განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-6---19
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი იმედა ინდაშვილის
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნუგზარ მახათაძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ-------------ე
დაბადებული: 02.08.2---
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო;
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: არასრული საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პ - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი დიდი ოდენობით.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის მაისის თვეში გ-------------ემ ქ-----------–---------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ქოთანში უკანონოდ დათესა, უკეთებდა კულტივირებას და მოიყვანა 160 გრამის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 5 ძირი მცენარე ,,კანაფი“, რომელიც 2019 წლის 27 ივლისს ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი დიდი ოდენობით.
სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2019 წლის მაისის თვეში გ-------------ემ ქ-----------–---------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ქოთანში უკანონოდ დათესა, უკეთებდა კულტივირებას და მოიყვანა 160 გრამის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 5 ძირი მცენარე ,,კანაფი“, რომელიც 2019 წლის 27 ივლისს ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ალექსი ხიზანიშვილის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გ-------------ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
3.2.სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება. დათესვა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე. მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში, კულტივირება კი ნიშნავს მათ დამუშავებას, გაშენებას და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა ქოთანში დათესა, მოიყვანა და კულტივირება გაუწია ნარკოტიკულ საშუალება ,,კანაფს’’(მცენარე). რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, დანართი №2-ის ,,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის“ 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის’’ დიდი ოდენობის საწყისი ზღვარი იწყება 140 გრამიდან.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.4. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ-------------ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს,4.2 გ-------------ის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
5. სასჯელის გამოყენებაზე უარის თქმის დასაბუთება:
5.1.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-84).
5.2.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთდასახელებული გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილი იქნა 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილი კი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. გ-------------ის მიერ კულტივირებული ნარკოტიკულ საშუალება ,,კანაფი’’ არის 266 გრამამდე და შეადგენს 160 გრამს. გარდა ამისა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება გასაღების მიზნით, შესაბამისად, მოცემული შემთხვევა უნდა მოექცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი რეგულაციის არეალში და უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზეც.
5.3.საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის გამოყენების 3 შესაძლებლობას (გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით, სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით და სასჯელის დაუნიშნავად), რომელთა შორისაც არ არის სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს საპროცესო კანონმდებლობის ხარვეზად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში არსებული ხსენებული ხარვეზის პირობებში უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენება, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რადგან ამით არათუ ილახება ბრალდებულის უფლებები, არამედ არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
5.5.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ-------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად (და არა სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, ვინაიდან არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს აზრით, გამორიცხავს არამარტო საპატიმრო სასჯელის აღსრულების, არამედ ასეთი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც). აქვე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება №1/9/701,722,725 ეხება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დადგენილ სასჯელს და იგი არ შეიძლება გავრცელდეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ამდენად, ბრალდებულს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
7.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე ,,კანაფი“, განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
ბრალდებულ გ-------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან;
2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე ,,კანაფი“, განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი