განაჩენი

სისხლის სამართლის 15.08.2019
საქმის ნომერი
330100119002937550
თარიღი
15.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1552-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–- ქ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს------ ვ-–---------ს ძე ტ---------- - სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 7------, ნასამართლევი, მცხოვრები: თ---–---- მ--------–---- დასახლება, პ------–--------–------ ქუჩა, მ--- შესახვევი, ბინა #---–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

ადვოკატი - ნ---- მ-----–-–---–-

თარჯიმანი - მ------ კ--–-----

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 9 მარტს, საღამოს საათებში, თბილისში, მ--------–---- დასახლება, პ------–--------–------ ქუჩა, მ------ შესახვევის #4--–-, ს------ ტ----------მ, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ-------------ს საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად, ლ-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

2.1. 2019 წლის 9 მარტს, 20:50:07 საათზე, ,,112-ში“ კ-------ის #70-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაფიქსირდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი ლ-------------ი აცხადებდა, რომ ნასვამმა მეუღლემ - ს------ ტ----------მ სცემა. ძალადობის გამო გაიქცა სახლიდან და იმყოფებოდა ქუჩაში.

 

2.2.შეტყობინების ინიციატორს, მისივე მოთხოვნით, ქუჩაში, კ-------ის #70 თან, გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტის #1--- სამედიცინო ბარათის მიხედვით, 2019 წლის 9 მარტს, 21:05 საათზე ექიმებმა ლ-------------ს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. პაციენტმა მედპერსონალს განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ლ-------------ი უჩიოდა თავის, მარცხენა ქვემო კიდურის და ბარძაყის არეში ტკივილს.

 

2.3. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მ---- განყოფილების უფროსი გამომძიებლის ი-–------------ის ჩვენებით, 2019 წლის 9 მარტს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მ---- განყოფილებაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, აღნიშნულ საქმეზე შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში გამოკითხა დაზარალებული ლ-------------ი. დაზარალებულმა გამომძიებელს გამოკითხვის პროცესში უამბო, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მეუღლემ ს------ ტ----------მ ფიზიკურად იძალადა მასზე. მომხდარი ძალადობის გამო მსხვერპლი იყო აღელვებული და როგორც მოწმეს ახსოვს ყელის და სახის არეში აღენიშნებოდა სიწითლე.

 

2.4. ლ-------------ის მოთხოვნით და შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე 2019 წლის 9 მარტს გამოიცა #0----- შემაკავებელი ორდერი მოძალადის ს------ ტ----------ს მიმართ. შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელშიც დაფიქსირებულია მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია და წარმოადგენს ძალადობის პირდაპირ და არსებით მტკიცებულებას, - დასტურდება, რომ 2019 წლის 9 მარტს, ს------ ტ----------მ მეუღლეს - ლ-------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის დროს ს.ტ---------- იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. შემაკავებელი ორდერის ოქმის გამოცემის პროცესში მსხვერპლმა დამატებით განმარტა, რომ ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, მეუღლეს მასზე წარსულშიც უძალადია. ლ-------------ი გამოთქვამდა შიშს, რომ მოძალადემ შესაძლოა კვლავ სცემოს და დაუზიანოს ჯანმრთელობა.

 

2.5.ოჯახური ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 10 მარტს, 00:55 საათზე, დაკავებულ იქნა ს------ ტ----------. დაკავებულს დაკავების პროცესში ჩაუტარდა ალკოტესტით შემოწმება და დაუდგინდა ალკოჰოლის ჭარბად მიღების ფაქტი, ალკოტესტმა აჩვენა შედეგი - 1,326% პრომილი.

 

2.6. ძალადობის ფაქტის გამო, მსხვერპლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა საჭიროებდა ფსიქოლოგიურ გამოკვლევას. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით:

 

ა) ს------ ტ----------ს ქმედებამ გამოიწვია ლ-------------ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

ბ) დასკვნის მიხედვით: ფსიქოლოგიური გამოკვლევის პროცესში ლ-------------ის გამომეტყველება იყო დაძაბული, დაბნეული, შეშფოთებული. საუბრისას თვალშისაცემი იყო მის გარშემო არსებული სიტუაციით გამოწვეული დაძაბულობის დემონსტრირება, აღნიშნულის მიუხედავად გასაგებად აკონკრეტებდა მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის არსებით კომპონენტებს. მის ირგვლივ შექმნილი სიტუაციიდან უარყოფითი ეპიზოდების გახსენებისას ყოვნდებოდა და თხრობას განაგრძობდა უმნიშვნელო პაუზებით. საუბრისას ცდილობდა ძირითადი აქცენტი გაეკეთებინა მეუღლის ქმედებებით გამოწვეულ დისკომფორტზე და ექსპერტისთვის რაც შეიძლება სრულყოფილად მიეწოდებინა მისი და მისი შვილების მიმართ ჩადენილი ქმედებების უარყოფითი შედეგები. სისტემატური სტრესული მდგომარეობის გამო მისთვის შეუძლებელი გახდა ყველაფრის მოთმენა, რაც მკვეთრად აისახა მის ფსიქიკაზე. მსხერპლის საუბარში არ გამოკვეთილა მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტის სუბიექტური განმარტებებით გადატვირთვის მცდელობა. ფსიქოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ მსხვერპლის შფოთვის დონე მნიშვნელოვად აღემატებოდა ნორმას და იყო მაღალი. ბეკის დეპრესიის შკალის მონაცემით აწეული იყო დეპრესიის ხარისხიც.

 

გ) შესამოწმებელმა პირმა ლ-------------მა ექსპერტს განუცხადა, რომ მისი მეუღლე ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელია და სიმთვრალის დროს უკონტროლო და უმართავია. მის მიმართ ავლენს განსაკუთრებულად ძლიერ აგრესიას, ემუქრება მოკვლით და აგინებს უშვერი სიტყვებით, ხშირად ფიზიკურადაც ეხება. ერთ-ერთი სიმთვრალის დროს მეუღლემ შეიძლება მოკლას და რეალური ფიზიკური ზიანი მიაყენოს. ყველაფერ აღნიშნულს უყურებენ და განიცდიან მისი მცირეწლოვანი შვილები, მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო და პოლიციაში განაცხადა.

 

2.7.ექსპერტმა მ----ა ბ------ემ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის შინაარსი, სისწორე და დამატებით განმარტა, რომ გამოკვლევის პროცესში მსხვერპლმა, ინტერვიურების დროს ექსპერტს დაუდასტურა ზუსტად ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არის მითითებული. გამოსაკვლევი პირი ადასტურებდა, რომ მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე. ოჯაში ძალადობის გამო მსხვერპლის ფსიქოლგიური მდგომარეობა იყო სავალალო, ფსიქიკა ჰქონდა დანგრეული, იყო უკიდურესად დათრგუნული. შფოთვის დონე და დეპრესიის ხარისხი უთანაბრდებოდა ერთმანეთს, რაც ექსპერტის განმარტებით, არც თუ ხშირი შემთხვევაა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პრაქტიკაში და მიუთიებს მასზედ, რომ ლ-------------ზე ხორციელდებოდა ძალადობა, რამაც უკიდურესად მძიმე ფორმით ასახვა ჰპოვა მის ფსიქიკაზე.

 

2.8. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით:

 

შესამოწმებლის ლ-------------ის გადმოცემით - 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის და თავის მიდამოში, ხოლო ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხის მიდამოში. ექსპერტმა გულნაზი ტატანაშვილმა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის შინაარსის სისწორე.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებულის და დაზარალებულის მეზობელი ს------- ხ------------ი. მოწმის ჩვენებით, 2019 წლის 9 მარტს, მას არ გაუგონია ლ-------------ის სახლიდან ს------ ტ----------ს ყვირილის ხმა.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმე ს------- ხ------------ის მიერ მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას. მოწმე ფაქტების დაფარვით შეეცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, მან ზეპირ ჩვენებაში გამორიცხა დაზარალებულის და ბრალდებულის ოჯახიდან ამ უკანასკნელის მხრიდან მეუღლის მისამართით ყვირილის და ჩხუბის ხმა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა ს.ხ------------ის 10.08.2019 წლის გამოკითხვის ოქმი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,... 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 20:40 საათზე, მე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან, სადაც ცხოვრობენ მდგმურები შემომესმა ჩხუბის და ყვირილის ხმა. აღნიშნულ ხმაში მე შევიცანი ჩემი მდგმურის ს------ ტ----------ს ხმა, იგი ეჩხუბებოდა მის მეუღლეს ლ-------------ს, ყვირილი გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, თავიდან მე ვიფიქრე არ ჩავრეულიყავი მათ კოფლიქტში, თუმცა მალევე მაინც გადავწყვიტე ჩავსულიყავი ვინაიდან ყვირილი არ წყდებოდა..., ...მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა ლ-------------ისაგან, რომ სწორედ ხსენებული კონფლიქტის დროს მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მის მეუღლეს ს------ ტ----------ს, რაზეც იგი მოგვიანებით დაკავებულ იქნა პოლიციის მიერ“. მოწმე ს------- ხ------------მა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა გამოკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერა. სასამართლომ მოწმე ს------- ხ------------ის ზეპირი ჩვენება და გამოკითხვის ოქმი შეაფასა სხვა მტკიცებულებასთან, კერძოდ, თარჯიმნის ვ-–-------- ღ---–--ის ჩვენებასთან ერთობლიობაში. თარჯიმანმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ს------- ხ------------ს დეტალურად წაუკითხა და გადაუთარგმნა გამოკითხვის ოქმის შინაარსი და მხოლოდ ამის შემდეგ, ს------- ხ------------მა დაადასტურა გამოკითხვის ოქმის შინაარსის სისწორე ხელმოწერით. თარჯიმნის დამაჯერებელი ჩვენებით და თავად მოწმე ხ------------ის განმარტებით, რომ გამოკითხვის ოქმზე ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნის, სასამართლო ადგენს, რომ ს------- ხ------------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია განსხვავებით ზეპირი ჩვენებისა რეალურად აღწერს 2019 წლის 9 მარტს ს------ ტ----------ს სახლში განვითარებულ მოვლენებს.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა არასრულწლოვანი მოწმე ა-------------ი, რომელიც არ არის 2019 წლის 9 მარტის ეპიზოდის შემსწრე, თუმცა იგი ჰყვება თუ როგორ ძალადობდა ს------ ტ---------- წარსულშიც ლ-------------ზე. მოწმის ჩვენებით, 2019 წლის 9 მარტის ეპიზოდამდე, გარკვეული პერიოდის წინ, ოჯახში ადგილი ჰქონდა შემდეგ სურათს, ს------ ტ---------- არასრულწლოვან შვილს -ა-------------ის ძმას ეჩხუბებოდა სწავლის გამო, არასრულწლოვანს გამოესარჩლა დედა ლ-------------ი და მოუწოდა ს------ ტ----------ს შეეწყვიტა ბავშვის მისამართით ყვირილი, ბრალდებული გაბრაზდა მეუღლის შენიშვნაზე და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით დაარტყა ხელი.

 

2.12.ზემოთ განხილული მტკიცებულებების ერთიანი ლოგიკური ჯაჭვი ადასტურებს ს------ ტ----------ს მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს მეუღლის - ლ-------------ის მიმართ. 2019 წლის 9 მარტის შემთხვევამ მსხვერპლი ისეთ მოწყვლად მდგომარეობაში ჩააგდო, რომ იძულებული გახდა მეუღლისაგან თავდასაცავად სახლიდან გაქცეულიყო და დასახმარებლად პოლიციისთვის მიემართა.

 

2.13. დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.13.1. ბრალდებულმა ს------ ტ----------მ დასკვნით და საბოლოო სიტყვებში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ფიზიკურად არასდროს უძალადია მეუღლეზე.

 

2.13.2. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ს------ ტ----------ს ბრალეულობა დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

2.13.3. სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს იმ არსებით საკითხებს, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებდა.

 

2.13.4. დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ საქმეში არ არსებობს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ ფაქტორთა გამო: 1. 2019 წლის 9 მარტს, ოჯახში ძალადობის ჩადენას მოწმობს თავად დაზარალებულის ქცევა, იგი ძალადობის შემდეგ გარბის ქუჩაში, სრულიად უცნობ პირს ს---------------- სთხოვს მობილურ ტელეფონს და დახმარების მიზნით რეკავს ,,112-ში“. შეტყობინების ინიციატორი ,,112-ს“ უდასტურებს, რომ ალკოჰოლით ნასვამა მეუღლემ სცემა, გამოიქცა სახლიდან და იმყოფება ქუჩაში. 2. შეტყობინების ინიციატორს, მისივე მოთხოვნით, ქუჩაში, კ-------ის #70 თან, გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტის #1--- სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტმა მედპერსონალს განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ლ-------------ი უჩიოდა თავის, მარცხენა ქვემო კიდურის და ბარძაყის არეში ტკივილს. 3.გამომძიებელმა ი-–------------ემ რომელმაც ფაქტიდან უმოკლეს ვადაში გამოკითხა მსხვერპლი, დაადასტურა, რომ ეს უკანასკნელი ძალადობის გამო იყო უკიდურესად აღელვებული და აცხადებდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 3.შემაკავებელი ორდერის ოქმი ძალადობის პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს, ვინაიდან მასში ასახულ ინფორმაციას ძალადობის თაობაზე უშუალოდ მსხვერპლი გადმოსცემს. ოქმში დეტალურადაა აღწერილი დაზარალებულის მიერ გაცხადებული ინფორმაცია ინციდენტის ფაბულასთან დაკავშირებით ,,თბილისში, მ--------–---- დასახლება, პ------–--------–------ ქუჩა, მ------ შესახვევის #4--–-, მეუღლემ ს------ ტ----------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლ-------------ს. ლ-------------ის განმარტებით, მას აქვს შიში, რომ მეუღლე კიდევ სცემს და შესაძლოა მიაყენოს ჯანმრთელობის დაზიანება“. 4. მსხვერპლის მიერ საქმის შედეგით დაუინტერესებელი პირებისთვის: მედპერსონალისთვის და ექსპერტებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ძალადობის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ლ-------------ზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. საყურადღებოა, რომ საქმის მასალებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ ლ-------------მა ცრუდ ამხილა ს------ ტ---------- დანაშაულის ჩადენაში და მოახდინა ფაქტების გაზვიადება. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ინტერვიურების პროცესში მსხვერპლის საუბარში არ გამოკვეთილა მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტის სუბიექტური განმარტებებით გადატვირთვის მცდელობა, რაც მიუთითებს ლ-------------ის მიერ გამოაშკარავებული ინფორმაციის სანდოობაზე. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ცხადჰყოფს, რომ ლ-------------ი ობიექტურ ფაქტებს აჟღერებდა და არ ჰქონია მცდელობა მოვლენები სუბიექტური შეფასებებით გაეზვიადებინა. 5. ს------ ტ----------ს ბრალეულობას ერთმნიშვნელოვად მოწმობს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ლ-------------მა მასზე განხორციელებული ძალადობის გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2.13.5. ბრალდებულის პოზიცია, თითქოს ექსპერტ-ფსიქოლოგმა მ----ა ბ------ემ ზეპირ ჩვენებაში არ გამორიცხა ლ-------------ს ფსიქოლოგიური ტანჯვა ოჯახის ეკონომიკური პრობლემების და გარდატეხის ასაკში მყოფი შვილების ყოფითი საკითხების გამო განეცადა, - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. ბრალდებულის ამგვარი ,,მიგნება“ არის ექსპერტის ჩვენების დამახინჯება, ექსპერტმა მ.ბ------ემ კატეგორიულად და არგუმენტირებულად გამორიცხა ყოფით პრობლემებს იმ მასშტაბის შფოთვა, დეპრესია და ტანჯვა გამოეწვია რაც კვლევის პროცესში გამოვლინდა. ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლ-------------ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო უკიდურესად შემაშფოთებელი, შფოთვის და დეპრესიის დონე ერთმანეთს უთანაბრდებოდა, რაც არც თუ ხშირი მოვლენაა და მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პირი იყო მსხვერპლი, სწორედ ოჯახური ძალადობიდან გამომდინარე.

 

2.13.6.დაცვის მხარის პოზიცია თითქოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს 2019 წლის 9 მარტს ს------ ტ----------ს მიერ ლ-------------ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ძალადობრივი აქტიდან მე-3 დღეს (ექსპერტიზა ჩატარდა 11 მარტს) მსხვერპლს არ აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები, თუმცა, როგორც ექსპერტმა გულნაზი ტატანაშვილმა განმარტა, მკვრივი - ბლაგვი საგნით ძალადობის ყველა შემთხვევაში შესაძლოა სხეულზე კვალი არ დარჩეს. კვალის დატოვება დამოკიდებულია გარეშე ფაქტორებზე, როგორიცაა ადამიანის კანი, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პერიოდი - მარტის დასაწყისი, როდესაც ადამიანები სხეულის კიდურებზე შემოსილები არიან სამოსით, რაც ასევე ხელს უშლის დაზიანების წარმოშობას. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც ყოველ ინდივიდუალურ საქმეში განსხვავებულია, არ არის უპირობოდ აცილებელი ოჯახში ძალადობა დადასტურებული იყოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. დაზიანების კვალის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო აფასებს ხომ არ არის აღნიშნული განპირობებული გარეშე ფაქტორებით რაზედაც ექსპერტმა დამატებითი განმარტება გააკეთა, ან ხომ არ იყო მოძალადის მხრიდან განზრახ, იმგვარი ხერხით ძალადობა განხორციელებული, რომ კვალი სხეულზე არ დარჩენილიყო ანდა მსხვერპლის კიდურები ძალადობის დროს ტანსაცმლით იყო დაფარული. განსახილველ შემთხვევაში არ არის გამორიცხული არცერთი დასახელებული ფაქტორი.

 

2.13.7.დაცვის მხარის პოზიცია მიღებულ იქნეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან მსხვერპლმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 2017 წლის 5 აპრილს რატიფიცირებული იქნა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია. კონვენციის 55-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა შორისაც არის საქართველო, ავალდებულებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მხოლოდ ეს გარემოება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი. ს------ ტ----------ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით და ამ მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებების ლოგიკური ანალიზით. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, იგი ძირითად ხორციელდება დახურულ სივრცეში - ოჯახის პირობებში, როდესაც მოძალადე, მსხვერპლი და მოწმეც არიან ერთი ოჯახის წევრები და მათი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე დანაშაული რჩება ლატენტური (გაუმჟღავნებელი და დაფარული), აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, თუ რამდენად ოპერატიულად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და ამ კუთხით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. განსახილველ შემთხვევაში ჩარევა იყო იმდენად დროული, მყისიერი და ეფექტური, რომ შეიქმნა დამატებითი მტკიცებულებები, წერილობითი და ზეპირი, მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნების და სხვა დოკუმენტების სახით. ძალადობის მყისიერად გამოვლენა ეფექტურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დროის სიმცირიდან გამომდინარე მსხვერპლს ინტელექტუალური თვალსაზრისით არ აქვს ობიექტური შესაძლებლობა დაამახინჯოს ან გააზვიადოს ფაქტები, ამ დროს, მისი მხრიდან გამოძიების პროცესში ჩართული პირებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის გულწრფელი, მეტად სანდო და სარწმუნო. სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში ლ-------------მა ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე. იგივე განუცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მედპერსონალს. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომელმაც დაადგინა, რომ ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების გამო მსხვერპლმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა და განსაკუთრებულად გამოავლინა მისი მოწყვლადობა და დაუცველობა მასზე განხორციელებული ძალადობის გამო. ექსპერტის ჩვენებით, მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მასზე განხორციელებული ძალადობის გამო იყო საგანგაშო, შფოთვის და დეპრესიის დონე იყო ურთიერთთანხვედრაში. ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, ვინ არის დანაშაულის შესახებ შეტყობინების ინიციატორი, განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგინდა, რომ შეტყობინების ინიციატორი იყო თავად მსხვერპლი. ეს ფაქტობრივი გარემოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ამ კატეგორიის საქმეები ცხადყოფენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც. ასევე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელიც აღწერს უშუალოდ მსხვერპლის მიერ გადმოცემულ ძალადობის მოვლენებს, ოქმის შინაარსის სისწორეს და სანდოობას მოწმობს მსხვერპლის და თარჯიმნის ხელმოწერები.

 

2.13.8. დაცვის მხარის პოზიცია არ იქნეს გაზიარებული დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაზე მიწოდებული ინფორმაციები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებები, - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ დაზარალებულს გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ,,ფარული მიზნები“ ცრუდ ემხილა ოჯახის წევრი დანაშაულის ჩადენაში.

 

2.14.სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში მიმოხილვით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ს------ ტ----------ს მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განმარტავს რომ, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. აქვე საგულისხმოა, რომ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის არ არის სავალდებულო, ფიზიკურმა შეურაცხყოფამ გამოიწვიოს განსაკუთრებული ხარისხის ტკივილი. ძალადობის შედეგად ნებისმიერი მასშტაბის ფიზიკური ტკივილის განცდა, საკმარისია ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის. პაციენტის სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ ლ-------------ი მასზე განხორციელებული ძალადობის გამო განიცდიდა ტკივილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

 

3.4. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ-------------ი და ს------ ტ---------- არიან მეუღლეები, ამდენად, სახეზეა ოჯახური დანაშაული.

 

3.5. სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ სეგეი ტ----------ს მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ს------ ტ----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4.2. ს------ ტ----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად ცნობილი ,,112-ის“ აუდიო ჩანაწერი ელექტრონულ დისკზე ინახება საქმის მასალებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს------ ტ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 120 (ას ოცი) საათის ვადით სრულად დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარი და ს------ ტ----------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ს------ ტ----------ს განაჩენის მიღებამდე - 2019 წლის 10 მარტიდან - 2019 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაეთვალოს ჯარიმაში და სრულად გათავისუფლდეს ამ სასჯელის მოხდისაგან და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

 

4.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით ს------ ტ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებული გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა