება კრედიტორი და მასაც არ აქვს უფლება, ეს გარემოება გამოიყენოს მოვალის საწინააღმდეგოდ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული არცერთი ხელშეკრულებით შეთანხმების საგანი არ ყოფილა ვალდებულების შესრულებისას ფულის კურსის შესაძლო ცვლილებები. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ხელშეკრულების მოშლის დროს მათ მიერ მოხდა ვალის გადაკისრების შეთანხმებით გათვალისწინებული უფლების სწორედ იმ მოცულობით და ოდენობით დაბრუნება (აშშ დოლარსა და ევროში), როგორც ეს იყო გათვალისწინებული ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებით.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ა. პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე. მისი განმარტებით, კურსთა შორის ცვლილების გამო მოპასუხის ორგანიზაცია უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამით, - შპს "მ-----------------------------–-----------------–----------------მა" განიცადა ზიანი. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხემ განმარტა, რომ კურსთა შორის სხვაობას რაიმე მოგება, ფინანსური სარგებელი ან თანხების დაზოგვა მათი კომპანიისთვის არ მოუტანია და მოსარჩელე ამ საკითხის წინაშე ისედაც დადგებოდა, იქნებოდა თუ არა იგი მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისთვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება, ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი, კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ მიუთითებია, კურსთა შორის სხვაობას მოჰყვა თუ არა მოვალის გამდიდრება. ასევე, საქმის მასალებით არ დგინდება, თავად მოსარჩელემ თუ განიცადა ამ სხვაობით გამოწვეული რაიმე სახის ზიანი (მაგალითად, მოსარჩელის მიერ გამსესხებლების წინაშე ფინანსური ვალდებულების 401 014,19 ლარის მეტობით შესრულება). უფრო მეტიც, გადაწყვეტილების 5.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა კურსთა შორის სხვაობის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლების ასეთად მიჩნეული კანონის მიერ.

 

საქმის მასალებით უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ნასყიდობისა და ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულების მოშლის თაობაზე 2018 წლის 31 იანვრის შეთანხმებით, სხვა პირობებთან ერთად მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების მოშლის დროს არსებული პროცენტის ბედიც. კერძოდ, ხელშეკრულების მოშლასთან ერთად, მყიდველი (მოპასუხე) თავისუფლდება აღნიშნულ სესხებზე იანვრის თავის საპროცენტო სარგებლის ანაზღაურების ვალდებულებისგან და აღნიშნული ვალდებულება ეკისრება გამყიდველს. ეს სესხები გამომდინარეობდა იმ სასესხო ურთიერთობებიდან, რაც არსებობდა გამყიდველს (მოსარჩელესა და გამსესხებლებს (ფიზიკურ პირებს) შორის და გათვალისწინებული იქნა ვალის გადაკისრების ხელშეკრულებაში.

 

ამდენად, ხელშეკრულების მოშლის შეთანხმებით, მხარეებმა დაადასტურეს ვალის გადაკისრების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხებზე საპროცენტო დავალიანების არსებობა. ამავდროულად, შეთანხმდნენ, რომ მისი ანაზღაურება შპს „ფ-------------------ს“ აღარ დაეკისრებოდა და აღნიშნული ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არც პროცენტის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს "მ-----------------------------–-----------------–----------------ი"-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე